ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო და ბიძინა ივანიშვილი ხალხის დაკავებებით ცდილობს, პოლიტიკურად გააქტიურებული ადამიანების ნეიტრალიზაციას. ოქრუაშვილი სულ სამჯერ დააპატიმრეს, აქედან ორი დაკავება „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა, თუმცა მეორე დაკავებისას „ოცნების“ ხელისუფლებამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტდევნილად გამოაცხადა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. რა მოხდება ახლა?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ზოგიერთებს არ სჯერათ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის აყვანა 20-21 ივნისის მოვლენების გამო მოხდა. მისი დაკავების რეალურ მიზეზად მიიჩნევა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ასევე, ოქრუაშვილის მუქარა, რომ იგი აპირებს პოლიტიკური ჯარის შექმნას და ივანიშვილის ჭიქიდან ჩაის დალევას. რამდენად გონივრულია ოქრუაშვილის დაკავება ხელისუფლების მხრიდან?
- დავიწყოთ იქიდან, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ, როდესაც ოქრუაშვილი დააკავა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების განცხადებით, ოქრუაშვილის დაკავების მოტივი სულ სხვაა, ის არ უკავშირდება მის მიერ პარტიის შექმნას და არც ჭიქიდან წყლის დალევას. ლაპარაკია მის მონაწილეობაზე 20-21 ივნისის მოვლენებში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობადი პიროვნებების მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდების წაყენება, გარდა იმ კადრებისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა გაცილებით მეტი და უტყუარი ფაქტები იმის შესახებ, რასაც აკეთებდნენ ეს ადამიანები.
ოქრუაშვილი არ უარყოფს, რომ მონაწილეობდა ამ შეხლა-შემოხლაში, მაგრამ აქ პრობლემა ის კი არ არის, შეხლა-შემოხლაში რატომ, ან როგორ მონაწილეობდა ოქრუაშვილი, არამედ პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას ეს პროცესი მიჰყავს იქეთკენ, რომ ყველაფერი მზადდებოდა წინასწარ, ანუ მიმდინარეობს მსჯელობა შეთქმულების თეორიაზე, გადატრიალებაზე, რომელიც ოქრუაშვილის, მელიას, უგულავას მიერ იყო ორგანიზებული. როდესაც ასეთ ვერსიას ავრცელებ, მაშინ უნდა გქონდეს ძალიან მყარი არგუმენტები და ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობა შინაც და გარეთაც ამას აღიქვამს სადამსჯელო პრევენციულ ღონისძიებად 2020 წლის არჩევნების და მისი შედეგების მოსალოდნელ გაპროტესტებასთან დაკავშირებით.
ნამდვილად არ მჯერა, რომ ოქრუაშვილი ის ფიგურაა, რომელიც შეძლებს ვიღაცის ჭიქიდან ჩაის დალევას, სჯობს, საკუთარი ჭიქიდან დალიოს ნორმალურად ჩაი იმ ურთიერთგამომრიცხავი, გაუგებარი განცხადებების ფონზე, რასაც ის აკეთებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ამას არავინ დაიჯერებს. რა გაგრძელებაც არ უნდა ჰქონდეს ამას, ხელისუფლებისთვის მისი დაკავება წამგებიანია. თუ ხელისუფლებას სურს სიმართლის დადგენა, იქ ოქრუაშვილის გარდა 200 კაცი მაინც მონაწილეობდა, მაშინ ისინიც უნდა დაიბარონ და გამოჰკითხონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, 20-21 ივნისის ღამეს რა წვლილი მიუძღვით ოქრუაშვილს, მელიას, უგულავასა და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს.
ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკვე ძალიან საშიში ხდება. თქვენი აზრით, სამომავლო დაჭერები მოსალოდნელია, თუ დასავლეთი შეაჩერებს ამ პროცესს? რამდენად რეალურია, რომ ხელისუფლებამ დაკავებების პერიოდი სპეციალურად დაამთხვია აგვისტოს თვეს, როცა საერთაშორისო ინსტიტუტები ისვენებენ და ამ პერიოდში იოლია მოასუფთავო პოლიტიკური ველი?
- აგვისტოც გაივლის, სექტემბერიც მოვა და აღარ იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შვებულებაში. საქართველოში მომხდარ ფაქტებს ისინი უთუოდ გაიგებენ, რადგან, ცხადია, საქართველოდან ინფორმაციის მიმწოდებელი ეყოლებათ. ზოგადად, ამ პერიოდში პოლიტიკური აქტიობა ისეთი ვერ არის, როგორც შემოდგომიდან იქნება, მაგრამ ვერავინ იქნება იმ იმედით, რომ გინდა თუ არა ზაფხულში უნდა მოვასწრო ყველაფერიო. ივანიშვილმა როგორ უნდა მოასუფთავოს პოლიტიკური ველი, ყველა ადამიანი რომც დაიჭიროს, პოლიტიკური ველი სრულიად თავისუფალი მაინც ხომ არ დარჩება? სტალინმა ვერ მოახერხა ეს, რომელსაც 20-30 წელი სერიოზული რეპრესიების მეტი არაფერი უკეთებია, სააკაშვილის რეჟიმი მთელი 9 წელი რეპრესიული იყო, მაგრამ შეძლო კი სააკაშვილმა პოლიტიკური ველის მოსუფთავება? ეს როგორ უნდა შეძლოს ივანიშვილმა? ამან შეიძლება პირიქითაც იმუშაოს.
ჩემი აზრით, დღევანდელი რეპრესიები უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და არა იმას, რომ დღესდღეობით ოპოზიციონერი ლიდერები არ დარჩნენ ქვეყანაში. ხელისუფლების მიზანია, მოსახლეობას აღარ მოუნდეს ქუჩაში გამოსვლა და გაპროტესტება, თუკი 2020 წლის არჩევნები მიუღებელი იქნება. სამომავლო პროტესტის ჩახშობის მცდელობა აქვთ ახლა. რამდენად გამოიღებს ეს შედეგს, ვერ გეტყვით, რადგან ზუსტად ანალოგიური ჩანაფიქრი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც 2011 წლის 26 მაისს კი არ დაშალა, არამედ დაარბია რუსთაველზე მიტინგი, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ვერც ერთმა ხელისუფალმა წინამორბედისგან ვერაფერი ისწავლა. საპროტესტო აქცია რუსთაველზე დღეს რომ მილევადია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროტესტი ხალხში გაქრა, აორთქლდა და მხოლოდ 200 კაცშია დარჩენილი. პროტესტი ილექება საზოგადოებაში და შემდეგ სრულიად მოულოდნელად ხდება მისი ამოფრქვევა.
დასავლეთის თვალში როგორ აღიქმება საქართველოში მიმდინარე პროცესები და ოპოზიციის ბრალდება, რომ საქართველოში გვყავს კრემლიდან დასმული მეფისნაცვალი, რომელიც ასრულებს რუსეთის დავალებებს?
- დასავლეთს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, ვინ ვინ არის საქართველოში, ვიდრე ჩვენს ოპოზიციას. თუ ჰგონიათ, რომ დასავლეთში მხოლოდ ოპოზიციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ ინფორმაციას, ძალიან ცდებიან. ჯერჯერობით დასავლეთის მხრიდან მე ვერ ვნახე კატეგორიული განცხადება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ არ ჩავთვლით ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ განცხადებას და იმას, რაც სახელმწიფო მდივანმა ჩვენს პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა ამერიკაში. რომელ ოპოზიციაზე ლაპარაკობთ? რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება? როდესაც სტრასბურგის სასამართლოს თუნდაც იმ 7 მოსამართლზეა ლაპარაკი, სასაცილოა, რომ ეს 7 მოსამართლე თურმე მოისყიდა ივანიშვილმა და კრემლმა. თუ ასეთი გავლენა აქვს ერთსაც და მეორესაც, მაშინ რაღა გვინდა ამ სტრასბურგში?! იქ მივდიოდით იმიტომ, რომ სამართალი გვეპოვა. თუ სტრასბურგშიც მოვლენებს კრემლი განსაზღვრავს, მაშინ აგერ გვაქვს უზაენაესი სასამართლო და რაღას დარბიან ევროპაში?! ასეთი განცხადებები რომ ანტიდასავლურია, ამას თუ უფიქრდება დასავლური მიმართულების ჩვენი ოპოზიცია?!
ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ იტყვის, რომ იმის გამო, რაც ხდებოდა რუსთაველზე, ძალა არ უნდა გამოეყენებინა შს სამინისტროს, უბრალოდ, აქ ძალის გადაჭარბებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლა იქნება, ჯერჯერობით ეს ზეწოლა კულუარებში იქნება, მაგრამ არა ისეთი კონტექსტით, რომ ივანიშვილი კრემლის დავალებებს ასრულებს. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, საინტერესოა, ამ ხელისუფლებამ ისეთი რა ნაბიჯები გადადგა, რომელიც საგარეო ვექტორის შეცვლისკენაა მიმართული?! იქნებ, ამის შესახებ ერთი ფაქტი მაინც ვინმემ გვითხრას და არა ის, რაზედაც ლაპარაკობენ, რომ თურმე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ეს ხელისუფლება არ აქტიურობს. სინამდვილეში, ვითარება კატასტროფულად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინის პროცესები მოხდა და დღეს ევროსაბჭოში დააბრუნეს რუსეთი. ამას ანგარიშს უწევს ვინმე თუ არა? არ შეიძლება ოპოზიციამ მთელი პოლიტიკა ააგოს ზეპირსიტყვიერებასა და ვიღაცის დედის გინებაზე, ასე არ ივარგებს. თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, ივანიშვილს არანაირი გაყალბება არ დასჭირდება. ამიტომ ოპოზიციამაც ცოტა ჭკუას უნდა მოუხმოს, ის მაინც უნდა ახსოვდეს, თავად რომ იყო ხელისუფლებაში, მაშინდელმა ოპოზიციამ რა შეცდომები დაუშვა. ზუსტად იმ შეცდომებს იმეორებს დღევანდელი ოპოზიციაც.