ევროპა ირლანდიის გადასარჩენად დაირაზმა

ევროპა ირლანდიის გადასარჩენად დაირაზმა

ევროკავშირის ფინანსური საქმეები თანდათანობით სულ უფრო უარესდება. თითქოს საბერძნეთის პოტენციური გაბანკროტების საკითხი დროებით მოგვარებულად ჩაითვალა, რომ ახალი საფრთხე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაშია ირლანდია, რომლის ბანკებს კარგა ხანია პრობლემები აქვს, ხოლო საშინაო ვალი ყველა ზღვარს სცდება. თანაც, თუ ზურმუხტოვანი კუნძული პრობლემებს ვერ გაუმკლავდება, საფრთხე მთელს ევროპას შეექმნება.

 

ევროკავშირის ხელმძღვანელობის მსგავსი რეაქციის მიუხედავად, საბერძნეთის და ირლანდიის სიტუაცია განსხვავებულია. თუ საბერძნეთი სახელმწიფო სექტორის მეტისმეტი ვალებისაგან დაზარალდა, ირლანდია ბოლო 20 წლის განმავლობაში ლამის ნეოლიბერალური ეკონომიკური სკოლების შაბლონით ვიტარდებოდა. ქვეყანაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობდა მომსახურების სფერო, ხორციელდებოდა უცხოური ინვესტიციების მიზიდვა და მცირდებოდა სახელმწიფოს როლი.

 

1990-2000 წლებში ირლანდიაში ცხოვრების დონე შესამჩნევად გაუმჯობესდა, თუმცა, ბოლო დრომდე იგი მაინც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანად ითვლებოდა. ბევრი ექსპერტი ადრეც მიუთითებდა, რომ ირლანდიის ეკონომიკის კერძო სექტორი ძალიან იყო დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ირლანდიური ბანკები სულ უფრო მეტ ვალებს იღებდნენ, სარგებლობდნენ რა კარგი საინვესტიცო კლიმატით და უცხოეთში არსებული დაბალი საპროცენტო განაკვეთებით.

 

შედეგად, ქვეყნის საგარეო ვალის ზრდა გაცილებით სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე შთამბეჭდავი შიდა პროდუქტის. 2008 წლისათვის ირლანდიელი რეზიდენტების ვალმა 2 ტრილიონ ევროს მიაღწია, რაც 10-ჯეტ მეტია, რაც თავად ირლანდიის შიდა პროდუქტის მოცულობა. ვალის ძირითადი ნაწილი კი უზომოდ გაზრდილ საბანკო სექტორზე მოდიოდა.

 

გლობალური კრიზისის დაწყების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს ვალები ფაქტობრივად არაფრით არ იყო უზრუნველყოფილი. ირლანდიური ბანკების აქტივები სწრაფად გაუფასურდა და ბევრი მათგანი შავ დღეში აღმოჩნდა. ამ დროს ქვეყნის მთავრობა ჩაერია და ვალის ნაწილის საკუთარი გარანტიებით აღჭურვის და საბანკო სისტემის რეკაპიტალიზაციის შესახებ გამოაცხადა. ამან ინვესტორები მცირე ხნით დააშოშმინა.

 

მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისში საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და სანახევრო ზომებით მისი გადაჭრა უკვე შეუძლებელი იყო. ინვესტორებმა ირლანდიური ფინანსური ორგანიზაციებიდან სახსრების გატანა დაიწყეს, რამაც ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა. ფაქტობრივად დაიწყო ისლანდიური სცენარის განმეორება, სადაც მთავრობამ მთელი საბანკო სექტორის ნაციონალიზაცია განახორციელა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა დამანგრეველი კრიზისისაგან მაინც ვერ იხსნა.

           

თუმცა, ისლანდიასა და ირლანდიას შორის მაინც მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჯერ ერთი, ირლანდიურ ბანკებს გაცილებით დიდი ვალები აქვთ, ამასთან, ირლანდია ევროზონის წევრია. ამდენად, მისი ფინანსური სექტორის დანგრევა ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა მთელს ევროკავშირს და ევროზე ძლიერ ცუდად აისახება.

           

სიტუაციის გამოსწორებაში განსაკუთრებით დაინტერესებული დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ბანკებია. მათ, ირლანდიელ პარტნიორებს, შესაბამისად, 222 და 205 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტები მისცეს. ამგვარად, ირლანდიური ფინანსური ინსტიტუტების კრახის შემთხვევაში ამ ქვეყნების ბანკები იძულებული იქნებიან მრავალმილიარდიანი ჩამოწერები განახორციელონ, რასაც საკრედიტო კრიზისის ახალი ტალღა შეიძლება მოჰყვეს. უკეთეს მდგომარეობაში არც აშშ არის, რომელსაც ირლანდიის ეკონომიკაში 100 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული.

           

ამიტომაც, ევროკავშირის ორგანიზაციებმა დუბლინს სიტუაციის დარეგულირების მოთხოვნით მიმართეს, მაგრამ ირლანდიას დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამიტომაც, საერთაშორისო ორგანიზაციებმა დახმარება შესთავაზეს, თუმცა, მოულოდნელად დუბლინმა უარი თქვა. ცხადია, ეგზომ აბსურდული სიტუაცია დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა და რამდენიმე დღეში ირლანდიამ განაცხადა, რომ მზად არის სპეციალური ფონდიდან დახმარება მიიღოს.

           

ანალიტიკოსთა ვარაუდით, ირლანდიას 90-100 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის აღება მოუწევს, რომლის საპროცენტო განაკვეთი 5 პროცენტს შეადგენს. ცხადია, ვალი დასაბრუნებელი იქნება. ასე რომ, გამოდის, საბანკო სექტორის ვალები სახელმწიფოს გადაილოცა. გარდა ამისა, გატარდება მკაცრი ანტიკრიზისული ზომები. კერძოდ, შემცირდება სახელმწიფო დანახარჯები, ძირითადად საბიუჯეტო სექტორის სამუშაო ადგილების შემცირების ხარჯზე და უძრავ ქონებაზე ახალი გადასახადის დაწესებით. ამგვარად, უახლოესი ოთხი წლსი განმავლობაში 10 მილიარდი ევროს ეკონომიაა დაგეგმილი.

           

თუმცა, ამ სიტუაციაში ევროკავშირის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე საუბარიც არ არის. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში ახალი პრობლემები იქნება მოსაგვარებელი. უახლოესი კანდიდატი პორტუგალიაა, რომელსაც ასევე დიდძალი ვალი აქვს. არცთუ უკეთეს მდგომარეობაშია ესპანეთი. ამიტომაც არის, რომ ანალიტიკოსები ახალი, ამჯერად საკრედიტო კრიზისი საფრთხეზე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ.