იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“–ის 60%–იანი წილი ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს გადაეცემათ, ისინი ტელეკომპანიაში შევლენ. როგორც „რუსთავი 2“–ის დამფუძნებლების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, 16 ივნისიდან დაიწყო ათვლა იმ 6-თვიანი ვადის, რომლის დროსაც მათ სტრასბურგის სასამართლოში შეუძლიათ საჩივრის შეტანა. ადვოკატი იმ სამართლებრივ ბერკეტებზე საუბრობს, რომლის გამოყენების საშუალებაც დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ჯერ კიდევ აქვთ.
„იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დადებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დანაშაულისთვის ბრალდებას ვეღარ წარუდგენენ ვერავის, შესაძლებელია, შემაჯამებელი გადაწყვეტილება გახდეს საფუძველი დაიწყოს ახალი დავა ამორალურ გარიგებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩამოვყალიბდებით, როგორ გზას ავირჩევთ და როგორ არჩევანს გავაკეთებთ“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
„რუსთავი 2“–ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პროკურატურის მიერ დაზარალებულებად არიან ცნობილი. საქმე „რუსთავი 2“–ის წილების დათმობას ეხება, რომელზეც პროკურატურამ ძიება 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო. საქმეს ამ ეტაპზე ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა და შესაბამისად, პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას ვერავის წინააღმდეგ ვერ დაიწყებს.
დავით დვალის განცხადებით, თუ მას და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“ – ის წილების საკონტროლო პაკეტი არ ექნებათ, მათ გარანტია არ ექნებათ, რომ მოვლენები მათთვის მისაღები ფორმით განვითარდება.
„დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები მესამე სექტორთან, მაქსიმალურად გავაქტიურდებით. ვინც ფიქრობს, რომ ის რაც ხდება „რუსთავი 2“–ის თავს, მიუღებელი და დაუშვებელია, ყველასთან გავალთ კონტაქტზე და დავსახავთ მოქმედების სტრატეგიას. ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვისმენია ქიბარ ხალვაშის განცხადება იმ დღეს, როდესაც შეხვედრიდან გამოვედით. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენ განცხადებებს და იქ გაიჟღერა თურმე ფრაზებმა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება, კონტრწინადადებებს ელოდებიან და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი განცხადება არის პასუხი, არანაირ ვაჭრობას არ ჰქონია ჩვენი მხრიდან ადგილი.
ჩვენ მაშინ შეხვედრაზეც პირდაპირ დავსვით საკითხი, რომ კი ბატონო, ბრძანეთ, თქვენი ნებაა და ჩვენი პასუხი იქნება კი ან არა. სავაჭრო იქ არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური კონტაქტი მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, დაგემილი გვაქვს შეხვედრები, მათ შორის დღეს და ხვალაც. მაქსიმალურად გავაქტიურდებით ამ მიმართულებთ, ყველასთან, ვინც ფიქრობს, რომ ის რაც „რუსთავი 2“–ის თავს ხდება, მიუღებელი და დაუშვებელია, გავალთ კონტაქტზე და დავსახავთ მოქმედების სტრატეგიას“, – აცხადებს დავით დვალი.
„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, როდესაც კომპანიაში წილს იღებ საჩუქრად, ამ წილს ასევე მოჰყვება ვალდებულებები. როგორც სალია აცხადებს, ფინანსურ ვალდებულებებს ვგულისხმობს, რადგან კომპანიაში არის გარკვეული თანხები მოსაზიდი. მისივე თქმით, ის ქიბარ ხალვაშთან შეხვედრამდე ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შეხვდა და კომპანიაში არსებული ვითარება გააცნო. სალიას მტკიცებით, ის შეხვედრაზე მათ ასევე დაჰპირდა, რომ ინტერესის შემთხვევაში, ხალვაშთან შეთანხმებით მათ მიაწვდიდა დამატებით ინფორმაციას.
პაატა სალია ამბობს, რომ მათ ქიბარ ხალვაშის შეთავაზების მოსმენის შემდეგ თავად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება დათანხმდებოდნენ თუ არა კომპანიაში 40%–იან წილს, რადგან წილებს მოჰყვება ვალდებულებებიც. როგორც სალია აცხადებს, შეხვედრაზე წილის ყიდვაზე არ არის საუბარი“.
„არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და არც ერთ ჟურნალისტს ჩემგან არანაირი მითითება არ მიუღია. სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საუბარი ძალიან ბევრია და ჩემი პასუხია, რომ ყოველდღიურობა გვაჩვენებს იმას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს მუშაობას ისე, როგორც მუშაობდა. ვერავინ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მისცა ჟურნალისტებს. 50%–ის კონტროლი, ჩემი აზრით, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა. დათოს განცხადება იყო, რომ ის აპირებს „რუსთავი 2“–ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ამ შემთხვევაში სად არის ლოგიკა“? – ამბობს პაატა სალია.
მისი თქმით, ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს და ეს კარგად იციან აქიმიძემ და დვალმა. მისი თქმით, კომპანიის 40%–იანი წილი ცოტა არ არის და საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
„რაც შეეხება 2015 წლის შეთავაზებას, მაშინ საჯაროდ ითქვა, რომ ქიბარ ხალვაში მზად იყო დაეთმო 50%, თუმცა ამ საუბრებს მიღმა ასევე ბევრი საუბარი იყო, ბევრი დისკუსია, რაც საბოლოო ჯამში, თუნდაც ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე ითქვა ორივე მხარის მიმართ, რომ მოდი, დავანებოთ თავი რა იყო წარსულში, რადგან რეალურ შეთანხმებამდე ჩვენ ვერ მივედით, ამიტომ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ ნაწილში ურთიერთობა და თქვით, რასაც გვთავაზობთ. ქიბარ ხალვაშმა უთხრა ის, რასაც სთავაზობდა, მან შესთავაზა 40%. 40% არის საკმაოდ დიდი წილი კომპანიაში. კონტროლის ბევრი მექანიზმი არსებობს და 40%–ის მფლობელს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგ, „რუსთავი 2“– ისთვის ბრძოლას იწყებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი. ია კიწმარიშვილი იურისტებთან გადის კონსულტაციებს, რომელიც უახლოეს დღეებში დააფიქსირებს პრეტენზიებს „რუსთავი 2“–ის 30%–იან წილთან დაკავშირებით. ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“–ის წილის შესახებ დავა ნიშნავს იმ წილის შესახებ დავას, რომელიც ჰქონდა მის ძმას – ეს არის „რუსთავი 2“–ის 30%.
„ია კიწმარიშვილი და ჩვენ, ვთვლით, რომ „რუსთავი 2“–ის წილის შესახებ დავა, ნიშნავს იმ წილის შესახებ დავას, რომელიც ჰქონდა განსვენებულ ჩემს ძმას – ეს არის 30% „რუსთავი 2“–ის. რამდენადაც ვიცი, ამ პროცენტზეა საუბარი. ია ყოველთვის ამბობს, რომ რაც გვეკუთვნოდა, ის იქნება მოთხოვნილი. მაშინდელი ეს პროცენტული მაჩვენებლი იყო – 30%.
დღესდღეობით ია კიწმარიშვილი კონსულტაციებს გადის იურისტებთან და ის თვლის, რომ მას აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი და მეც მაქვს მათ შორის. ია ამის შესახებ გადის კონსულტაციებს და სავარაუდოდ, დააფიქსირებს თავის პრეტენზიებს „რუსთავი 2“–ის წილთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.
ძალიან ტრაგიკომიკურად გამოიყურება სიტუაცია.
თავიდან, სტრასბურგის ვერდიქტი რომ გამოქვეყნდა, დვალი და აქიმიძე აცხადებდნენ: ჩვენ რა პრეტენზია უნდა გვქონდეს! ხალვაშს შეუძლია საერთოდ არ გაგვიყვანოს წილშიო...
ახლა 40%- ზეც უარს აცხადებენ - 60% გვინდაო!..
იქით ია კიწმარიშვილი ითხოვს 30%-ს...
10% ნიჟარაძისააო...
აბა, ამათთვის უბრძოლია ამდენი წელი ხალვაშს!
ამათთვის უწყვეტია ნერვები და ამათთვის დახარჯულა!
სანამ ნაცებს ჰქონდათ ჩაბღუჯული ეს ნადავლი, იყვნენ ყველანი გაბუსუნებული.
როცა, ბოლოს და ბოლოს, წაგლიჯა ხალვაშმა და გააგდებინა პირიდან ეს ლუკმა მიშას - გიენებივით დაესია სუყველა: - ჩემია!... არა, ჩემიაო!..
ჯ უ ნ გ ლ ი ... ნამდვილი ჯუნგლი!