არსოშვილის გათავისუფლების საკითხი ლამის კრემლში შეათანხმონ

არსოშვილის გათავისუფლების საკითხი ლამის კრემლში შეათანხმონ

 

“თელასში” ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ერთმანეთს თანამდებობის პირები უპირისპირდებიან და არა მხოლოდ სიტყვიერად. კომპანიის თანამშრომლებმა ზურაბ არსოშვილის გადაყენებამდე აქციები დროებით შეწყვიტეს. თუკი სამშაბათამდე “თელასის” კომერციულ დირექტორის კარისკენ არ მიუთითეს, პროტესტი ახალი ძალით იფეთქებს, - ასე ირწმუნებიან “თელასელები”.

კომპანია “თელასის” დიდუბის ბიზნეს-ცენტრში დაპირისპირება მოხდა. “თელასის” წარმომადგენელი ავთო მეტივიშვილი დიდუბის ბიზნეს-ცენტრის ტექნიკურ მენეჯერს თეიმურაზ პაკაშვილს დაუპირისპირდა.

“თელასის” ბიზნეს-ცენტრში, სადაც თანამშრომელთა უმრავლესობა გაფიცულია, მეტივიშვილი თათბირის ჩასატარებლად მივიდა. ამ დროს  პაკაშვილმა მას უთხრა, რომ თანამშრომლებს კუთვნილი პრემიები ჯერაც არ მიუღიათ. ამ შენიშვნას მეტივიშვილის გაღიზიანება მოჰყვა და პაკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ პაკაშვილს სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით ავთო მეტივიშვილი არის ზურაბ არსოშვილის წარმომადგენელი, რის წინააღმდეგაც „თელასის“ თანამშრომლები გამოდიან.

“ეს ავთო მეტივიშვილი არის კომპანია „თელასში“ ზურაბ არსოშვილის წარმომადგენელი. “თელასის” თანამშრომლები ითხოვენ არსოშვილის სამსახურიდან დათხოვნას. ამ მოთხოვნის გარდა, როგორც ჩემთვის ცნობილია,  ყველა დანარჩენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია”, - აცხადებს პეტრიაშვილი.

ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ კომპანია „თელასის“ გაფიცულმა და სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს.

„ყველა ჩვენი მოთხოვნა ხელფასების გაზრდასთან, ასევე გზის ხარჯებთან, პრემიალურ სისტემასთან და მორიგეობასთან დაკავშირებით შეთანხმებულია. დარჩენილია ბიუროკრატიული პრობლემები ზურაბ არსოშვილის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნული პრობლემაც სამშაბათამდე გადაწყდება“- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, მინისტრობის ორი კანდიდატისგან პირადად მიიღო გარანტიები, რომ ზურაბ არსოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდება.

თუმცა პეტრიაშვილს არ დაუკონკრეტებია თუ მინისტრობის რომელ კანდიდატებისგან მიიღო მან გარანტიები.

ირაკლი პეტრიაშვილმა მომიტინგეებს მოუწოდა რომ აქციები ამ ეტაპზე შეწყვიტონ და გენერალური დირექტორის აშოტ მანუკიანის საქართველოში დაბრუნებას დაელოდონ. მანუკიანი კი სასწრაფოდ მოსკოვში გაემგზავრა არსოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესათანხმებლად. ჯერჯერობით კი ჩრდილოეთიდან კონკრეტული ინფორმაცია არ მოედინება.

თბილისში კი, კომპანიის ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე “თელასის” პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ ღონიაშვილმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანიის გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი მოსკოვიდან არსოშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანებას ჩამოიტანს. თუმცა, წესით და რიგით, კერძო კომპანიის კომერციული დირექტორის გათავისუფლებას საზღვარგარეთ სპეციალური ვიზიტები არ უნდა სჭირდებოდეს, მით უმეტეს მოსკოვში, სადღაც კრემლის სიახლოვეს.

“ინტერ რაო ეეს”-ის სათავო ოფისში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კომპანიის მმართველი საბჭო “თელასის” კომერციული დირექტორის, ზურაბ არსოშვილის გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

“ინტერ რაოს” სათაო ოფისის, პრესასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. “ინტერ რაოში” ასევე თავი შეიკავეს ესაუბრათ “თელასში” ამჟამად მიმდინარე მოვლენების შესახებ.

“გირჩევთ, ამ საკითხზე “თელასის” ხელმძღვანელობას დაუკავშირდეთ”, - განუცხადეს სააგენტო “მედიანიუსს” “ინტერ რაოს” მოსკოვის ოფისში.