„არ არის გამორიცხული, ივანიშვილი შემოუტრიალდეს თავის ყოფილ გუნდს და მას შეუტიოს, უკვე, ხაზარაძესთან ერთად“

„არ არის გამორიცხული, ივანიშვილი შემოუტრიალდეს თავის ყოფილ გუნდს და მას შეუტიოს, უკვე, ხაზარაძესთან ერთად“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს შეფასებით, არსებობს ვერსიები, რომ ერთი ოლიგარქი მეორე ოლიგარქს აბარებს ქვეყანას და ძალაუფლების გადაბარების პროცესთან გვაქვს საქმე. ხაზარაძე–ჯაფარიძეს საქმეში არ გამოვრიცხავ ტროას ცხენის ჭიხვინს, რადგან, მისი თქმით, არის გუნდი თვითონ ხელისუფლებაში, რომელიც ხელისუფლების შერყევაზე ზრუნავს და ამ გუნდის დახმარებით, ხელის წაკვრით მივიდა პროცესი იქამდე, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ეთქვათ უარი ანაკლიის პორტზე.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად აგრძელებს ბრძოლას, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს და ამოვიდეს ჭაობიდან. როგორ ფიქრობთ, პროკურატურამ, როდესაც წამოწია ეს თემა, ამით შექმნა თუ არა მესამე პოლიტიკური ცენტრი და საკმაოდ გავლენიანი მამუკა ხაზარაძის სახით? როგორც წესი, ქართველ ამომრჩეველს დაჩაგრული უფრო მოსწონს, ვიდრე მჩაგრველი...

რამაზ საყვარელიძე: ფაქტები რომ დავალაგოთ მაგიდაზე, ასე გამოდის - უნდოდა, რომ შეექმნა და შექმნა; რაღაცა ჩანაფიქრიც არის ამის უკან; თუ შემოექმნა ეს მესამე ძალა ისე, რომ თვითონაც არ იცოდა? - ეს არის საინტერესო კითხვა. არის ვერსიები, რომ ერთი ოლიგარქი მეორე ოლიგარქს აბარებს ქვეყანას და ძალაუფლების გადაბარების პროცესთან გვაქვს საქმე. მაგრამ ისიც არის, რომ უნებლიედ მიიღეს ეს შედეგი, რაც მიიღეს - დაუფიქრებლობის და მოუმზადებლობის გამო.

არის მესამე ვერსია – ამ საქმეში არ გამოვრიცხავ ტროას ცხენის ჭიხვინს. არის გუნდი თვითონ ხელისუფლებაში, რომელიც ხელისუფლების შერყევაზე ზრუნავს და ამ გუნდის დახმარებით, ხელის წაკვრით მივიდა პროცესი იქამდე, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ეთქვათ უარი ანაკლიის პორტზე. ფაქტიურად, ენერგიით სავსე და გავლენიან ადამინებს მხოლოდ პოლიტიკისკენ დაუტოვეს გზა – ანუ, ოპოზიციური პოლიტიკისკენ.

როგორ ფიქრობთ, ამ ბრალდებების მიუხედავად რამდენად შეძლებს მამუკა ხაზარაძე მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციის განვითარებას და ქართულ პოლიტიკურ ველზე დამკვირდებას, რომ ხელისუფლებისთვის გახდეს წონიანი მეტოქე?

– სავარაუდოდ, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ხაზარაძემ გააკეთა, ჩანს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფის იმედად არ არის. მან თქვა ფრაზა – „მეგობრებთან ერთად“ და ეს პოლიტიკური მეგობრებია, ალბათ. ასეთი შინაარსის განცხადებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მამუკა ხაზარაძე შეიძლება აღმოჩნდეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთი ღერძი, გამაერთიანებელი და თან - ღერძი. გამაერთიანებელი ფინანსურადაც და გამართიანებელი პოლიტიკურადაც. დღეს ერთიანი პოლიტიკური პარტიის მთავარი ფიგურა არის ვაშაძე, რომელიც ნაციონალებს უკავშირდება.

ხაზარაძის ფიგურას აქვს ასეთი ბმა ნაციონალებთან?

– არა, ასეთი ბმა არ აქვს. მაგრამ, თუ ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, პოლიტიკურად ნეიტრალური ღერძი აღმოჩნდება მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და ყველას ერთნაერად ექნება ხაზარაძესთან კონტაქტისთვის კარი გახსნილი, როგორც ხაზარაძის მხრიდან, ისე მათი მხრიდან.

ძალიან საინტერესო ფაზაში შევდივართ და როგორც მოვლენები აჩვენებს, საინტერესო პოლიტიკური დაპირისპირება გველოდება 2020 წლის საპრალემტო არჩევნებზე. არის გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც არ ჰყავს იმ რაოდენობის ელექტორატი, რომელმაც შესაძლოა წარმატება მოუტანოს პოლიტიკურ ველზე უზრუნველყოს მისი პოლიტიკაში დარჩენა, მაგრამ არის ხაზარაძე, რომელსაც აქვს ფინანსები, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ხელისუფლებისთვის კომფორტულიანაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკურ ველზე ყოფნა, მაგრამ რამდენად გაუჭირდება ორ პოლიტიკურ ძალას შორის ბრძოლა ხელისუფლებას?

– ტერმინები რომ არ აგვერიოს, ერთს დავარქვათ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია და მეორეს ხაზარაძის გარშემო გაერთიანებული. რა თქმა უნდა, ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის უფრო ხელსაყრელი გუნდია. ხელსაყრელი სწორედ იმიტომ, რომ ნაციონალების ფაქტორი ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს. მაგრამ ხაზარაძის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას ნაციონალური იარლიყი სუსტად ექნება, ამიტომ უფრო რთული იქნება მასთან ბრძოლა.

არის ოპოზიცია, რომელიცნაციონალურ მოძრაობასთანარ დგას, რამდენად გადამწყვეტი იქნება მათი ფაქტორი?

– ოპოზიციის ეს ნაწილი არ არის დიდად რეიტინგული, მათი მიმატებით თავად ხაზარაძის პარტიის ჩათვლით, მეეჭვება, რომ გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს „ოცნების“ დამარცხებისთვის. თუმცა ძალიან სერიოზული იქნება თავად გაერთიანება, როგორც მეტოქე, რომელსაც აქვს ერთი რესურსი, რომელიც თუ ამოქმედდა და, რომელსაც პორტირებული ჰქვია. ანუ, ტროას ცხენი ამიტომაც ვახსენე, ის ადამიანები „ქართულ ოცნებაში“ ტროას ცხენის სახით არიან შესულები სხვადასხვა პარტიებიდან, როგორც „ნაციონალებიდან“, ასევე „ევროპული საქართველოდან“. ამათი მობილიზაციაც თუ მოხერხდა ე.წ. გაერთიანებაში, ეს ხმები და მათ გავლენაში მყოფი ადამიანების ხმები გამოაკლდება „ქართულ ოცნებას“. გაერთაინება გამოიწვევს იმას, რომ ხმებს წაართმევს „ოცნებას“, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

დღეს, ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს სიტუაციას ინსტიტუციების გარეშე, ეს არის დირიჟორი, რომელსაც უცოდინარი შემსრულებლები ჰყავს. გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, რომ ეს ქვეყანა შეიცავლოს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც დარტყმა არ გაკეთდადირიჟორზე“. როგორ ფიქრობთ, ხაზარაძე ამ ბრძოლაში გავლენიანი მხარდამჭერების გარეშე შევიდოდა, ვგულისხმობს აშშ?

– არის თუ არა ეს ივანიშვილის პერსონის წინააღმდეგ, თუ იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილმა შექმნა? – ამას შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს რაღაცა ეტაპზე. ერთ–ერთ სცენარად შეიძლება ისიც დაიდოს, რომ ხაზარაძე თუ ივანიშვილს არ დაარტყამს, არ არის გამორიცხული ივანიშვილისთვის მისაღები გახდეს ხაზარაძის მიერ ასეთი გაერთიანების გაკეთება და არც ის არის გამორიცხული, რომ ივანიშვილი შემოუტრიალდეს თავის ყოფილ გუნდს და მას შეუტიოს უკვე ხაზარაძესთან ერთად. რატომ არ შეიძლება ასეთი სცენარის განვითარება?

ანუ, ხაზარაძის აქტიურობა რაღაც ეტაპზე, შესაძლოა, მხარდაჭერილი იყოს ივანიშვილის მიერ?

– როგორ წავა პროცესები, როგორ განაწილდება ძალები და თუკი ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ „ქართული ოცნება“ სუსტი სტრუქტურაა, ამავე დროს ხაზარაძემ ივანიშვილს ღიად არ გამოუცხადა ომი, მაშინ არ არის გამორიცხული ივანიშვილმა იფიქროს გადაადგილებაზე. დიდი ხანია ეს ვერსია ტრიალებს ჟურნალისტებში. ხან ამბობენ, რომ ახალ პარტიას ქმნის, ხან იმას ამბობენ, რომ თავის ძველ პარტიას გაანახლებს, რადგან სულ არის „ოცნების“ არაეფექტურობის თემა.

ივანიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც ვინმეს ჩაყვება და მათ შორის თავის პარტიას. თუ ეფექტური გუნდი დაინახა და მისთვის მისაღები შემადგენლობა დაინახა ამ გუნდში, რატომაც არა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აეწყობა პოლიტიკური პროცესები. თუკი ხაზარაძემ – „ჩემს მეგობრებთან“ ერთად იგულისხმა „ნაციონალები“ და აქცენტი „ნაციონალებზე“ გადაიტანა თავისი პოლიტიკურ ბრძოლაში, მაშინ ივანიშვილისთვის ეს გზა ჩაკეტილი იქნება.

რა ჯგუფი შეიძლება შეიკრიბოს ხაზარაძის გარშემო?

– ალბათ, ხაზარაძე და ჯაფარიძე გამოიყენებენ ინტელიგენციას, რომელთა მიმართ დიდი ზრუნვა აქვთ. ვგულისხმობ მწერლებს, მხატვრებს ეს ინტელიგენცია უდავოდ სასარგებლო ნაკადი იქნება. მოსახლეობა უსმენს შემოქმედებით ინტელიგენციას. მაგრამ მე ერთი რამ მაფიქრებს - საეჭვოა, მამუკა ხაზარაძის გარშემო ბიზნესმენების ძლიერი ნაკადი გაჩნდეს. იმიტომ რომ, თუკი ხაზარაძე–ჯაფარიძის გარშემო განვითარებული მოვლენები აღიქმება ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ნაბიჯებად და ასე აღიქმება, მაშინ ყველა ბიზნესმენს შეეშინდება მათთან გვერდით დადგომის. ასე რომ, ფაქტიურად, ხაზარაძეს გაუჭირდება ბიზნესმენისგან თანხების აკუმულაცია და თავისი სახსრებით მოუწევს ბრძოლა. საინტერესო პროცესები გველოდება.

თიბისი ბანკისდამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთეს აშშის და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა, სადაც აღნიშნულია, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საუბარი იყო ანაკლიის კონსორციუმზე. მაიკ პომპეომ ღიად თქვა, რომ ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და მხარს უჭერენ პორტის მშნებლობას. რატომ არის ასე ძალიან დაინტერესებული ამერიკა ამ პროექტით? ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს აშშ, რომელსაც ჰყავს ისეთი მეტოქე, როგორიც არის ჩინეთი...

– ჩინეთი შემოსულია საქართველოში, მაგრამ გააჩნია, ექნება თუ არა საკონტროლო პაკეტი. მაგრამ, მე მგონია, რომ ანაკლიის თემა უფრო მეტად დაკავშირებულია რუსეთთან. იმიტომ რომ, ყირიმის ანექსიით რუსეთმა შავ ზღვაში ძლიერი სამხედრო სტრუქტურა შექმნა, რომლის დაბალანსება სჭირდება ამერიკას. დასაბალანსებად თურქეთი არ გამოადგება. ერთადერთი შავი ზღვის ამ სანაპიროზე არსებითად საქართველო დარჩა ისეთი, რომელზედაც ამერიკას აქვს გარანტია, რომ საქართველო ზურგში მახვილს არ ჩაარტყამს.

რუსეთის დაბალანსებისთვის ამერიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ანაკლიის პორტი, რაც, თავის მხრივ, თურქეთთან ძალების დაბალანსებასაც გულისხმობს, როგორც შავი ზღვის ერთ–ერთ დიდ სახელმწიფოსთან. ასე რომ, ამერიკა დაინტერესებულია ამ პროექტით. მე მაინც მგონია, რომ პირველ რიგში დგას ამერიკის ინტერესი ამერიკისთვის და ამასთანავე - საქართველოს ინტერესი.