ქუთაისის პარლამენტის შენობაში საპარლამენტო უმცირესობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა პერიოდულად იძაბებოდა და დებატებში იზრდებოდა.
ეს იყო თვითლუსტრაციის საუკეთესო საშუალება, როცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელნი, რომლებსაც საზოგადოებისთვის თითქმის არცერთი დანაპირები არ შეუსრულებიათ, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არმყოფი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან დანაპირების დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვდნენ. საზოგადოების ნაწილში ამ ადამიანების მამხილებელმა ტონმა აგრესია გამოიწვია. მათი აზრით, ნაციონალების ამ გამოჩენილ სახეებს იმდენი უსამართლობა აქვთ ჩადენილი, რომ ახალ ხელისუფლებას მათგან შენიშვნები არც უნდა მიეღო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა გაუძლო მათ შემოტევას.
ნუგზარ წიკლაური ჩვეულ სტილში იყო და ბიძინა ივანიშვილი არასტაბილური ფსიქიკის ადამიანად მოიხსენია, რომელიც დღეში რამდენჯერმე იცვლიდა პოზიციას, თუმცა აშკარა იყო, ნუგზარ წიკლაურს დავიწყებოდა ნაციონალური მოძრაობის „ფსიქიკურად გაწონასწორებული სახეები“ - გივი თარგამაძე კახი კალაძის კორუფციულ ზრახვებს უღრმავდებოდა, დავით დარჩიაშვილი კი ბიზნესის კეთების პროცესში ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ წრეებთან კავშირით ინტერესდებოდა. მთლად „გარეპა“ გოგა ხაჩიძემ, ეთიკის ყოველგვარი ნორმები დაივიწყა და საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ანეკდოტის მოყოლა სთხოვა ბიძინა ივანიშვილს, გოგი ოჩიაური კი დიდაქტიკური ტონით შეეცადა მორალის წაკითხვას ივანიშვილისთვის - „ასე აპირებთ გაგრძელებას?! ასეთი სიარული საქართველოს სიკეთეს ვერ მოუტანს“, - და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოპონენტთა დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
ინტრიგებში გამობრძმედილ ნაციონალებთან შერკინებამ ბიძინა ივანიშვილი არ დააბნია. როგორც აღმოჩნდა, მისი გულწრფელობა პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძესაც არ გამოჰპარვია და ივანიშვილის ამ თვისების შესახებ საკუთარი თანაგუნდელებისთვისაც გაუზიარებია აზრი, რაც, ალბათ, მისივე კოლეგებისთვის გაუგებარი იქნებოდა. სავარაუდოდ, ისინი არ მოელოდნენ გიორგი ბარამიძის ტრანსფორმაციას და მისგან ბიძინა ივანიშვილის ღირსებების დანახვას.
სხვათა შორის, გია ბარამიძის გამოსვლა მეტად უცნაური იყო. ერთი შეხედვით, იგი ცდილობდა, ბიძინა ივანიშვილისთვის ეამებინა და მთელი საქართველოს ჭორვილად გადაქცევა ესურვებინა, თუმცა ამავდროულად, ცდილობდა, მეხამრიდად მოვლინებოდა თავის კოლეგებს და გაემართლებინა საკუთარი თანაგუნდელების მიერ დასმული უხეში შეკითხვები. მათ შორის, ისეთი, თუ ველურ დასავლეთზე უფრო ველურ რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა მილიონები როგორ იშოვა?! სულ ახლახანს ქონება როგორ გაყიდა რუსეთში, პუტინი ხომ არ ეხმარებოდა და მისი ინტერესების გამტარებელი ხომ არ იყო?! როდის აუხდენდა ქართველებს ოცნებებს?!
აქვე ბარამიძემ ირიბად ნუგზარ წიკლაურსაც უპასუხა და ივანიშვილის მიერ პოზიციების ცვლილებებსაც საკუთარი ახსნა მოუძებნა - „თუ ადამიანმა დაინახა, რომ რაღაც არასწორად თქვა და შეცვალა თავისი აზრი, ეს ნორმალურია და ეს ხელოვნება თქვენ ათვისებული გაქვთ“.
მისივე თქმით, ივანიშვილი საქმეში უფრო კარგად ჩაიხედავს და, შესაძლოა, ნახოს რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი კარგი გააკეთა. უფრო მეტიც, გია ბარამიძისთვის თურმე ყოველი დამნაშავე, რომელიც მათ ხელისუფლებაში იყო, მათივე მტერი ყოფილა.
„ნებისმიერი ჩვენი ხელისუფლების წევრი, ვინც კანონს არღვევდა, უნდა დაისაჯოს. ნუ დაგვიკარგავთ იმას, რასაც მივაღწიეთ, დაეყრდენით იმას, რაც გავაკეთეთ. თქვენ მუშაობის პროცესში აღმოაჩენთ ბევრ სიკეთეს და ბევრ შეცდომასაც და დარწმუნებული ვარ, რომ ამას იტყვით“, - იმედს არ კარგავს გია ბარამიძე.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილს პოლემიკაში შესვლა მოუხდა როგორც ნუგზარ წიკლაურთან, ისე გოგი ოჩიაურთან. მანვე წიკლაურს განუცხადა, რომ უმცირესობის იდეოლოგიას მომავალში გასაღების ბაზარი დაეკარგება და ის, რაც მათთვის იდეოლოგიაა, სინამდვილეში, დემაგოგიაა. გოგი ოჩიაურის საპასუხოდ კი თქვა, რომ, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე აპირებს გაგრძლებას და არ გაიმეორებს იმ ფასადურ დაპირებებს, რასაც წინა ხელისუფლება იძლეოდა. „თქვენ უწოდებთ ამას დისკრეტიდაციას, მე კი რეალობას ვეძახი და ვაპირებ, ყოველთვის ყველაფერს თავის სახელი დავარქვა“, - აღნიშნა ივანიშვილმა, რომელმაც გივი თარგამაძესაც შეახსენა, რომ ელიტურ კორუფციაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი და ამაში ყველა დარწმუნებულია, მაგრამ, თუკი ვინმეს საამისო რწმუნება აკლია, სასამართლოს მეშვეობით დარწმუნდებიან ამაში. „მე ამაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა გამოძიება იქნება“, - განაცახდა იავიშვილმა.
რაც შეხება ანეკდოტების მოყვარულ გოგა ხაჩიძეს, ბიძინა ივანიშვილმა მას ტამტამზე დაკვრის ოსტატობა, მართალია, არ შეუქო, მაგრამ ის ფაქტი შეახსენა, როცა გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის მინისტრად ყოფნისას, მოცალეობის ჟამს, სამინისტროს კორიდირში ველოსიპედით დანავარდობდა.
და მაინც, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, რატომ ჰქონდათ ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგრესიული ტონი, იმიტომ ხომ არა, რომ მათზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში, მათ სათქმელად ექნებათ, რომ ახალი ხელისუფლება მათი, როგორც ვითომდა ჭეშმარიტი ოპონენტების, გაჩუმებას შეეცადა?!
„თავდასხმა საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა“, - სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ექსპერტებსა და პოლიტიკოსებზე ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრამ.
„თავხედობას საზღვარი არ აქვს. გაღმით შეედავე პრინციპით, გამოღმა დაგრჩება, სწორედ ასე ცდილობს ეს ნამდვილად უმცირესობა. პრინციპში, ისინი ყოველთვის უმცირესობა იყვნენ ქართულ საზოგადოებაში“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.
მისივე შეფასებით, ძალზე სასაცილოა, რომ ვინმე წიკლაური ეკონომიკურ გეგმებს უწუნებს ბიზნესმენს, რომელსაც საკუთარი ხელით აშენებული აქვს უზარმაზარი ეკონომიკური სისტემები.
„ეს ძალზე არასერიოზულია. სად ბანაობენ, მე მგონი, ჯერ კიდევ არ იციან, მაგრამ იმედია, ამას მალე მიხვდებიან და მოინანიებენ“, - აცხადებს ექსპერტი.
ამასთან, მან იუმორით შეხედა გოგა ხაჩიძის გამოსვლას: „გოგა ხაჩიძემ დოლზე დაუკრა სადმე? გოგა ხაჩიძის მინისტრობა თავისთავად ანეკდოტია და ბატონ ბიძინას შეეძლო, მოეყოლა მოკლე ანეკდოტი - „გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის მინისტრი“. ეს ის მესამე ანეკდოტი იქნებოდა, რომელსაც გოგა ხაჩიძე ითხოვდა“.
რაც შეეხება საზოგადოების მოსაზრებას, რომ ეს ადამიანები ხმის ამოღებას ვერ უნდა ბედავდნენ იმ დროს, როცა საკუთარი დანაშაულების გამო, შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ, ამასთან მიმართებით გია ხუხაშვილს ასეთი მოსაზრება აქვს - ეს ასატანია, სწორედ ეს არის დემოკრატია. რაც უფრო მეტს იტყვიან, უკეთესია. ხვალ, შესაძლოა, ამის საშუალება აღარც ჰქონდეთ.
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ეს იყო ყველაზე შეურაცხმყოფელი შეხვედრა ივანიშვილისთვის მას შემდეგ, რაც იგი შემოვიდა პოლიტიკაში, თუმცა, ამავე დროს, ეს არის თვითლუსტრაცია ე. წ. ოპოზიციური უმცირესობის, რომელიც დარწმუნებულია, რომ მათი პოლიტიკური პერსპექტივა საკმაოდ მალე მაღალი მიღწევების მომტანი იქნება.
ექსპერტის თქმით, ამ შეხვედრის დაწყებამდე პირადად მას გარკვეული კმაყოფილების განცდა ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იყო ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ. თუმცა რეალობა სულ სხვა ტიპის გზავნილების კრებული აღმოჩნდა. კერძოდ, ნაციონალური მოძრაობა, ფაქტობრივად, თავიდან ჩაება წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატში. მათი გამოსვლები მიმართული იყო არა ივანიშვილისთვის კითხვის დასმის მიზნით, არამედ იმ მომავალი ამომრჩევლების ძიებისა და გულის გამაგრების სურვილით, რომელიც ამ ჯადოქართა გუნდს საკუთარ მხარდამჭერებად ეგულება.
„როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობაში იწყება „პერესტროიკა“, რომლის არქიტექტორად მოგვევლინება ბატონი მერაბიშვილი, თუ მას არ ექნა რაიმე ვალდებულება სამართალდამცველი ორგანოების მიმართ. მკაფიო იყო ის პრიმიტიული სვლა, რაც საშინაო დავალების სახით გააჟღერა ყველა გამომსვლელმა. ბარამიძემ საკმაოდ ილაპარაკა შეურაცმხყოფელი თემების გამოყენებით, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, სურდა, ბლომად მოეყარა სანელებლები ამ ცხარე კერძისთვის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, მისთვის ყველაზე გულწრფელი გოგი ოჩიაურის გამოსვლა გახლდათ, რომელიც ყოველგვარი სიყალბის გარეშე დარწმუნებულია, რომ ქვეყნაში მხოლოდ წარმატებების ეპოქა იდგა განვლილი წლების განმავლობაში. ამდენად, ექსპერტის სურვილია, ნუ გავუქარწყლებთ ამ შეხედულებას გოგი ოჩიაურს, რადგან იგი ნიჭიერი ადამიანია და ღმერთმა კიდევ დიდხანს მისცეს ნირვანაში ცხოვრების შესაძლებლობა.
რაც შეეხება ნუგზარ წიკლაურსა და გოგა ხაჩიძეს, სოსო ცისკარიშვილს ახსენდება გამოთქმა - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა. ამასთან, მიიჩნევს, რომ ეს ორი ადამიანი არცხვენს საკუთარ ოჯახს, მშობლებს, მასწავლებლებს და გვევლინებიან ნულოვანი ზრდილობის მქონე მოქალაქეებად, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ ადგილი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
„მწარე სიტყვები ბევრი ისმოდა, მაგრამ ოჯახში გაზრდილობის ეჭვი არავისზე წარმოქმნილა. სხვა გარემოში, ქუჩაში, სადარბაზოში ეს ორი ადამიანი უფრო წარმატებული იქნებოდა. რაც შეეხება დარჩიაშვილისა და სხვების გამოსვლას, ეს იყო ნაცმოძრაობის შიდა კასტინგი, რომლებსაც კბენის სიმწარით უნდა ეჯობნათ ერთმანეთისთვის, რომ „პერესტროიკის“ მერე დარჩენილიყვნენ მოტივტივენი (როგორც აქამდე ტივტივებდნენ) ნაციონალური მოძრაობის არენაზე. ოღონდ ყოფილ და დღევანდელ ნაცმოძრაობას შორის ის განსხვავებაა, რომ ნაციონალ-სადისტური მოძრაობა გარდაიქმნა ნაციონალურ-მავნებლურ მოძრაობად, რადგან სადიზმის რესურსი მათ აღარ გააჩნიათ“, - მიიჩნევს ექსპერტი.
ბიძინა ივანიშვილს კი თანმიმდევრული პოზიციის გამოხატვას უწონებს. მისივე თქმით, ყველანი ადამიანები ვართ და იყო მომენტი, როდესაც ივანიშვილს მოუწია იმ კამათში ჩართვა, რომელიც უფრო უმცირესობის და უმრავლესობის ადრინდელ შეუხმატკბილებელ დიალოგს მოგვაგონებდა, მაგრამ კვლავ დროულად აიყვანა თავი ხელში. ამასთან, რა თქმა უნდა, იგი სიამოვნების გარეშე უსმენდა ცილისწამებებს, მაგრამ თავშკავებული იყო და ბოლოს უკვე ღიმილი ეტყობოდა.
„ეს ადამიანები პრიმიტიულად თვლიან, რომ თავდაცვა თავდასხმის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს ლეგიტიმური მთავრობა. როდესაც უნდათ, მიიღონ პასუხი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან იმაზე, რომ ორშაბათს გაზრდის პენსიებს თუ ოთხშაბათს, სამშაბათს მოხდება თუ ხუთშაბათს დევნილთა ბინების გაფორმება რეესტრში, ხუთშაბათს აპირებს თუ შაბათს გაფიცულ მუშათა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ეს ერთ რამეზე მიგვანიშნებს, ამ ადამიანებს არანაირი სურვილი არ გააჩნიათ ოპოზიციური სპექტრის ფუნქციის შესასრულებლად. ისინი კიდევ ერთხელ გვიმტკიცებენ, რომ მათი პარტიის ლიდერი, რომელიც შეთავსებით პრეზიდენტადაც მუშაობს ხოლმე, სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, ისევე, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი და ოპოზიციის წარმომადგენელი. ამიტომ, თუ ისინი ასეთი „მკაფიო ოპოზიციონრები“ არიან, მაშინ უნდა ვირწმუნოთ ისიც, რომ თავად უშიშროების საბჭო გარდაიქმნა საშიშროების საბჭოდ და თავად პრეზიდენტი საფრთხეა საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
For.ge-სთან საუბარში დეპუტატი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტისთვის გაუძლია, ვიდრე საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა იყო.
მისივე თქმით, ეტყობა, უმცირესობამ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, ამიტომ უსაგნოდ, უხერხემლოდ მოირგო ოპოზიციის როლი და ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი მთავრობის სამოქმედო პროგრამის გაკრიტიკება დაიწყო.
„კრიტიკა მათი უფლებაა. ამ ადამიანების შევიწროებას არ ვაპირებთ, მაგრამ ისინი, ვინც დანაშაულს ჩადიოდნენ და ჩაიდენენ, აუცილებლად მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ეს იქნება ჩვენი გუნდის წევრი თუ უმცირესობის წარმომადგენელი. ოპოზიციაში გადმობარგება და ოპოზიციური მანტიის მოსხმა არ არის ინდულგენცია ყველა იმ დანაშულზე, რაც ამ ვაჟბატონებს და ზოგიერთ ქალბატონს ჩადენილი აქვს წლების მანძილზე. მე არ დავემსგავსები ზოდელავას, ადეიშვილს, მერაბიშვილს და არ დავდებ ადამიანს ბრალს, სანამ არ შევა ძალაში სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
მისივე თქმით, გოგა ხაჩიძე თავიდან ბოლომდე დაუსრულებელი ანეკდოტია, მისი საქმიანობა გარემოს დაცვის სამინისტროში სასაცილოა, რადგან იგი არის ადამიანი, რომელმაც გააჩანაგა უწყება და მოსპო საქართველოს ბუნება. სწორედ მისი მმართველობის წლებს უკავშირდება ამ სფეროში გატარებული ავადსახსენებელი რეფორმები, ბუნებრივ რესურსთა თავაშვებული განადგურება, მძლავრი უწყების დაშლა და მოსპობა. ამიტომ გია ცაგარეიშვილი როცა გოგა ხაჩიძის მიერ განვლილ პერიოდს იხსენებს, მის თვალწინ ცოცხლდება ბელადზე დაწერილი სიმღერები, ტამტამები და დაფდაფები, მისი სეირნობა სამინისტროს კორიდორებში ველოსიპედით. თუმცა არ ახსენდება მის მიერ გადაწყვეტილი გარემოსდაცვითი არცერთი პრობლემა.
რაც შეეხება უმცირესობის დანარჩენ გამოსვლელებს, დეპუტატის აზრით, სწორედ ეს არის მათი როლი. თუმცა ისინი უნიჭოდ ასრულებენ ამ როლს. გია ცაგარეიშვილი თვლის, რომ არსებობენ უნიჭო და ნიჭიერი მსახიობები, პოლიტიკოსის საქმიანობა კი ძალიან ჰგავს მსახიობის საქმიანობას: „ისიც სცენაზე დგას, ცალი თვალით დარბაზს ადევნებს თვალყურს, მოსწონთ თუ არა მისი თამაში. ეს არის პოლიტიკოსის ბუნებრივი მდგომარეობა, იგი პუბლიკაზე უნდა თამაშობდეს, თუმცა, თუ მსახიობი და პოლიტიკოსი უნიჭოა, პუბლიკა ამას კარგად ამჩნევს, მით უმეტეს, ქართული პუბლიკა, რომელიც გათვითცნობიერებულია ნიუანსებში. გულწრფელობა კი არც ბარამიძეს, არც დარჩიაშვილს, წიკლაურს, ბობოხიძეს არ გააჩნიათ და ისინი ოპოზიციონერები ფორმალურად არიან.
„უმცირესობის გამოსვლა ეს იყო ძალმომრეობა, საზოგადოების დაცინვა და მუდმივი ქილიკი. ახლა ისინი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ, როცა მეტროსადგურიდან გადის მატარებელი, უამრავი ადამიანი აწყდება ბოლო ვაგონს. ზოგი ასწრებს ვაგონში შესვლას, ზოგი კი რჩება პერონზე ან კარებშიც მოჰყვება ხოლმე. ბოლო ვაგონი მათთვის არის ე.წ. ოპოზიციური ვაგონი. მათ უნდათ, შეხტნენ ამ ვაგონში და თქვან, ჩვენ უკვე შემადგენლობაში ვსხედვართ და, ვითომდა, ოპოზიციურ ვაგონად ვიწოდებით, მაგრამ ჩვენ მაინც შემადგენლობაში ვართო. მათ უნდათ, მოირგონ ოპოზიციონერის როლი, მაგრამ ოპოზიციონერობა მძიმე ხვედრია, მორალური უფლება უნდა გქონდეს, აკრიტიკო სხვა, ამის საშუალება უნდა მოგცეს შენმა წარსულმა და შენმა ხალხმა. არა მგონია, ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს ამის უფლება ჰქონდეთ, თუმცა არ გამოვრიცხავ, ამ 65 კაციანი შემადგენლობიდან ბევრს ჰქონდეს ამის უფლება“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
მასვე გია ბარამიძის, გაბაშვილისა და მათ მსგავსთა ნათქვამის არ სჯერა და მათ დიდ ფარისევლებად მიიჩნევს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ცაგარეიშვილს ამ ადამიანებთან ურთიერთობის ნეგატიური გამოცდილება დაუგროვდა. ისინი ჩუმად იყვნენ მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას უჭირდა, როცა ადამიანის უფლებები ირღვეოდა, როცა სისხლი იღვრებოდა ქუჩებში, მათ გაამართლეს სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის ყველა ავბედითი ნაბიჯი. ამიტომ ისინი დანაშულებრივი სისტემის მამოძრავებელი ნაწილები არიან.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ცაგარეიშვილის აზრით, იგი უნიკალური ადამიანია, ძალიან თავმდაბალია და ამ უხერხემლო ვაიპოლიტიკოსების კრიტიკა მას არაფერს დააკლებს. მეტიც, წიკლაურ-ხაჩიძე-გოგორიშვილებსა და „ქართული ოცნების“ წარმოამდგენლებს შორის დიდი განსხვავებაა. მათი ოცნებაა ისევ სავარძლები, პერსონალური მანქანები, მივლინებები, „ქართული ოცნება“ კი ქვეყნის გადარჩენისთვის ზრუნავს.
„არ ვაპირებთ, დავკავდეთ იმ აღებ-მიცემობით, რითიც ეს ადამიანები იყვნენ დაკავებულნი, მაფიოზური სქემების გამოყენებით ასობით მილიონი დოლარი აქვთ ნაშოვნი. მთელი მინისტრთა კაბინეტი და უმრავლესობის ნახევარი ასე იქცეოდა და ახლა ხელის გაშვერა ჩვენსკენ, თითქოს შეუსრულებელი დაპირებები გავეცით, არადამაჯერებელია. აღდგომა და ხვალეო“, - აღნიშნა დეპუტატმა.