ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმი არ შესრულდა, რომელიც სოფელ წნელისთან დღეს დილის 06:00 საათისთვის ქართული საგუშაგო პოსტის გაუქმებას ითვალისწინებდა, მეტიც ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „პირველ არხს" სოფელ ჩორჩანაში განუცხადა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახმინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოკუპაციის შესახებ მიღებულ კანონს თან უნდა დართვოდა რუკა, თუ სად გადის „საზღვარი" და საიდან იწყება რუსების ოკუპაცია.
„საქართველოს საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის. როდესაც ტერიტორია ოკუპირებულია, სად გადის საოკუპაციო ხაზი, ამის თქმა ძნელია. როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მივიღეთ, სამწუხაროდ, მაშინ არ იყო თანდართული რუკა, რომელი ტერიტორიაა ოკუპირებული. სადღაც გადის წერტილი, რის შედეგადაც იწყება ოკუპაცია. საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, კეთილი უნდა ენება და თან დაერთო რუკა, საიდან იწყება ეს ოკუპაცია.
„ჩვენი მხარის მიერ განცხადება, რომ ისინი გარკვეულ ღონისძიებებს იმ ტერიტორიაზე ახორციელებენ, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ეს ჩემთვის დამაჯერებელია, მაგრამ იკვეთება დაძაბულობა. ამ დროს სად არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია? მაქვს გარკვეული ეჭვები, სანამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მკაფიო განცხადებას არ გააკეთებს, რომელი მხარე ასრულებს ან არ ასრულებს თავის ვალდებულებებს.
„ევროკავშირი დუმს, ეს აშაკარად დამაფიქრებელია. ასეთ რთულ, კრიტიკულ სიტუაციაში ევროკავშირი ჩუმადაა და ხმას არ იღებს. საქართველოს სასარგებლოდ რამის თქმა რომ უნდოდეს, უცებ იტყოდა," - აღნიშნა მან.
სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განცხადება მხოლოდ დღეს გაავრცელა:
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად," - ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ზაქარეიშვილის განცხადებით, დღეს არსებული ვითარება ესკალაციისკენ მიდის, ის ევროკავშირის როლზეც საუბრობს და აცხადებს, რომ „ევროკავშირი არ უნდა მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რომ საქართველოს დაცვა გაუჭირდეს."
„აშკარაა, რომ ვითარება ესკალაციისკენ მიდის, რაც არავისთვის კარგი არ არის, გარდა რუსეთისა, რომელსაც ნებისმიერ ესკალაციას მხოლოდ თავის სასარგებლოდ ადნობს. არ მიმაჩნია სწორად, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ ბუნდოვან პროცესებშია ჩართული და რუსეთს საშუალებას აძლევს საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი შესაძლო ნაბიჯები გადადგას.
„თუ ქართული მხარე მართალია, არ უნდა შეაშინოს არავითარმა ულტიმატუმმა. ამ შემთხვევაში რჩება უკვე ევროპასა და რუსეთის დამოკიდებულება. ევროპა რამდენად გაამართლებს და ახსნის ქართული მხარის პრინციპულობას. ამის შემდეგ რუსეთი როგორ მოახდენს ამაზე რეაგირებას. რუსეთს აწყობს ესკალაცია.
„ქართული მხარე ამ დაძაბულობაში უნდა იყოს პირდაპირი ჩვენი მოკავშირეების წინაშე, პირველ რიგში კი ევროკავშირის წინაშე, რადგან მათი დამკვირვებლები აქ არიან და ისინი არ უნდა ჩააგდონ უხერხულ მდგომარეობაში. მათ კარგად იციან სად, რა ხაზი გადის და იციან, რომელი მხარე როგორ იქცევა. ევროკავშირი არ უნდა მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რომ საქართველოს დაცვა გაუჭირდეს. თუ ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოს პოზიციების დაცვა, ე.ი. ჩვენთან მთლად ყველაფერი კარგად არ ყოფილა. გულახდილად რომ გითხრათ, უფრო ევროკავშირს ვენდობი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისათვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან დაგეგმილია ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრა. ამის შესახებ „პირველი არხის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებიც ერგნეთის შეხვედრებშიც მონაწილეობენ.
სოფელ ჩორჩანაში იმყოფებიან შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და ქართველი პოლიციელები სოფელ ჩორჩანაში რჩებიან.
შეგახსენებთ, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.