„ოქრუაშვილის დაჭერით, ხელისუფლებისთვის არაფერი შეიცვლება, ისევე, როგორც მისი გარეთ ყოფნით არაფერი შეიცვლებოდა“

„ოქრუაშვილის დაჭერით, ხელისუფლებისთვის არაფერი შეიცვლება, ისევე, როგორც მისი გარეთ ყოფნით არაფერი შეიცვლებოდა“

კახი კალაძე აცხადებს, რომ როგორც პოლიტიკოსისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილად არ არის საინტერესო ფიგურა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ ოქრუაშვილთან მიმართებით არსებობს სამართლებრივი კითხვები, რომელსაც ის გასცემს პასუხს. როგორც კალაძე აცხადებს, 20 ივნისს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები გულწრფელად მისულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტი, რაც არავის უნდა ეპატიოს.

კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა იმ დესტრუქციული ქმედებებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან აქვს ადგილი. კახა კალაძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილს უპასუხისმგებლოს უწოდებს და მათ, ხალხის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება, გადატრიალება, სისხლისღვრა, მოწოდებები, რასაც 20–21 ივნისს ვისმენდით უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი იქ გულწრფელად მისულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა და ეს კანონის წინაშე არავის არ უნდა ეპატიოს - პოლიტიკოსი იქნება თუ რიგითი მოქალაქე. ეს არის ძალიან ცუდი, მძიმეა ის რაც ვნახეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ოქრუაშვილის განცხადებებში სიმართლის მარცვლის დანახვა უჭირს უმრავლესობის წევრს დიმიტრი ცქიტიშვილს.

„ოქრუაშვილის განცხადებები ზღაპარია და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. „რუსთავი2“–ის საქმე დამთავრებულია და არანაირი გაგრძელება ამას არ აქვს. არანაირი პოლიტიკური დევნა ჩემთვის არ არსებობს. ამ შემთხვევაში არის გარკვეული დანაშაულის ნიშნები, რომელიც დაადგინა პროკურატურამ და წარუდგინა ბრალი. მე ვერ გეტყვით დეტალებზე, მტკიცებულებები რამდენად მყარია. ეს არის სასამართლოს მსჯელობის საგანი“, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, რაც მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდებული ოქრუაშვილის ადვოკატი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვს, რაც ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა.

„გამარჯვებული საქართველოსთვის“ წევრი კოტე კემულია აცხადებს, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ მაღალი რანგის პოლიციელების ჩვენებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. მისი თქმით, ამას ჰქვია ფალსიფიკაცია და ისიც უტვინოდ.

„აპელირებენ კადრებზე, სადაც ყველამ კარგად დავინახეთ, რომ წითელი უაზრო ისრის გარდა არაფერი ჩანს. მიდის ფალსიფიკაცია. ეს არანაირი მტკიცებულება არ არის, ამას ჰქვია ერთი სახელი: ფალსიფიკაცია და ისიც უტვინოდ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ „რუსთავი 2“– თან დაკავშირებული განცხადებების გამო არის დაჭერილი ირაკლი ოქრუაშვილი“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მურთაზ ზოდელავა განმარტავს, რომ არც ერთი ობიექტური მოწმე ამ საქმეში არ არის, ყველა მოწმე დაკითხულია ოქრუაშვილის დაკავების, ფაქტობრივად, წინა დღეს და ყველა მათგანი არის პირდაპირ დამოკიდებული გახარიაზე. მისივე თქმით, ოქრუაშვილის დაკავება მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება, მათ შორის, „რუსთავი 2“–ის საქმეზე.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სახეზე პირდაპირი მითითება ივანიშვილის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ივანიშვილმა განკარგულება ოქრუაშვილის დაკავების შესახებ გასცა იმ დღესვე, როდესაც ოქრუაშვილმა ისაუბრა „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით და გაასაჯაროვა ის სკანდალური ინფორმაცია,“ - ამბობს მურთაზ ზოდელავა.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის და ამბობს, რომ ზუსტად იმავე ქმედებისთვის დღემდე არაერთი პირია დაუსჯელი. მისი თქმით, ცალსახად შერჩევითი სამართალია და პოლიტიკური რეპრესია, რადგან, როგორც კახიძე აცხადებს, მოწმეები დაკითხულები არიან ამ მოვლენიდან ერთი თვის მერე და რატომღაც ეს დაემთხვა ოქრუაშვილის ხელისუფლებისთვის სხვადასხვა უსიამოვნო განცხადებებს.

„ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკურად არის მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა იმიტომ, რომ კანონის უზენაესობით ამას ვერ ახსნიან. მათი მოკავშირეები, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფები დღემდე არიან დაუსჯელები იმავე ქმედებისთვის, რომელსაც ედავებიან ამ შემთხვევაში ოქრუაშვილს, ამიტომ, აქ არის ცალსახად შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური რეპრესია, როდესაც ხელისუფლება მოქმედებს არა კანონის მიხედვით და კანონიდან კი არ ამოდის, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოქრუაშვილის საქმეში პოლიტიკური მოტივაციის გამორიცხვა უჭირს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს, რომლის განცხადებით, იმდენად აირია სიტუაცია, იმდენად გაურკვევლად და არამიზანიმართულად მოქმედებს ხელისუფლება, რომ ასეთი ვარაუდების და ვერსიების დაშვება არის რეალური.

„მთელი ეს პროცესი, ისევე როგორც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესი, ებმება იმ პროცესს, რასაც ჰქვია ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“–ის მიმართ პრეტენზიები დაიწყო. ყველამ მშვენივრად ვიცით, როგორ მოხდა „რუსთავი 2“–ის წართმევა დვალსა და აქიმიძეზე. მაშინ ამ პროცესებში მონაწილეობდა სწორედ ოქრუაშვილი და ეს ყველასათვის ცხადი იყო. ოქრუაშვილი მონაწილეობდა არა საკუთარი ინტერესებით და ინიციატივით, არამედ სააკაშვილის დავალებით. მერე იურიდიულად რა და როგორ გაფორმდა, რა გადათამაშდა არავინ არ იცის“, – აცხადებს ძაბირაძე.

რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ნაწილს, მისი თქმით, როდესაც საქმე გვაქვს პოლტიკურ ლიდერებთან, ძალიან ელემენტალურია, რომ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების რეიტინგი არის დაბალი, ისევე როგორც სასამართლოსი, სადაც პროკურატურას არავინ არ ენოდბა, ამ სისტუაციის გათვალისწინებით ალბათობა და დაშვება იმისა, რომ ოქრუაშვილის საქმეში არის პოლიტიკური შემადგენელი, რეალურია.

„იდევნება არა იმიტომ, რომ ჭყლეტაში მონაწილეობდა, კი ბატონო მონაწილეობდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ოქრუაშვილი იყო ორგანიზატორი? ეს ხომ ძალიან სპონტანურად გაკეთდა. თანაც წარმოიდგინეთ, რომ ყველა მოწმე არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. ასეთ ვითარებაში თქმა იმისა, რომ ეს არის წმინდა სამართლებრივი პროცესი და პოლიტიკური ელემენტი არ მონაწილეობს, შეუძლებელია.

პირდაპირ თქმა იმისა, რომ პოლიტპატიმარია, ნამდვილად გამიჭირდება. ის, რომ მთელ ამ პროცესებში რეალურად იკვეთება პოლიტიკური შემადგენელი და საკმაოდ დიდი დოზით, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ასეთი ვერსია ნამდვილად შეიძლება არსებობდეს. გინდა თუ არ გინდა, მომწონს თუ არა ოქრუაშვილი, იძულებული ვარ ვთქვა, რომ ამ პროცესში ძალიან დიდი დოზა არის პოლიტიკური. ეს ვითარება გვაქს, რომლის უარყოფა უბრალოდ არ შემიძლია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

საქმეში პოლიტიკურ შემადგენელს ვერ ხედავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ოქრუაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ დაპატიმრების გარდა ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონოდა.

„არ ვლაპარაკობ იმაზე დემოკრატიულია, თუ არადემოკრატიული ასეთი ქმედება, მიჭირს ამის თქმა, რადგან ასეთ ფიგურას არ წარმოადგენს ოქრუაშვილი. მეორე მხრივ, პარტიის შექმნის თვალსაზრისითაც, ასეთი პარტიები სავსეა საქართველოში. ამ დონის პოლიტიკური პარტიების დევნა თუ დაიწყო, ძალიან ბევრი პარტია აღმოჩნდება დაჭერილი, ოღონდ ისე, რომ პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის არაფერი შეიცვლება, ისევე, როგორც ოქრუაშვილის გარეთ ყოფნითაც არაფერი შეიცვლებოდა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით ოქრუაშვილის დაკავებას, საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში გაუგებარია დაპატიმრება მედიის გამო.

„ჩვენს თვალწინ გაიარა მთელმა ამ ისტორიამ და ისეთი ფიგურაც კი, როგორიც იყო „რუსთავი 2“–ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც პოლიტიკურად ძალიან აქტიური და აგრესიული იყო, მის დაპატიმრებაზე საერთოდ არასოდეს ლაპარაკი არ ყოფილა. ასე რომ, მედია თემის პოლიტიკურ თემად ჩასმა და ამითი დაპატიმრების ახსნა, გაუგებარია. ოქრუაშვილი არც ისეთი პოლიტიკური ფიგურა არის საიმისოდ, რომ შიშის ზარს სცემდეს ხელისუფლებას და არც მედია ფიგურა არ არის. ამიტომ, ეს ორი ვერსია ჩემთვის ცოტა ნაძალადევია“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.