ცარიელი რეიტინგები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას არაფერს აძლევს. უნაყოფო წინსვლა, საიდანაც სარგებელი ნულოვანია. დაახლოებით ასეთია შეფასებები მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ შედგენილ კვლევაში („დუინგ ბიზნესი“) საქართველოს პოზიციისა, რომელიც წლეულს საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ქვეყანამ შარშანდელი მე-16 ადგილიდან მე-9 პოზიციაზე გადმოინაცვლა.
რეიტინგში გამოკვლეული ბიზნეს რეგულაციები მოიცავს ბიზნესის წარმოების 10 კატეგორიას: ბიზნესის დაწყება, სამშენებლო ნებართვის აღება, მუშახელის დაქირავება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, ინვესტორების დაცვა, გადასახადების გადახდა, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, კონტრაქტების აღსრულება და ელექტროენერგიის მიღება.
რეიტინგის სანდოობაში ეჭვი ეპარება საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე გია ხუხაშვილს. იმის გარდა, რომ ექსპერტი არასანდოდ მიიჩნევს ოფიციალურ მონაცემებზე დაფუძნებულ გამოკვლევებს, მსგავსი რეიტინგები მას სათაგურზე მიმაგრებულ ყველსაც აგონებს:
„როგორც კი ინვესტორი დახარბდება იმას, რომ, ვთქვათ, რეგისტრაციაა სწრაფი, აღრიცხვიანობაა ელექტრონული, და შემოყოფს ამ სივრცეში თავს, სათაგური იხურება და ის აღმოჩნდება მძევლად ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში. ჩვენთან არის ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალისტური სისტემა შექმნილი, როცა ხელისუფლება არის ეკონომიკური სივრცის დირექტორი. ეს არის ყოვლად უვარგისი სისტემა, რომ რეალურად განვითარდეს ეკონომიკა და ინვესტორისთვის მომგებიანი იყოს საქართველოში მოღვაწეობა“, -ამბობს ხუხაშვილი.
ექსპერტი ავთო სილაგაძე კი მიიჩნევს, რომ ტერმინები დასაზუსტებელია.
„აქ იგულისხმება რეგისტრაციის სიმარტივე, რაშიც წინა წლების სარეიტინგო მაჩვენებელში ისედაც პირველები ვიყავით. ამასთან, არსებობს ცალკე რეიტინგიც, რეალურად როგორ მიმდინარეობს ბიზნესის კეთება, რაშიც უკანა პოზიციებზე ვართ. საბოლოო შედეგზე ეს არ ასახულა. რეიტინგი ორივე კონტექსტში თუ არ შევაფასეთ, შეცდომაში შევალთ. მთავარი სწორედ ეს საკითხია.
საბოლოო შედეგზე კომპლექსში უნდა ვისაუბროთ და არა ცალკეულ დეტალებზე. რეიტინგი კარგია, როცა შედეგი ჩანს, ცარიელი რეიტინგი არაფერს გვაძლევს.
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, განვითარებულ სახელმწიფოებში, რეგისტრაციის პროცესი მეტად კონტროლდება და ანგარიში ეწევა იმ ფაქტორს თუ რამდენად რეალური ძალა შემოდის ბაზარზე. ამიტომ ხვდებიან ისინი ამ კონტექსტში უკანა პოზიციებზე. სამაგიეროდ, დარეგისტრირებულ სუბიექტებთაგან ასეთ ქვეყნებში თითქმის ყველა მუშაობს“, - აცხადებს ავთო სილაგაძე.
„ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მფლობელი და „ტექნო ბუმის“დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე „დუინგ ბიზნესში“ საქართველოს მე-9 ადგილს არარეალურად მიიჩნევს. ბიზნესმენის თქმით, რეიტინგში გათვალისწინებული არ იყო საკუთრების ხელყოფის და თავისუფალი სასამართლოს კრიტერიუმები. ქოქოლაძე განმარტავს, რომ ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღნიშნული კრიტერიუმებია და ადმინისტრაციული საკითხები მხოლოდ მეორე ხარისხოვანია.
მისი თქმით, ბიზნესის დარეგისტრირების, მშენებლობის უფლების მოპოვების და ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის სიმარტივის მიუხედავად, როდესაც ინვესტორმა იცის, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში სახელმწიფომ ბიზნესმენის ქონება წაიღოს და გადაწყვეტილების სასამართლოთი შეცვლის პერსპექტივა არ არსებობს, ქვეყანაში ბიზნესის კეთებას აზრი ეკარგება.
უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის „ალიანს ჰოლდინგის“ დამფუძნებელი „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას სხვა ქვეყნებში ბიზნესის კეთების კუთხით მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებს. მამუკა ცაგარელი განმარტავს, რომ ბიზნესისთვის სასიკეთო ყველა ცვლილება 2005-2011 წლებში განხორციელდა, ხოლო 2012 წელს ბიზნესის კუთხით ქვეყანას რამე ხმაურიანი და ეფექტიანი რეფორმა არ მიუღია. შესაბამისად, რომელიმე კრიტერიუმში წინსვლა ან უკან დახევა ქვეყნის შინგით წელს მიმდინარე მოვლენების ფონზე არ მომხდარა.
საინიციატივო უფლებამცველი ჯგუფი „ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის“ კი დუბაიში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ.
სააკაშვილი, რომელიც დუბაიში საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობს, მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის პირველ ათეულში საქართველოს მოხვედრა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია. ბიზნესმენთა უფლებადამცველთა აზრით კი, ძველი მთავრობა ახალს მსოფლიოში კარგ რეპუტაციასთან ერთად, ბევრ პრობლემას უტოვებს.
„ვაცხადებთ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მმართველობის პერიოდში განხორციელდა უამრავი შემთხვევა თავისუფალი ბიზნესმენებისა და ბიზნესტრუქტურების დარბევისა, მრავალი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ხელისუფლების, მათი ნათესავების ან მათან დაახლოვებული პირების მიერ კონტროლირებადი ბიზნესტრუქტურების მხრიდან მომგებიანი ბიზნეს სფეროების მონოპოლიზაცია, პოლიტიკური, ქონებრივი თუ კონკურენტის ბაზრიდან გაძევების ინტერესით უსამართლოდ დაჯარიმებულია, გაძარცვულია, დევნილობაშია, სასჯელი მოიხადა თუ ეხლაც სატუსაღოშია უამრავი ქართველი თუ უცხოელი მეწარმე. მათზე განხორციელებული ტერორისა და ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის პირობებში, ზეწოლით, წნეხის ქვეშ პირადი თუ ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურების შიშით ბევრი მათგანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ვერც კი ახერხებდა გაეხმაურებინა მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები.
საქართველოში მომქმედი დიქტატორული რეჟიმი ქვეყნაში შიშის სინდრომის დანერგვით ახერხებდა და მალავდა შექმნილ რეალობას, საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულობებს ფაქტების აღრევითა და ფსევდოდემოკრატიით ნიღბავდა და მხოლოდ საკუთარი ბიზნესტრუქტურების ფასადური „წარმატებების“ დემონსტრირებით მრავალი წელი შეცდომაში შეჰყავდა, როგორც საკუთარი ისე მსოფლიო საზოგადოება“, - ნათქვამია ბიზნესმენთა გაერთიანების განცხადებაში.