სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. ეს შედეგი რადიკალურად წონააღმდეგება თავად ოქრუაშვილის დაკვეთით ამ საბუთზე მანამდე ჩატარებული 3 ექსპერტიზის შედეგებს.
ამ სკანდალური დოკუმენტის მიხედვით, ოქრუაშვილმა ხალვაშს „რუსთავი 2“-ის საყიდლად 7,7 მილიონამდე ასესხა და მათ ეს შეთანხმება დოკუმენტზე ხელმოწერები გააფორმეს. ოქრუაშვილის მოთხოვნით მასზე ბერლინში 3 ექსპერტიზა ჩატარდა, რომელთა შედეგებითაც საბუთზე ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა.
ოქრუაშვილის ადვოკატი და მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა გააყალბა და ნახევარგვერდიან დოკუმენტში ექსპერტი ზედაპირულად წერს, რომ ასო „ვ“ და ასო „შ“ თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორიც ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებშია მოცემული. ეს კი, მათი შეფასებით, იმაზე მიანიშნებს, რომ ექსპერტიზა ზედაპირუულად ჩატარდა.
თავის მხრივ, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მისი ხელმოწერა ირაკლი ოქრუაშვილმა გააყალბა. 22 ივლისს, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქონების მიღების მცდელობის გამოძიება ითხოვა.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი სრულ უნდობლობას უცხადებს. გიორგი ზედელაშვილი „რეზონანსთან“ საეჭვოდ მიიჩნევს დამატებით წარდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც საბაჟო დეკლარაციებია. ოქრუაშვილის ადვოკატი არ გამორიცხვას, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვონ.
მისი თქმით, საქმეში სამი დასკვნა არსებობს, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ 2010 წლის 4 თებერვლის დოკუმენტზე შესრულებული ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არის ნამდვილი, ანუ შესრულებულია მის მიერ.
ზედელაშვილი ამბობს, რომ არცერთ ექსპერტს ამაში ეჭვი არ შეუტანია. ხოლო ამ ექსპერტიზის დასკვნის დასადებად გამოყენებული იქნა ქიბარ ხალვაშსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის დადებული ხელშეკრულებები, სადაც არსებობს 14 ხელმოწერა და 14 ხელმოწერის ნიმუში დედნის სახით, რომელიც იქნა შედარებული 2010 წლის 4 თებერვლის დოკუმენტს.
ოქრუაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტზე შედარების შედეგად მიღებული იყო ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნამდვილად ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის ეს ხელმოწერა.
„საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებული ექსპერტიზა იქნება იმის დასტური, რომ დოკუმენტზე ნამდვილად არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ახლა საქმეს კიდევ ერთი დასკვნა მიემატა. აქამდე არსებობდა სამი, რომლებიც მნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ სადავო დოკუმენტზე იყო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ახლა მივიღეთ მეოთხე დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს ამ დოკუმენტზე არ არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა, ეს კი თეთრზე შავის მტკიცება გამოდის.
„ამიტომაც, ვინაიდან საქმეში წინააღმდეგობრივი დასკვნები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინაიდან მოხდეს ობიექტური დასკვნის დადება. ეს არის ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, რაც იქნება გადადგმული. შევარჩევთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ საექსპერტო დამოუკიდებელ დაწესებულებას, რომელსაც ექნება ნდობის მაღალი ხარისხი“, - განაცხადა ზედელაშვილმა „რეზონანსთან“.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მათი ეჭვვები გამართლდა და სამხარაულის ექსპერტიზამ ნათლად დაადასტურა, რომ ხალვაშის ხელმოწერა ყალბი იყო. მისივე თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება, რასაც სასამართლო უნდა დაეყრდნოს, როდესაც მსჯელობა ეხება ოქრუაშვილის სარჩელს.
ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს გადაეგზავნა და შესაბამისად, საქმის წარმოება განახლდება. სამართლებრივად და პროცესუალურად, საქმე შეჩერებული იყო იმის გამო, რომ ხელმოწერები ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი. მისი განცხადებით, სამხარაულის დასკვნა არის ერთ-ერთი მტკიცებულება სასამართლოსთვის, წინასწარ დადგენილი ძალა სხვა არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს. ამიტომაც ოქრუაშვილის მიერ ჩატარებული სამივე ექსპერტიზას სასამართლო არ სცნობს.
„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არის ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება. ამასთან, ოქრუაშვილის მიერ თითქოს ხალვაშისთვის ნასესხები თანხები სხვა სახითაც უნდა დასტურდებოდეს, გარდა იმისა, რომ თითქოს ხალვაშმა მოაწერა რაღაც დოკუმენტს ხელი, რამდენადაც ოქრუაშვილი იმ დროს საჯარო მოხელე იყო და ეს თანხები ლეგალურად და შესაბამისად დაფიქსირების გარეშე ვერ ექნებოდა.
„რაც შეეხება ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად საზღვარგარეთ განმეორებით ექსპერტიზის მოთხოვნას აპირებს, ჩვენ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველს ვერ ვხედავთ“, - აცხადებს სალია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, როდესაც სასამართლოში შუამდგომლობის დაყენება მოხდა, რომ სამხარაულის ბიუროში ჩატარებულიყო ექსპერტიზა, ოქრუაშვილის მხარე ამას დაეთანხმა. სალია ამბობს, რომ ექსპერტიზაზე ოქრუაშვილის ადვოკატიც იყო მისული. ხალვაშის უფლებადამცველი აცხადებს, რომ საზღვარგარეთაც რომ იგივე დაადგინოს ექსპერტიზამ და იმასაც უნდობლობა გამოუცხადონ, ასე უსასრულოდ შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს.