„პატივისცემის ღირსია პუტინი“, - „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთში თავისებური გზავნილები ჩაიტანეს, მაგრამ ამ გზავნილებს შორის არაფერი თქმულა საქართველოს ოკუპაციასა და პუტინის მიერ ჩვენი ისტორიის გაყალბებაზე, სადაც კრემლის ლიდერმა საქართველო აფხაზი და ოსი ხალხის გენოციდში დაადანაშულა.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში „პატრიოტების“ მიერ შეხვედრების გამართვის მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იყო. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია გამოეხმაურა პუტინის პოზიციას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების არდაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ „ეს დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა“, რომელიც არ აჰყვა პროვოკაციებს, რის გამოც პუტინის ამ ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეები პატივისცემით მოეკიდნენ.
რუსული მედია აქტიურად აშუქებს „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციის ვიზიტს მოსკოვში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „პატრიოტების“ ფრაზას, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანია.
ქართული დელეგაციის საპასუხოდ ლეონიდ კალაშნიკოვი (დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების თავმჯდომარე) აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ეტაპობრივად მოუხსნას საქართველოს შეზღუდვები, თუმცა იმ პირობით, თუკი ამისთვის მზად არის საქართველოს ხელისუფლება.
პარალელურად, „ნაციონალები“ მოითხოვენ, რომ ჩვენი სახელმწიფოს ოფიციოზის გარდა ყველა პოლიტიკურ ძალას აეკრძალოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკება და, ასევე, ქართველი ხალხის სახელით პუტინისთვის მობოდიშება.
ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ უნდა დაგმოს „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედება მოსკოვში. მისი თქმით, „პატრიოტები“ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ განშტოებას წამოადგენენ.
„პატრიოტებს შეხედეთ და მიხვდებით, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
უნდა აეკრძალოს თუ არა ყველა პოლიტიკურ ძალას ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკება, თუკი ამ მოლაპარაკებაში არ იქნება ჩართული საქართველოს ხელისუფლება?!
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მისი პოზიცია „ნაციონალებისას“ ემთხვევა. პოლიტოლოგის განმარტებით, რუსეთის სახელმწიფოსთან, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ოკუპანტად გამოაცხადა და, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, პოლიტიკური დიალოგის პრეროგატივა მხოლოდ ხელისუფლების ხელში უნდა იყოს. რაც შეეხება სხვა ძალებს, ან პიროვნებებს, კანონით შეიძლება მათ ვერ ავუკრძალოთ მოსკოვში ვიზიტები, მაგრამ თავად ამ პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა მისცენ საკუთარ თავს იმის უფლება, დაელაპარაკონ ოკუპანტ ქვეყანას.
„პატრიოტთა ალიანსი“ იქნება, ბურჯანაძე, თუ ნებისმიერი სხვა, ოპოზიციას კრემლისთვის არაფრის შეთავაზება რეალურად არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ, როდესაც ოპოზიცია ჩადის ოკუპანტთან, რუსეთში ჩნდება განცდა, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებთანაც ურთიერთობას ისინი უპრობლემოდ ააწყობენ. რა მოტივით შეიძლება ჩახვიდე ოკუპანტ ქვეყანაში, როცა ხარ ოპოზიციაში და არანაირი ბერკეტი არ გაქვს პრობლემის მოსაგვარებლად, თუკი შენი ხელისუფლება არ დათანხმდა ამას. სხვა თემაა, როდესაც ხელისუფლების დავალებით ან მითითებით მიდის ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი, თუ პიროვნება სხვა ქვეყანაში მოსალაპარაკებლად“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვის საპასუხოდ, უნდა გაეპროტესტებინათ თუ არა „პატრიოტებს“ პუტინის გამოგონილი ვერსია საქართველოს მიერ აფხაზი და ოსი ხალხის გენოციდის შესახებ, განმარტავს, რომ ეს საკითხი მეორეხარისხოვანია, აქ მთავარია, რომელ პრინციპზე უნდა იყოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა აგებული.
„მთავარი პრინციპი კი არის ის, რომ ქვეყანასთან, რომელთანაც არ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, ოპოზიციას არაფერი ესაქმება“.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს აინტერესებს, ვინ უნდა აუკრძალოს „პატრიოტებს“ ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკება?! ასე რომ მოხდეს, მაშინ პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი დადგენილება და ასეთი ვიზიტები ოფიციალურად აკრძალოს, თორემ ისე პოლიტიკურ პარტიას შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს კონტაქტები მასთან, ვისთანაც ის თვლის საჭიროდ. ეს იმ პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობის საკითხი და მისი პოლიტიკური ტვირთია.
„ვფიქრობ, „პატრიოტთა ალიანსს“ კარგად აქვს გაცნობიერებული, რასაც აკეთებს. თვითონაც იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას და, პრინციპში, არც მალავენ არაფერს. ეს არ არის ფარული, საზოგადოებისგან დაფარული ვიზიტები, ეს ხდება მედიის თანდასწრებით, შუქდება ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით და საუბრის შინაარსიც, ასე თუ ისე, ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია. თუ ვინმე დაზარალდება ამით, ეს იქნება მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი“. ამიტომაც გაუგებარია, რატომ წუხან ცალკეული პოლიტიკური ძალები ამის გამო. არა მგონია, „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს სახელით ლაპარაკობდეს, ისინი საუბრობენ თავიანთი პარტიის სახელით და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ისინი არ წარმოადგენენ მმართველ ძალას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში.
მისივე პროგნოზით, იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით რუსეთთან, ეს მოლაპარაკებები რაიმე ხელშესახებ შედეგს არ მოიტანს. ვერანაირ შეთანხმებას „პატრიოტები“ რუსებთან, მით უმეტეს, იმ დონის წარმომადგენლებთან, ვისაც ისინი ესაუბრებიან, ვერ მიაღწევენ. უბრალოდ, ამ შეხვედრების მიზანია, რაღაცნაირად რუსეთის ისტებლიშმენტი განაწყონ იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მიმართ შერბილდეს სანქციები, მკაცრი ზომები და არ მოხდეს სიტუაციის შემდგომი ესკალაცია. თორემ „პატრიოტთა ალიანსსაც“ კარგად ესმის, რომ ისინი, როგორც საპარლამენტო ფრაქცია, არავითარ ბერკეტს არ ფლობენ საქართველოში სიტუაციის შეცვლის თვალსაზრისით. ერთადერთი, მათ შეუძლიათ, რუსებს დაელაპარაკონ, გაიგონ მათი პოზიცია და აქ ჩამოიტანონ ინფორმაცია ამის თაობაზე.
„სხვა არანაირი დატვირთვა მათ ვიზიტს მოსკოვში არ აქვს. რუსებმაც კარგად იციან „პატრიოტთა ალიანსის“ ამჟამინდელი სტატუსის შესახებ“.