„რაც მე ვნახე, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, როგორ არსებობდა საერთოდ „რუსთავი 2“?!

„რაც მე ვნახე, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, როგორ არსებობდა საერთოდ „რუსთავი 2“?!

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, „რუსთავის 2“– ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „რუსთავი 2“–ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „რუსთავის 2“–ის 9%–იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო „რუსთავის 2“– ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა ტელეკომპანიას.

„რუსთავი 2“–ის ყოფილი გენერალური დირექტორი უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, შესაბამისად, ის სასამართლოში დაიკითხება. ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ შეტანილი ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე აღიძრა საქმე. ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ როგორც ჩანს, მისი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება.

„სამი მუხლითაა საქმე აღძრული. როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ „რუსთავი 2“–ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის გარანტირება, იქედან წამოსვლა და „რუსთავი 2“–ის წარსულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? და დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

როგორც ირკვევა, პროკურატურა უკვე შევიდა „რუსთავი 2“–ის კონტრაქტორ კომპანიებში. „ინტერმედიას“ იურისტი შოთა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა კომპანიიდან ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაციის ამოღება მოითხოვეს. მისი თქმით, მათ გამომძიებლებს სრულყოფილი ინფორმაცია გადასცეს.

„კომპანია სარეკლამო საქმიანობას ეწევა. ჩვენს ორგანიზაციაში მოვიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებმაც სასამართლო განჩინების საფუძველზე, მოითხოვეს ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაციის ამოღება. ამოღებული იქნა ეს დოკუმენტაცია ჩვენი არქივებიდან“, – აცხადებს შოთა ჩავლეიშვილი.

საქმე ეხება „ინტერმედიას“, აღნიშნული ორგანიზაცია ამ სახელით, ოღონდ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდით, სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა. ეწეოდა სარეკლამო საქმიანობას, ახდენდა სხვადასხვა ტელევიზიების სარეკლამო დროის რეალიზებას და შესაბამისად, აღნიშნული საქმე, რამდენადაც განჩინებაშია მითითებული, დაკავშირებულია „რუსთავი 2“–თან კავშირში მყოფ გარკვეულ სისხლის სამართლის საქმესთან.

„ეს დოკუმენტაცია არის დაკავშირებული სარეკლამო ურთიერთობებთან, რომელიც მიმდინარეობდა დამკვეთებთან, სხვადასხვა ტელეარხთან, ასევე ფინანსურ დოკუმენტაციასთან, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან, გადარიცხვების დოკუმენტები, მიღება–ჩაბარების აქტები ა.შ.“, –ამბობს შოთა ჩავლეიშვილი.

„ინტერმედია“ „რუსთავი 2“–ის გაყიდვებს და სარეკლამო განთავსებებს უზრუნველყოფს, ამ კომპანიის დამფუძნებლები ასევე „ფორმულა კრეატივის“ მფლობელები არიან. საქმის გამომძიებლი ბექა კვიციანი განმარტავს, რომ ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულ იქნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია. მის თქმით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვებიც.

ბექა კვიციანი არ გამორიცხავს, რომ „ინტერმედია“ და „ინტერმედია+“ ნიკა გვარამიას თანამზრახველებად ჩაითვალონ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს მათ ხელმძღვანელებსაც. ბექა კვიციანის თქმით, ამ ეტაპზე გარკვეული კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დასრულებულია, თუმცა ის არ აკონკრეტებს დასრულდა თუ არა სრულად პროცესი.

„ამ ეტაპზე გარკვეული კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დასრულებულია,ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, არის რამდენიმე კომპანია და იქიდან ხდება დოკუმენტაციის ამოღება. ამოღებული დოკუმენტაცია ჯერ შესწავლას საჭიროებს, ამოღებულ დოკუმენტაციაში არის ფინანსური გადარიცხვებიც. საუბარი არის 2013 წლიდან დღემდე განხორციელებულ ტრანზაქციებზე“, – აცხადებს ბექა კვიციანი, თუმცა კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს.

„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი პაატა სალია for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ  ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობა, რაც ამ დღეების განმავლობაში ნახა, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს. მისი თქმით, ჩნდება კითხვა, როგორ არსებობდა საერთოდ კომპანია. როგორც სალია აცხადებს, კომპანიის შემოსავლები ვერ ფარავდა ხარჯებს, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ რაღაც ამ კომპანიაში ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

„ჩვენ სამუშაო შეხვედრა გვქონდა კომპანიის მენეჯმენტთან. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გვქონდა. ამ დროს, შევიტყვე ამის თაობაზე. მერე გავეცანი პროკურატურის განცხადებას, რომელიც გამოქვეყნებული იყო ვებგვერდზე. მე რომ მოვედი კომპანიაში, ვთქვი ღიად, რომ მიზერული თანხა დამხვდა ანგარიშზე.

კომპანიის მენეჯმენტი ისე მართავდა კომპანიას, რომ ფაქტობრივად, ეს კომპანია იყო შემოსავლების გარეშე, რაც ვერ დაფარავდა მიმდინარე ხარჯებს, რაც თავითავად ბადებს ეჭვს, რომ რაღაც ამ კომპანიაში ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, რაც მე ვნახე ამ დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს. როგორ არსებოდა საერთოდ კომპანია?!“, – განაცხადა პაატა სალიამ.

სალია დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ თანხები გაცემულია სხვადასხვა პირებზე, რასაც შეიძლება კომპანიასთან არ ჰქონდეს არანაირი პირდაპირი კავშირი. შესაბამისად, პაატა სალიას განცხადებით, არის რაღაცა დეტალები, რისი შესწვალაც უნდა მოხდეს.

„გარედან მოვიყვანეთ ფინანსიტები და პლუს ვაპირებთ, რომ მოხდეს აუდიტის ჩატარება საერთაშორისო კომპანიის მიერ. რამოდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც ჩაატარებს აუდიტს და გვეცოდინება რეალური შედეგი. რაც შეეხება გამოძიებას, რამდენადაც ვიცი, გამოძიება დაწყებული იყო ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც გვარამია იყო დირექტორი და კომპანიის წილები ხალვაშს არ ეკუთვნოდა. ჩვენი ინტერესი არის კომპანია გავაჯანსაღოთ და ვნახოთ, რამე ხომ არ იმალება კომპანიაში ისეთი, რაც ხელს უშლის წარმატების მიღწევაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა სალიამ.

„რუსთავი 2“–ის 9%–იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, გიოგრი ყავლაშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც „რუსთავი 2“–მა 40 მილიონამდე შემოსავალი დაკარგა. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს გვარამიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რადგან გვარამიამ შეგნებულად დაუკარგა „რუსთავი 2“–ს შემოსვალის მიღების საშუალება.

„განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას. გამოძიებას ვთხოვეთ, შეესწავლათ რამდენიმე გარემოება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „ინტერ მედიადან“ შემოსული შემოსავლების განკარგვის ნაწილი. საბუთების მიხედვით, რომლის შესწავლაც ჩვენმა აუდიტორებმა მოახერხეს, ჩავთვალეთ, რომ დირექტორის მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი. მან შეგნებულად დაუკარგა „რუსთავი 2“-ს შემოსვალის მიღების საშუალება „ინტერ მედიადან“, გაუზარდა „ინტერ მედიას“ საშუამავლო შემოსავალი, რის გამოც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–მა ზიანი მიიღო.

ასევე, ჩვენს განცხადებაში მითითებული გვქონდა შესყიდვის კანონიერებებთან დაკავშირებით, გვინდოდა გამოძიებას შესყიდვების საკითხიც გადაესინჯა. ვთვლით, რომ ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ნიკა გვარამიამ მიზანმიმართულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც „რუსთავი 2“–მა 30–დან 40 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგა. ეს შემოსავლები აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და კომპანიისთვის საზიანოდ მიიღო „ინტერ მედიამ“, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

გამოძიებისგან საქმის ბოლომდე გამოძიებას ითხოვს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია და ჯინი, რომელიც ბოთლიდან ამოვიდა და მის ძალა–უფლებას ემუქრება, ცდილობს წიხლით მაინც ჩატენოს ისევ უკან.

„ფაქტობრივად, ნებისმიერი პოტენციური საფრთხის განეიტრალების ერთადერთ საშუალება ხდება სისხლის სამართლის აღძვრა და საქმის დაკიდება. თუ შეამჩნევთ, არც ერთი საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი. ყველა მიმართულებით აღძრავენ საქმეს, თამასას მაქსიმალურად მაღლა წევენ და მერე, ასე ვთქვათ, საბლოო ჯამში, ბრალდება სულ სხვაგან მიდის. 20–21 წლის ღამის მოვლენებზე საქმე აღიძრა გადატრიალების მუხლით, მაგრამ არავის ვინც დააპატიმრეს, ეს მუხლი არ აქვს წაყენებული.

სამწუხაროდ, პროკურატურა გამოყენებულია პოლიტიკის მონოპოლიზაციის ინსტრუმენტად. მე შორს ვარ იმ აზრისგან ვიღაცა დავიცვა, ან არ დავიცვა. ვინც დააშავა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დანაშაულის შესაბამისად. კი ბატონო, გამოიძიონ, მაგრამ რომ დაიწყებენ გამოძიებას, გამოიძიონ. მე მაქვს ძალიან სერიოზული კითხვები როგორც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი  რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ „რუსთავი 2“–ის ფინანსური პრობლემების თემა დიდი ხანია დგას, შევარდნაძის დროიდან „რუსთავი 2“ არ იხდიდა დავალიანებას, რასაც გადაყვა შევარდნაძის მთავრობის მინისტრები.

„ჟვანიამ დაუძახა ხალხს და გამოიყვანა. აი იქიდან მოყოლებული არის გადასახადების პრობლემა. ტელეკომპანია „კავკასიის“ მენეჯერი ნინო ჯანგირაშვილი ჩიოდა, რომ მე 1 ლარს არ მაპატიებენო. „რუსთავი 2“ აგრძელებს გადაუხდელობის პროცესს. არ გამიკვარდება ამ პროცესმა ანალოგიური პრობლემა ამოატივტივოს ახლაც“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

თამაზი ხუხაშვილო უკვე აუტანელი გახდი, დაგვასვენე
5 წლის უკან
უ ც ხ ო . მართლა გასაოცარია, მაგრამ ნიკა გვარამია აცხადებს, დამაბრუნონ და დღესვე გავცემ ყველა ხელფასსო!..
საიდან? რანაირად? თან, რამხელა ხელფასებს -- ხუთნიშნა ციფრებით გამოსახულს!..
რა ფოკუსი იცის ამისთანა ნიკა გვარამიამ - მისი საიდუმლოა, მაგრამ კოპერფილდს რომ მოწაფედ არ აიყვანს, ნაღდია!:)
5 წლის უკან