გაფიცვა თუ საბოტაჟი რკინიგზის პარალიზების მუქარით

გაფიცვა თუ საბოტაჟი რკინიგზის პარალიზების მუქარით

ჭიათურის მაღაროების შემდეგ გაფიცვის ტალღამ საქართველოს რკინიგზაშიც შეაღწია. 24 ოქტომბერს, ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორი საათით გაიფიცნენ თბილისის მახარისხებელი დეპოს თანამშრომლები. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ და რკინიგზის პროფკავშირმა გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობის გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობასთან გამართული უშედეგო შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

საქართველოს რკინიგზის პირველი სამმართველოს მახარისხებელი დეპო, რომელიც თბილისის გარეუბანში, „აფრიკის“ სახელით ცნობილ დასახლებაში, მდებარეობს, ორი საათით საპროტესტო მოძრაობის ცენტრად იქცა. აქციაში მონაწილე 100-მდე ადამიანმა, ძირითადად მემანქანეებმა, მათმა თანაშემწეებმა და ზეინკლებმა დეპოს სრული პარალიზება მოახდინეს:

„ორი საათით გაჩერდა მოძრაობა. მთლიანად გაჩერდა ხაშურის დეპო, სამტრედია და ჩვენი დეპო. ამ ორი საათის განმავლობაში არც ერთი ელმავალი არ გასულა დეპოდან“, თუმცა, ორი საათის შემდეგ დეპოში კვლავ სამუშაო ატმოსფერო იყო. მაზუთში ამოგანგლული ზეინკლები ალეკო ჭულუხაძე და მამუკა ფერაძე ლოკომოტივის უზარმაზარ ძრავას ჩაჰკირკიტებდნენ.

„ხელფასების მომატებას ვითხოვთ ზეინკლები. აქ ხდება ელმავლის შეკეთება თავიდან ბოლომდე, არადა, გვაქვს ძალიან დაბალი ხელფასი. წელიწად-ნახევრის წინ დაგვიკლეს. 700-800 ლარამდე გვქონდა, ახლა კი 600 ლარი გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალეკო ჭულუხაძემ. მამუკა ფერაძემ კი, რომელიც განაგრძობდა ძრავის შეკეთებას, გვითხრა, რომ ზეინკლების გარეშე ელმავლები ვერ იმოძრავებენ:

„ჩვენზეა დამოკიდებული, გავა თუ არა დეპოდან ელმავალი. არადა, ყველაზე დაბალი ხელფასი ჩვენ გვაქვს და, მადლობის მაგივრად, შოლტი ზურგზე...“

გაფიცვაში მონაწილე რკინიგზის თანამშრომელთა კიდევ ერთი მოთხოვნა შრომის პირობების გაუმჯობესებას შეეხება. დეპოს თანამშრომლების თქმით, გარდა იმისა, რომ მძიმე პირობებში უწევთ შრომა, რეგულარულად არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი.
 
„ალბათ, მე-18-მე-19 საუკუნეში იყო შრომის ასეთი პირობები. ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მახარისხებელ დეპოში.

უნდა ითქვას, რომ 24 ოქტომბრის გამაფრთხილებელ აქციას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლა და პროფკავშირების წარმომადგენელთა მოლაპარაკება „საქართველოს რკინიგზის“ მესვეურებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის სახელით განცხადება კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი გაგნიძემ გააკეთა:

„დამატებით 11 მილიონი ლარით სახელფასო ფონდის ზრდა იწვევს კომპანიის ღირებულების შემცირებას 100 მლნ ლარზე მეტი თანხით. ამიტომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა როგორც აქციონერისა.“

მოგვიანებით „საქართველოს რკინიგზამ“ ოფიციალური ვებსაიტის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, იმის გამო, რომ ყოფილი გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეჩერებულია, ახლის დანიშვნამდე დირექტორთა საბჭო ვერ შეიკრიბება და, შესაბამისად, ვერც ბიუჯეტის პარამეტრებს შეცვლის. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სიფრთხილით მოეკიდეთ გარდამავალ პერიოდს და თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ ვალდებულებებს, რადგანაც საქართველოს რკინიგზის 85% ტვირთებისა არის საერთაშორისო, შემოდგომა არის სპეცტვირთების, მათ შორის, ხორბლის იმპორტის პერიოდი და საჭიროა გეგმაზომიერი მომსახურება. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა არის ინვესტორების ინტერესის ქვეშ, ნებისმიერი შეფერხება კი საქართველოს რკინიგზისა და სახელმწიფოსათვის საფრთხის შემცველი და ზიანის მომტანია.“

24 ოქტომბერს, სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიაშვილმაც, რომლის თქმითაც, უახლოეს დღეებში დაინიშნება რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც მაქსიმალურად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. რკინიგზელთა მოთხოვნებსა და გაფიცვას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 24 ოქტომბერს პარლამენტში უმცირების მიწვევით იმყოფებოდა:

„არ ველოდებოდი რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვას. არ გამოვრიცხავ, რომ იქ გარკვეული ტიპის საბოტაჟიც კი იყო, რადგანაც იქ ხელფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სფეროებში, თუმცა ესეც უნდა განვიხილოთ...“

სწორედ ამ განხვილვის შემდეგ გადაწყვეტენ პროფკავშირების წარმომადგენლები გააგრძელონ თუ არა სამომავლოდ გაფიცვა. პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ყველა მათი მოთხოვნა მკაფიოდაა არგუმენტირებული.

„ჩვენ ვასახელებთ კონკრეტულ პროცენტებს, კონკრეტულ სახელფასო განაკვეთებს და იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ხელფასების ზრდა. გვაქვს შესაბამისი შეთავაზებები და მივუთითებთ იმ რესურსს, რომელიც ხელფასების ზრდის საშუალებას იძლევა. ამ თემაზე პროფკავშირების იურისტები და ეკონომისტები თვეობის განმავლობაში მუშაობდნენ“, - უთხრა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ირაკლი პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების შემდგომი რაუნდის შედეგი ისეთი იქნება, რომ რკინიგზელებს არ მოუწევთ მუქარის შესრულება და გაფიცვის სრულმასშტაბიან ფორმაზე გადასვლა.