მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გენერალურმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს გამოძიება დაიწყო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება. გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები. ბრალის წარდენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო უცნობია.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძეს განცხადებით, მუხლი, რომელიც დარჩა, ფულის გათეთრებაა და არავითარი საერთო ფულის გათეთრებასთან ამ საქმეს არ აქვს. მისი თქმით, დადგენილებაში წერია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ TBC ბანკის ფული გაათეთრეს.
„ამ ბრალის დადგენილებას, გარდა სათაურისა, ფულის გათეთრების თაობაზე, არაფერი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს. ეს არის პროკურატურის დაცინვა. სტუდენტებს ასე ვასწავლი და კოდექსში ასე წერია, რომ ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა.
ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს TBC ბანკის ფული, ეს პირველი–მეორე კურსის პროგრამაა სტუდენტებისთვის, ამას ვინც ვერ გასცდება, მესამე კურსზე ვერ გადადის. მტკიცებულებებზე არ ვსაუბრობ ჯერ, მუხლი, რომელიც დარჩა, ეს არის ფულის გათეთრება და არავითარი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს“, – აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის მისი და მამუკას მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ჯაფარიძის განმარტებით, ეს დევნა ზიანს აყენებს, როგორც პროექტებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, ისე ქვეყანას.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი პროექტი არ შეფერხდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს საფრხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება – ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არც ერთ ინსტიტუტს, სადაც ვართ, საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრაობას მათ წინააღმდეგ, რაც მიმართულია ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში, რამაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა, როგორც ბანკის აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის განხორციელებას.
„გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია და ამას საეჭვოდ დაემთხვა ერთ–ერთი მინისტრის განცხადება, რომ ანაკლიის პროექტის მიმართულებით პროგრესი არაა. დღეს ვიგებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, რომ ზიანი მიაყენონ ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი, ესაა აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი.
მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში. გრძელდება ორკესტირებული შეტევა, რომელიც არა მხოლოდ, „თიბისი ბანკის“ ინევესტორებს აყენებს ზიანს, ასევე ქვეყნის საინვესტიციო კლიმატსაც აზარალებს. მე ორკესტირებული შეტევა დავარქვი და ეს არის გააგრძელება ამ ორკესტრის, რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორები ჰყავს და ძალიან ცუდი მუსიკოსები“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, ვიღაც ჩინოვნიკს, ბიუროკრატს, პროკურორს შეუძლია გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი. ხაზარაძის განცხადებით, სამწუხაროდ, ეროვნულ ბანკს ძალიან სამარცხვინო მმართველი ჰყავს და ამაზე ცალკე საუბარს აპირებს.
„პროკურატურის ბრიფინგი წინა ორი ბრიფინგის გამეორებაა, რომლებმაც იანვარ–თებერვალში გამოიწვია ლონდონში ჩვენი აქციონერების 200 მილიონით დაზარალება, დღევანდელი ბრიფინგით მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს აქ 5 წუთით მოვსულიყავით, რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის 8%–ით დააგდეს „თიბისი ბანკის“ აქციები და რამდენიმე ათეული მილიონით დააზარალეს ჩვენი ინვესტორები. ესაა პირადპირი, მიზანმიმართული ქმედება“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ ბრალის წარდგენას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძეს განმარტებით, ხელისუფლებამ „რუსთავის 2“–ის შემდეგ, ანაკლია პორტიც დაასამარა.
მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე წამსვლელია. დეპუტატის თქმით, როცა ივანიშვილს საკუთარ ქვეყანაში ე.წ. „ჭარბი ნდობა“ ნულამდე დაუვიდა, ახლა ერთადერთ იმედად რუსეთიღა შერჩენია.
„გარდა შორს მიმავალი გეგმებისა, პროკურატურის ეს ნაბიჯი მოკლევადიან მიზნებსც ემსახურება – პოლიტიკურად გაანეიტრალოს ხაზარაძე–ჯაფარიძის დუეტი და მათი მხარდამჭერი ბიზნესი, ხელი ააღებინოს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური აქტივობისგან და უარი ათქმევინოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის პირდაპირ მიღებაზე ან რომელიმე ძალის მხარდაჭერა.
ძალაუფლების შენარჩუნება ყველა ხერხებით ივანიშვილისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების მომავალი. მალე პირადი მოსამსახურეებით შეავსებს უზენაეს სასამართლოს და საბოოლოდ გააფორმებს ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაციას. ის დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც. ამ არჩევნებმა უნდა გადაარჩინოს ქვეყანა“, – განუცხადა ჯურნალისტებს რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განმარტებით, ხდება ველის მოსუფთავება, სადაც ივანიშვილი ახალ ყვავილებს დათესავს, მაგრამ ყვავილების ნაცვლად ის მიიღებს ტლაპოს, სადაც მარტოს მოუწევს ჩაჯდომა. გიგი უგულავას განცხადებით, პროკურატურის ქმედება პოლიტიკური მოტივით არის გამსჭვალული.
„ბიძინა ივანიშვილი, მმართველ გუნდთან ერთად ცდილობს გააკონტროლოს როგორც მედიაბაზარი, ასევე პოლიტიკური სპექტრი. რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა ადამიანის, რომელიც გაცხადებულად არ უყვარს ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილს, რომელიც გაცხადებულად ებრძვის მას და ყველაფერს, რაც ამ ადამიანს უკავშირდება. მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს მოსწონს ხაზარაძე თუ არ მოსწონს, მოსწონს მისი ბანკი თუ არა, საკითხი ამას აღარ ეხება.
ახლა ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო 18 ივლისის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ „რუსთავი 2“ წაიღო. არ გამოვრიცხავ რომ ამავე საქმის ფარგლებში პირდაპირ თუ ირიბად შეტევა მიიტანონ „ტვ პირველზე“. ახლა ვუყურებთ გაშმაგებულ, გაავებულ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს მედია და პოლიტიკური სივრცე მოასუფთაოს და ისე გავიდეს 2020 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ბრალდებას არ იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძე გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. თალაკვაძის თქმით, ხაზარაძემ პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ დააანონსა, თანხების გათეთრების საქმეზე კი გაცილებით ადრე დაიწყო გამოძიება.
„უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე. შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გითხარით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ, მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას. პარლამენტი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს და აუცილებლად, მის ამოწურვამდე, მონიტორინგის ქვეშ იქნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მთელი პრობლემა იმაშია, რომ ძალოვან სტრუქტურებს სახელი აქვთ გატეხილი და უნდობლობა, თუნდაც, პროკურატურის მიმართ, აჩენს ეჭვს, ხომ არ არის აქ პოლიტიკური წინაპირობა. მისი თქმით, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არც ისეთი ბრალიანები არიან, როგორც ამას პროკურატურა აცხადებს.
„უნდობლობა, რაც ჩვენს სინამდვილეშია, იგივე პროკურატურის მიმართ, აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ არის აქ პოლიტიკური წინაპირობა. თორემ თავისთავად, უამრავი პარტიაა და უამრავ პარტიასთან შეიძლებოდა იგივე საკითხი დამდგარიყო. იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ–ერთი მთავარი ოპონენტი პარტიაა და საკითხავია, არის თუ არა სახსრების განკარგვაში ყოველთვის კანონმორჩილი?! – შეიძლება დადგეს ეს საკითხი.
ახლა ჯერ კაცს პოლიტიკური პრეტენზია არ განუცხადებია და ასე დაუბადებელ ბავშვს ებრძვის ხელისუფლება? ამიტომ პოლიტიკური მოტივი მეეჭვება, მაგრამ იმდენად ხშირად იყო პროკურატურა არაადეკვატური, რომ გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ რაღაც პოლიტიკური მოტივებითაც ხელმძღვანელობდნენ“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ეჭვობს, რომ პოლიტიკაში შემოსვლით, ხაზარაძეს მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების კონვერტაცია უნდა, რადგან, მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა განიხილებოდა როგორც ერთგვარი პრევენცია.
„ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურის გამოძიება არის დაანონსებული რამდენიმე თვის წინ. ამის შემდეგ ხაზარაძე და ჯაფარიძე ჯერ გამოვიდნენ თიბისის დირექტორის საბჭოდან, შემდეგ ისევ შეუერთდნენ, შემდეგ კი ხაზარაძემ დააანონსა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება, ეს განიხილებოდა როგორც ერთგვარი პრევენცია პროკურატურის გამოძიებისაგან.
გასაგები ხდება, ახლა, ძირითადი მესიჯები სხვადასხვა ჯგუფებისგან იქნება, ის რომ ხელისუფლება ახორციელებს ძალადობას, არადა ხაზარაძე ამ ჯგუფს ქმნიდა მაშინ, როდესაც იცოდა, რომ პროკურატურა მის საქმიანობას იძიებდა. პოლიტიკაში შემოსვლით, ხაზარაძეს მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების კონვერტაცია უნდა“, – განაცხადა ვაკა გორგილაძემ.