„ამ გრანტიჭამია ორგანიზაციებს უნდათ, რომ სახალხო დამცველი ჰომოსექსუალების დამცველი იყოს“

„ამ გრანტიჭამია ორგანიზაციებს უნდათ, რომ სახალხო დამცველი ჰომოსექსუალების დამცველი იყოს“

სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი სჯა-ბაასია გაჩაღებული იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს სახალხო დამცველი. მოგეხსენებათ, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ სახალხო დამცველის კანდიდატურად თამარ გურჩიანი წარადგინა, ადვოკატთა ასოციაციამ - გელა ნიკოლაიშვილი, სამოქალაქო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა ომბუდსმენის კანდიდატად ლია მუხაშავრია დაასახელა, ხოლო პატიმრების ოჯახის წევრებმა - დიმიტრი ლორთქიფანიძე.

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა მოითხოვს, რომ სახალხო დამცველად სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინიშნოს, რადგან მისი თქმით, ყველა გამოკითხვაში ლორთქიფანიძეს სხვა კანდიდატებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს.

ამასთანავე, კუკავა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და ყველა იმ ორგანიზაციას უპირისპირდება, რომლებიც დიმიტრი ლორთქიფანიძეს ჰომოფობიასა და ქსენობობიაში ადანაშაულებდნენ. მისი თქმით, „დიმიტრი ლორთქიფანიძეს ვინც ამ კუთხით ადანაშაულებდნენ, ჰომოფობიასა და ქსენოფობიაზე გაგებაშიც არ არიან“.

For.ge დაინტერესდა, რატომ არის კუკავასთავის არასამთავრობოების პოზიცია სახალხო დამცველთან დაკავშირებით მიუღებელი და რატომ უპირისპირდება იგი მათ. ასევე, რატომ ითხოვს დიმიტრი ლორთქიფანიძის სახალხო დამცველად დანიშვნას, გთავაზობთ კახა კუკავასთან ინტერვიუს.

კახა კუკავა: „ჯერ ერთი, დიმიტრი ლორთქიფანიძე არის პრინციპული. ყოველთვის ყველაზე მწვავე საკითხებთან დაკავშირებით მას ჰქონდა თავისი პრინციპული პოზიცია, იქნებოდა ეს 26 მაისის დარბევა, იქნებოდა ეს პატიმრების წამება თუ პოლიტიკური პატიმრები. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ბატონი დიმიტრი არასოდეს მიმართავდა რაღაც შერბილებულ ტონალობებს. მეორე უპირატესობა, რაც მას აქვს არის ის, რომ იგი არ არის ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებული და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თავის მოქმედებებში უფრო პრინციპული და თავისუფალი იქნება. თავის დროზე „ქართული ოცნებაც“ ამბობდა, რომ სახალხო დამცველი უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლების ოპონენტს და არა მის მოკავშირეს. და ბოლოს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს რაღაც ჰომოფობიის თუ ქსენოფობიის ბრალდებები წამოუყენეს და ამიტომ, პრინციპული საკითხია, რომ სწორედ ის დაინიშნოს სახალხო დამცველად, რადგან საქართველოში შეიქმნა ისეთი არაჯანსაღი ვითარება, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებად მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ითვლებიან, რომლებიც ქვეყნის გარედან, ამერიკიდან ფინანსდებიან და საზოგადოებრივ აზრად მხოლოდ მათი აზრი ითვლება. რატომღაც ეს უმცირესობა უმრავლესობის სახელით მართავს ქვეყანას და ეს უნდა დამთავრდეს.

ის, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე არ არის ჰომოსექსუალების ფანი და გააჩნია ისეთი მოსაზრებები, როგორიც ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გააჩნია, თუ ეს გახდა მისი დანიშვნისათვის ბარიერი (რასაც ჩვენ ტელეეთერებიდან ყოველდღიურად ღიად ვისმენთ), მაშინ გამოდის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 95% „ბრაკები“ ვყოფილვართ. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ყველა, ვინც ინგლისური არ იცოდა (ანუ ქვეყნის მოსახლეობის 95%) წუნდებულ პროდუქციად გამოაცხადეს და არავის არსად ნიშნავდნენ, სააკაშვილს ზოგის ღიპი არ მოსწონდა და ზოგის ასაკი. ახლა გამოდის, რომ ვინც ჰომოსექსუალი არ არის (მე მგონი ეგეც მოსახლეობის 95%-ია), ის უნდა გამოვაცხადოთ ყოველგვარი თანამდებობისათვის შეუფერებლად. ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელია. ზუსტადაც ლორთქიფანიძის დანიშვნა ამ პოსტზე იქნება იმ კურსის შეცვლა, რომელსაც საქართველოში სააკაშვილმა, ბოკერიამ და ამ ე.წ. ლიბერალებმა დაუდეს სათავე.

იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რასთან დაკავშირებით იყო დიმიტრი ლორთქიფანიძის მიმართ ჰომოფობიასა და ქსენოფობიაზე შენიშვნები გამოთქმული?

- მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა შეზღუდული უნდა იყოს, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამასთან დაკავშირებით აღშფოთდნენ ქართული ლიბერალური ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში სხვა ვერანაირ პრობლემას ვერ ამჩნევენ, მათ შორის ვერც პატიმრებთან მიმართებაში, ვერც 26 მაისთან დაკავშირებით ვერ ჩამოაყალიბეს თავისი პრინციპული პოზიცია, ხოლო ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით ძალიან პრინციპულები აღმოჩნდნენ და გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიმიტრი ლორთქიფანიძეს აუცილებლად ბარიერები უნდა შეექმნას.

ახლა თქვენი ოპონენტი გეტყოდათ, რომ სახალხო დამცველი არა მხოლოდ პატიმრების, არამედ იგივე სექსუალური უმცირესობების ინტერესებს უნდა იცავდეს და შესაძლოა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ეს ვერ გააკეთოს, თუკი მას ამ უმცირესობის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება აქვს

- შეგედავებით და გეტყვით, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს არა ჰომოსექსუალების ინტერესების, არამედ მათი უფლებების დამცველი. ამ ორ ცნებას შორის არსებითი სხვაობაა და მე ვფიქრობ, რომ თქვენ ახლა ზუსტად ჩამოაყალიბეთ, რაში მდგომარეობს დავის არსი. ჩვენ გვინდა, რომ სახალხო დამცველი იყოს ადამიანის უფლებების, მათ შორის ჰომოსექსუალების და ნებისმიერი ადამიანის უფლებების დამცველი. ამ ფსევდოლიბერალურ, გრანტიჭამია ორგანიზაციებს კი უნდათ, რომ სახალხო დამცველი იყოს ჰომოსექსუალების და სხვა ტიპის უმცირესობების ინტერესების დამცველი. ამაში მდგომარეობს ჩვენი დავის არსი.

თქვენ არაკვალიფიციურები უწოდეთახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისწარმომადგენლებს. რაზე დაყრდნობით აკეთებთ ამგვარ განცხადებებს?

- თქვენ რომ წაიკითხოთ მათ სარჩელი, რაც „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ წინასაარჩევნო პერიოდში შემოიტანეს (სხვადასხვა „ლგბტ“ ორგანიზაციებთან და ბაბტისტურ მრევლთან ერთად), რომელსაც შვიდი ორგანიზაცია აწერდა ხელს, დარწმუნდებით, რომ ყველა მათგანს, ვინც ამ სარჩელს ხელი მოაწერა, წესით დიპლომი უნდა გაუუქმო. მაგალითად, გამოაცხადეს, რომ თურმე ქსენოფობია ყოფილა ის, რომ ჩვენ ვითხოვთ, საქართველოში სარეკლამო წარწერები ქართულ და არა ინგლისურ ენაზე განთავსდეს.

თქვენ ამბობთ ასევე, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პოსტზე დასანიშნად. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- მას მართლაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. სოციალურ ქსელებში ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც 3000-ზე მეტი კაცი მონაწილეობდა, და გაირკვა, რომ გამოკითხულთა 60%-მდე სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძეს უჭერს მხარს. მის უახლოეს მდევარს, თამარ გურჩიანს კი ხმას 22% აძლევს, ანუ თითქმის სამჯერ ნაკლები, ვიდრე ბატონ დიმიტრის.

თქვენ განაცხადეთ, რომ საია პოლიტპატიმრების საკითხის განხილვისას ყოველთვის თავს იკავებდა, რას გულისხმობთ ამაში?

- ვერ დაასახელებთ საიას მიერ გადადგმულ ნაბიჯს, ერთი ოთახიდან მეორეში არ გავლენ, თუ ამერიკელებმა ფული არ გადაუხადეს. ეს არის თავიდან ბოლომდე გრანტებზე ორიენტირებული ორგანიზაცია. ამიტომაც არ არის ეს სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია არა გრანტებზე, არამედ წევრობაზე დაფუძნებული ორგანოა. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი არ არსებობს და უნდა შეიქმნას, სამოქალაქო საზოგადოება გულისხმობს იმას, რომ როდესაც მე და თქვენ რაღაც ერთი პრობლემა გვაწუხებს, ჩვენ უნდა შევქმნათ ორგანიზაცია და ჩვენი ინტერესები ერთად დავიცვათ და არა ის, რომ ვიღაცამ დაგვაფინანსოს და გვითხრას - იცი რა, შენ ეს პრობლემა კი არ გაქვს, არამედ სხვა პრობლემა გაქვს. ამიტომ, საია ყოველთვის მოქმედებდა იმ პრიორიტეტებით, რასაც გარედან დაუფინანსებდნენ. თუ ეტყოდნენ, რომ პრობლემა ჰომოსექსუალებია, მუშაობდნენ ამ თემაზე, თუ ეტყოდნენ, რომ პრობლემა იაღოველებია, მუშაობდნენ იაღოველებზე. ხვალ რომ უთხრან, საქართველოში ინდიელთა უფლებები ილახება და რეზერვაციებში ჰყავთ გამომწყვდეული, ძალიან ჭკვიანური და სერიოზული სახეებით დაიცავენ ქართველი ინდიელების უფლებებს.

სამოქალაქო საზოგადოება კი ცოტა სხვა რაღაც არის და ის ქვეყნის სხვადასხვა სოციალურ და ინტერესთა ჯგუფებს უნდა წარმოადგენდეს.

თქვენ მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე საუბრობთ, მაგრამ თამარ გურჩიანის სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენა რამდენიმე არასამთავრობომ ერთობლივად გააკეთა.

-საია არის ამ ფსევდო-ლიბერალიზმის ბუდეა. მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს და ის, რომ ისინი ჰომოსექსუალებით აღფრთოვანებულები არიან, მე საერთოდ არ მაღიზიანებს. ჰომოსექსუალებიც და ნებისმიერი სხვა ტიპის უმცირესობებიც ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და მათ მიმართ არანაირი აგრესია არ მაქვს, მაგრამ თუ დიმიტრი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი არის ის, რომ იგი ჰომოსექსუალიზმით აღფრთოვანებული არ არის და სადღაც ოდესღაც უთქვამს, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა უნდა შეიზღუდოს, ეს მათი მხრიდან უბრალოდ თავხედობაა და მეტი არაფერი. ეს იგივეა, თუ გახსოვთ წინა ხელისუფლებამ ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, ეკლესიების ნგრევა და მღვდლების დაჭერები რომ დაიწყო, ესეც ამის ერთგვარი რეციდივია. ამ ქვეყანაში შენ როგორიც გინდა, ისეთი იყავი, გინდა ცისფერი იყავი და გინდა - ყვითელი, მაგრამ ვინც ცისფერი არ არის, იმას ბრალი დასდო, რომ რაღაც თანამდებობაზე არ გამოდგები, რადგან ცისფერებს რაღაც მთლად კარგი თვალით არ უყურებ, ეს უკვე ძალიან დიდი თავხედობაა.