ქვეყნის ეკონომიკა უკან მიდის, მსოფლიო ბანკი კი გვაქებს

ქვეყნის ეკონომიკა უკან მიდის, მსოფლიო ბანკი კი გვაქებს

მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო მეცხრე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია. წლის ბიზნეს რეფორმატორი პოლონეთი გახდა, ბიზნესისათვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და ადვილ გარემოდ კი კვლავაც სინგაპური სახელდება. ჯამში მეცხრე ადგილზე გასულმა საქართველომ ცალკეულ ნომინაციებში უკეთესი შედეგებიც აჩვენა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქონების დარეგისტრირება ყველაზე ადვილია. ანგარიშის თანახმად, ასევე უპრობლემოდ ხდება მშენებლობის ნებართვის აღება (მე-3 ადგილი) და საბანკო სესხების გაცემა (მე-4 ადგილი).

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ყველაზე დაბალი გადასახადებია და ამიტომ მათი შემცირება წარმოუდგენელია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დუბაიში მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმზე მსოფლიო ბანკის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

„რეალობა არის ის, რომ საქართველოში - ეს უკვე აღიარეს კოალიცის წევრებმა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია მსოფლიოში, ამიტომ გადასახადების შემცირება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ასევე ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო რუსეთს შეადარა და აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ხელთ არსებული დიდი რესურსებისა, იგი მსოფლიო ბანკის რეიტინგებში სერიოზულად ჩამოგვრჩება.

„შევარდნაძის მთავრობის პერიოდში ჩვენ ამ მხრივ 141-ე ადგილზე ვიყავით. გატარებული რეფორმების შედეგად გასულ წელს მე-16 ადგილზე გადავინაცვლეთ. დღევანდელი რეიტინგით კი საქართველო მე-9 ადგილზეა. ვიღაც იტყვის, რომ სააკაშვილის მთავრობა ატყუებდა ხალხს და ჩვენ ამ ტყუილის შედეგად ჩაგვწერეს სიაში მე-9 ადგილზე. რუსეთს ჩვენზე ათასჯერ მეტი ფული აქვს და მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანის მიუხედავად, რამდენიმე ათეულშიც ვერ მოხვედრილა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მიუხედავად მსოფლიო ბანკის რეიტინგებისა და მიხეილ სააკაშვილი თავმომწონე განცხადებებისა, საქართველოში ყველამ იცის, როგორ კეთდებოდა აქ ბიზნესი. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ან მასთან ძალიან დაახლოებული პირი არ იყავი, ქართულ ბაზარზე (ნებისმიერ სეგმენტში) ცხვირსაც არავინ შემოგაყოფინებდა, ხდებოდა ბიზნესწილების წართმევა და გადაფორმება სააკაშვილის კარის ბიზნესმენებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ამაზე ღიად არავინ საუბრობდა, ხოლო ვინც ალაპარაკდა, ან ციხეში უკრეს თავი, ან ქვეყნის დატოვება და პოლიტიკური თავშესაფრის ძიება მოუწია. თუმცა, ქართველმა ბიზნესმენებმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე უკვე ღიად ისაუბრეს იმაზე, რაზეც აქამდე დუმილი უწევდათ და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებიც დაასახელეს. ალბათ, ყველაფერი ჯერ წინ გვაქვს, რადგან არაერთი საკუთრება და ბიზნესწართმეული ადამიანი თავისი საკუთრების უფლების აღსადგენად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. მანამდე კი შეგვიძლია იმაზე ვიმსჯელოთ, რატომ მივიწევთ ამგვარ რეიტინგებში წინ იმ ყველაფრის ფონზე, რაც ქვეყანაში ბიზნესის დატერორების კუთხით კეთდებოდა.

ამ თემაზე for.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ლექვინაძე ესაუბრება.

ირაკლი ლექვინაძე: „დავიწყოთ იმით, რომ ათეულში მოხვედრა საკმაოდ პოზიტიური მოვლენაა, რადგან განვითარებული ქვეყნების გვერდით ვართ. როდესაც ამ რეიტინგს ინვესტორი ჩახედავს, პირველი განცდა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ გაუჩნდება, ეს საკმაოდ პოზიტიური განწყობა იქნება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის პირველები ვართ და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ არის საკითხები, რაშიც საქართველოს გარკვეული წარმატებები აქვს. თუმცა ერთია ის, რაც ამ დოკუმენტშია ასახული, ხოლო მეორე საკითხია, რომ თუ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ჩავუღრმავდებით, საკმაოდ საინტერესო ტენდენციებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ამიტომ ცხადი ხდება, რომ ეს რეიტინგი მთლიანად ვერ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენთან ბიზნესგარემოში არსებობს.

ბიზნესის რეიტინგი ზომავს გარკვეული ტექნიკური საკითხების ერთობლიობას, რომელიც შეიძლება ფორმალურად, საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ კარგად იყოს გადაწყვეტილი, მარტივად გაკეთებადი, მაგრამ ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხის შინაარსი არის გასარკვევი. ვგულისხმობ ისეთ საკითხებს, რომლებიც ამ რეიტინგში ვერ ხვდება. მაგალითად, ბაზარზე კონკურენციის ხარისხი, ადამიანების კვალიფიკაციის დონე და ა.შ. ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ამ რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ საკუთრების რეგისტრაციაში გატარების მხრივ, ანუ ეს ჩვენთან ყველაზე მარტივად ხდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შინაარსი, თუ ვინ რა მიზნით აფორმებს ამ საკუთრებას. საქართველოში როგორ ხდებოდა საკუთრების, მათ შორის ბიზნესის გადაფორმება, ამაზე კარგად მეტყველებს თუნდაც ეს ბოლო პერიოდი, როდესაც ყველა ერთმანეთთან დაობს, აცხადებენ, რომ გადაფორმება ზეწოლის შედეგად მოხდა და ა.შ. ამიტომб მთლიანობაში ეს რეიტინგი არის ტექნიკური საკითხების მაჩვენებელი და ამის უკან თუ ჩვენ შინაარსში უფრო მეტად ჩავიხედავთ, სწორედ იქ წავაწყდებით იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ბიზნეს-გარემოს აწუხებს.

ახლა განვიხილოთ, რამ განაპირობა ამ მაჩვენებლის ზრდა. პირველ რიგში, გეტყვით, რომ არის ასეთი კომპონენტი - ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და ელექტროენერგიის მიწოდება. ამ კომპონენტში საქართველომ დაახლოებით 38 საფეხურიანი წინსვლა განიცადა. ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ ხელმისაწვდომობას ზომავს ელექტროენერგიაზე, არამედ მიწოდების ხარისხსაც, რამდენად დანახარჯიანია, როგორი დანაკარგებია და ა.შ. სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება რაიმე ღონისძიება, რომელმაც საქართელოში ეს კომპონენტი გააუმჯობესა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო ბანკმა ეს სხვანაირად დაინახა, ანუ დაინახა ისე, როგორც დაინახა, და ამ კომპონენტმა განაპირობა ჩვენი ზრდა ამ რეიტინგში. აქვე გეტყვით, რომ დღეს ბიზნესისთვის ელექტრომომარაგების საკითხში პრობლემაა საკმაოდ მაღალი ტარიფები. ერთია, რომ მაღალი ტარიფებია მოსახლეობისთვისაც და ეს ცალკე თემაა, მაგრამ კომპანიები კიდევ უფრო ძვირს იხდიან, რაც პრინციპულად კიდევ უფრო არასწორია, რადგან კომპანიები ამ პროდუქციის საკმაოდ დიდი რაოდენობით შემსყიდველები არიან. ამიტომ, მათთვის ტარიფი შედარებით უფრო დაბალი უნდა იყოს.

რეიტინგის თანახმად, წინსვლა არის კრედიტის აღების კომპონენტში. პრინციპში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში გაცემული კრედიტების მოცულობა გაზრდილია და მხოლოდ ეს პოზიტივია. სხვა მხრივ, საპროცენტო განაკვეთები არ შემცირებულა და საერთოდაც არაფერი მომხდარა ისეთი, რამაც ამ მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია, ანუ კრედიტის აღების პროცედურა იგივეა, რაც იყო. ასევე არის კიდევ რამდენიმე კომპონენტი, რაშიც ისედაც პირველები ვიყავით. მაგალითად, ეს არის სამშენებლო ნებართვები, ბიზნესის რეგისტრაცია, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვაჭრობის ბარიერები და ტარიფები, ასევე გარკვეული წინსვლა გადასახადების გადახდის სიმარტივეში გვაქვს. თუმცა ეს განპირობებულია იმით, რომ ბევრი რამ ელექტრონული გახდა, მაგალითად ანგარიშფაქტურების, ელექტრონული ზედნადებების შემოღებამ ადმინისტრირების პროცესი გაამარტივა და შესაძლოა წინსვლა ამ კომპონენტს უკავშირდებოდეს.

ამასთანავე, არის ორი ძალიან საყურადღებო შემცირების მაჩვენებელი. პირველი არის გაკოტრების რეჟიმის პროცედურები, რაც საქართველოში რთული იყო და ამ კომპონენტში უკუსვლა გვაქვს. როგორც ჩანს, სხვებმა ეს მაჩვენებელი გააუმჯობესეს და ამ ნაწილში გაგვასწრეს. საქართველოში საკმაოდ დიდი დრო, ხანგრძლივი სასამართლო პროცესები და სხვადასხვა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესი გაკოტრებულად და დახურულად გამოაცხადო. ეს ერთ-ერთი პრობლემაა ბიზნესისათვის და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ ნაწილში გვაქვს. ყველაზე მთავარი, რაც ამ რეიტინგში მენიშნა არის ის, რომ ინვესტორთა დაცულობის მაჩვენებელი ექვსი პუნქტით არის გაუარესებული. ეს კი იმას ნიშნავს, ინვესტორი რომ შეხედავს ამ რეიტინგებს, ნახავს, ბიზნესის რეგისტრაცია მარტივია, ასევე საკუთრების უფლების დარეგისტრირება, მაგრამ ასევე ნახავს, რომ ინვესტორების დაცულობა შედარებით პრობლემურია. ამიტომ ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რად მინდა მარტივად დავარეგისტრირო ბიზნესი, თუ ჩემი საკუთრება საფრთხის ქვეშ დადგება?

ამდენად, ამ ტენდენციაში ეს პრობლემა ჩანს. აქვე გავიმეორებ იმას, რომ შესაძლოა მსოფლიოში ბიზნესის დარეგისტრირების სიმარტივის კუთხით პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ჩანს, რომ საკუთრების გაფორმების უკან იყო ზეწოლა და ის დავები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, სწორედ ამის მაჩვენებელია. თუმცა, გარკვეული რეზიუმე რომ გავაკეთო, მთლიანობაში ეს რეიტინგი ჩვენთვის კარგია, რადგან ათეულში მოვხვდით, რაც ინვესტორებს ჩვენს მიმართ პოზიტიურად განაწყობს. მაგრამ შიდა მოხმარებისთვის, დეტალურ ანალიზს რომ მივყვეთ, ის პრობლემები, რომლებიც მე გამოვკვეთე, რეალურად არსებობს და ამ კუთხით უფრო მეტი შინაარსობრივად დატვირთული ცვლილებები უნდა გატარდეს, რათა მხოლოდ ტექნიკური საკითხებით არ ვიყოთ მიმზიდველები და აქ ბიზნესის კეთება რეალურად მომგებიანი იყოს.

ამ რეიტინგების კომენტირებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია და მათი შემცირება წარმოუდგენელია. ამასთანავე, მან თქვა, რომ რუსეთს ჩვენზე ბევრჯერ მეტი ფული აქვს და მთელი მისი პროპაგანდისტული მანქანის მიუხედავად, რამდენიმე ათეულშიც კი ვერ მოხვდაო. საერთოდაც, „ნაციონალური მოძრაობამუდმივად მანიპულირებდა მსგავსი რეიტინგებით იმის საილუსტრაციოდ, რომ, თითქოს, საქართველოში სერიოზული რეფორმები ხორციელდება და ამას დასავლეთშიც კარგად ხედავენ. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით?

- ყველა რეიტინგი აბსოლუტურად სუბიექტურია, ყველა ეყრდნობა კონკრეტულ მეთოდიკას და ეს სუბიექტივიზმი რეალობისგან განსხვავებულ შედეგებს განაპირობებს. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ეს რეიტინგი ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოს სრულყოფილად ვერ ასახავს, რადგან ბიზნესის დაწყების სიმარტივე, ბიზნესის კეთების სიმარტივეს არ ნიშნავს. შინაარსი ცოტა უფრო რთულია, ვიდრე ის ფორმა, რომლითაც ეს რეიტინგებში არის წარმოდგენილი. რაც შეეხება გადასახადების საკითხს, მართალია, რეგიონში ჩვენ უფრო შედარებით ცოტა გადასახადი და დაბალი განაკვეთები გვაქვს, მაგრამ ერთ გადასახადში რამდენიმე გადასახადი არის თავმოყრილი. მაგალითად, ქონება რამდენიმე გადასახადის ერთობლიობაა, ასევე საშემოსავლო გადასახადიც გაერთიანების შედეგია. ამიტომ, მთლიანობაში, მართალია დაბალი გადასახადები გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირება გვინდა, რა თქმა უნდა, შემცირების რესურსი არსებობს, იგივე დღგ-ს ნაწილში, იგივე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და თუნდაც მოგების გადასახადის ნაწილში. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადასახადებმა დროის გარკვეულ პრიოდში დაიწიოს, რათა ამან ბიზნესზე პოზიტიურად იმოქმედოს. გარდა ამისა, ერთია ის, რომ დაბალი გადასახადები და მცირე განაკვეთები გვაქვს, მაგრამ ადმინისტრირების საკითხი, ანუ გადასახადების ამოღების სქემები, ასევე დაჯარიმება, რაც ადრე არსებობდა, არალიბერალური მიდგომა ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებსაც შესაძლოა კონკრეტული დავალიანების გასტუმრება, ვთქვათ, ერთი დღით გადაუცდათ, ან რაღაც მცირე დარღვევა დოკუმენტში, რომელიც ყველას აქვს, შეიძლება დაჯარიმების მიზეზი გახდეს. ამ ჯარიმების სახით ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხები შედიოდა და, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესის ხარჯი იყო.

შეიძლება შევადაროთ, რა უკეთესია, დაბალი გადასახადი მქოდეს და ბევრი ჯარიმა, თუ ნაკლები ჯარიმა და შედარებით მაღალი გადასახადი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პირველ რიგში ადმინისტრირების ნაწილი არის გასასწორებელი, რათა იგი მარტივი, ადვილად გასაგები და ნაკლებხარჯიანი გახდეს, ანუ ბიზნესმა თავი უფრო თავისუფლად იგრძნოს. რუსეთთან შედარებას რაც შეეხება, ეს, ალბათ, მაინც პოლიტიკური საკითხია, რუსეთთან ჩვენი დაპირისპირება საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ასე უკრაინას ამ კუთხით უფრო უარესი ვითარება აქვს და შეიძლება უკრაინასთან შედარება უფრო უპრიანიც გამხდარიყო. უკრაინა, რუსეთი და ყაზახეთი გამოირჩევიან, ასე ვთქვათ, საკმაოდ დახუნძლული ტექნიკური პროცედურებით, ანუ იქ ძალიან ბევრი გადასახადია, ძალიან ბევრი სირთულეა, ზოგადად ბიზნესის კეთების ნაწილში ბევრი ბარიერია, ტექნიკურად ეს ასე ჩანს და მსოფლიო ბანკის შეფასება მათთან მიმართებაში ამიტომაც არის ასე დაბალი, თუმცა რეალურად რომ შევადაროთ, შეიძლება კონკურენცია იქ უფრო მეტი იყოს, ვიდრე ჩვენთან.

მაგალითად, უკრაინისა და საქართველოს ბაზრების შედარება რომ გავაკეთოთ (მიუხედავად იმისა, რომ ამ რეიტინგებით ჩვენ მე-9, ხოლო უკაინა, თუ არ ვცდები 137-ე ადგილზეა), კონკურენციის ხარისხით უკრაინის ბაზარი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩვენი ბაზარი იყო აქამდე, რადგან ბიზნესი სამთავრობო წრეების მხრიდან არაპირდაპირ რეგულაციას განიცდიდა, რაც კონკურენციას ზღუდავდა. იგივე თუნდაც საკუთრების უფლებისა და ინვესტორთა დაცულობის ნაწილის შედარება იქნებოდა ძალიან საინტერესო და კარგი.

ამგვარ რეიტინგებში არ აისახება ასევე ბიზნესზე ზეწოლა, რაზეც ბიზნესმენებმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე უკვე ღიად ისაუბრეს. შესაძლებელია, რომ ამგვარი ფაქტებმა რამენაირად ასახვა ჰპოვოს რეიტინგებში?

- სამწუხაროდ, ამ რეიტინგის მეთოდიკა მსგავსი ტიპის ფაქტების ასახვას არ ითვალისწინებს. მაგალითად, თუ ვიღაცამ მეორე პიროვნებაზე ქონება დოკუმენტურად გადააფორმა, თუნდაც ზეწოლის შედეგად, ეს რეიტინგი რეგისტრაციის სიმარტივეს დათვლის და არა შინაარს, თუ რის გამო მოხდა ამ გადაფორმების პროცედურა. ამ რეიტინგში ჩანს მხოლოდ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტი, თუმცა აქ უნდა არსებობდეს მხარე, რომელიც ამაზე პროტესტს ღიად გამოხატავს. მაგალითად, თუ მე ქონება წამართვეს, მაგრამ მე ის ჩემი ნებით გადავეცი, რადგან სხვა გზა არ მქონდა, ამას ეს რეიტინგი ვერ გაითვალისწინებს. თუ სასამართლო დავა დავიწყე და ეს დავა განვითარდა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაფიქსირდება, რომ აქ საკუთრების უფლებებში გარკვეული პრობლემები არსებობს. რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი ვერ ზომავს სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხს, რომელიც ბიზნესდავების დროს გადამწყვეტია. რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო წყვეტს, კონკრეტული დავების წარმოების პროცესში ვინ არის მართალი და ვინ არა. თუნდაც ის, რაც ახლა ხდება, ვიღაცას ქონება ჩამოართვეს სამართლიანად, ზოგს უსამართლოდ და ეს დავები რეალურად სასამართლომ უნდა გადაჭრას. თუ კონკრეტული ბიზნესმენი ხმამაღლა განაცხადებს საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ და ამაზე დავას დაიწყებს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ეს რომელიმე რეიტინგში ფაქტად აისახოს.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუკი ყველა ის დავა, რაც ამჟამად წამოიჭრა, სასამართლოებში გადაინაცვლებს, შესაძლოა რეიტინგებში უფრო დაბლა დავიწიოთ?

- არ ვიცი, როგორი იქნება მომდევნო წელი. ეს დამოკიდებულია იმ ცვლილებებზე, რომლებსაც ჩვენი ახალი ხელისუფლება განახორციელებს, მაგალითად, გადასახადების შემცირების, ან პირიქით არშემცირების კუთხით, იქნება თუ არა ახალი რეგულაციები და ა.შ. ეს საკითხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ამიტომ, ასე ცალსახად რთულია ამის თქმა. მთავარია, ჩვენ ეს პოზიციები შევინარჩუნოთ და რაშიც დაბალი მაჩვენებლები გვაქვს (გაკოტრების შესახებ კანონმდებლობა, ენერგოეფექტურობა, ინვესტორთა დაუცველობა და ა.შ.), ამ კომპონენტების გაუმჯობესება მოხდეს. სამართლიანი სასამართლო ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვნად წაგვწევს წინ. ამიტომ, ეს რეფორმები არის განსახორციელებელი.