სანამ საქართველოში რუსეთისადმი ანტიოკუპანტური განწყობა მატულობს, უკრაინელები ოკუპანტთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, როგორც ჩანს, შესაბამისი დრო გამონახა და პუტინს შეხვედრა შესთავაზა მინსკში, ოღონდ ერთი დათქმით-მოლაპარაკება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის შუამავლობით უნდა გაიმართოს.
„მინდა, მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, საჭიროა საუბარი? საჭიროა. მოდით, განვიხილოთ, ვისია ყირიმი, ვინ არის და ვინ არა დონბასში. გთავაზობთ შემდეგ ფორმატს, მე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი“, - განაცხადა ზელენსკიმ ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი სიამოვნებით მიიღებს რუსებს და უკრაინელებს მინსკში. „ჩვენ უბრალოდ გთავაზობთ საუბარს“, - ამბობს ზელენსკი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ზელენსკის შეთავაზება უფრო ბავშვობას ჰგავს, ვიდრე სერიოზული პოლიტიკოსის განცხადებას.
„რა ბავშვობაა, ეს ხომ არასერიოზულია. სახელმწიფოში არსებობს ორმხრივი შეხვედრები, არსებობს მრავალმხრივი ფორმატები, არსებობს მინსკის ჯგუფი ყირიმთან დაკავშირებით, არსებობს ნორმანდის ოთხეული დონბასთან დაკავშირებით. ასე რომ, ფორმატები უკვე ჩამოყალიბებულია და ზედმეტის მოფიქრება არ არის საჭირო. თუ რუსეთი რამის გამკეთებელია, ფორმატები საკმარისია, რათა მან გადახედოს თავის პოლიტიკას. ახალი ფორმატების შექმნას აზრი არ აქვს“, - განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც იქვე დასძენს, რომ ზელენსკის ჯერჯერობით ვერც ეჭვის თვალით შეხედავს და ვერც იმედით, ფაქტია, რომ უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯერ სერიოზული შეცდომა არ დაუშვია და არც დიდი გარღვევა მოუხდენია.
„პირადად ზელენსკის არ ვიცნობ და ძნელია, მასზე კარგი ან ცუდი ვთქვა. უბრალოდ, ფაქტია, ზელენსკი უცნაურად მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ეს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილება იყო და არა ზელენსკის“.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ მოლაპარაკებებისთვის უკვე არსებობს ოთხეულის ფორმატი რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით. თუ ამას დაემატება ამერიკა და ინგლისი, ეს რაოდენობრივად შეცვლის სიტუაციას, მაგრამ რეალურად არაფერი შეიცვლება.
„თანაც, საინტერესოა, რუსეთი დათანხმდება ისეთ შეხვედრას, სადაც ის ერთი იქნება და ხუთნი კი იქნებიან მის წინააღმდეგ?! ამიტომ არა მგონია, ზელენსკის შეთავაზებას გაგრძელება მოჰყვეს. ჩემი აზრით, ზელენსკის ეს გათვლილი აქვს რაღაც პიარზე და ასეთი ფორმატით შეხვედრა ვერ შედგება“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.