„რომც დამაპატიმრონ ტელევიზია შემოდგომისთვის მაინც გაიხსნება, ჯგუფი უკვე არსებობს და ამაზე აქტიური მუშაობა მიდის“, - აცხადებს „რეზონანსთან“ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მიუხედავად მისთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალისა, გვარამია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ აქტიურობას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს მას დააპატიმრებენ თუ არა, ის მაინც გახსნის ახალ ტელეარხს, რომლის სახელწოდებაც „მთავარი არხი“ იქნება.
გვარამიას თქმით, ჯგუფი უკვე არსებობს, რომელიც არხის მაუწყებლობის ეთერში გასაშვებად მუშაობას და ახალი მედიის გახსნას შემოდგომაზე წინ ვერაფერი გადაეღობება.
ჩვენს კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა მის არხზე „რუსთავი 2“-ის ცონობად სახეებს, გვარამია ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ სურს. მიდის თუ არა მოლაპარაკებები, გვარამია არც ამის გამხელას აპირებს.
„რეზონანსს“ გვარამია უდასტურებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი მისი ერთ-ერთი პარტნიორი იქნება. გავარამია ამბობს, რომ ოქუაშვილის გარდა მოლაპარაკებები სხვა ინვესტორებთან მიდის, თუმცა მათ ვინაობას ჯერ არ გაამჟღავნებს.
„ტელევიზიის ჯგუფის მთავარი ბირთვი უკვე არსებობს და ყველამ იცის რა მიმართულებით რა უნდა გააკეთოს. ამიტომაც, დამაკავებენ თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ტელეკომპანიის გახსნას წინ აღარაფერი უდგას.
„ზაზა ოქუაშვილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც პარტნიორობასთან დაკავშირებით ვესაუბრები. თუმცა, ის ერთადერთი არ იქნება. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მის გარდა სხვა არავის ვინაობას არ დავასახელებ. მოლაპარაკებები მიდის და მოვლენებს წინ არ მინდა გავუსწრო.
„რაც შეეხება „რუსთავი 2“-იდან ცნობილი სახეების გადაყვანას, ან მათთან მოლაპარაკებას, ამაზე ვერაფერს გეტყვით. თავს შევიკავებ რაიმე ინფორმაციის გახმოვანებაზე. თუმცა გეტყვით, რომ საკმაოდ კარგი ტელეარხი იქნება, ასეთ ტელევიზიას კი, დამეთანხმებით, კარგი თანამშრომლები სჭირდება. საზოგადოება ახალი არხის მაუწყებლობას შემოდგომიდან უნდა ელოდოს“,- აცხადებს გვარამია „რეზონანსთან“.
იგი იმასაც ადასტურებს, რომ შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს და მას რამდენიმე პარტიიდან შემოთავაზებაც აქვს. ის ამბობს, რომ ერთერთი მათგანი „ნაციონალური მოძრაობაა“.
გვარამიას თქმით, მას ოპოზიციასთან თავისი პირობები აქვს და თუკი რომელიმე მათგანი ამ პირობას დააკმაყოფილებს, ის მათთან თანამშრომლობას დათანხმდება. ამაზე კონკრეტული მოლაპარაკებებიც მიდის და რას გადაწყვეტს, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება.
„პოლიტიკაში წასვლაზე დიდი ხანია შემოთავაზება არაერთი ოპოზიციური პარტიისგან მაქვს. თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება და პირობები მაქვს. ვნახოთ, თუ კი ამაზე შეთანხმება იქნება, დავთანხმდები. ახლა ის დროა, რომ ივანიშვილთან საბრძოლველად ყველა პლათფორმა გამოვიყენო. იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა რომელი ოპოზიციური პარტია, გამოჩნდება“,-აცახდებს ნიკა გვარამია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით დაემორჩილება ან მხოლოდ პატიმრობას, ან თავისუფლებას და არ განიხილავს მესამე ვარიანტს. გვარამიას თქმით, ის არ გადაიხდის გირაოს და არ დაემორჩილება აღმკვეთი ღონისძიების სხვა ნებისმიერ სახეს, მათ შორის, შინაპატიმრობას. ამბობს, რომ დაკავებისთვის მზად არის და მისი გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
„მოსამართლემ გირაოს გადაწყვეტილება რომ გამოიტანოს, რაც სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდება, იქვე ვეტყვი, რომ ამ თანხას არ გადავიხდი. ვვარაუდობ, რომ თანხა მაღალი იქნება და არ გადავიხდისთან ერთად ვერც გადავიხდი. ამიტომ წინასწარ ვაკეთებ ამაზე განცხადებას. იმდენად თეთრი ძაფით ნაკერი საქმეა, რომ ცუდი კონტრაქტისთვისაც კი ბრალის წაყენება წარმოუდგენელია“, - აცახდებს გვარამია „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკაში ისედაც არის და არ აქვს მნიშვნელობა ის რომელიმე კონკრეტული პარტიის წევრი იქნება, თუ ტელეკომპანიის დირექტორი. ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ის ოპოზიციურ პარტიაში შევა, მაშინ ეს უბრალო ფორმალობიდან პოლიტიკაში ოფიაციალური გადასვლა იქნება, რადგანაც ის უკვე პოლიტიკურად აქტიური პირია.
რაც შეეხება მის ახალ ტელევიზიას, ძაბირაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დრო საკმაოდ ცოტაა. ამიტომ გვარამია ძლიერი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად იქნება. ახალი გუნდის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მას საკმაოდ ცოტა დრო და ნაკლები შანსები აქვს.
„ნიკა გვარამიას მიმართ საზოგადოებაში უკვე ჩამოყალიბებული მოსაზრება არსებობს. ამიტომაც ახლა თუ ის პოლიტიკაში ოფიციალური განაცხადით მოვიდა, ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას დამატებით თავის ტკივილს გაუჩენს, ან კიდევ რომელიმე პარტიას დიდ ამომრჩეველს შესძენს. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რომელიმე ტელეკომპანიაში იჯდება და გინებას დაიწყებს, თუ პარტიის სახე გახდება.
„რაც შეეხება მის არხს, რომლის გახსნასაც აანონსებს, მგონია, რომ „რუსთავი 2“-ის სახეების გარეშე მას დიდი შანსი არა აქვს. საკამოდ ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ მან რეიტინგული ტელევიზია შექმნას. ახალი გუნდის დაკომპლექტების შემთხვევაში, შანსები უფრო ნაკლები ექნება.
„ხელისუფლების ქმედებას კი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში მაინც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ბოლო დროს რაც მედიის და მისი მფლობელების თუ დირექტორების ირგვლივ ხდება, ყველაფერს საზოგადოება პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და ამის უარყოფას ვერც ხელისუფლება ახერხებს. ახლა „ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს მათთვის რა უფრო მომგებიანი იქნება - გვარამია ციხეში, თუ რომელიმე გადაცემიდან ლანძღვა-გინებით“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.