პუტინის პოლიტიკური გართობა

პუტინის პოლიტიკური გართობა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, სანქციების შემოღებას მხარს არ უჭერს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენამდე, არ გააკეთებს ისეთს არაფერს, რაც გაართულებდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს.

ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ–ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

ამ გადაწყვეტილებამდე, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან ოფიციალურად შეწყდა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ და ტუროპერატორებს დაავალა, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სანქციების დაწესებას საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყოველთვის მუშაობს ბაზრის დივერსიფიკაციის კუთხით.

„გავლენა ეკონომიკაზე იქნება უარყოფითი, რადგან მოგეხსენებათ, რუსეთი ერთ–ერთი სავაჭრო პარტნიორი არის საქართველოსთვის. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და ყოველთვის ვმუშაობდით, რომ საერთაშორისო ბაზრების გახსნილობის კუთხით შეგვექმნა ყველა საფუძველი, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ჩვენს ძირითად პარტნიორებთან ღია ყოფილიყო. იმედს ვიტოვებთ, ეს ღიაობა შენარჩუნებული იქნება ჩვენი პარტნიორების მიერ, მათ შორის რუსეთის მხრიდან.

 თუმცა ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ არც ერთ ბაზარზე დამოკიდებული და ვაჭრობთ როგორც რუსეთთან, ასევე სხვა სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირის, აზიის სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე აშშ–სთან, ასე რომ, დივერსიფიცირებული გვაქვს ბაზრები, თუმცა რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისი წილი მთლიან ექსპორტში 13 პროცენტს შეადგენს“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი და მოუწოდებს არ აჰყვეს ესკალაციას. სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა და თქვა, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა მათ მშვიდად გააგრძელონ ცხოვრება. პრეზიდენტის განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა თუ სტუმრებს საფრთხე შეექმნათ.

„ხელისუფლება ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელონ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. დაბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს, საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ სტუმრებს. ეს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა და ქმედებებმა ქვეყანა არ უნდა მიიყვანოს მდგომარეობამდე, რომელშიც რამდენიმე წლის წინ ვიყავით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ მძიმე ეკონომიკური შედეგები აიცილოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროპული ბაზარი გახსნილიყო.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ–კონგთან. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ ბიზნესს სხვადასხვა ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდეს. ვფიქრობ, ის პოზიტიური დინამიკა და მონაპოვარი, რაც გვაქვს ჩვენ, თუნდაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ამის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შენარჩუნებულ იყოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ცალკეული, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების თუ სხვა ადამიანების მიერ მართლაც კატეგორიულად მიუღებელმა, პროვოკაციულმა განცხადებებმა მიგვიყვანოს უმძიმეს შედეგებამდე“, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადება, სადაც ის სანქციების გაუქმებაზე ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საუბრობს, ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, ერთგვარი პოლიტიკური მანევრია, რომლითაც მან გამწვავებულ სიტუაციაში ქართული საზოგადოების გული მოიგო. მისი თქმით, კრემლში მშვენივრად იციან, რომ საქართველოში დაპირისპირებაა ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის და ისინი თავიანთ თამაშს თამაშობენ.

„მათ უნდათ, რომ თავიანთი კეთილგანწყობა დაანახონ ქართველ ხალხს, მაგრამ პოლიტიკურ შემადგენელს ისინი სხვანაირად მიხედავენ. სანქციების რეჟიმში ყოფნა საბოლოო ჯამში რუსეთისთვისაც არ არის მომგებიანი, მით უმეტეს აშშ–ის პარტნიორ ქვეყანასთან იმ თვალსაზრისით, რომ მათ გარკვეული მანევრისთვის ამერიკასთან ურთიერთობის კონტექსტში დიპლომატიური კორიდორის ღიად დატოვება სჭირდებათ. საჭირო იყო ეს პოლიტიკური მანევრი, რომ გაბრაზებულმა პუტინმა ბოლომდე არ გაწირა ქართველი ხალხი – დაახლოებით ასეთი გზავნილია“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ დღეს რუსეთს სჭირდება ჰიბრიდული, ეკონომიკური ომი, რაც სახეზეა. მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩაიძიროს ქართული ეკონომიკა.

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც გავრილოვის თავხედობა იყო შემთხვევითობა, მას მომზადებული დახვდა აქ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი, სასწრაფოდ ჰქონდათ რეაქცია. ომი არ დაიწყება, ეს არ სჭირდება რუსეთს. ერთი ომი აქვს უკრაინასთან და ის ყოფნის მსოფლიოსთან საჭიდაოდ.

მას სჭირდება ჰიბრიდული ომი, ანუ ეკონომიკური ომი და მივიღეთ კიდეც ეს ომი. ტურისტები, გადმორიცხვების შემცირება, ღვინის ექსპორტი და ასე შემდეგ. მათი მიზანია საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალოს და ჩვენ ამ მიზანს ჩვენი ემოციურობით ხელს ვუწყობთ. რუსებმა მცირე პროვოცირება გაგვიკეთეს და მერე ხელები დაიკრიფეს, გვიყურებენ როგორ მივდივართ იქით, საითაც მათ სურთ“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთში აკვირდებიან მოვლენებს და არ იმეორებენ იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვეს 2006 წელს, როდესაც ისტერია იყო ქართველებთან მიმართებაში. მისი თქმით, რუსულ ბაზარზე ჩამოკიდება ყოველთვის არის დაკავშირებული რისკებთან, რაც დათვლილი უნდა იყოს.

„ეს არის მცდელობა „კეთილი მეგობრის“ როლი ითამაშოს და ერთგვარი „რბილი ძალის“ გამოვლინებაა – მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გსჯით და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მათი გადაწყვეტილებაა. საქართველოს რაც ნაკლები პრობლემა ექნება, მით უფრო კარგია. გარკვეული სანქციები უკვე ძალაშია და ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ტურისტებთან და ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით. აქ საუბარია დამატებით სანქციებზე და რადგანაც ეს განცხადება გაკეთდა, ვლადიმერ პუტინის მხრიდან, დიდი ალბათობით, ეს აღსრულდება და მეორე ტალღა არ იქნება განხორციელებული.

მგონი, ეს ძალიან დასაფიქრებელი უნდა იყოს ჩვენთვის, ჩვენი ბიზნესისთვის. ზოგადად, ჩვენთვის ყველასთვის ერთ დღეში შეიძლება შეტრიალდეს სიტუაცია და შეიცვალოს. ამიტომ ძალიან ჩამოკიდება რუსულ ბაზარზე, ძალიან მიბმა ყოველთვის არის დაკავშირებული რისკებთან. ეს რისკები უნდა იყოს დათვლილი და შესაბამისად, ფიქრიც მანამდე უნდა დავიწყოთ, ვიდრე ურემი გადაბრუნდება“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

უ ც ხ ო .
რამაზ საყვარელიძე: „დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც გავრილოვის თავხედობა იყო შემთხვევითობა"
?
უკაცრავად, მაგრამ რაში გამოიხატა გავრილოვის თავხედობა? - დიდი ხანია იცოდნენ, რომ თბილისში ჩატარდებოდა ეს ფორუმი. იცოდნენ, ვინ იქნებოდა თავმჯდომარე. მოიპატიჟეს, შეიყვანეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, შესთავაზეს თავმჯდომარის სავარძელი და ის კაციც დაჯდა.
არ უნდა დამჯდარიყო?
აბა, რა უნდა ექნა? - უი,უი, აქ არ დავჯდები, თორემ ვინმეს ეწყინება და იქით, კუთხეში დავჯდები სადმეო?
სირეგვენით იყო თუ პროვოკაციის მიზნით -- ჩვენ თვითონ მოვიწყვეთ ეს სკანდალი, რომელიც ამხელა უბედურებაში გადაიზარდა მერე...
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ყოველთვის ვფიქრობდი რომ ქუცნაშვილი დებილი იყო, მაგრამ ამ დონის არ მეგონა?!
5 წლის უკან