ხორბლის გაძვირებისა და დეფიციტის გამო, მეპურეებმა ძველი დრო გაიხსენეს. მათი აზრით, საქართველოში ფქვილის იმპორტის ზრდა პურს გააიაფებს. საქართველოში კარგა ხანია მხოლოდ ხორბალი შემოდის, ფქვილი კი - არა. პურპროდუქტების ბიზნესში დაკავებული ბიზნესმენთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენცია აღარ არის.
„ჩვენთან ფქვილის დამზადების თვითღირებულება ძალიან მაღალია. ხარჯებს ზრდის წყლისა და ელექტროენერგიის მაღალი ტარიფები“, - აცხადებენ მწარმოებლები.
აქ საქმე მთლად ისე არ არის, როგორც მეპურეები ამბობენ. ყველას კარგად ახსოვს, როდესაც საქართველოში ფქვილის იმპორტი ხორციელდებოდა და ბაზარი სავსე იყო ჯანმთელობისთვის საშიში ძალიან დაბალი ხარისხის ფქვილით. რადგანაც ამგვარი ფქვილის ფასი მცირე იყო, ყველა მწარმოებელი (ხაბაზი, კონდიტერი თუ სხვა) სწორედ ამ ფქვილს მოიხმარდა.
ამასთან, უხარიხსხო და დაბალფასიანი ფქვილის შემოტანამ ლამის გააკოტრა წისქვილკომბინატები, ხოლო ქართველ ფერმერებს ხელი ააღებინა ხორბლის მოყვანაზე. მას შემდეგაა, რომ ხორბლის მოსავლიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება და სოფლის მეურნეობის ამ დარგის სტიმულირება ვერაფრით მოხერხდა.
ჯერჯერობით, მოქმედი პურის ქარხნების ნაწილი ფასებს ინარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის დეფიციტის გამო, ფქვილი ბოლო პერიოდში 3-ჯერ გაძვირდა, ქართულ ბაზარზე პურის ფასები თითქმის უცვლელია. ფასების 5-თეთრიანი მატება მხოლოდ სუპერმარკეტების ნაწილში დაფიქსირდა.
მწარმოებლების ინფორმაციით, ჯერჯერობით ფასების დაჭერა მოგებისა და ძველი მარაგების ხარჯზე ხდება. 1 ტომარა ფქვილის ფასმა სექტემბრიდან მოყოლებული 32 ლარიდან 46,50 ლარი შეადგინა.
ბოლო არასახარბიელო ინფორმაცია მარცვლეულის ბაზარზე უკრაინიდან გავრცელდა და მსოფლიო ბაზარზე ხორბალი კიდევ უფრო გააძვირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 15 ნოემბრიდან უკრაინა ხორბლის ექსპორტს შეზღუდავს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხორბლის მოსავალი რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში, წელს 37%-ით შემცირდა. სამინისტრო ვარაუდობს, რომ უკრაინაში შეზღუდვების ამოქმედებს შემდეგ, უკრაინული ხორბლის ექსპორტი 5 წლის მინიმუმადე დაეცემა.
წლეულს უკრაინამ 3-ჯერ ნაკლები ხორბალი აიღო, ვიდრე შარშან. სწორედ ამიტომ, ქვეყანა იძულებული გახდა, ხორბლის ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვები დაეწესებინა.
საკმაოდ ცუდი მოსავალია რუსეთშიც, მაგრამ ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხორბლის ექსპორტის ემბარგოს წინააღმდეგია. რუსი მინისტრის ნიკოლაი ფედოროვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ექსპორტის რამენაირი სახით შეზღუდვას.
„პრინციპში ასეთი ემბარგოს ინსტიტუტი უკვე მოქმედებს, თუმცაღა ის იშვიათად გამოიყენება. მაგალითად, ქვეყანაში კატასტროფული კრიზისის პერიოდში. დღეისათვის რუსეთში მსგავსი ნიშნები არანაირად არ შეინიშნება“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის მტკიცებითაც დღეისათვის ქვეყანა ხორბალზე არსებულ მოთხოვნას 100%-ით აკმაყოფილებს.
საქართველოშიც უკვე მსჯელობენ მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გართულებული ვითარების გამო. სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის განმარტებით, თუ უკრაინა ხორბლის ექსპორტზე გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს, ამით ქართულ მხარეს ხორბლის მომარაგების კუთხით პრობლემები არ შეექმნება. მისი თქმით, უკრაინის გარდა, არსებობს სხვა ბაზრები, მაგალითად, ყაზახეთი და ამერიკა და საქართველოს თავისუფლად შეუძლია ამ ქვეყნებიდან, საჭიროების შემთხვევაში, ხორბალი შემოიტანოს.
მინისტრის ცნობით, დღეისთვის ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია და სასურსათო უსაფრთხოების მხრივ ქვეყანას რამე პრობლემა არ ემუქრება, თუმცა აქვე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკრაინული ხორბლის იმპორტზე მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთანაც გაიმართოს.