ოკუპანტები არ ცხრებიან. რუსეთის დუმის დეპუტატები „რუსთავი 2“-ის დახურვას აანონსებენ. სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის თქმით, 18 ივლისს ტელეკომპანიის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. გამორიცხული არ არის, სასამართლოს შემდეგ არხი დაიხუროს, ან კანონიერ აქციონერს გადაეცეს.
რამზან კადიროვიც გიორგი გაბუნიას ემუქრება. ჩეჩნეთის ლიდერი ჟურნალისტს ურჩევს, გადაიმალოს ცხრაკლიტურში. კადიროვი მოითხოვს, ქართულმა მხარემ პუტინის გინებისთვის ან ბოდიში მოიხადოს, ან ჩაიკეტოს საქართველოსკენ მიმავალი ყველა გზა და ბილიკი.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ გაბუნიას მონოლოგი შემთხვევითობა არ ყოფილა და ეს იყო გაბუნია-გვარამიას ერთობლივი სპექტაკლი. For.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, რისთვის დასჭირდა გაბუნია-გვარამიას ტანდემს ასეთი მონოლოგის მიძღვნა ოკუპანტისთვის?
- პუტინი რომ საქართველოს ოკუპანტია, ამას თავად პუტინის გარდა, მე მგონი, ყველა აღიარებს. გასაგებია, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ყოველთვის იყო ოკუპანტი, რუსეთს არ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა და იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენ არა მარტო არ შევიდეთ ნატოსა და ევროსტრუქტურებში, არამედ მოვექცეთ რუსეთის ორბიტაზე. რაც შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებას, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ვისაც ჰგონია, რომ ეს სიტყვები გაბუნიას შემთხვევით წამოსცდა. რეალურად რომ შევაფასოთ და ობიექტურნი ვიყოთ, გაბუნია დღევანდელ ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტია, ის საკმაოდ მაღალი დონისაა. ამ მხრივ იშვიათობაა და ჩვენს ტელესივრცეში მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი შეიძლება იყოს ასეთი. მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა მისი გადაცემა, როგორც ჟურნალისტს, მას ვაფასებ. ამიტომ სრულიად გამორიცხულია, მას შემთხვევით რამე წამოსცდენოდა, ან ენას გაესწრო მისთვის.
ურთულეს სიტუაციებშიც მინახავს გიორგი გაბუნიას გადაცემები, რესპონდენტთან საუბარი, ყოფილა ჩიხური სიტუაციაც, მაგრამ გაბუნია მყარი ნერვიული სისტემის პატრონია, გონებაგახსნილია და იცის, ვის რა ჰკითხოს. ამიტომ სრულიად გამოვრიცხავ შემთხვევითობას. მეორე საკითხია, იცოდა თუ არა გვარამიამ ამის შესახებ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ გვარამიამ ეს პირველად ტელეეთერიდან მოისმინა, ეს მისი ნებაა. მე კი ამის დაჯერება არაფრით შემიძლია. დარწმუნებული ვარ, გვარამიამაც იცოდა ამის შესახებ, უბრალოდ, მათ დადგეს სპექტაკლი. საოცრება ის არის, როცა გვარამია ლაპარაკობს, გაბუნიას მხრიდან ეს უცენზურო ნათქვამი იყოო, ამ დროს თავად რომ განცხადებებს აკეთებდა ივანიშვილის მისამართით, ის ცენზურიანი იყო? ანეკდოტია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს თამაშის წესებია. რისთვის სჭირდებოდათ ეს ყველაფერი? ეს იმაზე ჰქონდათ გათვლილი, რომ, მინიმუმ, საპროტესტო აქციაზე პროტესტის მუხტი აეწიათ. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ვიზიარებ ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეების პათოსს და ვთვლი, რომ გახარია უნდა გადადგეს, ეს მიტინგი მაინც მილევადია. საქართველოში მიტინგების მეტი რა გვინახავს და კარგად ვიცით, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს ამა თუ იმ მიტინგმა. ამიტომ ამ მიტინგსაც ახალი სისხლი, ახალი ენერგია, ახალი პროვოცირება სჭირდებოდა. როგორც ჩანს, გაბუნიას მონოლოგი ამაზე იყო გათვლილი. არა მგონია, იმაზე ყოფილიყო გათვლილი, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეებს დარეოდნენ, თუმცა გამორიცხული არც ეს არის.
რამდენად აუცილებელი იყო ამ საქმეში ხელისუფლების ჭარბი დოზით ჩარევა და მმართველი გუნდის წევრების მიერ ერთი-მეორის მიყოლებით გაკეთებული დამგმობი განცხადებები გიორგი გაბუნიას მიმართ, რომელიც მაინც კერძო არხის ჟურნალისტია და არ გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას?
- რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, მათ ცოტა არასწორი აქცენტები დასვეს გაბუნიას მონოლოგთან მიმართებით. ხელისუფლებას შეეძლო, მხოლოდ წუხილი გამოეთქვა მომხდარის გამო, მაგრამ, როდესაც დაიწყეს საუბარი, რომ ეს არის იმ პროვოკაციის გაგრძელება, რაც 20 ივნისს დაიწყო და ამის უკან დესტაბილიზაციის სურვილი იგრძნობა, ეს უკვე გადაჭარბებულია. ამას ხელისუფლება განცხადებით კი არ უნდა აკეთებდეს, არამედ საგამოძიებო ორგანოების მეშვეობით უნდა გამოიძიოს და ფაქტები დადოს. ზღაპარი და ზეპირსიტყვიერება ამ დარგში ყოვლად მიუღებელია. ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლების მხრიდანაც არასწორი შეფასებები გაკეთდა. მით უმეტეს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეაფასონ ეს ფაქტი. რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი მიდგომაა.
სხვათა შორის, გაბუნიას მონოლოგს „რუსთავი 2“-ის მხრიდან, ფაქტობრივად, არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, უბრალოდ, გიორგი გაბუნიამ მიიღო ორთვიანი მშვენიერი დასვენება, დარწმუნებული ვარ, მშვენიერი ანაზღაურებით. ისიც დაისვენებს და სექტემბრიდან, როცა საჭირო გახდება, ისევ აიღებს სტარტს. ეს არის მთელი ანატომია.
ხელისუფლებას ხომ არ აწყობს გაბუნიას თემით აპელირება, რათა ამით გადაფაროს გახარიას გადადგომის საკითხი? საამისოდაც ხომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ ეს თემა?
- ამის მცდელობა არის, რომ ეს თემა გადაფაროს. ხელისუფლება ცდილობს მარტივ რამეს, 20-21 ივნისის ამბები რამენაირად მიაბას „ნაციონალურ მოძრობას“ და „რუსთავი 2“-ს. ინტერესი რომ აქვს ერთსაც და მეორესაც, ანუ „ნაცმოძრაობასაც“ და „რუსთავი 2“-საც, ამაში ორი აზრი არაა. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ინტერესი და ვერც ამაში ვერ ვხედავ რაიმე ცუდს, რადგან ოპოზიციას მუდამ ექნება ინეტერესი, გამოიყენოს ხელისუფლების ნებისმიერი შეცდომა. მაგრამ, როცა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს, ერთი თემა მეორით გადაფაროს, ეს არ გამოვა. ეს არც ამ ხელისუფლებას გამოუვა, რადგან ერთი ფაქტით მეორის გადაფარვა ვერ ხდება, ვერც საკითხის მიჩქმალვა მოხერხდება. 8 ივლისს ჩვენ ვხედავდით, რომ აქცია გრძელდებოდა „რუსთავი 2-თანაც, პარლამენტთანაც ორი აქცია მიმდინარეობდა. ფაქტობრივად, ძალიან დიდ ცეცხლს ეთამაშებოდა, პირველ რიგში, ხელისუფლება, რადგან კონტრაქციები, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდა, პირდაპირ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას ნიშნავდა. ამას აკეთებდა ხელისუფლება, სხვა ამას ვერ გააკეთებდა, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ „რუსთავი 2“ და „ნაცმოძრაობა“ გაცილებით უკეთ გამოიყენებდნენ ამ პროვოკატორულ ფაქტებს, ვიდრე ხელისუფლება. „ნაცმოძრაობა“ ამას უკვე 7 წელია აკეთებს.