ავ-კარგიანი საყოველთაო საბაზისო დაზღვევა

ავ-კარგიანი საყოველთაო საბაზისო დაზღვევა

ჯანდაცვის ახალი მინისტრის მთავარი პრიორიტეტი საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებაა. ეს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, 2013 წლიდან ქვეყანაში ყველამ უნდა მიიღო საბაზისო დაზღვევის პაკეტი.

ამ პაკეტის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება და ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდიც შეიქმნება. საბაზისო სადაზღვევო პაკეტები ყველა მოსახლისთვის ერთნაირი იქნება, გამონაკლისი მხოლოდ ორი ფაქტორის - ასაკობრივისა და სოციალურის გათვალისწინებით დაიშვება.

როგორ იმოქმედებს დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა კერძო სადაზღვევო ბიზნესზე, რა რისკებისა და გამოწვევების წინაშე დადგება დღეს საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიები? ექსპერტები სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც წლების წინათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ჯანდაცვის საბაზისო პაკეტის არაეფექტიანობაზე საუბრობს.

„საუბარი არის საბაზისო პაკეტზე, რომელიც მთელმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს, მიუხედავად იმისა შეუძლიათ ამ მომსახურების დაფინანსება თუ არა. ანუ რა გამოდის, ჩვენ დავაფინანსებთ საკუთარ ჯანდაცვის მომსახურებას, ოღონდ ამ მომსახურებას მივიღებთ არა ისეთს, როგორიც ჩვენ გვინდა, არამედ ყველას ექნება ერთი და იგივე“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

მისი აზრით, დაზღვევის ამგვარი სისტემა ფინანსების არაეფექტური ხარჯვას გამოიწვევს.

„ეს იქნება, ფაქტობრივად, ფულის არაეფექტურად ხარჯვა იმ მოსახლეობის ნაწილისთვის, რომელსაც ასეთი სერვისები, უბრალოდ, ფიზიკურად არ სჭირდება. ეს ნიშნავს, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ყველას ჰქონდა ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურება. მოგეხსენებათ, რამდენი ფული იხარჯებოდა ამაში და ჩვენ როდესაც გვჭირდებოდა ისეთი მომსახურება, რომელიც გვინდოდა, გვიწევდა ექიმისთვის ფულის დამატება“, - ამბობს მეგრელიშვილი.

როგორც მომავალი ხელისუფლება აცხადებს, თუ ერთიანი ფონდი შეიქმნა, იგი იმ საქმეს განახორციელებს, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამებს ეხება. ჯერჯერობით კი, საბაზისო პაკეტებთან დაკავშირებით არავითარი ტექნიკური დეტალი ცნობილი არ არის, ამიტომ თითქმის ყველაფერი ბუნდოვანია.

„არ ვიცით, რას დაფარავს საბაზისო პაკეტი მხოლოდ პირველადებს, გადაუდებელ და უბედურ შემთხვევებს თუ კვლევებსა და ანალიზებს. არ მგონია, აქ მაღალფასიანი და თანამედროვე ტექნოლოგიებით მომსახურება შევიდეს. თუ სახელმწიფო პროგრამები ყველას შეეხება, ბუნებრივია, ეს კერძო სადაზღვევო კომპანიებს დაზღვეულების რაღაც ნაწილს მოაკლებს, თუმცა რადგანაც საბაზისო სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, ეს ღრმა ანალიზის საფუძველს არ იძლევა“, - აცხადებს სააგენტო „პირველთან“ საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი.

საქართველოში უმწეოები, ნაკლებშემოსავლიანი ან სულაც შემოსვალის გარეშე მყოფ ადამიანთა რიცხვი ძალიან მაღალია. სხვადასხვა საშეღავათო პროგრამებში დაახლოებით 1 600 000 ადამიანია ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოში მდიდარი ხალხი არ ცხოვრობს და პირიქით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ღარიბია და ბევრ რამეზე ფული ხარჯვა არ შეუძლია. 

„დაზღვევა კი ისეთი პროდუქტია, რომ მასზე რიგები არ დგას.  თუნდაც ადამიანს მაღალი შემოსავალი და დანაზოგები ჰქონდეს, ის დღეს საქართველოში თავისი ნებით არ მიდის და სადაზღვევო პაკეტების შეძენის მსურველთა რიგში არ დგება. პირიქით, ჩვენი დაკვირვებებით ეს პროცესი თვეობით გრძელდება და შემდეგ ხელს ჩაიქნევენ ხოლმე. ვიდრე ჩვენი ქვეყნის გადახდისუნარიანობა არ გაიზრდება და მოქალაქეთა უმრავლესობა ფინანსურად უზრუნველყოფილი არ იქნება, სადაზღვევო კომპანიებს დამატებითი პაკეტების ბაზარზე გაყიდვა გაუჭირდებათ“, - აცხადებს სააგენტო „პირველთან“ საუბრისას გიგოლაშვილი.

იგი იმ პრობელმებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, შესაძლოა, კერძო სადაზღვევო სექტორში გაჩნდეს. „არა მგონია, სახელმწიფო პროგრამებმა სადაზღვევოების გაკოტრება გამოიწვიოს. უბრალოდ, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის პორტფელი უნდა გაანალიზდეს. იქ, სადაც პორტფელშიც ნახევარს ან უფრო მეტს სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული თანხები შეადგენს, ფინანსური პრობლემები მართლაც იქნება. ეს კომპანიები ამ პროგრამებიდან გამოვლენ, მაგრამ თუ ვერ აითვისეს ნებაყოფლობითი და არა სახელმწიფო სადაზღვევო სექტორები, მათთვის მუშაობის გაგრძელებას, ალბათ, აზრი არ ექნება.

უფრო დიდ სადაზღვევო კომპანიებს, რომელთაც კარგად დივერსიფიცირებული პორტფელები აქვთ, თუ სახელმწიფო სექტორი დაკარგეს, საქმიანობას სხვა დაზღვევებით გააგრძელებენ, ხოლო იმ კომპანიებს, რომელთან ცუდად დივერსიფიცირებული პორტფელები აქვთ, ანუ თავიანთი საქმიანობით მხოლოდ სახელმწიფო პროგრამებზე არიან დამოკიდებული, კარგი დღე არ ელით“, - აღნიშნავს გიგოლაშვილი.