ოპოზიციონერი პუტჩის გეგმებს აღიარებს

ოპოზიციონერი პუტჩის გეგმებს აღიარებს

ეს ცივი ომის დროინდელ წარმოდგენას ჰგავს: თითქოსდა რუსულმა ოპოზიციამ მეზობელი საქართველოდან მილიონები მიიღო, რათა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და პრეზიდენტ პუტინის დამხობის ორგანიზება მოეხდინა. არსებობს ვიდეომასალა – და აღიარებაც კი. ოპოზიცია ყველა ბრალდებას უარყოფს.

საგამოძიებო კომიტეტის სპიკერი დღეს ამაყად გამოვიდა კამერების წინ: მას წარმატებული შედეგი ჰქონდა გამოსაცხადებელი. ლეონიდ რაზვოზჟაევი, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანამშრომელი, ნებაყოფლობით გამოცხადდა და ყველაფერი აღიარა, თქვა სერგეი მარკინმა: „21 ოქტომბერს ის გამოცხადდა საგამოძიებო კომიტეტში, რათა მოეცა აღიარებითი ჩვენება. რაზვოზჟაევმა დეტალურად ახსნა ის, თუ როგორ მოამზადა მან სერგეი უდალცოვთან, კონსტანტინე ლებედევთან და სხვებთან ერთად რუსეთში მასობრივი არეულობები. მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული პირები ბოლოტნაიას მოედანზე 6 მაისის არეულობებში იყვნენ ჩართულნი“.

მაისში პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. 400 აქტივისტი დროებით დააკავეს. ოფიციალური მონაცემებით, ცემის დროს 30 პოლიციელი დაშავდა. დაშავებული დემონსტრანტების რაოდენობა უცნობია. დღემდე 18 ადამიანია მსჯავრდებული. მათ ბრალად არეულობების პროვოცირება ედებათ. ისინი ან წინასწარი გამოძიების საკნებში სხედან, ან შინაპატიმრობაში არიან.

„ენტევე“ სავარაუდოდ ფარულად გადაღებულ ვიდეოებს აჩვენებს

დღეისთვის საგამოძიებო უწყებებისათვის დადგენილია: აქციის უკან ქართველი პოლიტიკოსები დგანან. უხეშად დამოტანჟებულ ვიდეოფილმში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა სატელევიზიო არხმა „ენტევემ“ აჩვენა თითქოს საიდუმლოდ გადაღებული კადრები სასტუმროს ოთახიდან, რითაც სურდათ იმ მოსაზრების გამყარება, რომ საქართველოს ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრმა, არასაპარლამენტო ოპოზიციას პროტესტების ორგანიზებისა და პრეზიდენტ პუტინის დამხობისთვის მილიონები შესთავაზა.

რაზვოზჟაევის აღიარება ნებაყოფლობითი იყო, განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის სპიკერმა მარკინმა: „გარდა ამისა, მან თქვა, რომ აქციებს ფინანსურად მხარს გივი თარგამაძე უჭერდა. ამ ნებაყოფლობითი აღიარებითი ჩვენების ყველა ფრაგმენტი გადამოწმების პროცესშია“. (რედ. -თარგამაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის პარლამენტის წევრია და თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე. ის ბრალდებებს „აბსურდულს“ უწოდებს).

არასახელისუფლებო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც „მემარცხენე ფრონტის“ ხელმძღვანელმა სერგეი უდალცოვმა, ბრალდებები უკვე გასულ კვირას უარყვეს. უდალცოვის წინააღმდეგ მასობრივი არეულობების ორგანიზების მცდელობის ბრალდებით გამოძიება დაწყებულია.

მთავარი მოწმე უკრაინაში გაიტაცეს და აწამეს?

ბრალდების გაჟღერების შემდეგ რაზვოზჟაევმა უკრაინას შეაფარა თავი. იგი შეეცადა კიევში გაეროს წარმომადგენლობაში თავშესაფარი ეთხოვა. მისი უფროსის, რუსეთის დუმის დეპუტატის ილია პონომარიოვის მონაცემებით, რაზვოზჟაევი შენობიდან გამოსვლის შემდეგ რუსეთის უშიშროების სამსახურების თანამშრომლებმა გაიტაცეს და საკუთარი თვითმფრინავით ჩამოიყვანეს მოსკოვში.

ახლა ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ რაზვოზჟაევი ფორმაში ჩაცმულ პირებს პოლიციის მანქანასთან. მანქანისკენ გზაზე მან იქ მომლოდინე ჟურნალისტებს დაუყვირა: „თქვით, რომ მე მაწამებდნენ, რომ მოკვლით მემუქრებოდნენ! ორი დღე მაწამებდნენ უკრაინაში“.

ოპოზიციისთვის ეს სიმართლეა. მათთვის არ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ კრემლი პუტინის ოპონენტებს უსწორდება. რუსეთში, მასობრივი დემონსტრაციების დაწყების დღიდან დეკემბერში, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი საპროტესტო მოძრაობას უცხოეთიდან დაფინანსებულს და მართულს უწოდებდა.
foreignpress.ge