ბოლო პერიოდში ყველას აწვალებდა კითხვა რა უნდოდა კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრად. თურმე ეს ადამიანი ენერგეტიკაში სულაც არ არის ხამად და ბიზნესსაც ატრიალებს. სანამ სოციალური ქსელებით მომავალი მინისტრის ენერგეტიკული კავშირები არ გამოაშკარავდა, ყოფილი ფეხბურთელი ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა.
კახა კალაძის კომპანია „კალა კაპიტალი“ „საქჰიდრომშენის“ ლიმიტირებული აქციების 45 პროცენტის მფლობელია, რაც იმის მაუწყებელია, რომ მისი ბიზნესი და ენერგეტიკის მინისტრობა შეუთავსებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის პირველ აპრილს ნუგზარ დვალმა საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა რეგისტირებული სუბიექტების მონაცემებში ცვლილების შეტანისთვის. ცვლილება ეხება „საქჰიდროენერგომშენის“ მფლობელების ახალი მონაცემებით დარეგისტრირების ფაქტს.
პარტნიორთა გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: გადაეცეს შპს-ს საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოება „საქჰიდრომშენის“ ლიმიტირებული აქციების 45% კახი კალაძეს ნებისმიერი ვალის სანაცვლოდ, რომელიც მართებს შპს-ს კახი კალაძის მიმართ. დოკუმენტი ხელმოწერილია 2011 წლის 10 მარტს სუზანე კალოგრეადეს მიერ, დოკუმენტაციის დედანი ინგლისურ ენაზეა, თარგმანი კი დამოწმებულია ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროს იურისტის, დავით ოყროშიძის მიერ.
„კალა კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძეა.
კალაძე ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, „საჰიქდრომშენში“ კუთვნილ აქციებს გაასხვისებს. ასევე გადახედავს სხვა ბიზნესებსაც, რომელიმე კანონმდებლობასთან შეუსაბამობაში რომ არ იყოს და მინისტრობის კანდიდატს ახალი განმარტებების გაკეთება არ მოუხდეს.
„მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მასმედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე, რაც სააქციო საზოგადოება „საქჰიდრომშენს“ ეხება. სს „საქჰიდრომშენის“ აქციათა 45 პროცენტი ეკუთვნის ჰოლდინგს „კალა კაპიტალი“, რომლის მფობელიც მე გახლავართ. სს „საქჰიდრომშენი“, სხვა პროექტებთან ერთად, ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც. ამდენად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე გამწესებიდან 10 დღის ვადაში „კალა კაპიტალი“ დაიწყებს სს „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას.
რაც შეეხება ჩემს სხვა ბიზნეს-საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ენერგეტიკულ სექტორს, მიღებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც დაეფუძნება კანონის პატივისცემას“, - განაცხადა კალაძემ.
ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ნებისმიერი თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე და მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის სტატუსია - მინისტრი -არცერთ საწარმოში წილს არ უნდა ფლობდეს. ამას საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი არეგულირებს. ამიტომაც გაბუნია მიიჩნევს, რომ კალაძის ბიზნესი და თანამდებობა პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს.
„ბუნებრივია, მას შეუძლია ან გაასხვისოს, ან წილი სხვას მართვის უფლებით გადასცეს. ჩემი აზრით, მართებული იქნება, რაკი ეს ენერგეტიკის სფეროში არსებული საწარმოა და როგორც ვიცი საკმაოდ მსხვილი საწარმოა, წილი გაასხვისოს, რომ შემდგომში, ხვალ და ზეგ, ბევრი კითხვები არ იყოს. ამ მომენტისთვის ინტერესთა კონფლიქტი აშკარაა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანამ ეს ადამიანი ოფიციალურად შეუდგებოდეს უფლებამოსილებას, ამ წილის ტრანზაქცია არ მოხდება“, - განაცხადა გაბუნიამ.
კალაძის წილები მსწრაფლ გამოიძია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. ორგანიზაციამ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა:
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კახა კალაძე 2011წლის მდგომარეობით, კვიპროსზე რეგისტრირებული შპს „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ ერთ-ერთი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. „კალა კაპიტალ ლიმიტედი“ თავის მხრივ, საქართველოში რეგისტრირებულ შპს „კალა კაპიტალში“ 100%-იან წილს ფლობს, ხოლო ეს უკანასკნელი კომპანია „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის“ 100%-იანი წილის მფლობელია.
„კომპანიის წესდების თანახმად, „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის“ საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსებია. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, 2011 წელს კახა კალაძეს სს „საქჰიდროენერგომშენის“ სააქციო კაპიტალის 45% გადაეცა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
სხვათა შორის, ორგანიზაციის ინფორმაციით, კალაძე შპს „ტოტენერჯიში“ „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსის“ 25%-იან წილს ფლობს, რომლის დირექტორი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე მარიამ ვალიშვილია.
„უცნობია, შეიცვალა თუ არა ამ კომპანიების მფლობელობის სტრუქტურა ზემოხსენებული დოკუმენტების საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში განთავსებიდან დღემდე. ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის სერიოზული საფრთხე. საკითხი პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატურის განხილვისას მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები.
კალაძესთან დაკავშირებით ფეხი გამოყო „ნაციონალურმა მოძრაობამაც“. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის განცხადებით, კალაძემ „საქჰიდრომშენში“ საკუთარი წილი რომც დათმოს, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ეჭვები მაინც დარჩება. იგი მიიჩნევს, რომ კალაძის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს.
„ახლა რომც დათმოს ეს წილი, ეჭვები მაინც დარჩება“,- განაცხადა თარგამაძემ.