აბრაამ შმულევიჩის თვალით დანახული ქართული არჩევნები

აბრაამ შმულევიჩის თვალით დანახული ქართული არჩევნები

მართალია, ჩვენი დასავლელი მეგობრები საქართველოში ჩატარებული არჩევნებით (განსაკუთრებით – ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის) მუდმივად კმაყოფილები იყვნენ – არა მხოლოდ აღიარებდნენ, არამედ დემოკრატიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯადაც აფასებდნენ, თუმცა ბოლო არჩევნები მაინც სულ სხვაა. პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ჩვენი დასავლელი მეგობრები გამორჩეულად აღფრთოვანდნენ – პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებიდან წასულმა ძალამ აღიარა დამარცხება მშვიდობიანად და დემოკრატიულად და ოპოზიციაში გადაბარგდაო (ბუნებრივია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასება „პირველედ საქართველოს ისტორიაში“ გადაჭარბებულია, რადგან გასული საუკუნის 90-იან წლებში არანაკლებ მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება საქართველოს კომუნისტურმა პატიამაც, თუმცა ესეც სულ სხვა საუბრის თემაა).

ბუნებრივია, ყველაზე უკეთ ქართველმა ამომრჩეველმა საკუთარი ტყავით შეაფასა, რის ფასად დაუჯდა სრულიად ცივილიზებული სამყაროს მიერ ეს მშვიდობიან-დემოკრატიულად შერიცხული არჩევნები, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, როგორ აღიქმება უცხო თვალისთვის საქართველოს არჩევანი.

თემას პოლიტოლოგთან და კავკასიის სპეციალისტთან – აბრაამ შმულევიჩთან ერთად მიმოვიხილავთ.

როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა უცხო თვალისთვის?

– ჯერ ერთი, სრულად  ვეთანხმები საერთაშორისო შეფასებებს, მათ შორის – ნატოს გენერალურ მდივან რასმუსენს, რომ საქართველომ ჩააბარა დემოკრატიის გამოცდა. ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას, მათ შორის – საქართველოშიც, არ სჯეროდა, რომ  შესაძლებელი იყო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა, მაგრამ ეს მოხდა. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, უკვე შევიდა ისტორიაში იმით, რომ მან ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოიყვანა, რადგან განხორციელდა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა. მეორე საკითხია, რა იქნება მომავალში, მაგრამ, რაც ახლა მოხდა, უკვე მიანიშნებს, რომ უკეთესს საქართველოსთვის ვერაფერს მოიგონებდი. თუ ადრე ბევრი ლაპარაკობდა, რომ საქართველოში არ არის ნამდვილი დემოკრატია, როგორც ჩანს, ეს ასე არ ყოფილა, საქართველომ ჩააბარა გამოცდა.

სააკაშვილი შევა ისტორიაში, რადგან მან მოახერხა ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლაო, მაგრამ, ასე, ფაქტია, რომ როგორც წინასაარჩევნო, ისე – საარჩევნო პროცესი, დემოკრატიული სტანდარტის დაცვით არ ჩატარებულა. სპეცრაზმი შეიჭრა ერთ-ერთ უბანზე, სხვა უბანზე  – ნიღბიანი შეიარაღებული  პირი, მასობრივად აპატიმრებდნენ კოალიციის აქტივისტებს. ძალიან ბევრი უსიამოვნო და არადემოკრატიული მოვლენა ხდებოდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა თუ გარედან დაკვირვებისა ეს კანონდარღევევად არ ჩანდა?

– საქართველო  ახლახან გამოვიდა საბჭოთა სივრციდან, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის გარდა, არსად გვინახავს ძალაუფლების გადაცემის თავიდან ბოლომდე დემოკრატიული პროცესი. გასაგებია, რომ დარღვევები იყო, მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი დარღვევები. არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად და, საერთო ჯამში, საქართველო ოფიციალურად შევიდა დემოკრატიული ქვეყნების კლუბში. სხვა საკითხია, რამდენ ხანს დარჩება იქ. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად საქართველოს ისტორიაში დიდი პლუსია ჩაწერილი.

და, თქვენი აზრით, ვინ არის ამ პლუსის მთავარი შემოქმედი, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი?

– რა თქმა უნდა, ქართველი ხალხიც, მაგრამ მეტწილად სააკაშვილმა შექმნა იმ სისტემა, რომელმაც შეძლო საქართველოს გადაწყობა პოსტსაბჭოთა სატელიტიდან დასავლეთისკენ. მან შეძლო, აეშენებინა ახალი სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტები და სრულიად ახალ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი. სააკაშვილის მმართველობით ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში.

შიგნიდან ასე იდეალურადაც არ არის საქმე. ჩვენი ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ არა გაყალბება და სახელისუფლო რესურსი გამოყენება, „ნაციონალური მოძრაობა“, მაქსიმუმ, 20-პროცენტს აიღებდა. მაგრამ არ გეკამათებით, რადგან ჩვენ თქვენი შთაბეჭდილება გვაინტერესებ.

– სააკაშვილმა მარცხი განიცადა, იმიტომ რომ დეკლარირებული დემოკრატიის განსვლა მოხდა საქმისგან, ვითარება სასამართლო ხელისუფლებაში არადამაკმაყოფილებელი იყო.

არა მხოლოდ მედიაშიც

– ეს შეფასება შეფარდებითია. როდესაც თბილისში ვიყავი, ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ზეწოლას ახდენს მედიაზეო, მაგრამ, როდესაც ვეკითხებოდი, ჰქონდათ თუ არა ინტერნეტთან წვდომა, მპასუხობდნენ – რა თქმა უნდაო. შეადარეთ სიტუაციას მეზობელ რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში?!

ჩვენ მათ არ ვედრებით, ჩვენ ვედრებით დასავლურ დემოკრატიას.

– საქართველო ძალიან შორს წავიდა დემოკრატიის მხრივ, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი. ამიტომ, საარჩევნო პროცესს ვერც შევადარებთ იმას, რაც არჩევნებისას ხდება სომხეთში, რუსეთსა თუ უკრაინაშიც კი. მე მესმის, რომ უფრო მტკივნეულია, როდესაც პროცესების შიგნით ხარ, მაგრამ არის განსხვავება ნამწვავით მიღებულ დაწვრობასა და იმას შორის, როდესაც სახლი იწვის.

სააკაშვილის დამარცხება, მთელი თავისი რესურსის და შესაძლებლობების მობილიზების მიუხედავად, იქნებ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგია? თქვენ რა მიგაჩნიათ სააკაშვილის მარცხის მიზეზებად? მხოლოდ ის, რომ დემოკრატია ააშენა და ეს ხელისუფლების ცვლას გულისხმობს?

– მთავარი მიზეზი იყო ის, რომ რაღაც ეტაპზე შეჩერდა სვლა დამოკრატიისკენ. სააკაშვილი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. შეუძლებელია ააშენო დემოკრატია არაადემოკრატიული მეთოდებით. რევოლუცია ნიშნავს ერთი ელიტის ჩამოცილებას და მეორით შეცვლას, ეს კი ფაქტია, რომ დემოკრატიული პროცესი არ არის  და, საბოლოოდ, სააკაშვილი განცალკევდა საზოგადოებისგან. ამ პროცესში დადგა საკუთრების საკითხიც. რა თქმა უნდა, საჭირო იყო შევარდნაძის ელიტის ჩამოცილება, მაგრამ, რაც თქვენთან ხდებოდა, მაინც ვერ შეადარებ იმას, რაც სხვა ქვეყნებში იყო. სააკაშვილის რეჟიმი უფრო დემოკრატიული იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

სააკაშვილი შეჩერდა ნახევარ გზაზე დემოკრატიისკენ. აუცილებელი იყო დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, ზეწოლის ქვეშ იყო ბიზნესი, რომ მხოლოდ ხელისუფლება დაფინანსებულიყო და არა ოპოზიცია. რაღაც ეტაპზე საჭირო იყო სახელმწიფოს ჩარევის შენელება ეკონომიკურ პროცესში. საერთოდ, სახელმწიფოს აქვს ცდუნება, ყველაფერი ჩაიგდოს ხელში და სააკაშვილის ხელისუფლებამ ამას ვერ გაუძლო. ფაქტობრივად, არ მუშაობდა სასამართლო სისტემა, გატარდა არათანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებობდა დიდი განსხვავება მმართველობის დონეებს შორის: თუ ზედა ეშელონებში იყვნენ კომპეტენტური ადამიანები, ქვემოთ – ბევრი არ იყო ასეთი.

მაღალი ეშელონების კომპეტენტურობის საკითხი მეტად სადავოა, თუმცა როგორ ზედა, განსაკუთრებით ქვედა დონეზეც, კადრები ინიშნებოდა არა კომპეტენციის, არამედ ერთგულების ნიშნით.

– შესაძლოა, მაგრამ ფაქტია, რომ იყო საკადრო შიმშილი. თუ სისტემის შეცვლა გინდა, ვერ დაეყრდნობი საბჭოთადროინდელ კადრებს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: მმართველობის აპარატი არ იყო საკმარისად ეფექტიანი. მკაცრ სახელისუფლო ვერტიკალში კი, ასეთ შემთხვევაში, იქმნება სიტუაცია, როდესაც ქვედა დონე კარგავს დამოუკიდებლობას, ხალხს მოლოდინი არ უმართლდება. ისინი იმაზე მეტს ელოდნენ, ვიდრე ჰქონდათ, არადა, საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ქართველები არ არიან ჩინელები, არ შეუძლიათ მუშაობა.

ოო, მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. თუ ქართველებმა მუშაობა არ იციან, აბა, ვინ მოიტანა აქამდე ეს ქვეყანა? ვინ შექმნა ვაზის ამდენი ჯიში, ხორბლის ქართული ჯიშები, ძროხის ქართული ჯიში, ცხენის, ფუტკრის და ასე შემდეგ?

– ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს გენეტიკურია. საქართველო საუკუნეების განმავლობაში კოლონიურ მდგომარეობაში იყო და სამუშაო ძალამ შეიძინა საბჭოური ჩვევები. არც ჩინელებსა და გერმანელებს უსწავლიათ მუშაობა ერთ დღეში. საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სიმცირეს იწვევს კვალიფიციური, დისციპლინებული სამუშაო ძალის ნაკლებობას. არ გაქვთ ბუნებრივი რესურსები, ამიტომ ეკონომიკური სირთულეები გარდაუვალია. ამასთან, არც მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა გაქვთ – აფხაზეთი, სოფლის მეურნეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი, მოჭრილია, ბლოკადაა რუსეთის მხრიდან.

ამის წყალობითაც, როდუქციის ხარისხი გაგვიუმჯობესდა. ასე რომ, რუსული ბაზრის ჩაკეტვამ ხეირი გვანახვა.

– მე არაერთხელ მითქვამს, რომ ქართველებმა უნდა ილოცონ პუტინზე: რომ არა მისი ხისტი და ბევრ შემთხვევაში აუხსნელი პოზიცია, საქართველო ვერ გამოვიდოდა საბჭოთა ორბიტიდან. მე საკუთარი თვალებით ვხედავ, როგორ სწავლობს ქართველი საზოგადოება. რაღაც ბიზნესებს უკვე ძალიან კარგად აკეთებენ, რაღაცეები მთლიანად საბჭოური აქვთ, მაგრამ გარკვეული სეგმენტები ევროპულად მუშაობს. მე ვიცი, რომ თქვენთან შემოვიდნენ ღვინის მწარმოებელი ამერიკული და ევროპული ფირმები და, თუმცა ქართული ღვინო არ არის მოსკოვში, სამაგიეროდ, არის პარიზში.

მთავარი მაინც ისაა, თუ როგორ იყიდება. საინტერესოა, რომ მსოფლიოში არსებობს ღვინი დაყენების სამი მეთოდი: ევროპული და ორი ქართული, მაგრამ ეს ჩვენი მეღვინეები მაინც ევოპულად აყენებდნენ, რითაც უკვე გადაჯერებულია მსოფიო ბაზარი.

– მე არ მახსოვს კომპანიის დასახელებებები, მაგრამ ღვინის რამდენიმე კომპანია, იტალიური და ამერიკული, უშვებენ ქართული წესით დაყენებულ ღვინოს. ეს გარღვევაა, რასაც შესაძლოა, ვერ გრძნობენ ქართველი გლეხები. მაგრამ, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე რომ დარჩენილიყო, ეს არ მოხდებოდა. ასე რომ, რუსული ბაზრის ჩაკეტვამ დადებითად იმოქმედა ქართულ ბიზნესზე, რომ არა ეს, საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა რუსეთის ეკონომიკის დანამატი. ამ თვალსაზრისით, შეშფოთებას იწვევს რუსული ბაზრის გახსნა. შენელდება გადართვა დასავლურ ბაზარზე, რადგან დასავლეთის ბაზარი მკაცრია. ეს ის ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ხალხმა უარი უთხრა ყოფილ მმართველ პარტიას და არ დაუჭირა მხარი. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა, მაგრამ სხვაგვარი ვერ იქნება. მე არ მესმის, როგორ უნდა შესრულდეს ის დაპირებები, რომლებიც დაარიგა „ქართულმა ოცნებამ“. არაფრისგან ვერ შექმნი სამუშაო ადგილებს. რუსული ბაზარი კი ხსნა არ არის, რადგან რუსული ეკონომიკა ღრმა კრიზისშია. ასე რომ, არ მესმის, როგორ შეძლებს ახლა უკვე მმართველი პარტია თავისი დაპირებების რეალიზაციას.

ერთად ვნახავთ, რასაც გააკეთებენ ან ვერ გააკეთებენ. თქვენ არ გევალებათ იცოდეთ, ამიტომ მე გეტყვით. ჩვენს ბიუჯეტში არის ასეთი მუხლი: სხვა ხარჯები და ესსხვა ხარჯებისაკმაოდ დიდი თანხაა, ოღონდ ჩვენ, გადამხელებმა და საზოგადოებამ არ ვიცით, რისთვის იხარჯება ეს თანხა. მაგალითად, სულ ახლახან მოხდა შემდეგი ფაქტი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა წერილი მისწერა განათლების სამინისტროს, რომელსაც 2011 წელსსხვა ხარჯებისთვისმილიონი ლარი ჰქონდა  გამოყოფილი, იმ მიზნით, რომ გაერკვია, რაში დაიხარჯა ეს თანხა. განათლების სამინისტრომ მოიწერა პასუხი, რომსხვა ხარჯებისხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია განათლების სამინისტროში არ მოიპოვება. ასეთი აუხსნელად დახარჯული მილიონი მრავლადაა ჩვენს ბიუჯეტში. ერთი სიტყვით, იმის კითხვა მინდოდა, ბიძინა ივანიშვილი როგორ მოჩანს გარედან?

– არც ისე კარგად.

რატომ? რა დააშავა?

– ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის რუსული ბიზნესი, ვთქვათ ასე, ივანიშვილს დიდი სიფრთხილით ვუყურებ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა კრემლთან, რაც ცუდი რეკომენდაციაა. ის პოპულისტური ლოზუნგები, რომლებსაც ის იყენებდა სააკაშვილის წინააღმდეგ, საარჩევნო ლოგიკიდან გამომდინარე, იმედია, არ მოემსახურება საქართველოს წარსულში გადაქანებას. ჩვენ გვჯერა, რომ ივანიშვილს მხარს უჭერდა როგორც მოსკოვი ისე ამერიკის შეერთებული შტატები.

როგორც საკაშვილს, თავის დროზე, 2003-ში.

– დიახ.

სხვანაირად არ გამოდის. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რა ორბიტიდან გავიდა თუ გამოვიდა საქართველო, ჩვენც ვიცით, რომ შეთანხმების საგანი ვართ.

– ვნახოთ, რა მოხდება. როდესაც მიშა მოვიდა ხელისუფლებაში, არც მაშინ იყო ცხადი, რა მოხდებოდა. ბიძინას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება.

როგორც თვითონ თქვა, მე შევქმნი მილიარდერის წარმატებულ პოლიტიკოსად გახდომის პრეცედენტსო.

– მას აქვს საბჭოთა, ანუ კრიმინალური ბიზნესის მართვის გამოცდილება, რაც არ გამოადგება იმ ქვეყნის სამართავად, რომელსაც ნატოში უნდა. მისი პირველი გამონათქვამები საბჭოთა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მე ასე ვერ მიტყოდი, მაგრამ, მოდი, ისიც ვთქვათ, ახლაც ჰგავს? ის ძალიან შეიცვალა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

– ვნახოთ, რა მოხდება. ის სწავლობს, ნიჭიერი ადამიანია. მე ვშიშობ, რადგან მას არ ჰყავს თავისი გუნდი. მან შემოიკრიბა მიშათი უკმაყოფილო ხალხი.

მიშათი კმაყოფილი ლამის მხოლოდნაცმოძრაობაიყო.

– 40 პროცენტი ნიშნავს, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ არ იყო კმაყოფილი.

როგორ გითხარით, ექსპერტების ნაწილი თანხმდება, რომცმოძრაობისმიერ მიღებული პროცენტი არ ასახავს რეალობას.

– მე ამაზე არ ვლაპარაკობ. მას არ ჰყავს გუნდი. ბიძინამ შემოიკრიბა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც მიშათი უკმაყოფილონი იყვნენ. წინასაარჩევნოდ ეს კარგი სვლაა, მაგრამ ახლა დაიწყება შიდა ბრძოლები გუნდში და ამიტომ საკითხავია, შეძლებს თუ არა ის კონტროლის შენარჩუნებას. მანვე თქვა, რომ მისი პარტია დაიშლება.

კოალიცია.

– სამ პარტიად რომ დაიშალოს, რა მოხდება?!

პირადად მე, როგორც ერთ ამომრჩეველს, ყელში ამომივიდა მმართველი ძალის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასე იყო ვარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს. რატომ არის ცუდი,თუნდაც, დაიშალონ? ერთმანეთს ჩაუსაფრდნენ, გააკონტროლებენ მაინც, სხვა თუ ვერაფერი?

– შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ბიძინას ფიგურა შეშფოთებას იწვევს. მე სიმპათიით ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ და მინდა, რომ რეფორმების კურსი, დემოკრატიული პროცესები გაგრძელდეს, საქართველო დარჩეს სტაბილურ ქვეყნად. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას ბიძინა. გავიხსენოთ მისი დამოკიდებულება კრემლთან. მას რაღაც რევერანსები გაუკეთეს კრემლიდან, ისევე, როგორც, თავის დროზე – მიშას. მაგრამ, როდესაც სააკაშვილმა დაარღვია ეს შეთანხმებები, ვიცით, რაც მოხდა. ვნახოთ, რა ვალებულებები აქვს კრემლთან ბიძინას.

თქვ ფიქრობთ, რომ აქვს?

– რა თქმა უნდა. მას კაპიტალი გამოატანინეს რუსეთიდან. თავდაპირველად, კრემლმა გამოაგდო ბადრი, შემდეგ – ებრალიძე, ახლა – ივანიშვილი.

ბენდუქიძე რატომ გამოგრჩათ?

– ის არ ყოფილა მილიარდერი.

მილიონერიც თითქმის მილიარდერია საქართველოსთვის.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ბენდუქიძეც კრემლის პროექტი იყო?

მე არაფერს არ ვფიქრობ...

– კარგი, ივანიშვილი არის კრემლის მეოთხე მცდელობა. აშკარაა, რაღაც ვალდებულებები მას აქვს და მე არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს ვალდებულებები საქართველოს ინტერესებს.

თქვით, რომ მიშამ დაარღვია ვალდებულებები და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დავხედოთ საქართველოს რუკას: მიხეილ სააკაშვილი თავის შემდეგ ტოვებს ქვეყანას, სად უკვე სამი პრეზიდენტია.

– შევარდნაძის დროსაც ხომ იყვნენ?

იყვნენ, მაგრამ დე-ფაქტო, ახლა დე-იურე არიან.

– თქვენ გავიწყდებათ ასლან აბაშიძე, რომელიც, ასევე, იყო პრეზიდენტი...

აჭარის დაბრუნება ეს არის აბსურდი. აბაშიძე თითქმის არ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ აჭარა ყოველთვის იყო საქართველო და იქნება.

– როდესაც მიშა მოვიდა, ოთხი პრეზიდენტი იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ახლა სამია.

აჭარა არავის არ უერთდებოდა. მით უფრო, არც დამოუკიდებლობა უნდოდა. ამიტომაც გადაწყდა პრობლემა უმტკივნეულოდ. ეს იყო პიროვნების პრობლემა და არა სეპარტიზმი.

– კარგი, მიშას არ გაუკეთებია ყველაფერი ის, რის გაკეთებაც შეეძლო. ეს არის პრობლემა და მე არ ვიცი, შეძლებს თუ არა ამის გადაჭრას ახალი ხელისუფლება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ ილაპარაკეთ დარღვევებზე, მაგრამ ეს არჩევნები არის ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ.