აგვისტოს ომის თემა ტრადიციულად ურთიერთბრალდებების არეალი და წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია. „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას დეოკუპაციისთვის არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს, ხოლო ხელისუფლება რუსულ პროვოკაციაზე წამოგებას უხსენებს ყოფილ მმართველ გუნდს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის სახით, მამუკა ბახტაძე კი მიიჩნევს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით საოკუპაციო გეგმის განხორციელება შესაძლებელი გახადა.
მმართველი გუნდის რიტორიკის საწინააღმდეგოდ, დონბასისა და ყირიმის მოვლენების შემდეგ, ცალკეულ პოლიტიკოსებში აგვისტოს ომის გადაფასება მოხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ რუსეთს თურმე საბაბი არ დასჭირდა, ისე შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუსებმა დასაჯეს უკრაინელები, რომლებმაც, ფაქტობრივად, უომრად შეუშვეს „მწვანე კაცუნები“ ყირიმში.
რა შეიცვალა აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ?! ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, მაგრამ ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდება ადამიანების წამება - ტატუნაშვილი, ოთხოზორია, კვარაცხელია... ამის მიუხედავად, დეპუტატი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომში. შეიძლება თუ არა, ვირწმუნოთ, რომ ომით დაკარგულს მშვიდობით დავიბრუნებთ?
- თუკი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნდება, ეს მხოლოდ მშვიდობით მოხდება. ეს ტერიტორიები ომით ნამდვილად ვერ დაბრუნდება, რაც გამორიცხულია. უნდა ვილაპარაკოთ მშვიდობიანი ფორმებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან შერიგებაზე, იქაურ ხალხთან ლაპარაკია საჭირო. მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ უმოქმედობა, არაფრის კეთება მშვიდობა არ არის, მშვიდობა არის მოქმედება. როგორც ომს ჰყავს ტანკები და ომის მოსურნემ ტანკები უნდა დაქოქოს და აამუშაოს, ისე მშვიდობასაც თავისი „ტანკები“ ჰყავს, რომელიც უნდა დაქოქო და აამუშაო. ანუ მშვიდობა ისეთივე აქტიურობაა, ისეთივე მოქმედებაა, როგორც ომი. ამის საპირისპიროდ, რატომღაც ხალხს ჰგონია, რომ მშვიდობა არის არაფრის კეთება, ლუარსაბივით ტახტზე წამოწოლა და დასავლეთის კეთილი ბიძია-ბაბუების დახმარების იმედად ყოფნა. რეალურად, აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით არაფერი კეთდება, სამშვიდობო ნაბიჯები არ იდგმება. არჩილ თალაკვაძემ როგორც თქვა, მშვიდობით გავიმარჯვებთ ამ ომშიო, ეს არის მხოლოდ სიტყვები, მოქმედებები არ ჩანს.
მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობისთვის ყველაფერი კეთდება, ამ მხრივ არის გამონათებებიც, თუმცა კონკრეტული საკითხების სააშკარაოზე გამოტნა არ შეიძლება. გჯერათ ამ ნათქვამის?
- კონტაქტები მაქვს კონფლიქტურ რეგიონებთან, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ცალმხრივი კონტაქტები ხორციელდება. რასაც ქართული მხარე აკეთებს, ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონტაქტები ორმხრივია. უბრალოდ, საქართველო ცალმხრივად სთავაზობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიკეთეებს. ეს არ არის დიალოგის შედეგი, ეს არ არის აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან კონტაქტის შედეგი. მაგალითად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მე გამოვიყვანე პატიმრები, რომლებიც მრავალი წელი ციხეებში ისხდნენ, მათ შორის, 15 წელი იყვნენ იქაურ ციხეებში. მე ამას ვაკეთებდი დე ფაქტო ხელისუფლებებთან მოლაპარაკების შედეგად. ეს ურთიერთობები ახლა არ არის. არის ცალკე გასვლა კონკრეტულ მოქალაქეებზე, რაც თავისთავად ცუდი არ არის, კარგიცაა, მაგრამ ეს უნდა იყოს დანამატი რაღაც სხვა პოლიტიკის. სამწუხაროდ, საქართველო დღეს გაიჭედა ცალმხრივ ურთიერთობებში, ანუ თვითონ სთავაზობს სიკეთეს აფხაზებსა და ოსებს და მათი მხრიდან ვიღაც იღებს ამას, ვიღაც არ იღებს. ეს არ არის კონფლიქტის მოგვარების შეუქცევადი პროცესი, ეს არის ნაწილი და არა მთელი. მთელი უნდა იყოს ორმხრივი კონტაქტები აფხაზურ, ოსურ მხარეებთან, ეს კონტაქტები ისეთი არ არის, რაც იყო ადრე, თუნდაც ჩემამდე რაც იყო, აღარაფერს ვამბობ, ჩემს დროს რაც იყო. თუ აქვთ რაიმე სხვა ინფორმაცია და არ ამბობენ, ამას რა სჯობს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რადგან თუნდაც ფარული პოლიტიკიდან რაღაც შედეგი უნდა ჩანდეს. მაგალითად, მე დიდხანს არ ვამბობდი, რომ პატიმრებს ვცვლიდი, მაგრამ პატიმრები რომ გაიცვალა, ეს ხომ ყველამ დაინახა.
დონბასისა და ყირიმის მოვლენების შემდეგ ცალკეულ ადამიანებში აგვისტოს ომის გადაფასება მოხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ რუსეთს თურმე საბაბი არ დასჭირდა, ისე შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილს რომც არ მიეცა საბაბი, რუსეთი მაინც შემოიჭრებოდა საქართველოს ტერიტორიაზე?
- „ნაცმოძრაობამ“ ხელი შეუწყო იმას, რაც აგვისტოს ომში მოხდა. შეიძლება ზოგჯერ გამაღიზიანებელი იყოს „ქართული ოცნების“ მხრიდან „ნაცმოძრაობაზე“ მითითებები, მაგრამ „ქართული ოცნებისაც“ მესმის, რადგან „ნაცმოძრაობა“ არ ისვენებს, „ნაცები“ ჩუმად არ არიან, ისინი „ოცნებას“ უტევენ, თავიანთი ცოდვების გადატანა უნდათ „ქართულ ოცნებაზე“, რაც არ არის სწორი. „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს, მათ რაღაცის ეშინიათ, ამიტომაც გადადიან შეტევაზე. უკაცრავად, მაგრამ „ნაციონალები“ ვის აბრალებენ აგვისტოს ომის შედეგებს? ამ საკითხთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ, როცა გიგი უგულავამ თვალზე ხელი აიფარა პროტესტის ნიშნად, ეს იყო უზნეობა და ამორალურობა, რადგან ყველას აქვს უფლება ასეთი ქმედების, გარდა „ნაცმოძრაობას“, რადგან „ნაციონალები“ თვითონ თხრიდნენ ხალხს თვალებს თავის დროზე. „ნაცმოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, „ქართულ ოცნებას“ აბრალებდეს კონფლიქტის მოუგვარებლობას. კიდევ კარგი, აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ კიდევ ოთხი წელი იყო ხელისუფლებაში და კარგად ვნახეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ გააკეთეს. ასე რომ, აბრალებდნენ „ქართულ ოცნებას“ იმას, რაც თვითონ ვერ გააკეთეს და ჩიხში შეიყვანეს სიტუაცია, პოლიტიკურად ამორალურია, მაგრამ პოლიტიკაში ამორალურობა იმდენად არ იგრძნობა და ხალხი ამას ვერ ამჩნევს. „ქართულ ოცნებას“ სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ უპასუხოს ხოლმე „ნაცმოძრაობას“. რეალურად, მთელმა მსოფლიომ დიდი ხანია იცის, რაც მოხდა 2008 წელს. უნიკალური გამოძიება ჩაატარა ტალიავინის კომისიამ, რაც არ ჩაუტარებია არასდროს არსად ევროკავშირს სხვა დროს. ორი სახელმწიფო - არც რუსეთი და არც საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ძალზე უცნაურია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ომი შეისწავლა ევროკავშირმა და დადო უნიკალური დოკუმენტი. ქართველები ვტრაბახობთ, რომ განათლებული ხალხი ვართ, მაგრამ არ მეგულება 10 კაცი საქართველოში, რომელსაც ეს დოკუმენტი წაუკითხავს. ეს 1100-გვერდიანი ანგარიშია, გამოქვეყნებულია ინგლისურად და ფრანგულად და ჩემს დროს ითარგმნა ქართულად. სხვათა შორის, სააკაშვილმა არ თარგმნა ქართულად, დღემდე არც რუსეთს უთარგმნია რუსულად ეს დოკუმენტი. დიდი ხანია, მსოფლიომ იცის ის, რაც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობას“ ეშინია, არჩევნები არ წააგოს, მათ მხოლოდ არჩევნები ადარდებთ, არც 2008 წელი და არც საქართველო არ ადარდებთ. ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსახლეობამ არ გაიგოს რეალური მიზიზი, რამ განაპირობა აგვისტოს ომი. ეს განაპირობა მათმა ავანტურისტულმა პოლიტიკამ, მათმა პროვოკაციულმა პოლიტიკამ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ახლა კი „ნაციონალებმა“ ჩიხში მოაქციეს „ქართული ოცნების“ დოყლაპიები, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არაფრის ცოდნა არ აქვთ, აზრზე არ არიან, სპეცალისტები არ ჰყავთ კონფლიქტურ საკითხებში. ერთადერთი, რაც დარჩენია საცოდავ „ქართულ ოცნებას“, თავდაცვაა, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ შეტევაზე უნდა გადასულიყო. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას დონბასის შესახებ, დონბასი და ყირიმი ყოველთვის იყო რუსეთის დღის წესრიგში. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ერთ-ერთი საკითხი, რაც ადარდებდა რუსეთს დაშლილ საბჭოთა კავშირში, იყო ყირიმის საკითხი. ამიტომ რუსეთმა ცალკე მოაწერა ბუდაპეშტში ხელი მემორანდუმს, ანუ რუსეთისთვის ყირიმი ყოველთვის იყო მტკივნეული თემა, ყველაზე ლიბერალი რუსებიც კი თვლიდნენ, რომ ყირიმი მათი იყო და უსამართლოდ მოხდა უკრაინისთვის მისი გადაცემა. აქედან გამომდინარე, ყირიმისა და დონბასის შედარება არ შეიძლება აფხაზეთთან, რადგან არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი არასდროს არ ყოფილა რუსეთის ნაწილი, ყველაზე უფრო ღრმა, ანტიკურ პერიოდშიც კი არ ყოფილა ასე. შესაბამისად, საქართველოს ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა, რათა თავის მოსახლეობასთან - აფხაზებთან და ოსებთან ჰქონოდა საერთო ენა.
ორ სხვადასხვა ფენომენთან გვაქვს საქმე, რუსეთს სტრატეგიულად სჭირდებოდა ყირიმი და დონბასი, სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობდნენ, არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში არ არიან ეთნიკური რუსები, იქ არიან აფხაზები, ოსები, ისინი კავკასიელები არიან, ძალიან შორს დგანან რუსული კულტურისა და რუსული ფენომენისგან. აღარაფერს ვამბობ იქიდან გამოდევნილ ქართველებზე. საქართველოს სრული საფუძველი გააჩნდა, არ მისულიყო ამ ომამდე. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შეთქმულების მონაწილე, რუსი ოკუპანტების თანამოაზრე იყო „ნაციონალური მოძრაობა“, მათ ეშინიათ ამის გამოაშკარავების. ეს თუ გამოაშკარავდება, ისინი წააგებენ არჩევნებს, ამიტომ გააფრებით იბრძვიან, რათა ამაზე საუბარი არ იყოს.
შეიძლება ვირწმუნოთ, რომ სააკაშვილმა, როგორც ნაივურმა პიროვნებამ, ირწმუნა მითი კეთილი პუტინის შესახებ, რომელმაც ჯერ ივანოვი გამოუგზავნა დასახმარებლად ვარდების რევოლუციისას, შემდეგ ასლან აბაშიძეც წაიყვანა რუსეთში და მოაშორა სააკაშვილს? ამიტომ ეგონა სააკაშვილს, რომ ცხინვალში შესვლა ძვირად არ დაუჯდებოდა და რუსული ტანკები 7 აგვისტოს საქართველოს არ მოადგებოდნენ?
- დეტალებში ვიცი ყველაფერი, თუ როგორ ჩავიდა აშშ-ის ელჩი ტეფტი სოხუმში, შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და შს მინისტრ მერაბიშვილს დაელაპარაკა, აფხაზეთი მზად არის, დაელაპარაკოს საქართველოს, რათა ომი არ მოხდესო. ამ დროს მერაბიშვილი დასცინის ბაღაფშს, აფხაზეთის იმდროინდელ დე ფაქტო პრეზიდენტს, ბაღაფშს ვინ რას ჰკითხავს, მე მაქვს მოსკოვში ფსბ-ს დირექტორის მოადგილე კომოგოროვისგან ინფორმაცია, რომ რუსეთს ომი არ აინტერესებსო. კოსოვოს შემდეგ სააკაშვილი დასცინოდა აფხაზებსა და ოსებს, სად არის თქვენი აღიარებაო, ხომ გეგონათ, გაღიარებდნენ კოსოვოს შემდეგო, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში თქვენს პატრონებსო (ანუ რუსებსო)?! ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ „ნაცებს“. ამიტომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებული ნებისმიერი სიყალბის გადაფარვა შეიძლება კონკრეტული ფაქტებით.
მით უმეტეს რომ ეს ისეთი თემაა, ოდნავ წინ გადადგმული ნაბიჯიც კი ხეირი იქნებოდა საქართველოსთვის და ამ მთავრობისთვისაც (ან სხვას ვის იყენებს როო??)
არა...... ისე ხანდისხან კი იცის ხოლმე საოცარი ,,დაბრახუნებები,, მაგრამ მთლიანობაში ამ კაცმა ეს საქმე იცის(აფხაზ---ოსებთან მოლაპარაკებებს ვგულისხმობ)...
პატარა რაღაცას მაინც გამოჩხრიკავდა ეს კაცი....