მინერალური წყალ „ბორჯომის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. ამ დროისთვის ქარხანაში სამუშაო პროცესი პარალიზებულია და კომპანიის ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრას გეგმავს.
„სამარცხვინო ხელფასზე ვმუშაობთ თვრამეტი წელია აქ ვარ და ხელფასების გაზრდას დაწყების დღიდან გვპირდებიან, მაგრამ არაფერი შეცვლილა“, - აცხადებს ქარხნის თანამშრომელი ნუნუ ბალასანიძე.
ქარხანაში ხელფასები 200 ლარიდან იწყება. დირექციაში აცხადებენ, რომ საშუალოდ თანამშრომელთა ანაზღაურება 650 ლარამდე ადის, რომელიც ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო იმატებს. აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მათ აღნიშნული თანხა სრულად არასდროს აუღიათ. ამ ფაქტს ხელმძღვანელები საშემოსავლოს დაკავებით ხსნიან.
„აიდიეს ბორჯომი–საქართველო“–ს ბორჯომის მასშტაბით 700–მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. აქედან დაბალ ანაზღაურებას 200–მდე თანამშრომელი აპროტესტებს.
წარმოების უფროსმა თანამშრომლებთან საუბარი არ ისურვა. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძე კი ჟურნალისტების დანახვამ გააღიზიანა და თანამშრომლებს კამერების გარეშე საუბარი შესთავაზა, რაზეც გაფიცულებმა უარი თქვეს. ბაღდავაძემ განაცხადა, რომ კომპანია ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში გეგმავდა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი უკვე გაწერილია და თანამშრომლებს ანაზღაურების გაზრდას ამ ეტაპზე ვერ დაჰპირდებიან.
კომპანიაში იმ ზარალზეც საუბრობენ, რომელსაც ქარხნის გაჩერება გამოიწვევს. „ზარალი დიდი იქნება, თუმცა ზუსტ რაოდენობას ამჟამად ვერ დაგისახელებთ. ზარალი ითვლება მას შემდეგ რაც ეს პროცესი გაივლის. ბორჯომი არის ჩვეულებრივი პროდუქტი. ეს არის საქართველოს სავიზიტო ბარათი და მათი ასეთი მიდგომა მიუღებელია“, – აცხადებს „აიდიეს ბორჯომი–საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ბაღდავაძე.
ბორჯომში არსებულ პრობლემებზე პირველად „ქართული ოცნება“ ალაპარაკდა. მათი თქმით, კომპანიას ადგილობრივები არ ჰყავდა დასაქმებული და ბორჯომის მოსახლეობა შემოსავალს ვერ იღებდა, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მინერალური წყლის ლიცენზიის საკითხი შესწავლის საგანი უნდა გახდეს და რისი რესურსი და შესაძლებლობაც იქნება, ყველაფერს გააკეთებენ.
„მუნიციპალიტეტის მონაწილეობით, საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხერხდეს დამატებითი სუბიექტების ჩართვა ბორჯომის წყლის რეალიზაციაში. საუბარი მაქვს ზოგადად მთლიანი საკითხის შესწავლა.
მე შეიძლება გულგრილი ვიყო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ლიცენზია აქვს მოპოვებული და ვთვლიდე, რომ ეს არის „მონსტრი“ ბიზნეს–ჯგუფი, რომელიც არ იმსახურებს ლიცენზიას და პატივს ბორჯომელებისაგან, მაგრამ მე იურისტი ვარ და ძალიან კარგად მესმის, რომ ყველაფერი ეს სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.
არის მოცემული კანონმდებლობა და არის მესაკუთრე, რომელსაც გააჩნია ლიცენზია, მას აღებული აქვს ვალდებულებები და რაღაც ახალი ვალდებულებებით მისი დატვირთვა, პრინციპში, ნიშნავს უკვე არსებული ურთიერთობების გადასინჯვას“, - აცხადებს ფოფხაძე.
რაც შეეხება კომპანიაში დასაქმებულთა ხელფასებს, აქ დეპუტატი უფრო კონკრეტულია.
„მამუკა ხაზარაძე ყოველთვის აპელირებდა საშუალო ხელფასით. საშუალო ხელფასი კი გამოდიოდა მისი „ბორდისა“ და მუშის საშუალო ხელფასით და ჯდებოდა რაღაც ნორმალური ციფრი. მაშინ „ბორდის“ ხელფასსაც გადახედონ რამდენი იყო და ვის უშვებდნენ და ვის უმცირებდნენ იმ ხელფასებს?
ერთი კითხვა მაქვს: რატომ არ უზრდიდნენ ამ ხალხს ხელფასებს? თუ ამდენი მუშა არ იყო საჭირო, მაშინ, რაიმე დამხმარე მეურნეობები შეექმნათ და დამატებითი ვალდებულებები აეღოთ, ან ინვესტიციები ჩაედოთ სხვა სფეროში. შენ ხომ ეს მინერალური წყალი ბორჯომიდან მიგაქვს, მოგებას იღებ, ნუთუ არ შეიძლება, რომ მოგება ბორჯომშიც ჩადო?“ - აცხადებს ფოფხაძე.
კომპანია „ბორჯომის“ ქართველი მეწილე მამუკა ხაზარაძე ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობას უარყოფს.
როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, კომპანია ლიცენზიის ყველა პირობას ასრულებს და მასში ადილობრივ მცხოვრებთა დიდი რაოდენობაა დასაქმებული, თუმცა ბიზნესმენი დასაქმებულთა ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ აუცილებელია ბორჯომის წყლებით სარგებლობის ლიცენზიის გადახედვა და იმის უზრუნველყოფა, რომ ამ უნიკალური წყლებით ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლოს. არჩევნებამდე, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „ბორჯომში ხდება იგივე, რაც მთელ საქართველოში. მონოპოლიებით იმართება მთელი ეკონომიკა და ბიზნესი. ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ამ უნიკალური წყლისგან, რითაც ბორჯომია დაჯილდოვებული, არავითარი შემოსავალი არ აქვს, არის ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი უმეცრება და თუ გნებავთ დანაშაული“.
ხაზარაძე კი ამტკიცებს, რომ კომპანიაში ადგილობრივები მუშაობენ.
„შეგიძლიათ შეამოწმოთ, კომპანიაში ადგილობრივები ნამდვილად მუშაობენ და ჩვენ კადრების ამისთვის უცხოეთიდან არ ჩამოგვიყვანია“, -ამბობს ხაზარაძე და დასძენს, რომ თუკი ახალი ხელისუფლებაში „ბორჯომის“ ლიცენზიის გადახედვას გადაწყვეტს, მას საწინააღმდეგო არაფერი ექნება.
„თუ ლიცენზიას გადახედავენ, გადახედონ“, - აცხადებს ბიზნესმენი.