საქართველოსთვის მთავარი პრობლემა დასაქმება ყოფილა. ამის არ სჯერა არც პრეზიდენტს, არც მთავრობას, არც სტატისტიკას, მაგრამ ეს რომ ასეა უკვე საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებენ. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლესი კვლევის მიხედვით უმუშევრობამ გამოკითხვაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც კი ჩამოიტოვა.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. “NDI-საქართველოს” დირექტორის ლუის ნავაროს განცხადებით, კვლევის მიხედვით, საკმაოდ შემცირებულია რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობაც. მისი თქმით, პოლიტიკოსები ბევრს საუბრობენ ტერიტორიულ მთლიანობასა და სამუშაო ადგილებზე და ნაკლებად საუბრობენ ეკონომიკურ თემებზე.
- “კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 71% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, მოსახლეობის უმეტესობის აზრით, სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, ამის მიუხედავად, უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა იგივეა”, - განაცხადა ნავარომ.
კვლევის შედეგები უცხო არ არის ქართველებისათვის. უმუშევრობის საფრთხის ქვეშ მართლაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება. სექტემბერში უმუშევართა არმიას კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი შეუერთდება.
შემცირებები კი სწორედ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს შეეხოთ. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლებიდან 25-30 ათასი პედაგოგის გათავისუფლება იგეგემება, რკინიგზიდან 5 ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი. ქუჩაში დარჩებიან რამდენიმე სამინისტროსა და დეპარტამენტის თანამშრომლები. საერთო ჯამში, შემოდგომისთვის უმუშევრთა ახალი ლაშქარი 40 ათასს მიაღწევს.
არადა ოფიციალური სტატისტიკა სულ სხვა ჰანგზე მღერის. მათი ინფომარციით, ქვეყანის მოსახლეობის მხოლოდ 17%-ით უმუშევარი. პრობლემაა ის, რომ ყველა თვითდასაქმებული მომუშავედ ითვლება.
“საქართველოში 60%-ზე მეტი თვითდასაქმებულია და მნიშვნელოვნად აღემატება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას. მეტსაც გეტყვით, ბოლო წლების განმავლობაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 80 ათასით გაიზარდა, ხოლო დაქირავებულთა რაოდენობა 60 ათასით შემცირდა.
ეს საგანგაშო მდგომარეობაა. ქვეყანაში ყველაზე მწვავედ დღეს დასაქმების პრობლემა დგას. ამიტომაც არის, რომ საქართველოს რეიტინგები საერთო ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას საერთაშორისო სტატისტიკების მიხედვით მშპ-ით საკმაოდ ჩამოვრჩით ჩვენ უახლოეს სამხრეთკავკასიელ მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანსაც კი. ეს სწორედ იმიტომ, რომ სხვა ბევრ ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებთან ერთად, დასაქმების პროცენტი ძალიან დაბალია”, - ამბობს ექსპერტი სოსო არჩვაძე.
კვლევის, მოსახლეობის და ექსპერტების არ სჯერა სტატისტიკის დეპარტამენტს. “საქსტატის” თავმჯდომარის ზაზა ჭელიძის თქმით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, კერძო ტაქსების მეპატრონეები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები, თუ ერთი დღით ან ერთი კვირით დასაქმებულები, ყველანი დაფიქსირდნენ როგორც საკუთარი შრომით შემოსავლის მიმღებნი და ამიტომ ისინი დასაქმებულად ითვლებიან.
“გვაკრიტიკებენ, რომ რეალურად უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია და ჩვენ ნაკლებს ვაქვეყნებთ. იმასაც ამბობენ, რომ ჩვენთან უმუშევრობა არის 65% და ჩვენ 16.9%-ს ვაქვეყნებთ. თვითდასაქმებულებს თუ უმუშევრებად ჩავთვლით, მაშინ 70%-მდე გამოვა უმუშევრობა. ჩვენთან რომ 65% იყოს უმუშევრობა, მაშინ 100-დან 65 უმუშევარი უნდა იყოს, რაც, რა თქმა უნდა, არარეალურია. ასეთი მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი ჩვენზე გაცილებით ღარიბ ქვეყნებშიც კი არ არის”, - ამბობს ჭელიძე.