რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილს უბრძანებია, 20 ივნისის მოვლენებს გადატრიალების მცდელობად მხოლოდ რეგვენი და უვიცი თუ შეაფასებსო. სამწუხაროა, - კაცი, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ქართულ პოლიტიკაში ზრდილობით მაინც გამოირჩეოდა, მისგან განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს შეურაცხმყოფელი ეპითეტით უმასპინძლდება. რა უნდა ვთქვათ ამაზე? ალბათ - არც არაფერი. ნათქვამი თავად მეტყველებს ავტორზე. თუ რესპების ძველ გვარდიელს ახალი იმიჯი უხერხულობას არ უქმნის, მისი პირადი პრობლემაა. ასემც უქნია, სტუდიაში გრიშა ონიანივით უგინებია ყველა ჯურის შუბლაძე. მეც და, ცხადია, სხვებსაც, შეგვიძლია, ანალოგიურად შევამკოთ იგი. მე შენ გეტყვი, საფუძველს ვერ ვიპოვნით. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ შეიტყო, ამაგის როგორი დამფასებელია ბ-ნი დავითი და როგორ უხდის სამაგიეროს იმას, ვინც სამკურნალო თანხა გადაუხადა და სიკვდილს გადაარჩინა. შემიძლია, მაგრამ არ გავაკეთებ. რომ გავაკეთო, ეს ნიშნავს, ზუსტად ისე მოვიქცე, როგორც ჩემი კრიტიკის ობიექტი და, შესაბამისად - ჩვენს შორის არანაირი განსხვავება არ ყოფილა.
შევეცდები მკაცრად, მაგრამ საქმიანად და აკადემიურად ვისაუბრო.
დავით ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, რაიმე ღირებულს არ წარმოადგენს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში (კაცმა რომ თქვას, ამ მხრივ არც სხვაზე უკეთესია, არც უარესი). იგივე ითქმის „პარტიაზე“, რომელსაც იგი წარმოადგენს. საზოგადოება, რამდენიმე ათეული წელია, თვალს ადევნებს მის საქმიანობას და ყოველ ახალ არჩევნებზე სათანადო შეფასებასაც აძლევს მას. ეს შეფასება სტაბილურ 1,5-2.0 პროცენტს არასოდეს აცილებია და ისიც მაშინ, როცა სხვებთან შედარებით მაღალი ინდივიდუალური რეიტინგის მქონე დავით უსუფაშვილი გახლდათ რესპუბლიკელთა ლიდერი. დღევანდელი მოცემულობით, ეს პარტია, ჯერ კიდევ შემორჩენილი რამდენიმე წევრით, ჭირისუფლისგან სამარის პირას დავიწყებულ მიცვალებულს წააგავს, რომელსაც ქარის დაქროლვაზე, ხანდახან, თმა ულივლივებს და მავანს ჯერ კიდევ ცოცხალი ჰგონია. ასეთი გაუსვენებელი გვამპარტიებით სავსეა ჩვენი პოლიტიკური პანოპტიკუმი და ხარაბუზა რესპები არც პირველები არიან, არც უკანასკნელები. ჩვენი კანონმდებლობა მითიური ჰერაკლე არაა, ავგიას თავლიდან ნიჩბით ახვეტოს ამოდენა სიბინძურე. შესაბამისად, უნდა შევეგუოთ, რომ მათგან მოწამლული ჰაერის სუნთქვა კიდევ დიდხანს მოგვიწევს.
მაშინ რა გრჯის და პოლიტიკურ ნულებზე რატომ იხარჯებიო, - მკითხავთ, ალბათ.
დავით ზურაბიშვილს, როგორც პოლიტიკოსს არ ვეხმაურები. მოქალაქე დავით ზურაბიშვილს ვპასუხობ, რომელსაც ვერც განათლებას, ვერც ერუდიციას და ინტელექტს ვერავინ დაუწუნებს. წამიკითხავს მისი ძალიან კვალიფიციური პუბლიცისტური წერილები, რის გამოც პატივს ვცემდი და დღემდე ვცემ. ყველა სიკოს და კიკოს ნამდვილად არ გამოვედევნებოდი, მაგრამ როცა დავით ზურაბიშვილი საჯაროდ ამტკიცებს, 20 ივნისის ამბები გადატრიალების მცდელობას არანაირად არ წარმოადგენდაო, ამის გატარება, ვფიქრობ, არ შეიძლება.
20 ივნისთან დაკავშირებით ბევრმა ვინმემ გამოთქვა მოსაზრება, მათ შორის, მეც, რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული მოზრდილ სტატიაში. კომენტატორებმა, სრულიად სამართლიანად, დაინახეს მსგავსება ჩვენი უახლესი ისტორიის რამდენიმე ცნობილ მოვლენასთან, პირველ რიგში კი - 2003 წლის 22 ნოემბერთან. ანალოგიური იყო ჩემი შეფასებაც. დავით ზურაბიშვილს ეს შედარება სასაცილოდ არ ყოფნის და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად „კაჟის“ არგუმენტს გვთავაზობს - 17 წლის წინ ხელისუფლება იმის გამო კი არ შეიცვალა, ვიღაცეები პარლამენტში რომ შევარდნენ, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი გადადგა და მოვალეობის შესრულება კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს დაეკისრაო.
რა უნდა ვთქვათ ამ არგუმენტის შესახებ?
პირველ რიგში, ის, რომ 20 ივნისის შედარებას 2003 წლის 22 ნოემბერთან აქვს არა აბსოლუტური, არამედ შეფარდებითი ხასიათი. არავინ საუბრობს ამ ორი ფაქტის სრულ იდენტობაზე. ერთი მამის მიერ ჩასახული და ერთი დედის მიერ ნაშობი ტყუპებიც კი არ არიან მთლად ერთნაირები და ცოტა ღიმილის მომგვრელია, ვისაუბროთ ერთმანეთისგან 17 წლით დაცილებული, განსხვავებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში მომხდარი ორი ფაქტის აბსოლუტურ მსგავსებაზე? ეს, უბრალოდ, არასერიოზული იქნებოდა. მიუთითებენ (მეც მივუთითებ) მთავარ მსგავსებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ ორივე შემთხვევაში მოხდა პარლამენტის შენობაში შეჭრა და ეს განხორციელდა სამართალდამცველთა წინააღმდეგობის დაძლევის ხარჯზე.
22 ნოემბერს საქმე მხოლოდ მუჯლუგუნებითა და შედარებით მსუბუქი შეხლა-შემოხლით ამოიწურა, განსხვავებით 20 ივნისისგან, როცა მომიტინგეებმა ნამდვილი შტურმი განახორციელეს სპეცრაზმის წინააღმდეგ. 22 ნოემბერს დარბაზში შეჭრილმა ხალხმა ჩაშალა პარლამენტის სხდომა, 20 ივნისს კი მათ შენობის დაკავებაში ხელი შეუშალა სპეცრაზმელთა მიერ ოპერატიულად მიღებულმა ზომებმა.
რატომ ვთვლი, რომ 20 ივნისის ამბები შეიძლება შეფასდეს, როგორც მომიტინგეთა რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა?
თავად განსაჯეთ:
იმთავითვე ნათელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის 1 ოქტომბრიდანვე დაადგა რევანშისა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზას.
რევანშისტულ განწყობასა და ხელისუფლების დაბრუნებაში ანტიკონსტიტუციური, თავისთავად, არაფერია, თუ იგი არჩევნების გზით განხორციელდება. 2012 წლის წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში, რომლის სამართლიანობის ხარისხი ადრინდელებზე ბევრად მაღალია, ნაცმომ წარმატებას ვერ მიაღწია. პარტიის ბევრი ლიდერი და მასთან ასოცირებული, ფორმალურად აპოლიტიკური ადამიანები (მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია) ხშირად საუბრობენ ხელისუფლების დამხობის, მის წინააღმდეგ იარაღის აღებისა და აქტიური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების შესახებ. ეს ხდება არა კულუარულ შეხვედრებზე, არამედ ღიად, მიტინგებზე, სოციალურ ქსელსა და სატელევიზიო ეთერში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყოფილი მმართველი გუნდი პოლიტიკური პროცესების განვითარების ერთ-ერთ (თუ არა საერთოდ მთავარ) მიმართულებად ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას განიხილავს.
ეს რომ ასეა, ამას მრავალი გარემოება მეტყველებს. სხვა არგუმენტებზე არაფერს ვიტყვი და მხოლოდ ბოლო დროს მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე აღვნიშნავ - არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ისტერიული აქციების მოწყობა, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მაქსიმუმამდე აწევა და მთელი მთავრობის გადაყენების მოთხოვნა, მაშინ, როცა ძალიან მნიშვნელოვანი - ქვეყნისთვის შეიძლება სანიშანსვეტოც კი, - არჩევნები კარსაა მომდგარი. ეს არის შანსი ყველასთვის, ვისაც პოლიტიკურ კონკურენციაში სურს ადგილის დამკვიდრება მზის ქვეშ. თანაც ისეთი შანსი, რომლის მსგავსი ადრე არ ყოფილა. საარჩევნო სისტემა, რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, გაცილებით დემოკრატიულია ყველა ადრინდელ მოდელთან შედარებით. მთავარი ოპოზიციური პარტია, წესით, კმაყოფილი უნდა იყოს და მთელი რესურსის მობილიზებას ახდენდეს მაქსიმალური შედეგის საჩვენებლად. ამის ნაცვლად, ვხედავთ, რითაა დაკავებული იგი. ეს მხოლოდ ერთი გარემოებით შეიძლება აიხსნას - სააკაშვილის გუნდმა მდევრის სუნთქვა იგრძნო ზურგსუკან. იგი ხვდება, რომ მალე მოუწევს მისთვის ხელოვნურად შექმნილი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ყველანაირი საშუალებით ცდილობს, მანამ მოუმთავროს უპირველეს ოპონენტს საქმე, ვიდრე ეს მოხდება. საამისოდ კი, წარღვნამდელი ეპოქიდან დღემდე, ერთი გზა არსებობს - ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლა.
ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა კი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება.
ბ-ნ ზურაბიშვილს, როგორც ვხედავ, ამ ტერმინზე ალერგია აქვს. თუ მაინცდამაინც, თვლის, რომ გადატრიალება იყო 1991-1992 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენები (რომლის იდეოლოგიურ შემზადებაშიც, სხვათა შორის, მისმა პარტიამ და პარტიულმა ყონაღებმა დიდი როლი ითამაშეს), რადგან მაშინ მთავრობის სახლს ზარბაზნებიდან ყუმბარები დაუშინეს. ისე გამოდის, ჩვენი პუბლიცისტისთვის შედეგი, ან ამ შედეგის მიღწევის ფორმა, თუ საქმე მაინცდამაინც ბათქა-ბუთქამდე არ მივიდა, ბევრს არ ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, მისი ლოგიკიდან სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანე.
ბ-ნ დავითს უნდა შევახსენო, რომ კაცმა კაცის მოკვლა შეიძლება სხვადასხვა გზით სცადოს. შეიძლება ტყვია ესროლოს, კისერში დანა გამოუსვას, ან თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყას. ბოლოს და ბოლოს, ნოდარ დუმბაძის პერსონაჟის მსგავსად, ამის გაკეთება მუშტითაც შეიძლება. საქმე მკვლელობისთვის გამოყენებული იარაღის სახეობაში როდია. მთავარი ისაა, რა მოტივი ამოძრავებდა იმას, ვინც ეს იარაღი გამოიყენა. მკვლელობა, ან მისი მცდელობა, ერთნაირად კვალიფიცირდება, გინდა ცეცხლსაროლი იარაღით ჩაგიდენია იგი, გინდა ცივით და გინდა - წიხლით.
ანალოგიურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ 20 ივნისის მოვლენებზეც. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ადრიანად დაიგეგმა იგი თუ სპონტანურად იფეთქა გაუთვალისწინებელ გარემოებათა ზემოქმედების შედეგად. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რით იყვნენ შეიარაღებული აგრესიული მომიტინგეები. ფაქტია, მათ მოინდომეს კანონით დაცული სახელმწიფო დაწესებულების, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დაკავება (არა მხოლოდ მოინდომეს, დასაწყისში საკმაოდ მოზრდილმა ჰგუფმა შეაღწია კიდეც პარლამენტის შიდა ეზოში), რაც თავისთავად ანტიკონსტიტუციური ქმედებაა. ამ მიზნის მისაღწევად პარტიის აქტივისტები თავს დაესხნენ სპეცრაზმელებს, გამოიყენეს მათ წინააღმდეგ არა მხოლოდ ფიზიკური ძალა, არამედ ზიანის მიყენებისთვის გამოსადეგი ნებისმიერი, ხელთ მოხვედრილი საშუალება, მათ შორის - ლითონის საგნები. თავდამსხმელებმა მწყობრიდან გამოათრიეს სამართალდამცველები, ფიზიკურად გაუსწორდნენ და უკან მხოლოდ იმის შემდეგ დაიხიეს, როცა წესრიგის დამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
მომიტინგეთა მიერ ამა თუ იმ ფორმით სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა უცხო ხილი არაა საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებშიც. უმეტეს შემთხვევაში, იგი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის დამახასიათებელი ნიშნებით ხასიათდება. ცალკეული ადამიანები სამართალდამცველებს ესვრიან ქვებს, ბოთლებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, სპეცრაზმელთა მიახლოების შემდეგ კი სწრაფად ტოვებენ ტერიტორიას და გარბიან, რომ იგივე გაიმეორონ. 20 ივნისის აქციაზე პრინციპულად განსხვავებულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. მომიტინგეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი პირდაპირ ხელჩართულ ომში ჩაება სპეცრაზმთან. ეს დაპირისპირება მოხდა არა დისტანციურად, არამედ უშუალო კონტაქტის რეჟიმში, თანაც ზედ პარლამენტის შესასვლელის მომიჯნავე ტერიტორიაზე. ექსტრემალურ სიტუაციაში წესრიგის დამცველებს არ გააჩნდათ კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებების დაუბრკოლებლად გამოყენების შესაძლებლობა და ბევრი რამ დამოკიდებული იყო დაპირისპირებულ მხარეთა კუნთურ ენერგიაზე.
ნიშანდობლივია და მინდა, მკითხველმა განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება ერთ გარემოებას. მომიტინგეთა ნაწილის მხრივ პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ჰქონდა არა ერთჯერადი, არამედ განმეორებითი ხასიათი. აქციის დაშლისა და გაზის კვამლის გაფანტვის შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ რუსთაველზე და გაიმეორეს მცდელობა, ოღონდ, ცხადია, ამას უკვე აღარ ჰქონდა წინანდელი ძალა და შემართება. საბოლოოდ, როცა სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე წესრიგი დაამყარა, მომიტინგეები მთელ გამზირზე გაიშალნენ, მოაწყვეს ბაკქანალია, დააზიანეს სახელმწიფო თუ კერძო პირების ქონება, შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივ მოსახლეობას და შემთხვევით გამვლელებს.
თუ ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს აქციის დაშლის შემდეგ, შეიძლება შეფასდეს, როგორც ბოროტი ხულიგნობა, პარლამენტის წინ მომხდარი ფაქტი გაცილებით სერიოზულ შეფასებას იმსახურებს - ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული მასობრივი არეულობა, ძალისმიერი გზით სპეცრაზმის წინააღმდეგობის განეიტრალებისა და სახელმწიფო დაწესებულებაში შეჭრის მიზნით.
შეიძლება ბ-ნი ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ისინი სხდომათა დარბაზში საპიკნიკოდ, ბარბექიუს შესაწვავად შედიოდნენ, მაგრამ კანონი ასე არ თვლის. დავით ზურაბიშვილსა და კანონს შორის, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კანონი უფრო მაღლა დგას.
ვიმეორებ, ხელისუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდების მცდელობა სრულიად აშკარაა და ყველაზე რელიეფურად ეს გრ. ვაშაძის იმ სიტყვებში აისახა, სადაც იგი გზების, ხიდებისა და რკინიგზის გადაკეტვაზე საუბრობდა. თუ არა და ბ-მა რესპიდეოლოგმა განგვიმარტოს, რაში სჭირდებოდა პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციას ძეგვის, გნებავთ დიდუბის, ვარანცოვისა და მშრალი ხიდების დაკავება, რკინიგზის ვაგზლისა და აღმაშენებლის ხეივნის ბლოკირება?
იქნებ ის მაინც აგვიხსნას ბ-ნმა დავითმა, რა ესაქმებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მთელი დღის განმავლობაში „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატების მიერ დაშვებული საშვების საფუძველზე შესულ ჯგუფს? ისინი ხომ უსაქმოდ იჯდნენ სავარძლებში, რადგან გადამწყვეტი მოვლენები გარეთ ხდებოდა, გამზირზე. ხომ არ უნდა შესრულებინებინათ ამ პიროვნებებს საჭირო მომენტში (მასის მიერ სპეცრაზმელთა კორდონის გარღვევის შემთხვევაში) ტროას ცხენის მუცელში დამალული მებრძოლების ფუნქცია?
ბ-ნი ზურაბიშვილისა და სხვა ზურაბიშვილების მთავარი არგუმენტი 20 ივნისის ამბების გადატრიალების მცდელობად შეფასების საქმეში ისაა, რომ სპეცრაზმზე თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით არ იყვნენ აღჭურვილი. მართლაც, სახელმწიფო გადატრიალების სხვადასხვა განმარტება ხაზს უსვამს ამ მომენტს (შეგიძლიათ, იხილოთ სოციალურ-პოლიტიკურ ტერმინთა ნებისმიერი ლექსიკონი). საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ამას სჩადიან, სახელმწიფოს ოფიციალური საჯარისო სტრუქტურები, სხვადასხვა გასამხედროებული ჯგუფები და პარამილიტარისტული შენაერთები. მოტივაცია სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა. საერთაშორისო სამართალი, ზოგადად, უარყოფითად აფასებს სახელმწიფო გადატრიალებას, თუმცა, პრაქტიკაში, ხშირად აღიარებს მის შედეგებს. ეს ხდება მაშინ, როცა ამა თუ იმ ქვეყანაში არ არსებობს ხელისუფლების ორგანიზებული და ლეგიტიმური შეცვლის საყოველთად აღიარებული მექანიზმი და სახელმწიფო გადატრიალება სწორედ მის შექმნას ისახავს მიზნად. თუმცა, ეს ყოველთვის არაა ასე და საილუსტრაციოდ ჩილეში 1973 წელს და საქართველოში 1991-92 წლებში მომხდარი გადატრიალებანი შეიძლება დავასახელოთ.
სახელმწიფო გადატრიალების სალექსიკონო განმარტება იურიდიული ნორმა არ გახლავთ. არც მის შემქმნელებს აქვთ პრეტენზია სრულყოფილებაზე. მთავარი, რაზეც ყველა თანხმდება, უკვე აღვნიშნეთ - ესაა ლეგიტიმური ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა, ან განხორციელებული ფაქტი. სხვადასხვა ვითარებაში, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, მას შეიძლება ჰქონდეს სპეციფიკური თავისებურებანი. ეს თავისებურებანი ხსნის და განმარტავს მომხდარის შინაგან მექანიზმს, მაგრამ პრინციპულად არ ცვლის შინაარსს. ამიტომ, რაღაც ახალ გარემოებებზე დაყრდნობით მანიპულირება და სრულიად აშკარა ფაქტებზე წაყრუება წმინდა წყლის დემაგოგიას წარმოადგენს. ბ-ნი დავითაშვილი კი სწორედ ამ მეთოდს იყენებს და საზოგადოებას ნაცარს აყრის თვალებში.
რა შეიძლება ჩაითვალოს 20 ივნისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ადგილობრივ თავისებურებად?
მოკლედ თუ ვიტყვით, ესაა მისი გარეგნულად მშვიდობიანი ხასიათი, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ნამდვილ მიზანთან და გამოყენებულ მეთოდებთან. თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, აქციის ორგანიზატორებს სურდათ, საქმე ისე წარმოეჩინათ, თითქოს ფორმალურად დეკლარირებული მშვიდობიანი აქცია მასების რევოლუციურ მღელვარებაში გადაიზარდა და ისინი მხოლოდ ხალხის ნებას დაემორჩილნენ. არ დაგავიწყდეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილია, კაცი, რომელსაც ჭიპი აქვს მოჭრილი პოლიტიკურ ტექნოლოგიებში. მან კარგად იცის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი და სამართალი, რამდენადაც შეუვალია ხელისუფლებათა შეიარაღებული დამხობის მიმართ, იმდენად ლოიალურად უყურებს მოვლენათა განვითარების მშვიდობიან, რევოლუციურ სცენარს. ამ მხრივ მას მდიდარი გამოცდილება გააჩნია და აქ, პირველ რიგში, სწორედ 2003 წლის 22 ნოემბერს ვგულისხმობ. სააკაშვილი ის მგელია, რომელსაც კარადაში ყოველთვის აქვს ჩამოკიდებული ავარიული სიტუაციისთვის გათვალისწინებული ცხვრის ქურქი. ეს ფასადური სამოსი დასავლეთისთვისაა გამიზნული. მისი დანიშნულებაა, საერთაშორისო აზრი დაარწმუნოს, რომ საქართველოში ბატონობს ანტიხალხური რეჟიმი, რომელიც ჩაგრავს მოსახლეობას, ფეხქვეშ თელავს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და არ იძლევა ხელისუფლების ორგანიზებულად, ლეგიტიმურად შეცვლის შესაძლებლობას. ამას ემსახურება მისი ყველა სატელევიზო განცხადება, საგაზეთო ინტერვიუ, აქტივობა სოციალურ ქსელში. ამ საქმეში ჩართულია „რუსთავი 2-ის“ მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა და სხვა მედიასაშუალებები. ამ აზრის დანერგვას საერთაშორისო წრეებში აქტიურად უწყობენ ხელს მისი „პაძელნიკები“ ევროპარლამენტის სახალხო ფრაქციიდან.
მშვიდობიანი მიზანი - ეს ერთდროულად კამუფლაჟიცაა და ინდულგენციაც, რომლითაც ყოფილი მმართველი გუნდი და მისი ლიდერი ცდილობენ, წინასწარ „გააპრავონ“ ხელისუფლების შეცვლის მათეული ღონისძიებანი.
გულახდილად რომ ვთქვათ, სახელმწიფო გადატრიალებასა და მშვიდობიან-რევოლუციურ სცენარს საკმაოდ ბევრი რამ აქვთ საერთო. ძალის გამოყენება რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილიცაა, თუმცა, ცხადია, არა იმ დოზით, როგორც გადატრიალების დროს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს, სურათი ისე წარმოაჩინო, თითქოს საქმე გვაქვს გამოუვალ სიტუაციაში დასაშვებ, ხალხის მიერ მოძალადე რეჟიმთან ჭიდილში გამოვლენილ ფიზიკურ წინააღმდეგობასთან. სინამდვილეში კი ესაა კანონის ზღვარს გადასული ძალმომრეობა. ასეთ დროს ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რომელი დაპირისპირებული მხარე უკეთ შეფუთავს საკუთარ მოქმედებას და როგორ მიიღებს ყოველივე ამას საერთაშორისო ბაზარი.
ამ თეორიული მსჯელობის შემდეგ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რომელიც, ალბათ, ბევრს გაუჩნდა და რომელსაც ბ-ნი ზურაბიშვილიც სვამს. კერძოდ - როგორ უნდა ჩაეგდო ხელში ოპოზიციას ძალაუფლება იმ შემთხვევაში, თუ აგრესიული მომიტინგეები სპეცრაზმის წინააღმდეგობას დაძლევდნენ და პარლამენტში შეიჭრებოდნენ?
ეს კითხვა სრულიად ლეგიტიმურია და კონკრეტულ პასუხს მოითხოვს. თუ არ გამოიკვეთა ორგანული კავშირი პარლამენტში შევარდნასა და ხელისუფლების დამხობის გეგმას შორის, მაშინ ეს აქცია წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით შეიძლება სხვანაირად შეფასდეს (ბოროტი ხულიგნობა, სახელმწიფო ქონების დაზიანება, მასობრივი არეულობა და ა.შ.). ყოველ შემთხვევაში, მისი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად კვალიფიცირება გაჭირდება.
მკითხველს, ალბათ, ესმის, რომ ამ ნაწილში ჩვენი მსჯელობა, მარტივი მიზეზის გამო, მოკლებული იქნება სამართლებრივ არგუმენტაციას. როგორ უნდა შეაფასო სამართლებრივად ის, რაც გეგმის სახით კი არსებობდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ განხორციელდა? ყოველ შემთხვევაში, მიზანი მიუღწეველი დარჩა და გადატრიალება არ შედგა. სამართლებრივი განხილვისა და შეფასების საგნად შეიძლება იქცეს ის, რაც რეალურად მოხდა და ყველამ ვიხილეთ რუსთაველზე, დანარჩენი კი პუბლიცისტური ანალიზის თემაა. რაკი ბ-ნი ზურაბიშვილმა ეს კითხვა სერიოზულად დასვა, თავს უფლებას მივცემ და ჩემეულ ანალიზს შემოგთავაზებთ.
მიმაჩნია, რომ მომიტინგეთა პარლამენტში შეჭრის შემთხვევაში ხელისუფლების დამხობის (შეცვლის) პერსპექტივა საკმაოდ რეალური იყო. მართალია, შენობა ცარიელი იყო და იქ შევარდნილი ადამიანები, ფორმალურად, სახელმწიფო სტრუქტურების (მათ შორის თვითონ პარლამენტის) საქმიანობას ვერ შეაფერხებდნენ, მაგრამ ეს არც იყო მთავარი. მთავარი გახლდათ ფსიქოლოგიური უპირატესობის მომენტი, რის დადგომასაც გეგმავდნენ აქციის ორგანიზატორები. არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი გადიოდა პირდაპირ ეთერში. მთელი საქართველო უყურებდა ამ მოვლენებს და, დარწმუნებული ვარ, უმრავლეობა - „რუსთავი 2“-ის ეთერში. ახალგაზრდა თაობის გარდა ყველას მეხსიერებაში ცოცხლადაა შემონახული 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტში სააკაშვილის მომხრეთა შეჭრისა და ჩაის დალევის ეპიზოდი. მასის ფსიქოლოგიაში დარბაზში ოპოზიციის შეჭრა უკვე მის გამარჯვებად განიხილება, იმის მიუხედავად, იქ პლენარული სხდომა მიმდინარეობდა თუ დამლაგებლები მაგიდებს წმენდდნენ „ვინდექსის“ ხსნარით. ყველაფერი ეს გათვლილი იყო ორმაგ ეფექტზე. ხელისუფლების ადგილობრივ, მყიფე სტრუქტურებს, რომელთა შემადგენლობაში ჯერ კიდევ ბლომადაა „ნაცმოძრაობიდან“ პორტირებული ელემენტი, მეყსეულად უნდა დაეწყო მდგომარეობის ახალ ბატონ-პატრონთან მისასვლელი გზების ძიება. პოლიციას ხელი უნდა ჩაექნია და მრავალრიცხოვანი მასის ზემოქმედებით სპეცრაზმის წინააღმდეგობა ისედაც განეიტრალებული იქნებოდა. არმია პროცესებში, ცხადია, არ ჩაერეოდა.
თავად დაფიქრდით, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს სიტუაციაში იმას, გადადგება თუ არა თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი, მთავრობა? მოწესრიგებულ, კანონის პრიმატზე დამყარებულ ქვეყნებში მსგავსი რამ გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ? ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრში პარლამენტის დაკავებისა და პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე „პალაჟენიეს“ დამყარების შემდეგ ხელისუფლების ფუნქციონირება იქნებოდა წმინდა წყლის ფორმალობა. იგი დაკარგავდა კონტროლს სიტუაციაზე, ვეღარ მართავდა პროცესებს და იძულებული გახდებოდა, გამოეცხადებინა. დამდგარი შედეგისთვის ფორმალურად ლეგიტიმური ფორმის მიცემა მხოლოდ ტექნიკის საქმეა და „ნაცმოძრაობას“ ეს არ გაუჭირდებოდა, მით უმეტეს, კიევიდან სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ.
შეიძლება ვინმემ იკითხოს,- კი მაგრამ, ხელისუფლებას ბევრად მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე ოპოზიციას და ამ ადამიანებს ხომ შეეძლოთ, ქუჩაში გამოსულიყვნენ და პროცესის ამგვარი განვითარებისთვის ხელი შეეშალათ? - ვფიქრობ, - არა. ბოლო წლების მოვლენებმა ცხადყო, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და ფანკლუბი უფრო მობილური და უკეთ ორგანიზებული ძალაა, ვიდრე მათზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ოპონენტები. ამ ადამიანებმა შეძლეს და თავიანთი პარტიული ქოლგის ქვეშ მოუყარეს თავი ქვეყნად არსებულ ყველა ტიპის საპროტესტო რესურსს. ისინი ჩანან და მართავენ პროცესებს ყველგან, როგორც უკმაყოფილო „ბაზარნიკების“ ხმაურიანი თავყრილობებზე, ასევე ღამის კლუბ „ბასიანისა“ და სალარიძე-მაჩალიკაშვილის აქციებზე. ისინი ეფექტურად იყენებენ ხელისუფლების ყველა შეცდომას, რაც კარგად გამოჩნდა გავრილოვის ჩამოსვლთან დაკავშირებულ ეპიზოდშიც. დაბოლოს, მათ სწრაფად ჩაიგდეს ხელში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსთაველზე მიმდინარე, სტუდენტი ახალგაზრდობის ფორმალურად ზეპარტიული აქციის მართვის სადავე. და ეს იმ დროს, როცა ხელისუფლების მხარდამჭერი, ან, უბრალოდ - ნაცმოსადმი კრიტიკული ადამიანები პასიურობენ. ისინი ქუჩაში მიმდინარე პროცესებს შინიდან ადევნებენ თვალს და, ძირითადად, სოცქსელში გარჩევებით არიან დაკავებული. მათი თვითორგანიზაციის ხარისხი დაბალია. ამდენად - ვერავინ დამარწმუნებს, რომ ისინი პროცესის არასასურველი მიმართულებით განვითარებაზე ზემოქმედებას შეძლებდნენ.
თუ მე ვცდები და ასე არაა, მაშინ უნდა ვილოცოთ, რადგან თავიდან ავიცილეთ ქუჩებში სამოქალაქო დაპირისპირების ყველაზე კოშმარული პერსპექტივა.
დაახლოებით ასე მესახება მოვლენების შესაძლო განვითარება 20 ივნისს მომიტინგეთა მიერ სპეცრაზმის წინააღმდეგობის დაძლევისა და პარლამენტის დაკავების შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი პირადი ხედვაა, რომელიც სააკაშვილისა და მისი გუნდის ცხრაწლიანი მართველობის რეტროსპექტიულ ანალიზს ემყარება. ამ ხედვას არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარის სამართლებრივ შეფასებასთან. ყველას, მათ შორის ბ-ნ ზურაბიშვილსაც, თავისუფლად შეუძლია, არ გაიზიაროს იგი. ეს ნამდვილად არაა პრობლემა. მთავარი ისაა, სახელმწიფომ, საზოგადოებამ ცალსახა შეფასება მისცეს 20 ივნისის საღამოს რეალურად მომხდარ ფაქტს და ეს დამოკიდებული უნდა იყოს არა რომელიმე მოსამართლის ინდივიდუალურ შეფასებაზე, არამედ კანონის იმპერატიულ დისპოზიციაზე.
ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს უნდა მიეცეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია. შესაბამისად უნდა შეფასდეს ამ აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მოქმედებაც!
ბ-ნ ზურაბიშვილს უფლება აქვს, ყოველივე ეს მხოლოდ მასობრივ არეულობად და ხულიგნობად მონათლოს. მისი საქმეა და ვერავინ დაუშლის. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა - ტერმინებით მანიპულაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას - ერთი კარგად ცნობილი დაწესებულების აბრაზე საროსკიპოს დავაწერთ თუ ბორდელს. ამით კარს უკან მიმდინარე პროცესის შინაარსი არ იცვლება!
სასიხარულოა, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ გამოჩნდა ამ საიტზე კარგი ქართველი და კარგი ავტორი - იერემია, ურომლისობაც აშკარად ემჩნეოდა აქაურობას!
ახლა... 'ლ ა მ ე ც' თუ გამოჩნდება, თავისი ღრმა და უაღრესად საინტერესო კომენტარებით, ვიფიქრებ, რომ დამთავრდა "ჟამი ქვათა განბნევისა" და დაიწყო უკუპროცესი...
პატივისცემით, ედგ.