სასამართლომ, ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა - „რუსთავი 2“–ში ხალვაშისა და „შპს პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა. ოქრუაშვილს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია გაასაჩივრებს თუ განმეორებით შეიტანს სარჩელი და ხელახლა მოვითხოვს ყადაღას. როგორც ცნობილია, ოქრუაშვილის უფლებადამცველმა სასამართლოს წინა კვირას მიმართა. მოთხოვნის საფუძველი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის, 2010 წელს ბერლინში გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“–ის მხოლოდ ფორმალური მმართველია და ეს ექსპერტიზის სამმა დასკვნამ დაადასატურა.
„რუსთავი 2“–ის 100%–იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნაზე, რომელიც შპს „პანორამას“ და „რუსთავის 2“–ის წილების დაყადაღებას ეხება, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ხალვაშის ადვოკატის, ნინო ბარაჩაშვილის განმარტებით, ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს კოლექტიური უფლების მიღების მცდელობას. მისი თქმით, ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა და ახლა ელოდებიან ექსპერტიზის და გამოძიების პასუხებს.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“–ის შესაძენად თანამდებობა არ გამოუყენებია, თუმცა პირადი კონტაქტებით ისარგებლა. ამბობს, რომ მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადაუხადა დვალს და აქიმიძეს. ასევე, მათ უსასყიდლოდ გადაუფორმა „ჯორჯიან ონლაინის“ ათპროცენტიანი წილი, რომელიც მისი საკუთრება იყო.
„არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას, უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათპროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა. შემიძლია არ გავამხილო რა თანხებით შევიძინე „რუსთავი 2“, შემიძლია არ გიპასუხოთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ საქმეზე ყველა სახის იურიდიული ხანდაზმულობა გასულია და დამთავრებულია, მაგრამ ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემს მიერ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი სახელები დავასახელო. ის ადამიანები, ვინც თანხა მომცეს, საჯარო მოხელეები არ ყოფილან“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
როგორც „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებს, 2014 წელს დვალისა და აქიმიძის წილების დათმობასთან დაკავშირებით ჩვენება არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოპოვების სანაცვლოდ მისცა.
„2014 წლის პირველ აპრილს ვარ დაკითხული, 15 ივნისს კი იყო ადგილობრივი არჩევნები, როდესაც გორში ვაპირებდი მერობაზე კენჭისყრას. ეს არის პერიოდი როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ცხენზე ზის და მათთვის კონკურენციის გაწევა მარტივი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა ბიძინა ივანიშვილთან იმისთვის, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი, ხელი არ შემეშალა ამათთვის, დისონანსი არ შემეტანა ამათ გეგმებში და გარკვეული სახის - მინიმუმ, ხელის არშეშლა და მაქსიმუმ „მხარდაჭერა“ მიმეღო.
ამისთვის შუამავლობა ვთხოვე პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს დათო უსუფაშვილს. ამაზე დათოსთან შეთანხმებით ვსაუბრობ. მან მომიტანა ივანიშვილისგან ძალიან მარტივი მესიჯი: პროკურორ შოთაძეს დაუკავშირდეს, ისაუბრონ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთო. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული“, – განცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის განცხადებების მიუხედავად, მის წინააღმდეგ პროკურატურა ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას არ დაიწყებს.
როგორც შალვა თადუმაძის უწყებაში განმარტავენ, ოქრუაშვილს არ განუცხადებია იმის თაობაზე, რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. თავად დავით უსუფაშვილი უარყოფს, რომ შუამავალი იყო ოქრუაშვილსა და ივანიშვილს შორის. როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, თუ ოქრუაშვილი ცდილობს, რომ გარიოს ამ საქმეში, ეს იქნება მორიგი „საამაყო“ ფურცელი მის ისტორიაში. დავით უსუფაშვილმა დეტალურად გაიხსენა 2014 წლის მოვლენები, როდესაც ოქრუაშვილსა და ღარიბაშვილ–ივანიშვილს შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულა.
„მე გეტყვით ფაქტს, რასაც ჰქონდა ადგილი 2014 წელს და თავად განსაჯეთ რამდენად შეესაბამება ოქრუაშვილის საუბრები ამ ყველაფერს. მე ოქრუაშვილი თავისი სურვილით დამიკავშირდა 2014 წელს. მთხოვა შეხვედრა და შეხვედრაზე მთხოვა გადამეცა ღარიბაშვილისთვის და ივანიშვილისთვის, რომ მას ჰქონდა მზაობა, პირველი: მიეცა მნიშვნელოვანი ჩვენებები გახმაურებულ სასამართლო საქმეებზე და მეორე: მას ჰქონდა სურვილი ეთანამშრომლა პოლიტიკურად „ოცნებასთან“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან.
მე ეს კონკრეტული, ოქრუაშვილს მზაობა გადავეცი და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, რომ შოთაძესთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა სისხლის სამართლის საქმეებსა და ჩვენებებზე და დანარჩენზე მერე ისაუბრებდნენ. ეს იყო და ეს. ყოველგვარი დეტალებისა და სისხლის სამართლის საქმეებისა და მისი ჩვენებების განხილვების გარეშე. მე შევასრულე ეს კონკრეტული როლი“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
მას შემდეგ რა ურთიერთობები ჰქონდა ოქრუაშვილს შოთაძესთან და რა ჩვენებები მისცა, ეს დეტალები დავით უსუფაშვილისთვის უცნობია. მისთვის გაუგებარია, ახლა რატომაა ეს ჩვენება არასწორი და მაშინ რატომ იყო სწორი.
„ერთს კი ვიტყვი, რომ ოქრუაშვილის მხრიდან მსგავსი მანევრები ახალი არ არის. მე დილით დამირეკა და მკითხა წინააღმდეგი ხომ არ ვიყავი ჩვენი შეხვედრის ფაქტის გახმაურების?! მე ვუთხარი, რომ მას საიდუმლოდ არ შევხვედრილვარ და არც არანაირი პრობლემა მქონდა შეხვედრის ფაქტის გასაჯაროების, მაგრამ თუ ახლა ის ცდილობს, მე რაიმეთი გამრიოს ან ჩემი სახელი გამოიყენოს იმისთვის, რომ თითქოს მე ვიყავი რაიმე ყალბი ჩვენებების მიცემის თაობაზე მოლაპარაკებების მონაწილე?! – ეს არის სრული სიცრუე და ეს იქნება მორიგი საამაყო ფურცელი ოქრუაშვილის ისტორიაში“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
თავის მხრივ „რუსთავი 2“–ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალის განცხადებით, დღეს მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ასევე მათსა და მათ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში.
არხის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“–მა უნდა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის, მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.
დავით დვალის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილია ის პირი, რომელიც მასსა და სამართლიანობის აღდგენას შორის დგას. ამასთან, როგორც დავით დვალი განმარტავს, „რუსთავი 2“–ის სარედაქციო პოლიტიკასა და კრიტიკული აზრს საფრთხე ემუქრება, რასაც ქიბარ ხალვაშის განცხადება ადასტურებს.
„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა „რუსთავი 2“–თან. ჩვენს განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წაიწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის.
ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის“, – განაცხადა დავით დვალმა.
დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტის ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს დეპუტატი ლევან კობერიძე. როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავის თემაზე დამფუძნებლებს რამდენიმე კოლეგა დეპუტატთან ერთად, მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით, პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრის და მსჯელობის გამართვას სთავაზობს.
„ეს საკითხი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს და იმავდროულად, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ამიტომ ამ ორი ადამიანის, რომლებიც საკუთრების უფლებისათვის ძალიან დიდი ხანია იბრძვიან, საზოგადოების ინტერესების გამომხატველ სივრცეში – პარლამენტში მოწვევას და მოსმენას აუცილებელად მივიჩნევთ. დაველოდებით მათ მოსაზრებას მსგავსი ტიპის შეხვედრის შესახებ და პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში ოფიციალურად გავუგზავნით მოწვევას“, – ამბობს ლევან კობერიძე.