ირაკლი ალასანია-

ირაკლი ალასანია-"დიპლომატი საბრძოლო გამოცდილებით"

შვეიცარული გაზეთი Neue Zuriche Zeitung რუბრიკაში "პორტრეტი", თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შესახებ წერს. სტატიის სათაურია – "დიპლომატი საბრძოლო გამოცდილებით". პუბლიკაციის ავტორი სილვია შტობერი წერს, რომ ერთ დროს, ალასანიას ხელმძღვანელობით ქართულმა არმიამ პანკისის ხეობიდან ჩეჩენი აჯანყებულების განდევნა მოახერხა.

"ახლა კი ის საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრია - ირაკლი ალასანია, საკუთარი პერსონით. ალასანია უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილია. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როდესაც იგი თბილისში საერთაშორისო სამართალს სწავლობდა, საქართველოს უშიშროების აკადემიის კურსები გაიარა. 38 წლის ალასანიამ კარიერა შევარდნაძის დროს დაიწყო - ჯერ სახელმწიფო უშიშროების, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში", - წერს ავტორი.

სტატიის მეორე ნაწილი, რომლის ქვესათაურია "პანკისის ლომი", საუბარი ალასანიას კარიერის გარდა მის ბიოგრაფიასაც ეხება.

"ვაშინგტონში, საელჩოში 3 წლის სამსახურის შემდეგ მუდამ კორექტულსა და შეგნებულ ალასანიას საპასუხისმგებლო პოსტი ჩააბარეს. ჩეჩნეთის ომის შედეგად პანკისის ხეობაში ლტოლვილების გარდა, შეიარაღებული მებრძოლებიც იმყოფებოდნენ. მოსკოვი შემოჭრით იმუქრებოდა, მაგრამ საქართველოს დახმარების ხელი ვაშინგტონმა გამოუწოდა - ალასანიას მეთაურობით, ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა ქართულმა არმიამ შეძლო, ხეობა აჯანყებულებისაგან გაეწმინდა. პანკისის ლომს "ვარდების რევოლუციის" შემდგომ მოსული ახალი მთავრობაც ენდობოდა. სააკაშვილის პრეზიდენტობისას ალასანიას გაერო-ში ელჩისა და აფხაზეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი ეკავა. განდგომილ რეგიონთან მას პირადი ბედისწერაც აკავშირებს. მისი მამა, გენერალი ალასანია, 1993 წლის აფხაზეთის ომში მოკლეს. ალასანია მზად იყო დიალოგისათვის და 2008 წელს სოხუმთან ძალის გამოუყენებლობაზე ხელშეკრულების დადებასაც შეეცადა, თუმცა სააკაშვილის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ კი დაძაბულობა რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა. 2008 წლის დეკემბერში კი ალასანიამ, როგორც ჩანს, ყოველივე აქედან დასკვნები გამოიტანა და ოპოზიციაში გადაინაცვლა", - წერს ავტორი.

სტატიის მორიგი ნაწილი, ქვესათაურით "შეიარაღება და რეფორმები", ალასანიას, როგორც თავდაცვის მინისტრის სამომავლო გეგმებს ეხება.

"მოხდება შეიარაღებული ძალების აღჭურვილობის განახლება, რადგანაც არსებულის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან ომის დროს განადგურდა. ალასანია იმედოვნებს, რომ საკუთარი რეპუტაცია დასავლეთში - ადამიანისა, ვინც რუსეთთან და განდგომილ რეგიონებთან დიალოგისთვის მზადაა, მომმარაგებლების მოძიებაში დაეხმარება. არმიის შიგნით ალასანია უფრო მომცრო და ეფექტური ერთეულების შექმნას აპირებს, რომელთა სპეციალიზება ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მოხდება. მას ასევე განზრახული აქვს ავღანეთიდან ჯარების გამოსვლის შემდეგ იქ განთავსებული დანაყოფების გადამზადება. ალასანია, რომელიც ქვეყნის ვიცე-პრემიერის პოსტსაც შეითავსებს, აპირებს, გააღრმავოს ურთიერთობები აშშ-სა და ნატო-ს სხვა ქვეყნებთან", - ნათქვამია სტატიაში