საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებას ელიან, პირველ რიგში კი, სასტუმროების ბიზნესის ამოძრავებაა მოსალოდნელი. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები უკვე ამჟღავნებენ ინტერესს და ინტერესით ელიან მოვლენების განვითარებას.
სასტუმრო მომსახურების სფეროს წამყვანმა კონსალტინგურმა კომპანია HVS–მა სასტუმროების შეფასების ინდექსი გამოაქვეყნა. იგი 2012 წლის პერიოდს მოიცავს და დსთ–სა და საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავს. ინდექსში წარმოდგენილია აღნიშნული ქვეყნების სასტუმრო ბაზრების საოპერაციო მაჩვენებლები, აღწერილია შესაძლებლობები მფლობელების, ოპერატორებისა და ინვესტორებისთვის.
კვლევის თანახმად, თბილისის სასტუმრო ბაზარმა წელს 14%–იანი ზრდა განიცადა 2011 წლის 1%–იანი მატების შემდეგ. საქართველოს დედაქალაქის სასტუმროების ბაზარი შეფასებულია როგორც ძლიერი და მან მეათედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.
„საექსპლოატაციო მაჩვენებლების გაუმჯობესებამ თბილისს შესაძლებლობა მისცა, ზრდის ტემპების მიხედვით ლიდერთა სამეულში შესულიყო“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები. მათი შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას ხელი შეუწყო ასევე საქართველოში ეკონომიკური სიტუაციისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებამ. კომპანია HVS თბილისის სასტუმრო ბაზარზე არსებული სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას პროგნოზირებს.
უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტოს Gordon Rock-ის პრეზიდენტის სტანისლავ ზინგელის განცხადებით, ინვესტორები საქართველოს ბაზარზე თავს ბევრი მაჩვენებლით უფრო მშვიდად გრძნობენ, ვიდრე რუსეთში. არჩევნებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ნეიტრალურად შეხვდა - არ შემცირებულა არც გარიგებების რაოდენობა და არც ფასები. რუსეთში კი არჩევნების წინ სრულიად საპირისპირო ვითარება ფიქსირდება ხოლმე.
ახლი კი, როცა არჩევნებიც უკან არის მოტოვებული, ინვესტორები ნაბიჯების გადასადგმელად ემზადებიან. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად რეაგირებას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები აპირებენ.
კომპანია EVANS-ის მმართველი პარტნიორის ანა ლევიტოვას შეფასებით, საქართველოში საქმიანი ადამიანების და ინვესტორების უმრავლესობა ამჟამად ოპტიმისტურადაა განწყობილი. „ახლა მოსამართლეები და საგადასახადო პოლიცია აღარ დაექვემდებარება სააკაშვილთან დაახლოებულ მცირე ჯგუფს. შემცირდება სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესში და მსხვილი აქტივების გადანაწილება „საჭირო ადამიანების“ სასარგებლოდ,“ - აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, საქართველოს უძრავი ქონებისადმი უკვე გაიზარდა ინტერესი, მათ შორის რუსი მყიდველების მხრიდან, რომლებიც საკურორტო და საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას განიხილავენ, მათი მცირე ნაწილი კი თბილისში გადმოსვლაზეც ფიქრობს.
რუსი ინვესტორების ინტერესებშია თბილისის, ბათუმის, გუდაურის და ბაკურიანის უძრავი ქონებაც. თუმცა მიმომხილველების აზრით, რუსი ინვესტორები საქართველოში მასობრივად შემოსვლისთვის მზად არ არიან, რადგან ქვეყანას აქვს პრობლემები რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
„თუკი რუსი ინვესტორი უცებ ფულის საქართველოში დაბანდებას გადაწყვეტს, მას რუსეთის მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან ინტერესი გარანტირებული აქვს“, - აცხადებს ექსპერტი იგორ ინდრიქსონსი.
Chesterton-ის პარტნიორის ეკატერინა ტეინის თქმით, რუსი დეველოპერები შესაძლოა საქართველოს ზღვისპირეთმა დააინტერესოს და პროცესები იგივე სცენარით განვითარდეს, როგორითაც ბალტიისპირეთში - ადგილობრივი სასტუმროები დასავლელი ინვესტორებისთვის უინტერესოა, ამიტომ ისინი, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინონ. თუმცა ექსპერტის თქმით, პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, მსგავსი სცნარის განხორციელება მინიმუმ 4-5 წლის პერსპექტივაა.