გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზს ვერ უსვამს

გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზს ვერ უსვამს

მალე საქართველოს უკვე  სრულად დაკომპლექტებული ახალი ხელისუფლება მუშაობას შეუდება, წინ კი მთავრობის დამტკიცების საკმაოდ საინტერესო პროცედურა გველის. საზოგადოებაში მსგავსი მოლოდინი ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. მოლოდინებიც რიგითობის მიხედვით დალაგდა, პირველ რიგში ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელოდება, შემდეგ კი - იმ სოციალური ტვირთის შემსუბუქებას, რაც ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება. 

ბატონო გია, არასოდეს საქართველოში არც ერთი მთავრობის დამტკიცების წინ კანდიდატთა მიმართ ასე ფართოდ გამოხატული ინტერესი არ ყოფილა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდნენ ლტოლვილთა განსახლების და ენერგეტიკის მინისტრები, მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები ვრცელდება, როგორ ფიქრობთ, ეს ჯანსაღი პროცესია თუ რაღაც ეჭვები ჩნდება?

- ეს ნიშნავს ხელისუფლების ცნობილი, შავი პიარის ტექნოლოგიას და მეტს არაფერს. დანარჩენ საზოგადოებას რომ კითხვები გაუჩნდა დარახველიძესთან დაკავშირებით, სწორედ ეს არის ჯანსაღი პროცესი.

ადრე იმდენად ნიჰილისტურად იყო საზოგადოება განწყობილი, რომ ხელი ჰქონდა ჩაქნეული, ვერა ქობალიას დანიშნავდა პრეზიდენტი თავისი ეგზოტიკური მოსაზრებებით თუ კიდევ სხვა რამეს გააკეთებდა - ხელი ჰქონდა ყველას ჩაქნეული და მხოლოდ ირონიას გამოხატავდა.

საზოგადოება რომ აქტიურობს, ეს კარგია. მეორეს მხრივ, სხვა საკითხია, რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს ეს პროცესი. პროპაგანდის ნარჩენები ახერხებენ დამახინჯებას, კონტექსტების ამოგლეჯას და იმაზე მეტის დაბრალებას ადამიანისთვის, ვიდრე მას ჩაუდენია.

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- რაც მოხდა დარახველიძის შემთხვევაში. გასაგებია, რომ გამონათქვამები შეიძლება, არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ დარახველიძე რომ ქსენოფობი არ არის, ამას რად უნდა ლაპარაკი! ყველა დარწმუნდა ამაში, მაგრამ ახლა უკვე ამ თემის ზედმეტად გაბუქება ხდება. ადამიანმა ბოდიში მოიხადა, ქსენოფობი არ არის, ქსენობობიაში არ არის შემჩნეული. ის ადამიანები, რომლებიც ახლა აღშფოთებულები გამოდიან, დარწმუნებული ვარ, თვითონაც ძალიან კარგად ყვებიან ანეგდოტებს ნაციონალობასთან დაკავშირებით. საკუთარ თავებში ჩაიხედონ და საკუთარ გულებში, რამდენად გულწრფელები არიან ამ ყველაფრის კეთების დროს.

როდესაც ექსპერტები აფასებდნენ ამ ფაქტს, ასეთი მოსაზრება გამოითქვა, რომ ქსენოფობიაზე კი არ უნდა კეთებოდეს აქცენტი, არამედ იმაზე, თუ დევნილებისათვის რის გაკეთებას აპირებს დარახველიძე, რადგან მხოლოდ იმას ამბობს, რომ დევნილებს ბიძინა ივანიშვილი დაეხმარება. ალბათ, ჯობდა, საკუთარი ხედვა და გეგმები წარმოედგინა...

- ფაქტია, რომ მთელი ეს პროცესი თავიდან ბოლომდე იყო ბიძინა ივანიშვილი. ყველას თავისი მცირე წვლილი აქვს შეტანილი, მაგრამ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილს მიჰყავდა. აქედან გამომდინარე, უცნაური არაფერია იმაში, როდესაც მისი გუნდის წევრებს მისი იმედი აქვთ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მინისტრები თავის საქმიანობას შეუდგებიან, წამოვა კონკრეტული ინიციატივებიც. ისინი შეეცდებიან, საკუთარი პროგრამებით იმოქმედონ. ეს ისეთი ნიუანსებია, რაზეც ამ ეტაპზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

რაც შეეხება კახა კალაძეს, მის გარშემო ხმაური პირველად არ ამტყდარა. წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ახლაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჰესებისა და თბოელექტროსადგურების მფლობელია, თუმცა რეალურად ის ფლობს კომპანიის წილს, რომელიც, სამშენებლო კომპანიაა, ჰესების მშენებლობაა მისი პროფილი. თქვენი შეფასებით, ეს წინასაარჩევნოდ აგორებული კამპანიის გაგრძელებაა თუ, უბრალოდ - საზოგადოების გაზრდილი ინტერესი?

- ეს, რა თქმა უნდა, იმის გარძელებაა, რაც წინასაარჩევნოდ ხდებოდა, რადგან ჩვენს ხელისუფალს, რომელიც დირექტორია პროპაგანდის და მთელი ამ შავი პიარის, ამოჩემებები აქვს. კახი კალაძე იყო სიის პირველი ნომერი - ეს არის პირველი პრობლემა. მეორე პრობლემაა ის, რომ, როგორც ჩანს, სააკაშვილი კალაძეს პირად მტრად თვლის. მისი მაამებელი პროპაგანდის მთელი ინდუსტრია კახი კალაძის წინააღმდეგ ამ ბინძურ კამპანიაზე მუშაობს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი და მეტი არაფერი, თუმცა, მგონია, ეს ემოციებიც ჩაცხრება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ახალ ხელისუფლებასთან, თუმცა იქვე მოაყოლა რომ მათ შორის ყველა საკითხში აზრთა სერიოზული სხვადასხვაობაა და აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები გააჩნიათ. ასეთ შემთხვევაში, ეს თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ?

- მიჭირს ამ ადამიანის კომენტირება. შეჩვეულები ვართ, ერთ დღეს საომარი რიტორიკით რომ გამოდის, მეორე დღეს კი მშვიდობის მტრედად მოგვევლინება ხოლმე. ეს ადამიანი ჩვენდა საბედნიეროდ, ამ ქვეყნის წარსულია. ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დამთავრებულია, მორჩენილია და ზედმეტად მიმაჩნია მის გამონათქვამებზე კომენტარების კეთება. თან ვითანამშრომლოთ და თან არაფერში არ ვეთანხმებით, ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო, რა ვთქვა? არ ვარ იმ სპეციალობის რომელმაც ფსიქოანალიზით უნდა იხელმძღვანელოს და დიაგნოზი დასვას.

უმცირესობის წევრებიც აცხადებენ, რომ უმრავლესობასთან ითანამშრომლებენ, თუმცა მკაცრად გააკონტროლებენ, რას როგორ გააკეთებენ. ესეც თანამშრომლობის საკმაოდ უცნაური ფორმაა...

- გასაგებია ეს ყველაფერი - ჩუმი საბოტაჟი, რევანშისტული განწყობები, რაც, პირდაპირ გეტყვით, ირონიის მომგვრელია. საკუთარ თავს თუ უმტკიცებენ, რომ ისევ მაგარი ბიჭები არიან, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ძალიან კარგად თქვა თავის დროზე ია ანთაძემ - რომ ისინი ჰგვანან ბავშვებს, რომლებიც ბნელ ოთახში მოხვდებიან და შიში რომ გადაფარონ, ხმამაღლა ყვირიან. დაახლოებით ამ სიტუაციაშია დღეს საქციელწამხდარი ყოფილი ხელისუფლება, დაწყებული ჩიორადან, დამთავრებული სააკაშვილით.

აკაკი მინაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვებიც, უმცირესობიდან, აცხადებენ, რომ ჩაუსხდებიან მათ პროგრამებს და ნახავენ ზუსტად შეესაბამება თუ არა ეს პროგრამები მათ წინასაარჩევნო დაპირებებს...

- ისინი ჩაუსხდნენ იმ განუკითხაობას, რაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთეს. რასაც უნდა იმას ჩაუჯდნენ, არ ვფიქრობ, რომ ეს საინტერესოა და რომ ისინი აქტუალურები არიან ქართულ სინამდვილეში.

სამაგიეროდ, ძალზე საინტერესოა ის თემა, რომ ნაციონალური მოძრაობის თითქმის ყველა მაღალჩინოსანზე არსებობს ეჭვი მათ კავშირზე კორუფციასთან, სხვადასხვა დროს მომხდარ სისხლის სამართლის დანაშაულთან. საკმაოდ რთულია, რომ ამ ყველაფერმა პოლიტიკური დევნის სახე არ მიიღოს...

- სამართლიანობა ხომ უნდა აღდგეს?! უახლოეს პერიოდში ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ. ვფიქრობ, მათთვის ძალიან რთული პერიოდი იწყება. ჯერ ეიფორიაში არიან და ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი დაიმალება. არაფერი არ დაიმალება, ყველაფერი გამოვა სააშკარაოზე. არავინ არავის არ ემუქრება და არავისი სისხლი არავის არ სწყურია, მაგრამ რეჟიმი რომ უნდა გასამართლდეს, აქ ორი აზრი არ არის და ეს გარდაუვალია. სხვანაირად ამ ქვეყანას ჩვენ თავს ვერ დავადგამთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები ამ რეჟიმის ფიგურანტები არიან - ამ განუკითხაობის კონკრეტული ფიგურანტები.

ისინი რაღაცნაირად ცდილობენ, სახე შეინარჩუნონ და თუ ამას მოახერხებენ, ამისი წინააღმდეგი არ ვიქნები.მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ძალიან გაუჭირდებათ ამის გაკეთება.

არსებობს მოლოდინი, რომ პასუხი ამ ყველაფერზე ნაციონალთა ლიდერმაც უნდა აგოს. რამდენად არის შესაძლებელი, პრეზიდენტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება?

- სისხლის სამართლის დანაშაულის პატიება არ შეიძლება არავისთვის! შესაძლოა, არ დააპატიმრო, რადგან მას იმუნიტეტი იცავს, არც არის ამოცანა ვიღაცის მაინცდამაინც ციხეში ჩასმა. ამოცანა არის გასამართლება. გასამართლებას რა ფიზიკური შედეგი მოჰყვება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ დანაშაულის პატიება რომ არ შეიძლება, პრეზიდენტი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, რად უნდა ამას ლაპარაკი.

ნაციონალებს ბევრი რამ ისე ჰქონდათ გაკეთებული, რომ შესაძლოა, მათი კვალის აღმოჩენა და დადასტურება საკმაოდ გართულდეს. თუ ჭირდებოდათ, კანონსაც ცვლიდნენ და ისე მოქმედებდნენ. ბოლო დღეებში ბიზნესის მხრიდან დაიწყო იმ ჩინოვნიკთა დასახელება, რომლებიც მათზე ზეწოლას ახდენდნენ. რამდენად შესაძლებელია, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩეს?

- გამიჭირდება კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ორი მიზეზით - არ ვიცნობ ამ საკითხებს ასე ღრმად და არ ვარ იურისტი, რომ კონკრეტულ კვალიფიკაციაზე ვილაპარაკო. მე მაქვს ერთადერთი მოთხოვნა, მათ შორის, ხელისუფლებისადმიც - სამართლიანობა უნდა აღდგეს. არ უნდა მოხდეს გადამლაშება, არ უნდა იყოს რევანშიზმი, ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური დევნა, მაგრამ სამართალი ამ ქვეყანაში უნდა ამუშავდეს, მათ შორის იმ დანაშაულებზე, რაც ბოლო წლებში იყო ჩადენილი და ამას მხოლოდ ის მნიშვნელობა კი არ აქვს, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ამას აქვს პრევენციული დატვირთვაც, რომ სამომავლოდ ვერავინ ვერ გაბედოს იგივეს გამეორება. ეს არის ობიექტური აუცილებლობა, ამას ვერანაირად ვერ ავცდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში კიდევ გაჩნდება იმ ტიპის რისკები, რაც ადრე გვქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნესს ხელისუფლება თუ მათთან დაახლოებული პირები მართავენ ან აკონტროლებენ. მეორე მხრივ, სამართლიანობის აღდგენა სხვადახვა პროცესების წამოწყებას გულისხმობს. ეს ხომ არ შექმნის პრეცენდენტს, რომ როგორც ადრე, საქართველოში ხელისუფლების ცვლის დროს ხდებოდა ხოლმე, ქონების ხელახალი გადანაწილების პროცესი დაიწყოს?

- ამისი დაშვება არ შეიძლება. არსებული ბიზნესი რაც დღეს მუშაობს ქვეყანაში, რამდენიმე კატეორიად შეიძლება დალაგდეს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ბიზნესი მაინც და მაინც ხელისუფლებაში იყოს ინტეგრირებული. იყო ბიზნესები, რომელიც ლოიალური იყო, იყო ბიზნესი, რომელიც ხარკს უხდიდა ხელისუფლებას. ვფიქრობ, მათი ამნისტირება სრულიად შესაძლებელია.

რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებიც თვითონ არიან ხელისუფლება, ბუნებრივია, ასეთი პოლიტიზირებული ბიზნესი ბაზარზე ვერ დარჩება და ვერ გაძლებს. თუმცა ვამბობ, რომ ეს ძალზე საფრთხილო პროცესია და ეს ყველაფერი არ უნდა დაემსგავსოს რევანშს და „ახლა ჩვენი დროას“ პრინციპით არ უნდა დაიწყოს მოქმედება. რაც მთავარია, ქონების ხელახალი გადანაწილება არ უნდა დაიწყოს - ეს ძალზე ფაქიზი პროცესია და კარგად გაკონტროლება სჭირდება.