ახალი მთავრობისთვის საბანკო დაპირებების შესრულება თანდათან რთულდება

ახალი მთავრობისთვის საბანკო დაპირებების შესრულება თანდათან რთულდება

სესხებზე საბანკო პროცენტების შემცირება სულ უფრო შორეული პერსპექტივა ხდება. ახალი მთავრობა ამ დაპირების შესრულებას თანდათან ემიჯნება. საბანკო სიახლეების კუთხით ყველაზე რეალურად ჯერჯერობით დეპოზიტების დაზღვევა მოჩანს.

“კრედიტებზე პროცენტის ხელოვნურად დაწევა შეუძლებელია, ეს ბაზარმა და ეკონომიკამ უნდა დაარეგულიროს”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა. ნაცმოძრაობის დეპუტატებმა ივანიშვილს კითხვით მიმართეს, აპირებს თუ არა კრედიტების ჩამოწერას მოსახლეობისთვის და რა ნიშნულამდე გეგმავს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, კანონით ამის დარეგულირება შეუძლებელი იქნება. “საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, თავის დროზე, შესაძლოა, გავლენა ინვესტიციებმა მოახდინოს. რაც შეეხება კრედიტების ჩამოწერას, დღეს ბევრი ოჯახი ქუჩაში რჩება იპოთეკური კრედიტების გამო. ჯერ ვერ მოვნახეთ მექანიზმი, მაგრამ ვეძებთ გზას როგორ დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ კომერციული ბანკები არ დავაზარალოთ”, - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპერტები პრემიერ-მინისტრს ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ კრედიტების ჩამოსაწერად ისეთი მექანიზმის მოძებნა, რაც საბანკო სექტორს არ დააზარალებს, არარეალურია. პროფესორ გიორგი აბაშიშვილის თქმით, კრედიტების ჩამოწერა, შესაძლოა, იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ბანკები სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებენ. ამასთან, გააჩნია კრედიტების ოდენობასაც, თუმცა ის, რომ ამით საბანკო სექტორს არანაირი ზიანი არ მიადგება, არარეალურია.

საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია კი სესხების განაკვეთებზე ამახვილებს ყურადღებას და  განმარტავს, რომ საბანკო სექტორი განაკვეთების შემცირებით დაინტერესებულია, თუმცა ყველაფერი რისკების დათვლასთანაა დაკავშირებული. გვასალიას თქმით, არჩევნებამდეც პროცენტების კლება მიმდინარეობდა, ეს პროცესი მუდმივად იქნება და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია “ფულის ღირებულება”. გვასალიას აზრით, მოსახლეობაში ცრუ მოლოდინი არ უნდა იყოს და მთავრობასთან საბანკო პროცენტების დაკავშირება სწორი არ არის.

აბაშიშვილიც აცხადებს, რომ საბანკო პროცენტებთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინია, რადგან პარტიების ნაწილმა საარჩევნოდ უხვი დაპირებები გასცა. პროცენტების შემცირება ერთი სიტყვით ვერ მოხდება, ეს შედარებით გრძელვადიანი პროცესია და ყველა დაპირება ერთდროულად ვერ შესრულდება.

როგორც ჩანს, აქ მართლაც რთული ვითარებაა, რადან ისეთმა განსწავლულმა მენეჯრმა როგორიც ბიძინა ივანიშვილია ბევრიც ვერაფერი მოიფიქრა. ამიტომ ჯერჯერობით რაც შედარებით იოლია იმის განხორციელება იგეგმება.

ახალი სამთავრობო პროგრამით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებაა გადაწყვეტილი. პროგრამის ავტორთა აზრით, ინიციატივა დანაზოგების ზრდისა და დაბანდების სტიმულირების საიმედო მექანიზმი გახდება. პროგრამით, რომლის სახელწოდებაა “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის”, განსაზღვრულია, რომ ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა მიმართული იქნება გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირების შემოღებისკენ.

განისაზღვრება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, სადაც ფულის ემისია იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შესაბამისი; ხელი შეეწყობა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას და უზრუნველყოფილი იქნება დოლარიზაციის მასშტაბების შემცირება. ეროვნულ ბანკი გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისაგან; ხელი შეეწყობა კომერციულ ბანკებს შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას.