საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ფეხბურთის ვარსკვლავს კახა კალაძეს ენერგეტიკის ახალი მინისტრის პოსტზე წარადგენს. OilPrice.com-ის თანახმად, კალაძე წამყვან იტალიურ კლუბებში, მილანსა და გენუაში, თამაშობდა.
ალბათ, ქვეყანა სერიოზულად უდგება ენერგოპოლიტიკას, როდესაც ფეხბურთის ვარსკვლავს, რომელსაც ამ სექტორში ნულოვანი გამოცდილება აქვს, ენერგეტიკის მინისტრად ნიშნავს.
კვირის დასაწყისში, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა აღფრთოვანებულ საზოგადოებას თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა, და ამცნო, რომ ფეხბურთის ვარსკვლავს კახა კალაძეს, რომელიც წამყვან იტალურ კლუბებში, მილანსა და გენუაში თამაშობდა, ენერგეტიკის მინისტრად მოიაზრებს. საფრანგეთის მოქალაქე და ქართველი მილიარდერი ივანიშვილი ჯერაც იმ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ხიბლშია, რომელშიც მან პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია დაამარცხა. რუსული მართმადიდებლური ეკლესიის ფავორიტმა ივანიშვილმა ქონება რუსეთში იშოვა, შესაბამისად, ვინ იქნება აღმოსავლელი ოლიგარქისთვის უკეთესი თანამებრძოლი თუ არა ფეხბურთის საყვარელი ვარსკვლავი?
მიუხედავად იმისა, რომ ხალხს თავისი ფეხბურთის ვარსკვლავი უყვარს, ცხადია, ამ ტიპის გადაწყვეტილება ქართული ენერგეტიკისთვის გამარჯვების საწინდარი არ არის.
საქართველოს პოტენციალი ასეთია:
სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველო ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან სატრანზიტო მარშრუტზე მდებარეობს და ერთმანეთთან მუდმივად მებრძოლ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არის მოქცეული. ეს საქართველოს მთავარ სატრანზიტო გზად აქცევს ნავთობისა და გაზის ექსპორტისათვის, რომელიც კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიიდან მოდის და გზას აგრძელებს ევროპაში თურქეთისა და შავი ზღვის გავლით. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც საექსპორტო მარშრუტს ქმნის რუსეთის გვერდის ავლით.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საშუალებით 1 მილიონი ბარელი ნავთობის გადაზიდვა ხდება კასპიის ზღვის აზერი-ჩირაგი-გუნაშლის ნავთობის საბადოდან თურქეთის ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ ჯეიჰანამდე. მას ასევე გადააქვს აზერბაიჯანული გაზი თურქეთში. გადაზიდვები 2005 წლიდან ხორციელდება, და საქართველოს სახელმწიფო ხაზინა დაახლოებით $50 მილიონ დოლარს იღებს ყოველწლიურად.
ამ მილსადენის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა სათანადოდ უნდა შეფასდეს. მისი მნიშვნელობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი თურქეთი და ერაყელი ქურთები განახორციელებენ თავიანთ გეგმებს და კიდევ ორ მილსადენს ააშენებენ ჩრდილო ერაყში კირკუკის სადავო ტერიტორიაზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს დაუკავშირდება და კიდევ უფრო მეტ ნავთობსა და გაზს მიაწვდის ჯეიჰანს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მილსადენია 830-კილომეტრიანი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (WREP); BP-ი ახორციელებს პროექტს, რომლის საშუალებითაც 1999 წლიდან აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი საქართველოს სუფსის ტერმინალს მიეწოდება. ახლა ეს გეოპოლიტიკური აქტივი, სავარაუდოდ, ფეხბურთელმა უნდა მართოს, რომელსაც ნამდვილად არ აკლია ენერგია მოედანზე, მაგრამ საბაზისო განათლება ან გამოცდილება არ აქვს, რომ რომელიმე სამინისტრო მართოს – რომ აღარაფერი ვთქვათ ენერგოპოლიტიკაზე.
ნუ შეგეშინდებათ, ამბობს ივანიშვილი. 34 წლის ფეხბურთელი, რომელმაც თამაშს მაისში დაანება თავი, „ნიჭიერი კაცია და შეძლებს ახალი საქმის დაუფლებას“, უთხრა მან Associated Press-ს. ეს კი იმ ფაქტით გაამყარა, რომ კალაძეს ერთ-ერთ ქართულ უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
კალაძემ პირობა დადო, რომ პრიორიტეტს განახლებადი ენერგიის გამოყენებას მიანიჭებს და საქართველო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აღარ გააგრძელებს. „ჩვენ არ გვსურს ენერგოსექტორის განვითარება გარემოს ხარჯზე“, თქვა მან. „ქარი და მზის ენერგია შესაძლოა საკმაოდ ძვირი იყოს, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით სვლაზე უნდა ვიფიქროთ“.
კალაძეს წარმატებულ ბიზსნესმენად წარმოაჩენენ, „რადიო თავისუფლების“ თანახმად, მას აქვს აქციები თბილისში არსებულ „პროგრეს ბანკში“, ასევე განხორციელებული აქვს ინვესტიციები უკრაინაში, იტალიასა და ყაზახეთში. მისმა ჩართულობამ ზოგიერთ საქველმოქმედო პროექტში ის მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ის, ცხადია, არ არის სტივენ ჩუ – აშშ-ის ენერგეტიკის ექსტრაორდინარული ხელმძღვანელი – მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ის ამ საქმეს გაუმკლავდება, მიუხედავად იმისა თუ რა დევს სასწორზე. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ის მარიონეტია, რომელსაც ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ გააკონტროლებს. ეს ოლიგარქის სტილია – ახალი ბრჭყვიალა სათამაშოები დისტანციური მართვით.
foreignpress.ge