18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ გახდება „რუსთავი 2“–ის მეპატრონე – მისი კანონიერი მფლობელი ქიბარ ხალვაში თუ არხის არაფორმალური მფლობელები ძმები ყარამანიშვილები. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა, ახლა სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ჰქონდა თუ არა მოწინააღმდეგე მხარეს შეზღუდული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
გადაწყვეტილება ორგვარი შეიძლება იყოს: პირველი – სტრასბურგის სასამართლომ დაადგინოს დარღვევა, რაც ახალი პროცესების დაწყების საფუძველია; მეორე – თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ ქართულ სასამართლოში არ დარღვეულა მხარის უფლება, ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაში უნდა დარეგისტრირდეს კომპანიის მესაკუთრედ. კერძოდ, თუ სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო გამოყენებული, უნდა გაუქმდეს, ამავდროულად იტყვის, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში უნდა დარეგისტრირდეს მესაკუთრეთ.
სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინშია „რუსთავი 2“–ც. არხის გენერალური დირექტორი მხარდამჭერებს მოუწოდებს 18 ივლისს 12 საათიდან შეიკრიბონ არხის ეზოში და ერთად იზეიმონ სამართლიანობა. ნიკა გვარამია მოუწოდებს მეორე მხარეს, ტყუილად ნუ ავრცელებენ, რომ „რუსთავი 2“–ს გადაიბარებს ქიბარ ხალვაში.
„ტყუილით ნუ ამხნევებთ და ბოლო იმედს ნუ აძლევთ სასოწარკვეთილ მომხრეებს: კი, ვართ გაფარჩაკებული, მაგრამ „რუსთავი 2“–ს წავიღებთ და ამოვისუნთქავთო. ტყუილია! „რუსთავი 2“ დარჩება იმ სტატუს-კვოთი, როგორიც დღესაა. გავიმარჯვებთ აუცილებლად და სამართლიანობა იზეიმებს. სამართლიან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ გადაახტება, ვერ გაბედავს და მორჩა. გაბედავს და მოხვდება მწარედ! 18 ივლისს ერთად ვიზეიმოთ სამართლიანობა! ვიკრიბებით „რუსთავი 2“–ის ეზოში დღის 12საათზე! მოდით! მოიყვანეთ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები! დიდი ზეიმი იქნება, გპირდებით!“, – წერს ნიკა გვარამია.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, როგორც მან for.ge–სთან საუბრისას აღნიშნა, ელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.
ხალვაშის ინტერესების დამცველი, პაატა სალია განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ უნდა თქვას, შეილახა თუ არა მოწინააღმდეგე მხარის უფლებები, თუმცა მისი თქმით, საქართველოში არ ყოფილა რაიმე ისეთი დარღვევა, რამაც შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიაღებინოს სტრასბურგის სასამართლოს, ანუ შეიცვალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ახალი არ იქნება თუ გავაჟღერებთ, რომ საქართველოს სასამართლოზე დარღვევა, რასაც შეეძლო რამე ზეგავლენა გამოეწვია საბოლოო გადაწყვეტილებაზე, არ ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ თუ ავიღებთ პარალელურად და გავიხსენებთ რა განცხადებებს აკეთებდა „რუსთავი 2“–ის მენეჯმენტი პირველი დღიდან დაწყებული, როცა სარჩელი შევიდა - დაიწყო შეტევა, მაშინვე უნდობლობა გამოეცხადა საქართველოს სასამართლო სისტემას. იმასაც ამბობდნენ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ განიხილავს, ურთმელიძე თუ სხვა მოსამართლე, ჩვენ მაინც არ ვენდობით საქართველოს სასამართლოსო.
მე, როგორც იურისტი ვთვლი, რომ ამ განხილვებში მართლა არ ყოფილა ისეთი დარღვევა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიაღებინებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მხარეს შეელახა სამართლიანი სასამართლოს უფლება. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რას ემსახურება გვარამიას ეს განცხადება. წინასწარ როგორ შეიძლება იცოდეს გვარამიამ, ან ვინმე სხვამ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პაატა სალია.
მისი თქმით, ამ დავაში ქიბარ ხალვაში მხარეს არ წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მხარეები არიან „რუსთავი 2“ – ყარამანიშვილები და „TV საქართველო“, ხალვაშის ინტერესებს იცავს სახელმწიფო და მოპასუხე არის იუსტიციის სამინისტრო.
„არ ვიცი რას ემსახურება გვარამიას განცხადება. ვფიქრობ, ეს ისეთივე სპეკულაციაა, როგორც ადრე. პროგნოზების გაკეთება ცოტა რთულია. იურისტებს არც გვაქვს უფლება ჩვენს კლიენტებს რამე გარანტია მივცეთ, შეუძლებელია წინასწარ იცოდე, რას იზამს სასამართლო. თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ არანაიარი დარღვევა არ არსებობდა, რამაც შეიძლება სტრასბურგის სასამართლოს იმგვარი გადაწყვეტილება მიაღებინოს და თქვას – მხარის უფლებები დაირღვა და მან თანაბრად ვერ ისარგებლა სასამრთლოთი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა სალიამ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ნიკა გვარამია „თავისუფალი სიტყვის“ დაცვის მოტივით ცდილობს პროცესების ესკალაციას და სწორედ ამას ემსახურება მისი მოწოდება, რომ „რუსთავი 2“–ის ეზოში ერთად იზეიმონ გამარჯვება. ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, მთლიანდ პოლიტიზირებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“, შესაბამისად, დაგეგმილ აქციასაც დიდი დოზით ექნება პოლიტიკური ელფერი.
„რთულია გადაწყვეტილების გამოცხადებამდე წინასწარი პროგნოზის გაკეთება. უნდა წავიკითხოთ, რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და მერე გავაკეთოთ კომენტარები. ფეისბუქ პოსტებზე არ ვაკეთებთ კომენტარს, მაგრამ, ზოგადად, ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს „რუსთავი 2“, ყველა მისი ნაბიჯი, ყველა გადაცემა, ყველა მისი ქმედება პოლიტიკურად არის დატვირთული.
შესაბამისად, ამ აქციასაც ექნება პოლიტიკური დატვირთვა, რომ საზოგადოებას დაანახოს თითქოს საქართველოში დამოუკიდებელი მედიის შევიწროება მიმდინარეობს, არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო და ა.შ. - „ნაცმოძრაობის“ ტიპური ნარატივია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ანჯაფარიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, კავშირიებიც აქვთ, შესაძლოა, ზუსტად არ იცოდნენ დოკუმენტის შინაარსი, მაგრამ შესაძლოა, რაღაცა ზოგადი ინფორმაცია ჰქონდეთ იმაზე, თუ რა ტიპის გადაწყვეტილება არის გამოსული. ამ პოზიციას იზიარებს საერთაშორისო მკვლევარი თამარ კიკნაძე, რომლის შეფასებით, ნებისმიერი მოვლენა, რაც საქართველოში ხდება, „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთობლივად ცდილობენ, რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, რომელიც მიმართული არის ქვეყნის დესტაბილიზაციისაკენ.
„უბედურება არის ის, რომ მათი და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა დესტაბილიზაციის. მე უკამოყოფილო ვარ ამ ხელისუფლების, იმიტომ, რომ ყოველ დღე გვესმის უწმაწური სიტყვები, სახელმწიფო მოხელეების შეურაცყხოფა, სანამ პუტინს შეაგინებდნენ, მანამდე ივანიშვილს აგინებდნენ. ეს არ არის სიტყვის თავიუსფლების გამოხატვა. როდესაც ის ეხება უკვე სახელმწიფოს, ეს დასჯადი ქმედება უნდა იყოს. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაცია უმაგრებს მხარს მათ ამაში. მორიგი დესტაბილიზაცია საქართველოსთვის არის დამღუპველი. ამიტომ ყველამ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს არ დავუშვათ და მათ შორის არ დაუშვას სახელმწიფომ დესტაბილიზაცია. რაც მთავარია, „რუსთავი 2“–ის წყალობით 4 მილიარდი დოლარით დაზარალდა სახელმწიფო და პასუხი ამისთვის არ უნდა მოვთხოვოთ? ახლა კიდევ ახალი დესტაბილიზაცია უნდა ნიკა გვარამიას, რომელიც არ ჯდება არავითარ ქართულ ტრადიციაში და ქართულ ადამიანურ ღირებულებებში“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განმარტებით, მომხრეების დაპატიჟება, ალბათ, ის სტილია, როდესაც 2008 წელს რუსთაველის გამზირზე „გამარჯვებას“ ზეიმობდა მიხეილ სააკაშვილი. თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მოტივი ისიც იყოს, რომ მარცხის შემთხვევაში შეკრებილი ხალხის მუხტი წარიმართოს საპროტესტო მიმართულებით და „რუსთავი 2“–მა დაიწყოს საპროტესტო აქციების გენერაცია. მე მგონია, რომ უფრო ამის ასახვაა.
„გამარჯვების იმედი ადამიანს როცა აქვს, ის ელოდება გამარჯვებას და წინასწარ არ იძახის ამის შესახებ. რადგან წინასწარ გაისმა მოწოდება ამ თემაზე, შეიძლება სწორედ რომ იმედი არ აქვს გამარჯვების და ხალხის მობილიზაცია სჭირდება ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს. არ აპირებენ შეგუებას, ეს ნიშნავს, რომ არ აპირებენ იყვნენ კანონმორჩილები. პარადოქსულია, მაგრამ ჩვენთან პარადოქსები ხშირია, როდესაც ევროპელობაზე თავს დებს ის მხარე, რომელიც არ აპირებს იყოს კანონმორჩილი. ევროპელობაზე თავს დებს პარტია, რომელსაც რევოლუციის განზრახვა ჰქონდა და აქვს. კანონმორჩილებას არ აპირებს ტელევიზია, რომელიც არადასვლურ ორიენტაციაში სხვებს ადანაშაულებს და თვითონ ორიენტაციები აშკარად არეული აქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, გვარამიას განცხადება ნიშნავს იმას, რომ საპროტესტო აქცია იქნება, თუ სასურველი შედეგი არ იქნა.
„რიგი ექსპერტების აზრით, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებიც იყო იმ მუხტის დასაგროვებელი პროცესი, რომ 18 ივლისს გაშლილიყო სრულფასოვანი ბრძოლა. რადგან არსებითად რუსთაველის აქციამ მოახერხა მხოლოდ იმ ადამიანების მობილიზაცია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები იყვნენ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების მხრიდან, მეეჭვება, რომ „რუსთავი 2“ – ის პრობლემამ რამე არსებითი ცვლილება შეიტანოს საპროტესტო აქციების მასშტაბებში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.