საარჩევნო სისტემის ცვლილება და კანონმდებლობის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ასევე ქვეყნისთვის. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიზანია, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები ფართო ჩართულობით განხორციელდეს. როგორც ცნობილია, პროცესში ჩართულია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი.
„მივიღებთ იმ ცვლილებებს, რომელიც ახლა ასეთი მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება, შესაძლოა, ახლა სხვა საკითხებზეა გადატანილი, მე მაინც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხაზგასმით ვიტყვი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ასევე, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში საპროცედურო და წესების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ინიცირებულ კანონპროექტზე 93 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობას, თუმცა დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ამას ზეწოლის გარეშე გააკეთებდა.
„საუბარი იმაზეა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმისთვის, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, საკმაოდ მაღალი კვორუმი სჭირდება. 14 პარლამენტარი შედის უმრავლესობაში და ხელს არ აწერს, შესაბამისად დავინტერესდი, რამდენად მზად იქნებიან ისინი, განხილვის დროს მხარი დაუჭირონ. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის პარლამენტარები, რომლებიც მაჟორიტარული წესით არიან არჩეულები და რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს აღნიშნულ ინიციატივას. სწორედ ეს იყო ჩემი შეკითხვის საგანი, თუ რატომ არ აწერს ხელს ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“.
ესენი არიან: გიორგი ბრეგაძე, ბიძინა გეგიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნინო გოგუაძე, პაატა მხეიძე, კახა ოქრიაშვილი, ზაზა პაპუაშვილი და ლადო კახაძე. ჩემი ინფორმაციით, მათი ნაწილი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მხარს არ დაუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. სწორედ ამიტომ, დროა, „ქართული ოცნება“ გაერკვეს, ამ თავისი 14 წევრიდან რამდენი დამატებითი ხმა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ჯობია ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს და 2020 წლის არჩევნებისთვის შეიქმნას შეჯერებული, შეთანხმებული და კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო გარემო.
„ჩვენი ხედვა ასეთია, რომ ჩვენი განმასხვავებელი პოზიციები არის დაახლოვებადი, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნა ხელისუფლების მხრიდან და მეორე მხრივ - ოპოზიციის მხრიდან. მთავარია, შევქმნათ ერთიანი ფორმატი, ერთიანი კომისია საერთო საჯარო განხილვისა, სადაც მოხდება უკვე თანხვედრილი საკითხების კიდევ უფრო გამყარება და ვერთანხვედრილი საკითხების ერთმანეთთან დაახლოვება. ამიტომ, თუ გვინდა, რომ შედეგიც დადგეს და როგორც იტყვიან, მარილიც მოვაყაროთ ბარემ ამ მადლს, მაშინ ჯობია, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ და 2020–სთვის შევქმნათ შეჯერებული, შეთანხმებული და კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო გარემო“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის პროპორციულ სისტემაზე მაჟორიტარები იმას ლაპარაკობდნენ, რაც „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში გულში აქვს. გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარების პოზიცია უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც გაიზიარონ.
„შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ენდო, მათ აქვთ სერიოზული კრიზისი, რაც ამ გავრილოვის ამბებს მოჰყვა, იძულებულები გახდნენ ამ კრიზისის ჩასახშობად რაღაც დათმობებზე წასულიყვნენ. სინამდვილეში მათ არ აწყობთ ეს ცვლილება. არ არის გამორიცხული გააკეთონ ის, რაც თავის დროზე გააკეთეს კონსტიტუციის მიღების დროს - მიღებული, განხილული, ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული კონსტიტუცია შეცვალეს და კვლავ მაჟორიტარული სისტემა დატოვეს 2024 წლამდე. მაშინაც მაჟორიტარების „ბუნტს“ დააბრალეს. საჭიროა ბრძოლა. საქმე ჯერ შუა გზამდეა მისული ამათი სისტემა უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი წევრის, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა იწონებს პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების იდეას, თუმცა ამ დრომდე დასადგენი რჩება რამდენიმე დეტალი, მათ შორის საარჩევნო ბლოკებისა და პარტიების დაფინანსების საკითხი. ბარამიძე მიიჩნევს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს ბლოკებად დაჯგუფების უფლება უნდა ჰქონდეთ, რაც მათ 2024 წლის ხუთპროცენტიანი ბარიერისთვის შეამზადებთ.
„დღესდღეობით კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი ითვალისწინებს ხუთპროცენტიან ბარიერს, რომელიც 2024 წლის შემდეგ ამოქმედდება. მიზანი ამის ის არის, რომ პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდეს და უფრო მწყობრი პარტიული სისტემა მივიღოთ. თუ ეს არის მიზანი, მაშინ დღეს რატომ ვაქუცმაცებთ პოლიტიკურ სპექტრს და სულ სხვა მიმართულებით რატომ ვდგამთ ნაბიჯებს?
რატომ არ გვინდა, რომ ბლოკების ერთჯერადად დაშვებით მომდევნო არჩევნებზე მივცეთ საშუალება პოლიტიკურ პარტიებს გამსხვილდნენ კონკრეტული პარტიების გარშემო, რომ 2024 წლისთვის უკეთესად მოემზადონ კონსოლიდირებული და გაერთიანებული სახით. ლოგიკას, რომ ეს საჭიროა გამსხვილებისთვის, ეწინააღმდეგება ის, რომ სპექტრი დაქუცმაცდეს ახლა“, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
„შენების მოძრაობის“ წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიცია მზად არის თავის წინადადებებთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს. მისი თქმით, ასეთი მზაობა მმართველი პარტიისგან ჯერჯერობით არ ჩანს. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს შეთანხმებისთვის არ მიუღწევია.
„ჯერჯერობით მხოლოდ ორი საკითხი იყო განხილული – კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას და პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი. პირველ საკითხზე ერთმანეთთან ბმაშია საარჩევნო ბლოკების არსებობა–არარსებობა და საარჩევნო ზღურბლი – იყოს ბუნებრივი თუ დაწესდეს ბარიერი. აქ რაიმე საბოლოო და შეთანხმებული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ერთი, რაც აშკარად გამოჩნდა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ოპოზიცია მზად არის თავის წინადადებებთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს. ითქვა ამ კომპრომისების ვარიანტები – იყოს ბლოკი და იყოს ზღურბლი, ან არ იყოს ბლოკი, მაგრამ იყოს ძალიან დაბალი ზღურბლი ან იყოს ზღურბლი დაწესებული დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისთვის და იმაზე უფრო მაღალი ზღურბლი იყოს დაწესებული საარჩევნო ბლოკისთვის. ანუ განხილული იყო სხვადასხვა ვერსია“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.