სათაურში გამოყენებული ამ სტატიის საკვანძო ტერმინები თავიდანვე უნდა განვმარტოთ:
- 20 ივნისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ (მისმა ორივე ფრთამ) ყოველგვარი წითელი ხაზი გადალახა: სახელმწიფოს წინააღმდეგ მთელი ფრონტით და სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის - ფიზიკური ძალის გამოყენებითაც, ღია შეტევაზე გადმოვიდა. ბუნებრივია, ამას მმართველი პარტიის ლიდერების (პირველად ეს საჯაროდ „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის აწ უკვე გადამდგარმა თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ გააკეთა) მხრიდან საკმაოდ მკვეთრი, მაგრამ სრულიად ადეკვატური, პოლიტიკური შეფასება მოჰყვა - „ნაციონალური მოძრაობა“ „მტრულ ძალად“ გამოცხადდა; ბუნებრივია, „მტრულ ძალად“ ისინი 20 ივნისის შემდეგ კი არ ჩამოყალიბდნენ, არამედ, ვინაიდან ამ დღეს ყოველგვარი ზღვარი გადალახეს, დაიმსახურეს ასეთი მძიმე და ხისტი შეფასება, საუბედუროდ - დიდი დაგვიანებით, რადგან სახელმწიფოს მიმართ მათი მტრული დამოკიდებულება, იმთავითვე, როცა ეს ძალა ასპარეზზე გამოვიდა, უკვე თვალსაჩინო იყო; შემდგომში კი მთელი მათი „მოღვაწეობა“ იმავე, ე.ი. არსებითად აფთარივით მტრული ბუნების შედეგია, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ინიღბება და კონიუნქტურის მიხედვით რა „შეფუთვას“ პოულობს ეს მტრული ძალა; ისიც ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ასეთ პოლიტიკურ შეფასებას, წესით, უნდა მოჰყვეს შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯებიც, რადგან, რასაკვირველია, ვერც ერთი სახელმწიფო „მტრულ ძალას“ ვერაფრით შეეგუება;
- საერთო-სახალხო ტერმინი „ლიბერასტი“, რაც ე.წ. ნეო-ლიბერალებს უთუოდ გულზე მოხვდებათ და ყურსაც მოჭრის, მიუხედავად მისი „არა პოლიტკორექტულობისა“, ჰომოფობიური ნამდვილად არ არის. ეს ტერმინი ქართველმა ნეო-ლიბერალებმა თავიდან ტრადიციულ ღირებულებებთან ვითომცდა უმცირესობების უფლებებისათვის „ბრძოლის“ გამო დაიმსახურეს. შემდგომში ეს სახელი განსაკუთრებული შეუვალობის, ქედმაღლობის, უმცირესობათა სახელით უმრავლესობის შეუწყნარებლობის, მათ მიმართ აგრესიის აღმნიშვნელ ეპითეტად იქცა. მართლაც, განსხვავებული აზრის არამც თუ უპატივცემულობა, არამედ ოპონენტების დაშინება, დათრგუნვა და დევნა („ბულინგი“ რომ ჰქვია ახლა), მათი თვალსაჩინო და ლამის, უმთავრესი თვისებაა. სწორედ ამ თვისების გამო, ცხონებულმა კახა კაციტაძემ მათ „ბნელეთთან მებრძოლები“ შეარქვა და ეს სახელი, ჩემი აზრით, უფრო დამცინავიც კია, ვიდრე ხალხური - „ლიბერასტი“; ლიბერასტები, ანუ - იგივე „ბნელეთთან მებრძოლნი“ თავად იქცნენ ყველაზე არატოლერანტულ, აგრესიულ უმცირესობად, რომელთაგან თავდაცვა უმრავლესობას ძალიან გვიჭირს. ცხადია, მხედველობაში გვყავს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არსებითად „ლიბერასტული“, ე.ი. სინამდვილეში არა „ნაციონალური“, არამედ სწორედაც ანტი-ეროვნული მოძრაობის ავანგარდი და ციტადელია, არამედ ერთიანობაში საკუთარი ერის, სამშობლოს, სამკვიდროს, სახელმწიფოს მიმართ ფობიებით შეპყრობილი სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, რომელთათვისაც ეს ტერმინები(„ლიბერასტობა“= „ბნელეთთან მებრძოლობა“) საერთო „სულისკვეთებისა“ თუ ტენდენციის აღმნიშვნელია.
თანამედროვე ინგლისელი ფილოსოფოსი როჯერ სკრუტონი ამ ტენდენციას, უფრო ქართულად რომ ვთქვათ - „სულისკვეთებას“, „ოიკოფობიას“ („ოიკო“ – „სახლს“ ნიშნავს ბერძნულად, შესაბამისად, „ოიკოფობია“ - საკუთარი სახლის, სამკვიდროს, „შენიანების“ შიში და სიძულვილია!) უწოდებს და იგი გაცილებით სახიფათოდ და მომაკვდინებლადაც კი მიაჩნია იგივე ევროპული შემწყნარებლობის ტრადიციისთვის, ვიდრე ჰომოფობიაა; მეტიც: თავად ეს უაღრესად ნეგატიური, ნამდვილად დასაგმობი წრეგადასული ჰომოფობიაც, როგორც წესი, რეაქციაა, ანუ კონტრ-ტენდენციაა „ოიკოფობიაზე“. სწორედ ეს ოიკოფობია წამყვანი ტენდენცია გახლავთ, რადგან ნეო-ლიბერალებმა იგი თითქოსდა უკვე გააბატონეს არა მხოლოდ ჩვენთან, არა მხოლოდ ბებერ ევროპაში, არამედ - მთელს მსოფლიოშიც.
...ასეა თუ ისე, ვისაც „არაკორექტულობის“ გამო ტერმინი „ლიბერასტი“ არ მოსწონს, მისი ნებაა და შეუძლია, სადაც ეს მდაბიური, როგორც თავად აღიქვამს - „ბნელი“ სიტყვა შეხვდება, „ბნელეთთან მებრძოლად“ კვლავ წარმოიდგინოს თავი და ამით გაიხაროს კიდეც, ანდა, თუ ჭკუა ეყოფა - მეცნიერულად, კორექტულადა და „მაღალ შტილში“ („პრადვინუტობის“ ამბავსა და გაგებაში) - „ოიკოფობიად“ წაიკითხოს და ეგება, დაფიქრდეს კიდეც! დაფიქრებაა მიზანი ამ ყურისმომჭრელი ტერმინის - „ლიბერასტობის“ გამოყენებისაც!
როგორც ბევრი და მათ შორის, დათა თუთაშხიაც, იტყოდა - „კაცი ფიქრისათვის არის გაჩენილიო“, ცხადია, ჩემთვის - ლიბერასტიც, უთუოდ კაცია, ადამიანია! ანუ მაინც იმედი მაქვს - დაფიქრდება!
ლიბერასტობის წარმომავლობა და არსი
ორი წერილი ამ სათაურით: „რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ“ 2012 წლის იანვარში გამოქვეყნდა (იხ. რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ (მეორე ნაწილი) და რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ).
მკითხველს ვურჩევდი, იმ წერილებს გადახედოს, რათა ამ თანამედროვე „ქართლის ჭირის“ წარმომავლობასა და არსზე დაფიქრდეს, ხოლო თუ დაფიქრდება, უეჭველად დამეთანხმება:
- „ლიბერასტული“ კრედო, ყველაზე მკაფიოდ ჯერ კიდევ 2000 წელს არის ჩამოყალიბებული ზურაბ ჭიაბერაშვილის წერილში: „წინ, ილია ჭავჭავაძისაკენ!“ რადგან დიდი ილია სწორედაც ჩვენი ეროვნული იდენტობის მთავარი ბურჯია, ამიტომ, ამ ცინიკური სათაურითა და სათაურის ფაქტიურად გამლანძღავი შინაარსით - ისინი დაგვცინიან, მწარედაც დაგვცინიან, რადგან მათი კრედო, როგორც ამ წერილიდან ირკვევა, თურმე საკუთარი ერისა და სახელმწიფოს მიმართ სრული ნიჰილიზმია.
ილია, თუკი რამეს ებრძოდა, სწორედაც ნიჰილიზმს! მათ „უარისმყოფლებს“ ეძახდა. აი, რას ამბობდა: „არას“ თქმა - უარისმყოფლობაა, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ქართულად, „ჰაშას“ კვრაა და მეტი არაფერი!“ ყველამ იცის, რომ თუკი ქართველებს ოდესმე ლიბერალი გვყოლია, სწორედ - დიდი ილია! ილიასთვის აბსოლუტურად უცხო იყო მერყეობა, სკეპსისი და ყოველგვარი ოპორტუნიზმი. მისი „განდეგილი“ რომც არ ვახსენოთ, სადაც ოპორტუნიზმისთვის განაჩენია გამოტანილი, აი, თავად რას უწოდებდა ილია ლიბერალობას: „ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმენდინო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საიმისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო!“
ყოველივე ამის საპირისპიროა მერყეობისა და ოპორტუნიზმის უკიდურესი ფორმა - ლიბერასტული უარისმყოფლობა, ანუ ნიჰილიზმი!
ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ლიბერასტების უარისმყოფლობაში, საკმარისია, ზემოთ ნახსენები, ჭიაბერაშვილის ეს სტატია წაიკითხოს. სათუოა, ვინმემ ამისთვის დრო დაკარგოს, ამიტომ სულ ორიოდე ამონაწერს მოვიყვან ამ ოიკოფობიური „ბიბლიიდან“. სავსებით საკმარისი იქნება და იოტისოდენა ეჭვსაც აღარ ტოვებს, თუ რა იყო ე.წ. ვარდების რევოლუციის ნამდვილი მიზანი. აი, ჯერ კიდევ 2000 წელს „გასხივოსნებული“ ლიბერასტული „სიბრძნე“:
„იმისთვის, რომ გლობალიზაციის პროცესს ფეხი ავუწყოთ და ლიბერალური ტრადიციების მქონე დემოკრატიები ჩვენი არაპროგნოზირებადობით არ დავაფრთხოთ, განვითარების რაღაც ეტაპები ან უნდა გამოვტოვოთ ან ხელოვნურად გავიაროთ. ... მათ, ვინც ერი სახელმწიფოდ (Nation-State) ჩამოყალიბების ეტაპი გამოტოვა, კეთილი ინებოს და ერი კორპორაციად (Nation-Corporution) გაფორმდეს.“
ასევე და კიდევ უფრო მკვეთრად: „სტაბილური ავტოკრატია უნდა განვიხილოთ როგორც საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ოლიგარქიის ერი–კორპორაცია და არა როგორც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერი–სახელმწიფო. “
სხვა რომ არაფერი ეთქვა და დაეწერა ჭიაბერაშვილს, უკვე სავსებით ნათელია ლიბერასტული „მრწამსი“, რაც სრული ურწმუნობიდან, სრული „უარისმყოფლობიდან“ ამოზრდილი აგრესიული, ოიკოფობიური ბოროტებაა. აი, რას გვიმტკიცებენ ისინი გამუდმებით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ დაწყებული ახალი ათასწლეულიდან, თავიანთი მიზანმიმართული ბოროტმოქმედებით: „ჩვენ, ქართველები, უძლურნი ვართ შევქმნათ ერი-სახელმწიფო, მოდით, რადგან ჩამოვრჩით და დავიგვიანეთ, საბოლოოდ ვთქვათ მასზე უარი, ხოლო ვისაც გული გვერჩის და „წარმატების“ ძალაც შეგვწევს, ვცადოთ „ოლიგარქიად“ გაერთიანება, საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული კორპორაციის შექმნა, რათა გლობალურ, „ლიბერალურად“ მოწყობილ სამყაროში არ დავიკარგოთ, „კარგად ჩავეწეროთ“ და ამ ტერიტორიაზე, რაც ოდესღაც ქართველთა სამკვიდრო ყოფილა, შეუზღუდავად ვიბატონოთ! ხოლო ვინც ამას შეეწინააღმდეგება, იგი ჩამორჩენილია, „ბნელია“, „ზედმეტი ადამიანია“ და უნდა „ჩაირეცხოს“!
- ამგვარ, „ქართულად ლიბერასტულ“ ნიჰილიზმს, საუბედუროდ, მაშინ საერთაშორისო, ე.წ. ნეო-ლიბერალური კონტექსტიც გააჩნდა. ახალი ათასწლეულის დასაწყისში ნეო-ლიბერალიზმის თავბრუდამხვევი წინსვლა მსოფლიოში იმდენად ძლევამოსილი ჩანდა, რომ მკრეხელობად მიიჩნეოდა და სერიოზულად არც განიხილებოდა რაიმე ალტერნატივა. ზოგი, საერთოდ, იმასაც კი ამტკიცებდა - ლიბერალიზმის ტრიუმფით კაცობრიობის ისტორია, ვინაიდან გამარჯვებული უკვე საბოლოოდ გამოვლენილილია და ყველა წინააღმდეგობა მოხსნილი, დასრულდაო (ფრენსისი ფუკუიამას ცნობილი წიგნი შეიძლება გავიხსენოთ)!
სწორედ ამ დროს, მაშინდელი პოსტ-საბჭოთა, ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების, რომლის თვალსაჩინო მაგალითსაც შევარდნაძის დროის საქართველოც წარმოადგენდა, „ლიბერალური პერსპექტივის“ გასარკვევად, არსებითად სწორედაც უარისმყოფლური სულისკვეთების შეკითხვა დაისვა დასავლელი ნეო-ლიბერალების მიერ. აქ მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ერთი ამერიკელი ავტორის - ვინმე ფარიდ ზაქარიას, საქართველოს ლიბერალურ საზოგადოებაში უაღრესად პოპულარული და ატაცებული სტატია „ნეოლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბება“. ამ სტატიაში ეს ნეო–ლიბერალი (ან ამერიკულად - ნეო-კონსერვატორი) ავტორი პირდაპირ სვამს შეკითხვას: „იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეძლოს საკუთარი ქცევის და ცხოვრების კოორდინირება, რა უნდა მივიღოთ ძირითად პრინციპად – ლიბერალიზმი თუ დემოკრატია?“ ამ შეკითხვას იგი თავადვე ასე პასუხობს: „საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად დასავლეთმა სტაბილური ავტოკრატია უნდა არჩიოს არასტაბილურ დემოკრატიას“ ცხადია, აქ სტაბილურ ავტოკრატიაში ავტორი „Laissez-faire“–ს დამამკვიდრებელ, „ლიბერალურ რეჟიმს“ გულისხმობს და არა, ვთქვათ, სადამ ჰუსეინის ანტი-ლიბერალურ ავტორიტარიზმს.
როგორც ვხედავთ, პოსტ-საბჭოური, „ჰიბრიდული დემოკრატიების“ მიმართ სკეფსისისა და რაც მთავარია, საკუთარი შინაგანი ოპორტუნიზმისა და მერყეობის გამო, ნეო-ლიბერალები საბოლოოდ დემოკრატიის, როგორც ფუნდამენტური პრინციპის, უარყოფამდეც კი მივიდნენ. რა თქმა უნდა, არა თავიანთ საკუთარ, არამედ იმ „ჩამორჩენილ“ ქვეყნებში, სადაც მათ „გადასარჩენად“ ლიბერალიზმის მსოფლიო ექსპანსია უნდა მომხდარიყო! რასაკვირველია, კლასიკური ლიბერალიზმის თვალსაზრისით „ავტოკრატიული ლიბერალიზმი“ სრული აბსურდია. სწორედ ეს, „ოპორტუნისტული აბსურდი“ გახდა ნეო-ლიბერალური „უარისმყოფლობის“ მთავარი წყარო, ხოლო ამ, ნეო-ლიბერალური ნიჰილიზმის უკვე შემდგომი „საფეხური“ ჩვენებური, ოიკოფობიური ლიბერასტობა აღმოჩნდა, რომელიც კიდევ უფრო შორს წავიდა და დემოკრატიასთან ერთად, საერთოდაც ერი-სახელმწიფოს იდეაც ძირშივე უარჰყო! გლობალური ნეო-ლიბერალიზმის ძლევამოსილი ტრიუმფისთვის საქართველოში უზენაეს მიზნად სახელმწიფოს მაგივრად „საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული კორპორაცია“ გამოცხადდა! მას შემდეგ, სწორედ ეს - ამ ტერიტორიაზე საკუთარი კორპორაციის გაბატონება, მაშასადამე, რადაც არ უნდა დაუჯდეთ - აქ ერი-სახელმწიფოს არ დაშვება, გახლავთ ამ მტრული ძალის ნამდვილი მოწოდებაცა და მუდმივი მიზანიც! სწორედ ესაა მეცნიერულად თუ ვუწოდებთ - ოიკოფობიური ნიჰილიზმის, ხოლო ჩვენებურად თუ ვიტყვით, ქართულად - ლიბერასტობის ნამდვილი წარმომავლობა და არსი.
- ე.წ. ვარდების რევოლუციის, რომლის მომზადებასა და დადგმაში, უთუოდ არის დასავლური ნეო-ლიბერალური ნიჰილიზმის უდიდესი პასუხისმგებლობაც, მიზანიც სწორედ ეს იყო - ერი-სახელმწიფოს ლიკვიდაცია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც. ჩვენ ვნახეთ, საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ, რას წარმოადგენდა „სტაბილურ ავტოკრატიად“ (რომელზეც ნეო-ლიბერალიზმმა ფსონი დადო და ამით, ფაქტიურად უგანა, მართალია სუსტ და „არაპროგნოზირებად“, მაგრამ მაინც - დემოკრატიას) ფორმირებული ქართული ოიკოფობიური ნიჰილიზმი, ე.ი. სააკაშვილის ლიბერასტული კორპორაცია, პრაქტიკაში. ამ კორპორაციის სახე ზემოთ ნახსენებ, 2012 წლის იანვარში გამოქვეყნებულ წერილში (კიდევ ერთხელ იხ. აქ: რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ (მეორე ნაწილი)) დაწვრილებით გვაქვს აღწერილი და აქ აღარ გავიმეორებთ. შევნიშნავთ მხოლოდ, რომ ლიბერასტული კორპორაციის ბატონობა სამ ვეშაპზე: სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ნიჰილიზმზე (ილიას მიხედვით - „უარისმყოფლობაზე“) იყო დაფუძნებული. კერძოდ:
- სამართლებრივმა ნიჰილიზმმა შექმნა მდგომარეობა, როცა არა მხოლოდ ერი-სახელმწიფოს კონსტიტუცია, არამედ მთლიანობაში სამართალი, ე.ი. საჯარო და კერძო ურთიერთობათა მომწესრიგებელ ნორმათა სისტემაც (ამ ნორმების მიღება, მათი აღსრულებისა და დაცვის უზურნველყოფა) და გამომდინარე, ნებისმიერი სუბიექტის, გარდა კორპორაციის თავად პატრონებისა, უფლებრივი მდგომარეობაც, სრულად დამოკიდებული გახდა კორპორაციის ნებაზე. უკუგდებული იქნა სამართლებრივი სახელმწიფოს დამდგენი ფუნდამენტური პრინციპი - სამართლის უზენაესობა და მის მაგივრად უზენაესი გახდა სწორედ კორპორაციის ნება, რასაც ვერც სამართალი, ვერც ვერავინ და ვეღარაფერი აღუდგებოდა წინ. რასაკვირველია, სწორედ ამგვარი სამართლებრივი ნიჰილიზმის ყველაზე მახინჯი სახე იყო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოს, პრაქტიკულად გაუქმება, როცა სასამართლო რეალურად იუსტიციის მაშინდელ მინისტრს უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
- პოლიტიკურმა ნიჰლიზმმა შექმნა მდგომარეობა, როცა პოლიტიკის მიზანი იყო არა ეროვნული უსაფრთხოება და კეთილდეობა, როგორც ეს უნდა იყოს ნებისმიერი ერი-სახელმწიფოსათვის, არამედ - კორპორაციის უსაფრთხოება, მისი სარგებელი და მოგება.
რასაკვირველია, ყველაზე მახინჯი სახე ამგვარი პოლიტიკური ნიჰილიზმისა, გახლდათ უკიდურესობამდე დეფორმირებული პარტიულ-პოლიტიკური სისტემა. იგი არა საჯარო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად პარტიათა შორის მათ კონკურენტულ უპირატესობებზე დამყარებულ ჯანსაღ შეჯიბრს, არამედ სრულიად საპირისპიროს - კორპორაციული სარგებლისა და მოგების პატრონ-კლიენტელურ, არსშივე - კორუფციულ, გაყოფა-განაწილებას ეფუძნებოდა. ნებისმიერი პარტია, რომელიც არ „ჩაეწერებოდა“ კორპორაციასთან ასეთ ვასალურ, პატრონ-კლიენტელურ ურთიერთობებში, იმთავითვე განწირული იყო, ხოლო თუ წინააღმდეგობას გაწევდა, სასტიკად იდევნებოდა და ისპობოდა.
ბუნებრივია, ერთპარტიული მმართველობა ყველა დონეს მოიცავდა და მას მოჩვენებითი პოლიტიკური პლურალიზმი, რაც გავლენებისა თუ რესურსების პატრონ-კლიენტელური განაწილების სისტემას ნიღბავდა, არაფრით ემუქრებოდა.
- სოციალურ-ეკონომიკურმა ნიჰილიზმმა შექმნა მდგომარეობა, როდესაც ნებისმიერი სუბიექტის როგორც სოციალური სტატუსი, ასევე ეკონომიკური აქტივობაცა და კეთილდღეობაც დამყარებული იყო კორპორაციის წყალობაზე, არა თანასწორ უფლებებსა და შესაძლებლობებზე, პატიოსან კონკურენციაზე, არამედ, კორპორაციისგან მისი მოგების სანაცვლოდ მიღებულ პრივილეგიებზე. ასევე, პირიქით - თუ რომელიმე სუბიექტს არ შეეძლო სარგებლისა და მოგების (იგულისხმება როგორც მატერიალურ სარგებელი, ასევე პოლიტიკურიც - ე.ი. კორპორაციის ბატონობის განმტკიცება) მოტანა კორპორაციისთვის, მით უმეტს, თუკი რაიმე ზიანი, თუნდაც ზიანის საფრთხე მოჰქონდა, იგი, სულ ცოტა, დისკრიმინაციის, ხოლო უდიდესი ალბათობით - უმოწყალო დევნისა და დათრგუნვის მსხვერპლი ხდებოდა. კორპორაციის მიერ ადამიანის არც ერთი ძირითადი უფლება (მათ შორის, ცხადია - არც საკუთრების უფლება, თუმცა ამას ვინღა ჩივის, თვით სიცოცხლის უფლებაც კი) უპირობოდ კი არ იყო დაცული, არამედ ნებისმიერი სუბიექტის უფლებრივი მდგომარეობა, როგორც კორპორაციის სარგებლის მიზნიდან, ასევე სამართლებრივი და პოლიტიკური ნიჰილიზმიდანაც გამომდინარე, ამ სუბიექტის კორპორაციასთან კონკრეტული ურთიერთობით განისაზღვრებოდა; ასეთი მდგომარეობის ყველაზე მახინჯი სახე იყო ერის (ე.ი. სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საერთო მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ერთიანი, საერთო ნიადაგზე მდგარი თანასაზოგადოების), თითქმის სრული ფრაგმენტაცია და უარესიც: რეალურად ურთიერთდაპირისპირებულ, იერარქიულ კასტებად დაყოფა. უმაღლეს კასტას წარმოადგენდნენ კორპორაციის ბატონ-პატრონები, შემდგომს - მათ გარშემო შემოკრებილი ოლიგარქია, მომდევნოს - ამ ოლიგარქიასთან დაკავშირებული კორპორაციის მოგებაზე მომუშავე კლიენტელა, შემდეგ - კორპორაციის მომსახურე ნომენკლატორული პერსონალი - მისი პატრიმონიალური ბიუროკრატია, ხოლო უკანასკნელ საფეხურს - „ზედმეტ ადამიანთა“ „ჩასარეცხად“ განწირული უზარმაზარი მასა (რაც მოსახლეობის, სულ ცოტა, სამ მეოთხედს შეადგენდა), რომელიც ან კორპორაციის წყალობას მთხოვნელის პასიურ მდგომარეობაში უმეტესწილად ამაოდ ელოდა, ანდაც, თუკი საკუთარი უფლებებისთვის რაიმე სოციალურ და ღმერთმა ნუ ქნას - პოლიტიკურ აქტიურობას შეატყობდნენ, დაუყოვნებლივ უმოწყალო დევნის ობიექტი გახდებოდა. ამგვარ კასტურობას, არა თანასწორ უფლებებსა და შესაძლებლობებზე, არამედ პირიქით - პრივილეგიებსა და დისკრიმინაციაზე, არა სოციალურ პროგრესსა და განვითარებაზე, არამედ პირიქით - კასტურ შებოჭვასა და სტაგნაციაზე აგებულ ყოვლად უსამართლო სოციალურ სისტემას ემსახურებოდა მაშინდელი ე.წ. სოციალური პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტი - ჯანდაცვის, სოციალური უზურნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტის და ა.შ. ფსევდო-ეროვნული ინსტიტუციები.
რასაკვირველია, ამგვარი, ოიკოფობიურ-ნიჰილისტური სოციალური წყობის პირობებში, რისი შენარჩუნებაც კარგად დაზეთილი, მუდამ მზადყოფნაში მყოფი რეპრესიული მანქანის (რომლის ყველაზე ამაზრზენი სახე იყო - მაშინდელი ციხე) და ტვინების გამომრეცხავი პროპაგანდის გარეშე წარმოუდგენელია, ძნელია საუბარი წარმოების განვითარებასა ან რაიმე ეკონომიკურ პროგრესზე. უარესიც - იგი სოციალურ-ეკონომიკური დეპრესიის გამომწვევი უძლიერესი და მუდმივი ფაქტორია და ამიტომაც, კორპორაციის ცხოვრების წესი, საყოველთაო დეპრესიის ფონზე, უმეტესწილად პარაზიტული იყო - იგი, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი სისტემა, არაფერს ქმნიდა, მხოლოდ მოიხმარდა რესურსებს, უცოხური დახმარებების, სესხების და რაც ყველაზე სავალალოა, ეროვნული სიმდიდრის, უწინარესად - ქართველთა სამკვიდრო მიწის, გასხვისების ხარჯზე არსებობდა.
ამ ლიბერასტული კორპორაციის ბატონობის, ე.ი. სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ნიჰილიზმის საბოლოო დამღუპველი შედეგი, რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ლიკვიდაციის რეჟიმში შეუქცევადი გადაყვანა და მისი სულ უფრო მზარდი ფრაგმენტაცია-დაშლა გახდებოდა. მათ შორის - ტერიტორიული დანაწევრებაც. ყველაზე კატასტროფული შედეგი, რაც კორპორაციამ უკვე დაგვიყენა, ბუნებრივია, აგვისტოს ომით გამოწვეული ეროვნული უბედურება იყო! ამ უბედურებამაც კი, რაც არ უნდა გამაოგნებელი იყოს, პარაზიტულ კორპორაციას პოლიტიკური ან ეკონომიკური ზარალი კი არ მიაყენა, არამედ პირიქით - ერთხანს უზრუნველყო კიდეც მისი არსებობის განხანგრძლივება...
აქ უნდა გავაცნობიეროთ კიდევ ერთი მწარე რეალობაც - კორპორაცია 2012 წლის 1 ოქტომბერს კი საბოლოოდ დამარცხდა, მაგრამ მისი უმძიმესი მემკვიდრეობა დაძლეული სულაც არ არის. უარესიც, სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური ნიჰილიზმის მძიმე შედეგების გამოსწორება მთელი ერის არნახულ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს, რათა მემკვიდრეობით დატოვებული კორპორაციული ფსევდო-სისტემები ნამდვილი და არა მოჩვენებითი ერი-სახელმწიფოს ინსტიტუციებად ტრანსფორმირდეს.
როგორც 7 წელია ვხედავთ, ეს იოლი სულაც არ არის! მით უმეტეს, რომ ლიბერასტული კორპორაციის დამფუძნებელმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც „ოპოზიციაში“ გადავიდა, სახელმწიფოს მიმართ თავისი მტრული დამოკიდებულება ოდნავადაც არ შეიცვლა და ნათელია - არც არასდროს შეიცვლის! მისი სტრატეგიული მიზანი რევანშია კორპორაციის მარცხისთვის!
დროული, საფუძვლიანი მტკიცებები, შეფასებები და დასკვნებია, მადლობთ!