უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან კითხვის დასმის დროს შუშის ხიდის ბედით დაინტერესდა. თუმცა მან For.ge-სთან საუბარში თავი აარიდა იმ თემებზე მსჯელობას, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის ზენიტში მომხდარი არაერთი დანაშული, მათ შორის, მისთვის პოლიტიკური გზის გამკვალავის - ზურაბ ჟვანიას უეცარი დაღუპვა, ტყეების ჩეხვა, ციხეებში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას უმცირესობის წარმომადგენლები აგრესიული ტონით გამოირჩოდნენ.
- რაც შეეხება აგრესიულობას, თავიდან ბოლომდე თუ ადევნეთ თვალყური, ასეთი შთაბეჭდილება ნამდვილად არ უნდა დაგრჩენოდათ, რადგან ჩვენ ვიყავით ძალიან კონსტრუქციულები, ძალიან მშვიდები და წყნარები. ჩვენი, როგორც უმცირესობის ფრაქციის წევრების, შეკითხვები იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტულ პრობლემებსა და საკითხებზე. რაც მთავარია, ყველა ეს საკითხი იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან ამოღებული. შეგიძლიათ, თავიდან უყუროთ ამ კადრებს და დარწმუნდებით, რომ ეს იყო კონკრეტული შეკითხვები, კონკრეტულ დაპირებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავის პროგრამაში ჩადო და რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობის 55 %-მა მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.
რაც შეეხეაბ სიტუაციის შეცვლას, ეს დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რიტორიკა გახდა აგრესიული, გადავიდა მუქარებზე და კონკრეტულ ბრალდებებსა და შეურაცხყოფაზე.
დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ რიტორიკის აგრესიულობაში?
- ვგულისხმობ იმას, რაც მან თქვა. გირჩევთ თქვენ ნახოთ, ეტყობა, არ მიგიქცევიათ ყურადღება.
არა, მე ვნახე ეს კადრები, მაგრამ მაინტერესებს, თქვენ რა აღიქვით აგრესიულად?
-მე რა აღვიქვი კი არა, რა აღიქვა საზოგადოებამ. მე უბრალოდ, გთხოვთ, ობიექტური იყოთ და ნახოთ, როგორ შეიცვალა მისი რიტორიკა მას შემდეგ, რაც ჩვენ კონკრეტული საკითხები დავსვით. რაც შეეხება შეფასებას, უმცირესობის სხდომაზე მე ვთქვი და იმავეს გავიმეორებ, წინასაარჩევნოდ ჩვენ ვიხილეთ, და მე პირადად წავიკითხე ის 70 გვერდიანი პროგრამა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. ასევე, წავიკითხე ის პროგრამა, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ერთი კვირის წინ ოფიციალურად წარადგინა. გუშინწინ კი წავიკითხე მათი პროგრამის მესამე ვარიანტი. ვიყავი რამდენიმე საკომიტეტო მოსმენაზე. არაფერი საერთო ამ დოკუმენტებს და საბოლოოდ მინისტრების გამოსვლას ერთმანეთთან არ ჰქონია. ქრონოლოგიურად, რაც უფრო მოვდივართ დროში აქეთ, „ქართული ოცნების“ დანაპირებები იცვლება. თავდაპირველად იყო გაცილებით კონკრეტული, ციფრებსა და ვადებში გამოხატული დაპირებები, რომ 2013 წლის იანვრიდან ესა და ეს მოხდება, 2013 წლის პირველ იანვრამდე ეს მოხდება... ეს ყველაფერი დროში იყო გაწერილი და რაც მთავარია, კონკრეტულ თანხებში იყო ასახული. თუმცა ეს ყველაფერი არჩევნებამდე იყო. მას შემდეგ კი, პირველი, რაც გაქრა, ეს არის ციფრები და შემდეგ უკვე გაქრა ვადა. გვქონდა იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის უმცირესობასთან შეხვედრისას პასუხს მივიღებდით იმაზე, რაზეც პასუხები ვერ გაგვცეს მინისტრობის კანდიდატებმა და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაძლევდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ამბობდა, რომ საგაზაფხული ხვნა-თესვის სამუშაოები უფასო იქნება, თესლი ექნებათ უფასო, ბენზინი, შხამ-ქიმიკატები, პროდუქციის ჩაბარებამდე ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე იქნებოდა. ხოლო ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი აცხადებდა, რომ საამისო თანხები ბიუჯეტში არ იყო. აქედან გამომდინარე, იმედი გვქონდა, როდესაც სხვადასხვა კომიტეტზე სხვადასხვა მინისტრობის კანდიდატები ურთიერთგამომრიცხავ პროგნოზებს აკეთებდნენ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამას შეაჯერებდა და კონკრეტულ პასუხებს მივიღებდით. მაგრამ სამწუხაროდ, მისი პასუხები კონკრეტულ ვადაზე და კონკრეტულ ოდენობაზე არ ყოფილა.
ამ ყველაფრის მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ მათ არ დახვდათ ბიუჯეტში დაპირებული 2 მილიარდი და დახვდათ მხოლოდ 200 მილიონი.
- ეტყობა, თქვენ მთლიანად ამ მასალაზე მუშაობთ და გამოგრჩათ, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის ბრიფინგი, რომელმაც დეტალურად ყველა ჟურნალისტს გადასცა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა არ არის მარტო ხაზინის ანგარიშზე, არამედ არსებობს ძალიან ბევრი სახელმწიფო ანგარიში და ვინ ვინ, თუ არა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ეს უნდა იცოდეს. შეგიძლიათ ნახოთ, საბანკო ანგარიშისა და ოდენობების მითითებით, სად, რომელ სახელმწიფო ანგარიშზე რა თანხა არის აკუმულირებული. ჯამში, ეს თანხა 2 მილიარდ 200 მილიონი წარმოადგენს და ეს მასალა ჟურნალისტებს გადაეცათ.
შეგიძლიათ დადასტურებით თქვათ, რომ ბიუჯეტში ნამდვილად 2 მილიარდია?
- 2 მილიარდ 200 მილიონია, რაც ამ წუთში რეზერვის სახითაა.
მაშინ რატომ ვრცელდება, რომ მხოლოდ 200 მილიონია? ეს არის შეცდომა თუ აზრთა სხვადასხვაობა?
- არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, ხაზინის ანგარიში არ არის მარტო სახელმწიფო რეზერვების ანგარიში. ფინანსისტებმა ეს ძალიან კარგად იციან, მე და თქვენ არ ვართ ფინანსისტები და ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ, მაგრამ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა და სახელმწიფო ფინანსებზე პასუხისმგებელმა პირებმა ეს ნამდვილად უნდა იცოდნენ.
პარლამენტის სხდომაზე უმცირესობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ პროგრამა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა...
- ამის შესახებ მარტო მე არ მითქვამს, ეს სხვებმაც თქვეს, მაგრამ ეს არის ფაქტი.
თუმცა ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ წევრები ამ ყველაფრის დახვეწაზე მუშაობენ და პერიოდულად პროგრამას ცვლიან.
- უკაცრავად, მაგრამ, როდესაც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, 2013 წლის პირველი იანვრიდან პენსია გახდება არანაკლებ საარსებო მინიმუმის, საარსებო მინიმუმი კი არის 220 ლარი, ეს ქართულად ნიშნავს, რომ 2013 წლის პირველი იანვრიდან, მინიმუმ, 220 ლარი უნდა იყოს პენსია. ხალხმა ეს წაიკითხა, გაიგო, ყველა საარჩევნო შეხვედრისას ყველა მათი კანდიდატი ამას ამბობდა. ეს არის, რითიც მოხიბლეს მათ საქართველოს ამომრჩეველი და არჩევნების შემდეგ მიხვდნენ, თუ რა დასჭირდებოდა ამის განხორციელებას და დაინახეს, რომ ამის რესურსი არ იყო. როგორ ფიქრობთ, ვინმე წინააღმდეგია, პენსია 220 კი არა, 2000 ლარი იყოს?! მაგრამ ეს რას გამოიწვევს, ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკას როგორ შეცვლის, რა პლუსები და მინუსები აქვს? ეს ყველამ უნდა აწონოს, როცა პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. დაინახეს, რომ ეს შეუძლებელია, ამიტომაც გაქრა საარსებო მინიმუმი და 220 ლარი, შემდეგ გაქრა 2013 წლის პირველი იანვარი, ბოლო ვარიანტში კი, რომელიც ორი დღის წინ ღამით დაგვირიგდა, წერია, რომ პენსიები ოდესღაც გაიზრდება და გაიზრდება გარკვეული ოდენობით.
მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაკეთა...
- დავასრულებ, თუ შეიძლება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს რომ დაუსვეს შეკითხვა ტრიბუნასთან, მან თქვა, რომ პენსიები გაიზრდება რამდენიმე წელიწადში, თუმცა ვადას ვერ იტყვის - უახლოეს რამდენიმე წელიწადში.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს პენსიები უახლოეს მომავალში საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება.
- სად განაცხადა?
შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ, ჟურნალისტებთან საუბარში.
- არაფრის მოძიებას არ ვაპირებ, რადგან ბიძინა ივანიშვილი იდგა ტრიბუნასთან და პარლამენტის 60 წევრს ელაპარაკებოდა. ტრანსლირება, მე მგონი, პირდაპირ ეთერში ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ფართოდ გაშუქდა. მოგვიანებით რა განმარტა, მე არ ვიცი და ამაზე კომენტარს ვერ ვაკეთებ. პარლამენტი საუკეთესო საშუალებაა და არანაირი დამატებითი განმარტება არ დასჭირდებოდა, მას სამჯერ დაუსვეს ერთი და იგივე შეკითხვა და უმცირესობასთან შეხვედრისას ზუსტად ეს ფრაზა თქვა, უახლოეს რამდენიმე წელიწადშიო. ეს იყო მის მიერ ვადის დაკონკრეტება.
თქვენთვის დამაჯერებელი არ არის, რომ მართლაც გაიზრდება პენსია და დაპირებული სამუშაო ადგილები რეალისტურად არ მიგაჩნიათ?
- ნამდვილად მქონდა იმედი, რომ „ქართული ოცნებას“, როდესაც ამას ხალხს ჰპირდებოდა, კონკრეტული გათვლა და გეგმა ჰქონდა. დღეს კი დავრწმუნდი, რომ არანაირი კონკრეტული გეგმა არ აქვთ. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება, ვინ უნდა იყოს, რომელი ჭკუათმყოფელი იქნება ამის წინააღმდეგი, პენსია და ხელფასი გაიზარდოს და თითოეულ ოჯახს შემოსავალი მოემატოს. გეგულებათ ასეთი ადამიანი, რომელიც ამას შეეწინააღმდეგოს? უბრალოდ, არ შეიძლება, ადამიანს რაღაცას რომ დაჰპირდები, თუ ამის რესურსი არ გაქვს, ამას არაპასუხისმგებლური პოლიტიკური ძალა გააკეთებს მხოლოდ. თორემ, დაპირებას ვინ ვინ დაასწრებს წინასარჩევნოდ, როდესაც გულის მოგებაზეა საუბარი?!
და აქ მახსენდება ნაციონალური მოძრაობის დაპირებული სამუშაო ადგილები, რომლებიც სხვა დანაპირებთან ერთად, არ შესრულებულა. სხვათა შორის, ჟვანიას დროიდან იყო ეს დაპირება.
- უკაცრავად, დავასრულებ რა, თუ შეიძლება, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ ხართ ობიექტური. თქვენ მე მიწევთ ოპონირებას.
მე ოპონირება უნდა გაგიწიოთ, რადგან მეორე მხარე არ არის.
- მეორე მხარე, ამ შემთხვევაში, ხართ თქვენ და ძალიან გაგირბით საუბარი და ისეთ შუალედს ვერ იკავებთ, რაც უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს.
ზუსტად ამიტომ, მეორე მხარის არარსებობის გამო ამ დანაკლისის ანაზღაურებას ვცდილობ.
- უკაცრავად, თქვენ აფიქსირებთ თქვენს პოზიციას, თქვენ ხართ ჟურნალისტი, უნდა დასვათ შეკითხვა და მიიღოთ პასუხი.
ანუ მხოლოდ უნდა დაგეთანხმოთ?
- არა, უნდა მოითმინოთ ჩემი კომენტარი, თუ გაინტერესებთ.
ნაციონალებისგან დაპირებულ სამუშაო ადგილებზე შევჩერდით.
- ძალიან კარგად მახსოვს, რაზეც შევჩერდით, რომ პოლიტიკური ძალა ძალიან ადვილად აკეთებს დაპირებას არჩევნებამდე. გაცილებით ადვილად აკეთებს დაპირებას ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ვერ მოიგებს არჩევნებს. პირადად მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პროგრამა წინასაარჩევნოდ მათ მიერ იწერებოდა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იყო, მათი ასეთი დანაპირები იმ პროგრამაში ჩადებულიყო. თუმცაღა, ჩვენ მოვისმინეთ, რომ არსებობს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რაც ნამდვილად ქართული ნოუ-ჰაუა და არსად მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში, არცერთ პოლიტიკოსს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. იმ დაპირებებზე, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არ იქნება საკმარისი, ბიძინა ივანიშვილი თავისი პირადი ჯიბიდან გადაიხდის. მან ეს რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საჭირო გახდება, თავის პირად ფულს დახარჯავს.
ეს დანაშაულია და არ შეიძლება, ადამიანმა საკუთარი ფული დახარჯოს?
- მე ვთქვი, რომ ქართული ნოუ-ჰაუა და არ მითქვამს, რომ დანაშაულია.
ისეთ კონტექსტში თქვით, რომ ამიტომაც გეკითხებით, არ შეიძლება?
- მე გეუბნებით, რომ არსად მსოფლიოში, არცერთ პოლიტიკურ თანამდებობის პირს თავისი პირადი თანხით, სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა, არ დაუფინანსებია პოლიტიკური პარტიის დანაპირებები არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეს პირველად ხდება საქართველოში და არსად მსოფლიოში არ მომხდარა. ვერანაირი ექსპერტი ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. მე არ ვიცი, რა სამართლებრივ საშუალებას მონახავენ ამის გასაკეთებლად.
მაგრამ მაინტერესებს...
- დამასრულებინეთ, მას შემდეგ, რაც ეს გაკეთდება, მე გეტყვით, ეს რა ფორმით მოხდება.
ჩვენ გვახსოვს, თუნდაც თქვენს ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, ძალიან კარგ ფრაზად მიაჩნდა - „პირველად მსოფლიოში“. ამდენად, პრემიერ-მინისტრის დანაპირები პენსიების მომატების კუთხით რომ შესრულდეს, ამაში რამე პრობლემაა, რამეს ცუდს ხედავთ?
- ე.ი. პირველად მსოფლიოში პოლიციის რეფორმა და სხვა რეფორმები და ამ დროს პირველად მსოფლიოში საკუთარი ჯიბიდან დაფინანსება?!
რატომაც არა, თუკი ბიუჯეტში საამისო შესაძლებლობა არ არის?! თუ არის, ამის გაკეთება საჭირო არ იქნება.
- ნუ, ეს უკვე თქვენი აზრია და თქვენს აზრად დაწერეთ, ჩემს აზრებს ნუ მიაბავთ.
თქვენ პარლამენტის სხდომაზე ხიდის დანგრევის თემას შეეხეთ. ეტყობა, ეს იყო ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი თქვენთვის.
- მე მივხვდი ერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილის არცერთი წინასაარჩევნო დაპირება არ სრულდება. მაინტერესებს, ეს მაინც თუ შესრულდება?
მაგრამ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია რეალურად ჯერ არ არის მოსული.
- ხვალ იქნებიან.
ხვალ ნამდვილად იქნებიან და რომ შეასრულონ ეს დაპირება, შემდეგ რას იტყვით?
- შეასრულონ, მეც ეს მაინტერესებდა ზუსტად, აპირებდნენ თუ არა რომელიმე დანაპირების შესრულებას? ამიტომაც ვკითხე, ამ დანაპირებს ასრულებთ-მეთქი და კიო - მიპასუხა.
ანუ თქვენი მოთხოვნები გაჟღერდა წინმსწრებად?
- უკაცრავად, ჩემი მოთხოვნაა, ხიდის დანგრევა?!
მე ხიდის შესახებ ახლა საერთოდ არ ვსაუბრობ. თუმცა ნაციონალების მოთხოვნები გაჟღერდა წინმსწრებად, იმის ფონზე, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არ იყო მოსული „ქართული ოცნება“ და ეს პრემიერ-მინისტრთან საპარლამენტო უმცირესობის მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო.
- დიახ, ჩვენ ვეცნობოდით მთავრობის პროგრამას. ჩვენი შეკითხვები ეხებოდა მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილია პრემიერობის კანდიდატის მიერ, რომ მე ამის გაკეთებას ვაპირებო. სწორედ ამ დოკუმენტს ვიხილავდით და ჩვენი შეკითხვები იყო მათ გეგმებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რის გაკეთებას აპირებენ.
თუ ვერ შეასრულებდნენ ამ გეგმას, მაშინ უფრო არ გექნებოდათ მორალური უფლება, ასეთნაირად გელაპარაკათ? თუ მანამდეც, პრევენციულად შეიძლებოდა ასეთი მოთხოვნების წამოყენება?
- იცით, რა? ეს არის ვალდებულება, მოთხოვნა არ არის. ეს ჩვენი ვალდებულება იყო, როგორც პარლამენტის წევრების. ამას არ აქვს მნიშვნელობა, უმრავლესობაში ხარ თუ უმცირესობაში. მაშინ, როდესაც სამთავრობო პროგრამა წარმოდგენილია, შეკითხვები უნდა დაისვას მანამ, სანამ ეს პროგრამა დამტკიცდება. პროგრამის დამტკიცების შემდეგ კი კითხვის დასმას უკვე აზრი აღარ აქვს. მას შემდეგ, რაც მთავრობა და პროგრამა დამტკიცდება, ჩვენ, პარლამენტის წევრებს, როგორც უმრავლესობიდან, ასევე, უმცირესობიდან, მხოლოდ მაკონტროლებელი ფუნქცია გაგვაჩნია. სანამ მთავრობა დამტკიცდება, მანამდე შეიძლება, პროგრამაში რაიმე შეიცვალოს. ჩვენმა კოლეგებმა თქვეს და მეც იმავეს გავიმეორებ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ხალხისთვის, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა, ბევრად უფრო აქტიური მხარდამჭერები ვიქნებით, ვიდრე კოალიციაში შემავალი ესა თუ ის პარტია. ამავდროულად, ჩვენ ვიქნებით ზედმიწევნით მაკონტროლებელნი ყველა იმ ნაბიჯისა და გადაწყვეტილების, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა გაჟღერებული.
პროგრამის თემა რომ ამოვწუროთ. თქვენი შეფასება როგორია, უმრავლესობის წევრებს ჰქონდათ მორალური უფლება, ასე ადვილად ელაპარაკათ სხვის პროგრამაზე, როდესაც თავად კონსტიტუცის უბრალო ქაღალდივით წამდაუწუმ ცვლიდნენ?
- ჩვენ ხმა მოგვცა საქართველოს მოსახლეობის 40 %-მა. რა თქმა უნდა, ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე 55 %, მაგრამ ამ 40 %-მა ჩვენი ფუნქციის შესრულება დაგვავალა. ჩვენ აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღებაში და ეს მთავრობისა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთნაირად ეხება 55 %-საც და 40 %-საც და იმ დარჩენილ 5 %-საც. ამიტომ გვაქვს ვალდებულება, ჩვენს უკან დგას კონკრეტული ადამიანები, ჩვენი ამომრჩევლები და მათი უფლებები უნდა დავიცვათ.
აქვე შევეხოთ გია ბარამიძის გამოსვლასაც.
- იქნებ, მისი გამოსვლის შესახებ თვითონ გიას დაურეკოთ.
არა, მე შეგეკითხებით და, თუ შეგეძლებათ, მიპასუხებთ, თუ არადა, პასუხი ისედაც გასაგები იქნება.
- მე უნდა გავიქცე, არ მეგონა, ამდენი ხანი თუ დაგვჭირდებოდა.
თავიდანვე შეგითანხმეთ, მაგრამ კარგით, ბოლო შეკითხვა ასეთი იქნება, თქვენ ახსენეთ ხიდის დანგრევის თემატიკა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მწვანეებში ბრძანდებოდით, თქვენ არ გაგხსენებიათ ტყეების ჩეხვა, ციხეებში უკანონოდ ჩასმული ადამიანები, თუნდაც ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ფაქტის გამოძიება... ასეთი რამ იმ ხელისუფლებისგან არ მოგითხოვიათ, რომელშიც თქვენ იყავით, მაგრამ რატომღაც ხიდის თემატიკამ აღგაშფოთათ.
- უკაცრავად, თქვენ ახლა დასვით 80 შეკითხვა ერთდროულად.
მე ერთ შეკითხვაში ჩავატიე ის, რისი თქმაც მინდოდა.
- ასე არ არის. ძალიან გთხოვთ, დამთავრდეს სპეკულირება ზურაბ ჟვანიას სახელით. ამის შესახებ ყველას მივმართავ. ეს თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით მე ნუ დამელაპარაკებიან, მე კონკრეტულ ადამიანს ვგულისხმობ. ზურაბ ჟვანიას სახელს ნუ ახსენებენ ის ადამიანები, რომლებმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ჟვანიას გამტყუნებაზე ააგეს და ახლა არიან მისი გულმხურვალე დამცველები. ვის ვის და ჩემთან, ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით სპეკულირებას ნუ დაიწყებენ. კარგად ბრძანდებოდეთ.
მაგრამ ტყეების გაჩეხვას და ციხეებში არსებულ მდგომარეობას არ გამოეხმაურებით?
- კარგად ბრძანდებოდეთ.