"ევროპულ საქართველოში" დაპირისპირებაა. გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას შორის პოლიტიკურ მომავალთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით აზრთა სავადასხვაობაა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკურ კულუარებში ორ კვირაზე მეტია ვრცელდება.
"ის, რომ ევროპულ საქართველოში განხეთქილებაა, ოპონენტების პროპაგანდაა. მე მგონი ღრმად ცდება ის, ვისაც ეს შთაბეჭდილება დარჩა. ჩვენ ჯანმრთელი პოლიტიკური ძალა ვართ და თუ ასეთი ბზარი გაჩნდა, ყველა გაიგებს. უბრალოდ, ეს არის სრული სისულელე", - აცხადებს გიგა ბოკერია გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
"2020NEWS" გიგი უგულავას კომენტარითაც დაინტერესდა, თუმცა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სააგენტოსთან კონტაქტზე არ გამოდის და კომენტარისგან თავს იკავებს. პარტიის წევრებს შორის განხეთქილებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლელა ქებურიაც კატეგორიულად უარყოფს. ქებურია "2020NEWS”-სთან საუბარში ამბობს, რომ მათ სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც კარგი ამბავია ქართული პოლიტიკისთვის, რადგან "ევროპულ საქართველოში“ ყველა ერთ ხმაზე არ მღერის და ერთმანეთის პოზიციებს არ ბლოკავენ. ლელა ქებურია ირწმუნება, რომ "ევროპული საქართველო“ ფუნქციონირებას ერთ გუნდად გააგრძელებს.
"პარტია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ჩვენ ერთმანეთის განსხვავებულ აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. სხვადასხვა ადამიანები ვართ და ყველა ერთ ხმაზე არ ვმღერით. სრულიად განსხვავებული პლატფორმა ვართ საქართველოს პარტიულ სივრცეში. ჩვენ ერთი გუნდი ვიქნებით!“, - აცხადებს ლელა ქებურია სააგენტოსთან საუბარში.
პოლიტიკურ კულუარებში კი ამბობენ, რომ "ევროპული საქართველო" უკვე ორ ბანაკად არის გაყოფილი და დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა - გიგა ბოკერიას და ბაქრაძე-უგულავას ბანაკები. ბოკერიას პოლიტიკურ ბანაკში სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე და ირმა ნადირაშვილი მოიაზრებიან. საპარლამენტო წარმომადგენლობის დანარჩენი წევრები, თითქმის სრული უმრავლესობა კი, ბაქრაძე-უგულავას მხარესაა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის წევრებს შორის აზრი ორად მას შემდეგ გაიყო, რაც საუბარი დაიწყო პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე და სავარაუდო პოლიტიკურ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობასთან“. გიგა ბოკერიას გუნდი "ნაციონალურ მოძრაობასთან“ მკვეთრად დისტანციის მომხრეა.
ბაქრაძე-უგულავას გუნდში კი ფიქრობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან კეთილმეზობლური" ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, რადგან პროდასავლურმა პარტიებმა ერთმანეთის ინტერესები უნდა დაიცვან. ბაქრაძე-უგულავას გუნდი ფიქრობს, რომ არჩევნებში გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის მუხტის გარეშე რთული იქნება.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს“ წევრების უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. "ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაშლა ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაიწყო, როდესაც მას გიორგი მელაძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძემ და ზურაბ ჯაფარიძე გამოეყვნენ.
მას შემდეგ, რაც მათ "ნაცმოძრაობა“ დატოვეს, ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი“ შეიქმნა. 2016 წლის მაისში კი "ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძემ დატოვა და ახალი პოლიტიკური მოძრაობა "ახალი საქართველო“ შექმნა. გიორგი ვაშაძე მაშინ ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ მოხდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაშლა 2017 წელსაც განაგრძო და ის პარლამენტის 27-კაციანი დეპუტაციის 21-მა წევრმა დატოვა. როდესაც "ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იმ კამათმა და დისკუსიამ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობდა, სრულიად მახინჯი და არასწორი ფორმა მიიღო. უთანხმოება პარტიის სამომავლო სტრატეგიასა და ტაქტიკას შეეხებოდა.
ბრიფინგს, სადაც მათ "ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განაცხადეს, დავით ბაქრაძის გარდა ესწრებოდნენ გიგა ბოკერია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, უმცირესობაში შემავალი 6-წევრიანი ფრაქციის ლიდერი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ტუღუში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, გიორგი ღვინიაშვილი, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, მამუკა ჩიქოვანი და გიორგი კანდელაკი. ბრიფინგზე პარტიიდან წამოსული დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს უწოდებდნენ პოლიტიკოსს, რომელიც "უკვე აღარ ასხივებს ლიდერობას“ და შეადარეს ძველ მანქანას, რომელიც ჯართში უნდა ჩააბარო. "ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სახელით გააგრძელეს საქმიანობა. მათ საპარლამენტო უმცირესობა მოიპოვეს და 3 ფრაქცია "ევროპული საქართველო", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და "ევროპული საქართველო - რეგიონები“ შექმნეს.