ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციები სამი დღე გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები ლოზუნგებს სკანდირებენ და მგზავრებს მეგაპოლისში შექმნილი კრიზისული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას უზიარებენ. მათ დადეს პირობა, რომ აეროპორტის მუშაობას ხელს არ შეუშლიან და ვანდალიზმის აქტებისგან თავს შეიკავებენ.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, თუმცა უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იქნება. ანალოგიური აქცია 26 ივლისსაც გაიმართა, მასში მონაწილეობა 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო.
რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილების ან ძებნილების ექსტრადირების მექანიზმს ამარტივებს. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა ანტისამთავრობო აქციები არ შეჩერებულა.
5 აგვისტოს პოლიციამ ქალაქის სხვადასხვა უბნებში დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.