"ახლა ქვეყანას სჭირდება იმ წუმპედან ამოყვანა, რომელშიც "ნაცმოძრაობის" გაუაზრებელი პოლიტიკის გამო აღმოჩნდა"

რამდენად შესრულებადია ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმები, ეკონომიკური თვალსაზრისით თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება "ნაცმოძრაობისგან, "ინტერპრესნიუსი" ეკონომისტს, პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, ახლად არჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის დამტკიცებას წინ უძღოდა მინისტრობის კანდიდატურების ხმაურიანი განხილვა და ბევრი მითქმა-მოთქმა. თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის მთავრობის ახალ შემადგენლობას?

- ყველასათვის ერთნაირად მოსაწონი მთავრობის შემადგენლობის დასახელება შეუძლებელია. ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომლის გემოვნებაშიც ესა თუ ის მინისტრი ვერ ჩაჯდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ყველა წევრი არც ჩემს გემოვნებაში ჯდება, მთლიანობაში მთავრობის ახალ შემადგენლობას დადებითად ვაფასებ, რადგან მათში არიან ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის მოსაწონი სახეები. უწინარეს ყოვლისა, მოსაწონია ის, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება თავად ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ყველასათვის მისასალმებელია იუსტიციის ახალი მინისტრი, ქალბატონო თეა წულუკიანი, რომელიც საზოგადოებაში დიდი ნდობითა და პატივისცემით გამოირჩევა. ვფიქრობ, ძალიან კარგი არჩევანი გაკეთდა თავდაცვის მინისტრად და ვიცე-პრემიერად ირაკლი ალასანიას კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით. საკმაოდ კომპეტენტური, კვალიფიციური და გამოცდილი დიპლომატია საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ასევე მისასალმებელია ალექსი პეტრიაშვილის ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ეს ის პიროვნებაა, რომელსაც აქვს აბსოლუტურად სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. შესაძლოა, ლევან ყიფიანი ნაკლებად გამოჩენილი სპორტსმენი იყოს, მაგრამ ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც სპორტის რეფორმირების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
პირადად მე მომწონს მთავრობის ეკონომიკური გუნდი: ნოდარ ხადურის ფინანსთა, გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის, ხოლო დავით ნარმანიას ინფრასტრუქტურის მინისტრებად დანიშვნა. მთლიანად მთავრობის ახალ შემადგენლობას მე დადებითად ვაფასებ. ეს აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია იმ არაპროფესიული ნიშნით დაკომპლექტებულ მთავრობასთან შედარებით, რომელიც ძირითადად დამახასიათებელი იყო "ნაციონალური მოძრაობისთვის".

- მთავრობის დამტკიცების წინა დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის უმცირესობას შეხვდა. მთავრობის დამტკიცებისას და უმცირესობასთან შეხვედრაზეც უმცირესობის წევრები ცდილობდნენ საზოგადოებაში დაემკვიდრებინათ აზრი და ვითარება ისე წარმოეჩინათ, თითქოს არჩევნებში გამარჯებული "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებსა და სამთავრობო პროგრამას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. თქვენი შეფასებით, რამდენად შეესაბამება კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებები ახალი მთავრობის საპროგრამო გეგმას?

- ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამასა და მთავრობის პროგრამას შორის გარკვეული განსხვავება არის. სხვა თუ არაფერი, მოცულობით სამთავრობო პროგრამა რამოდენიმეჯერ მცირეა, ვიდრე კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა. თუმცა, ძირითადი მიმართულებები, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაში კოლიციას ჰქონდა, ეს სამთავრობო პროგრამაში შენარჩუნებული და ასახულია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის შენიშვნები, რომელიც მოდიოდა "ნაცმოძრაობის" წევრებისგან. მათი შენიშვნები ეფუძნებოდა იმას, რომ სამთავრობო პროგრამას აკლია კონკრეტიკა, მითითებული არაა გასატარებელ ღონისძიებათა განხორციელების წყაროები, ვადები და შემსრულებლები.
სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" "ნაცმოძრაობას" კრიტიკის ფორმალური საფუძველი მისცა, რაც გულდასაწყვეტია. "ნაცმოძრაობის" ქცევა შეიძლება შეფასდეს ასე: "ნაცმოძრაობა" საკუთარ თვალში დირესაც ვერ ამჩნევს, ხოლო სხვის თვალში ბეწვიც დაინახა. "ქართული ოცნების" მთავრობამ, პირველად ბოლო 9 წლის განმავლობაში, წარმოადგინა სამთავრობო პროგრამა, რომლის მსგავსი "ნაცმოძრაობას" არც ერთხელ არ წარმოუდგენია. "ნაცმოძრაობის" სამთავრობო პროგრამის დოკუმენტი 5-9 გვერდს წარმოადგენდა. ისიც ძირითადად მოწოდებებსა და თეზისურად ჩამოყალიბებულ სურვილებს ასახავდა მხოლოდ. რა თქმა უნდა, ახალი მთავრობის გეგმა ბევრად უფრო სოლიდურია, თუმცა, იმ სტანდარტებიდან, რომლის შემუშავებაც მთავრობას მოეთხოება, მაინც შორსაა.

თუმცა, ამასაც აქვს ახსნა. ვანო მერაბიშვილმა და ხეთაგურმა თქვეს, რომ ბიუჯეტში არის 2 მილიარდი ლარი, ახალმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი ბრძანა, რომ ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია. მთავრობის პროგრამა თუნდაც იმიტომ ვერ იქნებოდა სრულყოფილი, რომ ახალ მთავრობას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა რეალური რესურსი აქვს დღეს ქვეყანას, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს სამთავრობო პროგრამაში კონკრეტულად განისაზღვროს ამა თუ იმ პროექტის შესრულების ვადები.

- ბატონო ლადო, ეკონომიკური თვალსაზრისით რა მდგომარეობაში ჩაიბარა ქვეყანა ივანიშვილის მთავრობამ "ნაცმოძრაობისგან"?

- ზოგადად, შეიძლება ითქვას - სავალალო მდგომარეობაში. კერძოდ, სოფლის მეურნეობა ღრმა კრიზისშია, ეკონომიკა მონოპილიზებულია, ჰყვავის ელიტარული კორუფცია. ივანიშვილის კოალიცია ვერ აკონტროლებს ეროვნულ ბანკს, აუდიტის სახელმწიფო სამსახურს, რეგიონებს. "ნაციონალების" საპარლამენტო ნამსხვრევის უმრავლესობა კი არაადეკვატურად აგრესიულია...

- ოპოზიციაში გადასული "ნაცმოძრაობა" ამტკიცებს, რომ კოალიციის დაპირებების ნახევარი შესრულებადი არაა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- შესრულდება თუ არა კოალიციის გეგმა, ამას დროGგვიჩვენებს. რეალურად კი, საქმე ისაა, რომ "ნაცმოძრაობას" არც ერთი თავისი დაპირება არ შეუსრულებია. ამ დაპირებათა შეუსრულებლობაზე მათ დეპუტატმა კობა დავითაშვილმა შეახსენა. ნუ ჰგონიათ "ნაციონალებს", რომ მათი შეუსრულებელი დაპირებები საზოგადოებას აღარ ახსოვს. სხვას რომ დაავიწყდეს, ამას მათ პარლამენტში კობა დავითაშვილი მაინც ყოველთვის შეახსენებს.

- როგორც გაირკვა, მომავალი წლის ბიუჯეტი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებს ვერანაირად ვერ დააფინანსებს, მაგრამ ივანიშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ "რასაც ბიუჯეტი ვერ დააფინანსებს, იმ პროექტებს კანონიერი გზით თავად დააფინანსებს", რაც კარგი სულაც არ უნდა იყოს. . .

- აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის. ახლა ქვეყანას სჭირდება იმ წუმპედან ამოყვანა, რომელშიც ქვეყანა "ნაცმოძრაობის" გაუაზრებელი პოლიტიკის გამო აღმოჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული ინვესტიციებია საჭირო. თუ ამ ინვესტიციას გაიღებს კერძო სტრუქტურა, ეს მისასალმებელია. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი რამ, რომ არ გამოვიდეს მხოლოდ უაზროდ ფულის ხარჯვა. ამას, გარდა იმისა, რომ კარგი არაფერი შეიძლება მოჰყვეს, იქნება მაღალი ინფლაცია. ამიტომ ეს გასათვალისწინებელია. არასწორი და გაუგებარია იმის მტკიცება, რომ თუ ინვესტიციას არაბი ინვესტორი ჩადებდა, კარგია და ცუდია, თუ ინვესტიციას რომელიმე თავისი სტრუქტურიდან ბიძინა ივანიშვილი განახორციელებს. სიმართლე გითხრათ, ამ ლოგიკის პირადად მე არ მესმის.

- უმცირესობასთან ივანიშვილის შეხვედრაზე და მთავრობის დამტკიცებისას უმცირესობის წევრები საკმაოდ აგრესიულებიც კი ჩანდნენ. მათი ქცევის შეფასებისას ივანიშვილმა განაცხადა - "რეალობა არა აქვთ გაცნობიერებული. საბედნიეროდ, ისინი ქვეყანას ვერ შეუქმნიან პრობლემებს და თუ ასე გააგრძელეს და კონსტრუქციულ პოზიციას არ დაიკავებენ, მხოლოდ საკუთარ თავს თუ ავნებენ". თქვენ როგორ შეაფასებდით უმცირესობის წევრთა მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს?

- "ნაცმოძრაობის" წევრთა აგრესიულობა სულაც არ არის მოულოდნელი, ვინაიდან "ნაცმოძრაობის" ქმედებები სწორედაც რომ აგრესიულობასთან ასოცირდება. ქცევაში აგრესიულობა დამახასიათებელი იყო სააკაშვილის და მისი გუნდის მმართველობის 9 წლიან პერიოდში. "ნაცმოძრაობის" დეპუტატები გადაწყვეტილებას მართალია ვერ იღებენ, მაგრამ მოქმედების თავისი სტილი შენარჩუნებული აქვთ. ჩემი აზრით, ამიტომაც შეახსენა მათ ივანიშვილმა, რომ მათი დრო მთავრდება. კაცი, რომელიც ტალახში ხარ ამოსვრილი და მომავალ მთავრობას ეუბნები, ფეხსაცმელი დასვრილი გაქვსო, ეს ცოტა გაუგებარია. ისინი თავად არ არიან გაწმენდილები იმ სიბინძურისა და აგრესიისგან, რასაც საქართველოს მოსახლეობას უკეთებდნენ ამ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში.

- "რაც ჩვენ გავაკეთეთ, იმას დაეყრდენით" - დაჟინებით ითხოვდნენ უმცირესობის ლიდერები პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისგან. თავის მხრივ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი "რეალისტია" და არ აპირებს "ფასადური დემოკრატიის" ტრადიციის გაგრძელებას. უმცირესობასთან ივანიშვილის შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასების მართებულობა იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის "ფუნდამენტური განსხვავებაა". თქვენი აზრით, რაშია ამ ე.წ. "ფუნდამენტურ განსხვავებათა" მთავარი არსი?

- ფუნდამენტური განსხვავება რომ არ იყოს, მოსახლეობა არ მივიდიოდა არჩევნებზე და ხმას არ მისცემდა "ქართულ ოცნებას". ამ პოლიტიკურ ძალებს შორის ფუნდამენტური განსხვავება არის საკუთარი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაში. სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას" საკუთარი ხალხი სძულდა, ეწეოდა მასობრივ რეპრესიებს, მათ უმრავლესობას ყრიდა სამსახურიდან, ინტელიგენცია ჩარეცხილებად გამოაცხადა, უმაწყალოდ ეწეოდა ხალხის დაჭერებსა და დასჯას. ამის კარგი ილუსტრაცია იყო იმის დემონსტრირება, თუ რა ხდებოდა ქართულ ციხეებში, რის შესახებაც საზოგადოებამ სექტემბრის შუა რიცხვებში გაიგო. ეს ყველაფერი დამახასიათებელი იყო "ნაცმოძრაობისთვის". ყველაფერ ამის საწინააღმდეგოდ ამომრჩეველმა მისცა ხმა "ქართულ ოცნებას".
მიმაჩნია, რომ კარგია, როცა ქვეყანაში ბიზნესის დაწყება გამარტივებულია და ეს უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ბიზნესის მხოლოდ დაწყებაზე გაჩერება არ შეიძლება. ახლა მთავარია ბიზნესის სწორად წარმართვასა და განვითარებას შეეწყოს ხელი. ამაში კი ახალ მთავრობას სერიოზული რეფორმა აქვს გასატარებელი. ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც "ნაცმოძრაობამ" შექმნა, რა თქმა უნდა შესაცვლელია. ამაში სხვა ბევრ რამესთან ერთად შრომითი კოდექსის მიღებაც შედის. როგორ შეიძლება არ შეიცვალოს შრომითი კოდექსი, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს მოქალაქეებს სჯის, თუ მათ დამქირავებლისგან შედარებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ. როგორ არ უნდა შეიცვალოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, როცა ჩვენ არ ვართ დაცული მონოპოლიებისგან ან როგორ არ უნდა შეიცვალოს საქართველოს მთავრობის მიდგომა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიღწევასთან დაკავშირებით, როცა სააკაშვილის მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს პროცესი დროში გაწელილიყო. მხოლოდ სიტყვით იყოს ევროკავშირთან დაახლოების მომხრე, სინამდვილეში კი წინააღმდეგი იყო. ბევრი რამ, რაც "ნაცმოძრაობამ" აკეთა, სერიოზულად უნდა გადაიხედოს. ახალმა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს თავისი განვითარების მაგისტრალურ - ევროპულ გზას.