მერვე მოწვევის პარლამენტში როგორც პლენარული სხდომები, ასევე საკომიტეტო მოსმენები ხმაურით მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთაბაში დაადანაშაულა. საუბარია ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, როდესაც მან თქვა, რომ რუსეთი კავკასიის ქედის გადმოსალახად საუკუნეების განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა ეს სწორედ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო შეძლო. დღуვანდელ პლენარულ სხდომაზე კი საკმაოდ ემოციური გამოსვლები ჰქონდათ ზვიად ძიძიგურსა და კობა დავითაშვილს, რომლებმაც ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ მიერ ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები გაუხსენეს და განაცხადეს, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარი ქვეყანას ამ მეთოდებით მართავდა, დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის მორალური უფლება არ აქვს.
პარლამენტში მიმდინარე დებატებთან დაკავშირებით for.ge-ს უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ესაუბრება.
ზვიად ძიძიგური: დღევანდელი უმცირესობის წარმომადგენლების ჩუმი თანახმობით ან ღია მხარდაჭერით ხდებოდა ყველა ის უბედურება ქვეყანაში, რისი მომსწრეც უკანასკნელი წლების განმავლობაში გავხდით, დაწყებული ბიზნესის დაწიოკებიდან, დამთავრებული სოფლის მეურნეობის სფეროს გაჩანაგებით და განათლების სისტემის მთლიანად განადგურებით. ეს ყველაფერი არის ამ ადამიანების სინდისზე. რაზე ლაპარაკობენ და რაზე ხმაურობენ მაშინ, როდესაც კარგად გვახსოვს, რომ სატელიტურ თეფშებსაც კი აპატიმრებდნენ, როდესაც კონტროლის პალატისგან შექმნეს ისეთი ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქცია პოლიტიკური ოპონენტების დევნა და დაწიოკება იყო, სოდ-ი და კუდ-ი იმაზე მუშაობდნენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების საუბრები მოესმინათ, ცოლი და ქმარი ერთმანეთს ტელეფონით თავისუფლად ვერ ელაპარაკებოდა, რადგან იცოდნენ, რომ ყველას უსმენდნენ. მთელი საქართველო ასეთი ტერორის ქვეშ ჰყავდათ და მთელი ქვეყანა ერთი კაცის ნება-სურვილის ამსრულებელი იყო.
საქართველოს ბიუჯეტი იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი შთაგონების წყარო, რაც უნდოდა, ბიუჯეტის თანხებით იმას აკეთებდა, ნაირ-ნაირი შუშებში ჩასმული შენობების აშენებაზე მრავალი მილიარდი დაიხარჯა და ეს ის თანხებია, რაც წესით საქართველოს მოქალაქეებს უნდა მომხარებოდა. ახლა კი ეს ადამიანები ისეთი პათოსით და ყელმოღერებით ლაპარაკობენ, რომ თურმე დემოკრატიული ღირებულებების დამცველები არიან, რომ უბრალოდ გასაკვირია. როდესაც ადამიანები რაღაცას გსაყვედურობენ, ამის უფლება უნდა ჰქონდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ასეთი ტიპის დებატები გაგრძელდება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ დებატების გაგრძელებას აუცილებლად თითოეული ამ ადამიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოჰყვება. არ შეიძლება განათლების კომიტეტში იყო, განათლება დაქცეული იყოს, საექსპერიმენტო მიმართულებად იყოს გადაქცეული და შენ სხვის განათლების სისტემას იწუნებდე და წინასწარ ცხვირს იბზუებდე.
დღევანდელ სხდომაზე გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, საპარლამენტო უმცირესობის წევრებიდან ვინმე მაინც მოიხდიდა ბოდიშს საზოგადოების წინაშე იმის გამო, რაც უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა. ამის ნაცვლად კი ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მედგრად უტევენ ახალ ხელისუფლებას...
- არა, რა ბოდიში?!. ამათ მხოლოდ მაშინ ჰქონდათ გაბრწყინებული სახეები, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ წელიწადნახევრის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ განცდა, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან და დაუბრუნდებათ ის ძველი დრო, რომელიც სულ რაღაც თვენახევრის წინ ჰქონდათ, მთელი თავისი „სიდიადითა“ და „ბრწყინვალებით“. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მათი ილუზიები, ეს არასოდეს მოხდება, საქართველო არასოდეს დაბრუნდება იმ უბედურებაში, რასაც თავი დააღწია. საქართველოს მოსახლეობა ამათ უღელს აღარ დაიდგამს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარია, სასწრაფოდ შეიქმნას დემოკრატიული ინსტიტუტები, ისეთები, სადაც ვერც ერთი ავტორიტარული თუ დიქტატორული პოლიტიკური ძალა ვერ იხეირებს, როგორც ეს 2003-2012 წლებში იყო. ეს ამბავი ისტორიას ჩაბარდება, საქართველოს აღარ აქვს უფლება, მუდმივად ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოში იყოს. ჩვენ გვჭირდება სტაბილური პოლიტიკური სისტემა, ძალიან ძლიერი დემოკრატიული ბერკეტები, რათა ქვეყანა წინ წავიდეს და არა ის, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარების საკითხი მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს.
ნუგზარ წიკლაურმა ბიძინ ივანიშვილი საქართველოს მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. როგორ შეაფასებდით მის ამ განცხადებას?
- მათგან ჭკუის სწავლებას ჩვენ არ მივიღებთ. ამ ადამიანებს საკმარისზე მეტი დროს ჰქონდათ იმისათვის, რომ თუკი რამის გამკეთებლები იყვნენ, გაეკეთებინათ. მათ კი გაკეთების ნაცვლად ყველაფერი გააფუჭეს. ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ რაც 1992-1993 წლებში შევარდნაძეს გადაურჩა, რუსებს სააკაშვილმა ჩააბარა. ახლა კი მათ უნდა ადროვონ იმ ძალას, რომელსაც საქართველოს გამთლიანებასთან დაკავშირებით თავისი კონკრეტული ხედვები გააჩნია. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყველა შენიშვნა და რჩევა სრულიად ამორალურია და რა თქმა უნდა, ჩვენ მათ არ გავითვალისწინებთ.
საინტერესო იყო ასევე დავით დარჩიაშვილის განცხადება. მან თქვა, ახალი ხელისუფლება გვაბრალებს, რომ მთელი ჩვენი მმართველობის წლები მხოლოდ პიარი და ტყუილი იყო, მაგრამ დღეს ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ტყუილში ვზივართო. ამ ტყუილში მან პარლამენტის შენობა იგულისხმა
- დიახ, ეს პარლამენტის შენობა არის ტყუილი. ეს არის მთელი მსოფლიოსთვის თავის მოჩვენება, თითქოს საქართველო მდიდარი და ღონიერი ქვეყანაა. სინამდვილეში საქართველო ასეთი ქვეყანა არ არის. ის თანხა, რაც ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე დაიხარჯა, მთლიანად იმერეთს და მის მოსახლეობას რომ მოხმარებოდა, გაცილებით უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. რეალურად პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით არანაირი სამუშაო ადგილები არ შექმნილა, ესეც მათი მორიგი ტყუილი იყო. საერთოდაც, პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის შენობა, იუსტიციის სახლები და ხალხის აზრის უკითხავად, ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებების შედეგად მილიონობით დახარჯული ლარი არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. არც ერთი ღარიბი ქვეყანა ასეთი ფუფუნების უფლებას საკუთარ თავს არ აძლევს. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან რეალურად გვინდა შევხედოთ.
ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მათ მაჟორიტარებზე ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრებას „ნაციონალების“ მაჟორიტარების ზეწოლით გადმობირების ხარჯზე აპირებს
- იგივე ლოგიკით მეც ვიტყვი, რომ ისინი ჩვენს დეპუტატებზე ზეწოლას აპირებენ და შემდეგ თავად ამტკიცონ საწინააღმდეგო. თუ უნდათ ნახონ, რა არის ზეწოლა, 2003 წლის კადრებს გადახედონ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ და პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, ტყიბულის მაშინდელი მაჟორიტარი, ბონდო შალიკიანი თავის ცოლ-შვილთან ერთად პირდაპირ ტელეკამერების წინ საძინებლიდან გამოაგდეს და დააპატიმრეს. ძალიან კარგად მახსოვს, რა იყო ზეწოლა, როდესაც თავიანთ მოწინააღმდეგეებს ტელედაპატიმრებებს უწყობდნენ, როდესაც პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო უხეში ფიზიკური ძალის და იარაღის გამოყენებით ებრძოდნენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, იმ ხალხს, ვისთანაც მიხეილ სააკაშვილს რაღაც ცუდი მოგონებები აკავშირებდა. ზეწოლა არის ეს და არა ის, რომ პარლამენტის პოლიტიკური შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს. დიდი ალბათობით, „ნაციონალებს“ ამის ეშინიათ და რაღაც პრევენციულ განცხადებებს აკეთებენ.
ორი სიტყვით რომ გვითხრათ, რა ხდება პარლამენტში, რადგან ამ შენობაში ხან მღრღნელების არსებობაზე საუბრობენ, ხან წვიმა ჩამოდის და ა.შ. ერთ-ერთ საკომიტეტო მოსმენაზე კარი ჩაიკეტა და მინისტრობის კანდიდატი დარბაზში შესვლას ვეღარ ახერხებდა. როგორ პირობებში გიწევთ დეპუტატებს მუშაობა?
- ჩემს ოთახში თაგვები ისე დარბიან, მარულა აქვთ გამართული, კარიც არ იკეტება და ა.შ. მაგრამ ეს წვრილმანებია და ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემები არსებობს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში მთავრობა ძალიან ხშირად უნდა გამოვიძახოთ და ეს ნიშნავს იმას, რომ ღარიბი ქვეყნის მთავრობის წევრებს საათობით გზაში ყოფნა მოუწევთ და ის დრო, რომელიც თავიანთ საქმიანობას უნდა მოანდომონ, ქუთაისსა და თბილისს შორის სატრანსპორტო საშუალებებში უნდა გაატარონ. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი და გაუმართლებელი ფუფუნებაა. ამიტომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს ერთ ქალაქში და ვინაიდან საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი, საქართველოს პარლამენტი მომავალში დედაქალაქ თბილისში იქნება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ჩვენი გუნდის ძალიან ბევრი წევრი ფიქრობს ასე.
დაბოლოს, თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გარკვეულ საქმეებზე მოკვლევას ჩაატარებს. ამ კომისიაში მხოლოდ პარლამენტის დეპუტატები იქნებიან, თუ საზოგადოების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას?
- საპარლამენტო კომისიაში მხოლოდ პარლამენტის წევრები იქნებიან, მაგრამ დროებით კომისიას რა თქმა უნდა, შეუძლია ექსპერტები მოიწვიოს, რომლებთან ერთადაც მუშაობა შეეძლება. რეგლამენტით ეს ურთიერთობები არის განსაზვღრული და ჩვენ აუცილებლად დავიცავთ რეგლამენტს.