ეკოლოგიური კატასტროფა სახელად ხუდონჰესი

ეკოლოგიური კატასტროფა სახელად ხუდონჰესი

ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ხუდონჰესის აშენება-არშენების საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. ბიძინა ივანიშვილის გუნდი დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია, ხუდონჰესი კი საქართველოს პირობებში არათუ დიდი, არამედ გიგანტური ჰესია. ეკოლოგების მტკიცებია, ხუდონზე კაშხლის აგება, კატასტროფამდე მიიყვანს მთელი რეგიონის ეკოსისტემას.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელმა კომისიამ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა“ და „დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად, პროექტ ხუდონჰესის შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.

„თუ თავიდან არ იქნა შესწავლილი ხუდონჰესის პროექტი, შესაძლოა, კატასტროფულ მდგომარეობამდე მივიდეთ“, - აცხადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისიის საექსპერტო ჯგუფის თავმჯდომარე ოთარ თურმანიძემ.

ამ დროისთვის ხუდონჰესის პროექტის მშენებლობა ეყრდნობა 80-იან წლებში ჩატარებულ კვლევას, თუმცა აუცილებელია, რომ მოხდეს კვლევის ჩატარება თანამედროვე მეთოდებით, რათა დადგინდეს ყველა ის რეალური საფრთხე, რაც შეიძლება პროექტთან დაკავშირებით არსებობდეს.

ოთარ თურმანიძის თქმით, ხუდონჰესის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შესრულებულია კავკასიის გარემოდაცვითი ქსელის მიერ (CENN) მიერ და შეშფოთებას იწვევს რამდენიმე საკითხი: არ არის გაანალიზებული საქართველოში უკვე არსებული ჰესების ექსპლუატაციის შედეგად წარმოქმნილი გარემოს დაცვითი პრობლემები; არ არის განხილული ალტერნატივების ანალიზი; არ არის წარმოდგენილი ფიზიკური მოდელირების მონაცემები და მათ საფუძველზე მიღებული შედეგები; სეისმოდინამიკური პროცესები არასრულყოფილადაა განხილული; არ არის წარმოდგენილი თანამედროვე გეოლოგიური კვლევის ანგარიშები, ეროზიული პროცესების აღწერა, მეწყერსაშიში უბნების განსაზღვრა და სრულად არ არის წარმოდგენილი გზების, ხიდების, გვირაბების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და საგენერაციო სადგურის მშენებლობის ძირითადი პრინციპები, რომლებიც თავის მხრივ საჭიროებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას.

„ანგარიშში მოცემულია კაშხლის შესაძლო დაზიანების ანალიზი.  ყველა განხილულ შემთხვევაში ენგურის ხეობის ქვედა ზონის მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. მიუხედავად ამისა, CENN-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი, ვინ, რა საშუალებით და სახსრებით იცავს მოსახლეობას.

ასევე არ არის შესწავლილი გეოლოგიური და სეისმოლოგიური რისკები. ყოველივე მხოლოდ ზედაპირულად და ძველ მონაცემებზე დაყრდნობით არის განხილული.  არადა, ბოლო 20 წელიწადში გახშირებულ მიწისძვრებს თუ გავითვალისწინებთ, კაშხლის ავარიამაც კი შეიძლება სამეგრელოს რეგიონს რეალური საფრთხე შეუქმნას“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ოთარ თურმანიძემ.

მთელი რიგი შენიშვნებია სხვა საკითხებთან მიმართებაშიც:  ალტერნატივების ანალიზი, საინჟინრო გეოლოგია, სეისმურობა, მოდელირება, ჰიდროლოგია, კლიმატზე გავლენის საპროგნოზო შეფასება, იქტიოფაუნა, ნიადაგები და მოსახლეობის გასახლების გეგმა.

„ეს არსებული პროექტის პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია. დაფიქრება და დასკვნის გამოტანა უკვე საზოგადოებამ და მთავრობამ უნდა მოახდინოს“, - აღნიშნა ოთარ თურმანიძემ და დასძინა, რომ დღევანდელი პროექტი არის ასევე მიმართვა მომავალი მთავრობისადმი, რომ მოახდინოს სიტუაციის სწორად გაანალიზება და შემდგომ გადაწყვიტოს აშენდეს თუ არა ხუდონჰესი.

საპროექტო გათვლებით, ხუდონჰესის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტში, დაახლოებით, 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია იგეგმება. აქედან, 600 მილიონი დოლარი კაშხლის მშენებლობისთვისაა განკუთვნილი, 400 მილიონი კი მოსახლეობის განსახლებასა და სოციალურ მოთხოვნილებებს მოხმარდება.

ხუდონჰესი ქვეყანაში სიმძლავრით მეორე ჰესი იქნება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, მოგებას 2017 წლიდან მოიტანს, როდესაც, სადგურის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ, ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განხორციელდება.

მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო, თუმცა მოსალოდნელი ეკოლოგიური პრობლემების გამო, საპროტესტო აქციების მძლავრი ტალღის ფონზე, შეჩერდა.  საქართველოს მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო. მას შემდეგ ხუდონჰესის მოსალოდნელ ზიანსა და სარგებელზე დისკუსიამ აქტუალობა შეიძინა არა მარტო სპეციალისტთა წრეებში, არამედ სამოქალაქო სექტორშიც. განსაკუთრებით აქტიურობენ გარემოსდამცველები.

„როცა ჩატარდა განხილვები, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძახდა, ჩვენ არ გვინდა გადასახლებაო, თუმცა იმასაც იძახდნენ, 30 წელია არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ნორმალურად ვიცხოვროთო. ეს ადამიანები ერთხელ უკვე იყვნენ გადასახლებულები საბჭოთა ხელისუფლების მიერ ქვემო ქართლში. როგორც ისინი აღწერენ, იქ არ იყო ის პირობები, რომელსაც ისინი იყვნენ შეჩვეულნი და როგორც კი მოეცათ საშუალება, დაბრუნდნენ“, - ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე.

სოფელ ხაიშის გარდა, დატბორვის საფრთხე სხვა სოფლებსაც ემუქრებათ. ქოჩლაძე ვარაუდობს, რომ ამ პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 ათასამდე ადამიანის გადასახლება გახდება საჭირო.

ენერგეტიკის ექსპერტის გენო მესხიას განცხადებით, ხუდონის მშენებლობის შედეგად შეიძლება უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მივიღოთ, ვიდრე დადებითი. ხუდონის წყალსაცავის მშენებლობა გამოიწვევს ღრუბლიანობისა და ნალექების კლებას, კლიმატის უარყოფითი გავლენა გავრცელდება არა მარტო 5 კმ-ს რადიუსში, არამედ ზეგავლენა ექნება მთლიანად სვანეთზე.

კახშლის მშენებლობის შედეგად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება, დაახლოებით, 530 ჰა ფართობის მქონე ტერიტორია, მათ შორის, ჯვარიმესტიის დამაკავშირებელი გზა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საძოვრები, ტყის მასივები, სასაფლაოები, ეკლესია, მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, მათ შორის, შუასაკუნოვანი ხაიშის ციხე და ხაიშში აღმოჩენილი, ჯერ კიდევ შეუსწავლელი, საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი.