რა კავშირშია დავით გარეჯის პრობლემა, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან?

რა კავშირშია დავით გარეჯის პრობლემა, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან?

ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა კი, გაორმაგებულია. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განმარტავენ, რომ კარავი, რომელიც ადგილზე მოაწყვეს, დროებითია. თუმცა, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონ ონიანის განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ინცინდენტის შემდგომ ამბობენ, რომ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ გავლენ, მაგრამ ვითარება არ იცვლება.

„მდგომარეობა როგორიც იყო, ისეთია დარჩენილი. უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე პატრულირებენ აზერბაიჯანელი სამხედროები და ჩვენ სამხედროებს იქ მისვლის უფლება არ აქვთ. ასევე, არც ტურისტებს, მომლოცველს და არც მამაოებს“, – აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯში შექმნილი ვითარების გარკვევას ორმხრივი კომისია ადგილზე შეეცდება. სადელიმიტაციო საკითხებზე მომუშავე კომისია ექსპერტებთან ერთად დავით გარეჯში 19 აგვისტოს ჩავა და მოლაპარაკებები დაიწყება. თუმცა, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, როგორ მოხდება პრობლემის გადაწყვეტა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემების გართულება კავშირშია ანაკლიის საკითხთან. მისი თქმით, თუ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები, ასეთ შემთხვევში არა მხოლოდ ანაკლიის, არამედ ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ამ უმნიშვნელოვანეს პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად უპასუხისმგებლოა. კერძო, პერსონალურ, პოლიტიკურ, სახელისუფლებო თუ რაღაც ფინანსურ ინტერესებს ეწირება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავება ორგანულად უკავშირდება პორტის საკითხს, რადგან აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვა ასეთი ტიპის პროექტს მნიშვნელობას უკარგავს. დარწმუნებული ვარ დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემების გართულება ორგანულადაა კავშირში ამ საკითხთან, ვინაიდან თუ ჩვენ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები, მაშინ ანაკლიის პორტი კი არა, ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს, ვინაიდან ასეთ პროექტებს მხოლოდ მაშინ აქვს დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ რეგიონში ვართ გამტარი ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთების“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დავით გარეჯსა და ანაკლიას პორტის მშენებლობასთან კავშირს ვერ ხედავს მაია ცქიტიშვილი. მიუხედავად პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური, მათ შორის პოლიტიზებული დისკუსიისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ყველას ერთი ინტერესი აქვს – აშენდეს ანაკლიის პორტი. სახელმწიფო თავის ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებს. კონსორციუმს უკვე გადაეცა დაახლოებით 60 მილიონ ლარად კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მიმდინარეობს პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტირება, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო სავარაუდოდ ნოემბერში მშენებლობა დაიწყება.

„დაინტერესებული ვართ, რომ ის დრო და ძალისხმევა, რაც მთავრობამ, დონორებმა და კონსორციუმმა ანაკლიის პროექტში ჩავდეთ, არ დაიკარგოს. სტრატეგიულად, გლობალური და ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, ამ პროექტში ამერიკული და ქართული ინვესტიცია მისასალმებელია. ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წარმატებით გაართვას თავი აღებულ ვალდებულებებს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, პორტის მშენებლობის დაწყება მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, თუ მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდება, მშენებლობა ვერ დაიწყება.

„იმ 6 თვიანი გადავადებით, რაც ახლა მოხდა, ჩვენმა გენერალურმა კონტრაქტორმა წარადგინა გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იანვარში დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, პირველი გემების მიღება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდება. სრულიად პორტის პირველი ფაზა, როგორც ეს სამინისტრომ განაცხადა, დასრულდება 2022 წლის მაისში. ასე რომ, ჩვენ გრაფიკისთვის არ გადაგვიხვევია, ახლა მთავარია მოლაპარაკებები დროულად დასრულდეს. ჩვენ განახლებულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად და, პლუს სახელს არ დავასახელებ, მაგრამ უახლოეს მომავალში შემოგვიერთდება ახალი მხარე, სპონსორი, რომელიც ასევე წამყვან ფიგურანტი იქნება ამ პროექტის“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, დავით გარეჯსა და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან კავშირს ხედავს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აზერბაიჯანი–საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები. მისი თქმით, ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ორ ქვეყანას შორის ასე დაძაბულიყოს ურთიერთობა.

„გართულება გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ყველა პორტი გაჩერდება, რკინისგზა გაკოტრდება, რატომ? – იმიტომ, რომ ტვირთების 80–90% გადაადგილდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამ ურთიერთობების არევა გამოიწვევს ტვირთბრუნვების შეჩერებას. ჩვენ თუ აზერბაიჯანთან ურთიერთობა გვირთულდება, მთელი ეს ინფრასტრუქტურა ქრება, ასეთია რეალობა“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხს, ხუხაშვილის განცხადებით, აქ საკითხი ასე უნდა დავსვათ – ეს არ არის ახლა წარმოშობილი პრობლემა, ეს არის უახლესი ისტორიის მანძილზე არსებული პრობლემა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემის გადაწყვეტას ახლავს სირთულეები, ამ მეგობრობის და ურთიერთგაგების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თემას უყურებდნენ კონსერვაციის რეჟიმში და ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ ერთმანეთისთვის და პატივი ეცათ ერთმანეთის ინტერესებისთვის.

„ჩვენი ურთიერთობის გართულებაში დაინტერესებული არის რუსეთი, ეს არის ერთადერთი დარჩენილი პრობლემა, სხვა ყველაფერი დაალაგა რუსეთმა საქართველოში. თუ ისინი მოახერხებენ საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭებას, ასეთ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენც და აზერბაიჯანიც მისი ლუკმა გავხდებით, იმიტომ რომ, ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას დავკარგავთ. რუსეთის გავლენის აგენტურა აქტიურად მუშაობს როგორც ჩვენს მხარეს, ასევე აზერბაიჯანის მხარესაც.

„ჩვენ ეს ვითარება უნდა დავიჭიროთ კონსერვაციის რეჟიმში, არა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, არამედ ურთიერმეგობრობის ინტერესებიდან გამომდინარე დავბრუნდეთ იმ ვითარებამდე, რაც იყო პანდორას ყუთის გახსნამდე. ანუ, ზურაბიშვილის გარეჯში ჩასვლამდე. ნამდვილად, დღეს ბევრი პრობლემა არის ქვეყანაში და დავით გარეჯის პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემებს შორის ყველაზე სერიოზულია. თითქოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდებით, მივხვდებით, თუ რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს აქ ვითარების დაძაბვას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ანაკლია პრობლემა არის რუსეთისთვის და ეს სადავო არ არის, მაგრამ არის თუ არა რუსეთის გავლენა აზერბაიჯანზე საიმისო, რომ აზერბაიჯანის ნაბიჯები აღმოჩნდეს რისკის შემცველი, ეს საკითხი საყვარელიძეს განცხადებით, არის საკამათო.

„უსუფაშვილის მიერ ფაქტის კონსტანტანცია არის ფაქტი, რომ თუ საფრთხე დაემუქრა აზერბაიჯანთან ახლო ურთიერთობას, ბევრი სხვა ურთიერთობას ანაკლიიდან დაწყებული და ნებისმიერი ტრანზიტით დამთავრებული, აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. არ ვიცით რა ხდება მოლაპარაკებების შიგნით, მაგრამ საქართველომ თუ არ გამოვლინა ოდნავ მაინც სიხისტე, ალბათ ძნელი იქნება ამ პრობლემების გადაჭრა. პრობლემები თუ გაჩნდა და არ გადაიჭრა, ამით ანაკლიაც წააგებს, ფოთიც და ნავთობსადენიც“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, დავით გარეჯსა და ანაკლიის პორტის მშენებლობას შორის საერთო ძალიან მარტივია, ანაკლიის პორტი დაკავშირებული არის ტვირთების ბრუნვასთან და ტვირთები საქართველოში უნდა მოხვდეს სწორედ აზერბაიჯანის გავლით. როგორც ძაბირაძე ამბობს, გარეჯში არსებული პრობლემა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების არ არის.

„ყველა ხელისუფალს ჰქონდა ეს პრობლემა. ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო ამ პრობლემის მეტ–ნაკლებად ნორმალურად გადაჭრა. ისტორიულად ეს რომ ქართული ძეგლია, ეს ფაქტია და არა მგონია, რომ თვითონ აზერბაიჯანსაც ეჭვი ეპარებოდეს, მაგრამ ლაპარაკობენ, რომ ეს არის ალბანური კულტურული ძეგლი და არა ქართული. ეს ცოტა სადავო თემაა. თავისთავად, დავით გარეჯის პრობლემა რეალურად დგას“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, არც აზერბაიჯანის ხელისუფლება არის კომფორტულ დღეში, საზოგადოებრივი აზრი იქაც სხვაგვარად არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ძაბირაძე თვლის, რომ გამოსავალის ძებნა უნდა დაიწყონ.

„კი ბატონო, ჩვენთვისაც პრობლემაა თუ ტვირთები აქეთ არ წამოვა, მაგრამ აზერბაიჯანისთვისაც არანაკლებ პრობლემაა, იმიტომ რომ, აზერბაიჯანი ფაქტიურად ჩიხში ექცევა. ამასთან, დღეს აზერბაიჯანის უდიდესი პარტნიორი, თურქეთი არის და თუ გავითვალისწინებთ სომხურ–თურქულ ურთიერთობებს, გამოდის, რომ ეს კავშირიც წყდება. ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ რუსულ–ირანულ ურთიერთობებს, თანაც იქ აზერბაიჯანის პრობლემა დგას, აზერბაიჯანი გაწყვეტილია შუაზე კასპიის სამხრეთით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრობლემის მოუგვარებლობა ფაქტიურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანი–თურქეთის კავშირს და რეალურად აზერბაიჯანი ექცევა რუსული გავლენის ქვეშ.

წესით, ეს აზერბაიჯანსაც არ უნდა აწყობდეს. ეს პრობლემები დგას და ამიტომაც არის ლაპარაკი, რომ საქართველო–აზერბიაჯანის ურთიერთობებზე არის დამოკიდებული ანაკლიის პორტის მშენებლობა. ჯერჯერობით, ღია პრობლემად რჩება გარეჯის პრობლემა და ალბათ, გარკვეული პერიოდი უნდა დარჩეს ღია პრობლემად, თუ ვერ ხერხდება მისი ნორმალურად გადაწყვეტა. გადაწყვეტა კი, რა თქმა უნდა, შეიძლება. ეს ტერიტორია შეიძლება გამოცხადდეს ნეიტრალურ ტერიტორიად, ანუ თავისუფალ ზონად, სადაც ორივე მხარეს ექნება შესვლის უფლება. დღეს–დღეობით ეს არის საკითხის ყველაზე უკეთესი გადაწყვეტა. მით უფრო, ჩვენ არ ვიცით რა სტადიაშია მოლაპარაკებები“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

უ ც ხ ო .
გია ხუხაშვილს რაღაც მოუნელებელი პირადი ბოღმა აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ("ტაკოი ნეპრიაზნ ისპიტივაეტ, ჩტო კუშატ ნე მოჟეტ")...
ქ-ნ სალომეს რომ არ ამოეღო ხმა და "არ გაეხსნა პანდორას ყუთი", ყველაფერი დალაგებული ყოფილა დავით გარეჯთან დაკავშირებით!.. მანამდე არასოდეს ჰქონიათ აზერებს მისი მიტაცების მცდელობა! ეს პირველი შემთხვევაა, თურმე!..
სწორ ანალიზს ვახტანგ ძაბირაძე აკეთებს.
მიზანმიმართული დემაგოგიაა (ან სიშტერე) საქმის იმგვარად წარმოდგენა, თითქოს აზერბაიჯანს დიდი არჩევანი აქვს, მაგრამ ჩვენი ხათრით სარგებლობს საქართველოს პორტებით და რკინიგზით!..
მასაც ისევე ვჭირდებით, როგორც ჩვენ გვჭირდება!
ხათრი რომ ჰქონდეს, გარეჯთან და საინგილოსთან დაკავშირებით გამოავლენდა ამას!
ცალმხრივი... სიყვარული გამიგია მე, მეგობრობა - არა.
5 წლის უკან
სოციალისტი ოკუპანტი თუა ვინმე აზერბაიჯანი და თურქეთია....
5 წლის უკან
არაგველი641 თუკი კითხვას დავსვამთ: აზერბაიჯანს უფრო ჭირდება საქართველო თუ საქართველოს აზერბაჯანი? რა თქმა უნდა აზერბაიჯანს უფრო ჭირდება საქართველო! რადგანაც საქართველოს გავლით აქვს აზერბაიჯანს კავშირი გარე სამყაროსთან.
5 წლის უკან
კახაბერი ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა განახორციელოს სახელმწიფომ და არა ვირთხა ბანკირებმა ხაზარაძის სახით. პორტის მთავარი აქციონერი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, რომ შემოსავალი მიიღოს ბიუჯეტმა და არა ვიგინდარებმა. ჰოლანდიის ყველა პირტი სახემწიფო საკუთრებაშია, ჩვენ მაგთზე დიდი კაპიტალუსტები ვართ?! უნდა დაიწყოს საზოგადოების აქტიურობა ამ მიმართულებით, რომ მთვარი აქციონერი გახდეს ქართული სახელმწიფო
5 წლის უკან
კახაბერი შემოვიყვანოთ წილში ამერიკული კომპანიები, კი ბატონო, ოღონდ სამართავ პაკეტს უნდა ფლობდეს წართული სახელმწიფო, ეს არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთსოების საკითხი!@!
5 წლის უკან
კახაბერი ეს იქნება ყველაზე დიდი საქმე რასაც კი გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი თავისი ფულით და დაუტოვებს შტამომავლობას, საკონცერტო დარბაზები და სასტუმროები ვერაფერი ბედენაა ჩვენი გაჭირვებული ხალხისთვის
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com არა მარტო ჰოლანდია, ნორვეგიაშიც და სხვა ქვეყნებშიც სახელმწიფოსია ნსგავსი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები. ყოველ შემთხვევაში საკონტროლო პაკეტი აუცილებლად!!!
5 წლის უკან