ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი კორუფციის მუხლით წარუდგინეს. ამის შესახებ რუსულ მედიას მისმა ადვოკატმა სერგეი სლესარევმა განუცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ატამბაევს 26 აგვისტომდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
8 აგვისტოს ატამბაევის დაკავების გასაპროტესტებლად ბიშკეკის ქუჩებში 1000-მდე ადამიანი გამოვიდა, პოლიციამ კი საპროტესტო აქცია ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა.
ალმაზბეკ ატამბაევი ორდღიანი შტურმის შემდეგ დააკავეს. პირველი მცდელობისას სპეცრაზმმა მისი დაკავება ვერ შეძლო, რადგან იქ შეკრებილმა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მათ წინააღმეგობა გაუწიეს. დაპირისპირებისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა, 80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
27 ივნისს ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს იმუნიტეტი მოუხსნეს. ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი. მისი დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან დაკითხვაზე მისვლაზე უარი სამჯერ თქვა. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანას 2011-2017 წლებში მართავდა.