ნოვატორი და მაქინატორი მაიკლ მილკენი

ნოვატორი და მაქინატორი მაიკლ მილკენი

მაიკლ მილკენმა 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და მაინც მულტიმილიარდერად დარჩა. მან უკურნებელი სენი დაამარცხა და მსოფლიო ეკონომიკაში სახელი ძალიან რისკიანი ნოვაციით გაითქვა. ამასთან, მაიკლ მილკენი ცნობილია როგორც მეოცე საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი უდიდესი მაქინატორი.

 

 ნარჩენი ობლიგაციები

 

მაიკლ მილკენი დაიბადა 1946 წლის 4 ივლისს კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ ენცინოში ებრაელ ემიგრანტთა ოჯახში. იგი ბავშვობიდან მშვენიერი მათემატიკური მონაცემებით გამოირჩეოდა. მეტიც, პატარა მაიკლი ბუღალტერ მამას გამოთვლების გაკეთებაში ეხმარებოდა.

   

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1966 წელს მაიკლმა ბერკლიში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ორი წლის შემდეგ თავის თანაკურსელზე დაქორწინდა, რომლისგანაც სამი შვილი შეეძინა. უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხით დასრულების შემდეგ მან არჩევანი ბიზნესის სასარგებლოდ გააკეთა, აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაბარგდა და 1970 წელს მუშაობა საინვესტიციო კომპანია Drexel Burnham-ში დაიწყო. ამასთან, იგი სწავლას აგრძელებდა პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში.

   

Drexel-ში გულმოდგინე მუშაობისას მილკენმა გვარიანი კაპიტალი მოაქუჩა. იმ დროს ამერიკა 70-იანი წლების კრიზისიდან უკვე გამოდიოდა და 30 წლის ბიზნესმენი გრძნობდა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ნარჩენი ობლიგაციების (ძალიან რისკიანი ფასიანი ქაღალდები აზარტული ინვესტორებისათვის) განხორციელების დრო დადგა.

   

1975 წელს აშშ-ში საფონდო ბაზრის გარკვეული ლიბერალიზაცია მოხდა, რომლის შედეგად ბევრმა საინვესტიციო ბანკმა კლიენტურის მომსახურებაზე მონოპოლია დაკარგა. პოზიციების შენარჩუნებისათვის Drexel-ს ახალი იდეები სჭირდებოდა. ეს მილკენისათვის შანსი იყო, თუმცა, ნარჩენ ობლიგაციებში ფულის ჩასადებად კომპანიის ხელმძღვანელობის და ინვესტორების

დარწმუნება ძალზე რთული იყო.

   

მიუხედავად ამისა, მილკენი ბევრს ეცადა და თავისი მაინც გაიტანა. “ნარჩენების ბაზარზე” თავისი პირველი ოპერაცია მან 1977 წელს განახორციელა. ამავდროულად, იგი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

 

სილიკონის ველის მამა

 

ითვლება, რომ სილიკონის ველზე ძნელად შეხვდებით კომპანიას, რომელსაც მილკენის ფინანსური ორგანიზებით არ უსარგებლია. მაღალტექნოლოგიური ბიზნესის გრანდთაგან ნარჩენების ობლიგაციების ემისია ერთადერთ ბილ გეითსს არ გამოუყენებია.

  

მილკენმა შეძლო ამერიკული ბიზნესისათვის დამახასიათებელი შეუპოვრობის და ადამიანთა განვითარების გლობალური, ანალიტიკური ხედვის შერწყმა. შეძლო და შედეგიც მიიღო. 1985 წლისათვის ნარჩენების ობლიგაციების ბაზრის მოცულობამ 8,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ბაზრის ორ მესამედზე მეტს თავად მილკენი აკონტროლებდა.

   

ნუვიროშისათვის დამახასიათებელი სიხარბით, რომლის თავზეც ოქრომ იწვიმა, მილკენმა ბევერლი ჰილსზე ლამის მთელი კვარტალი შეიძინა. ოფისის კარზე უკვე Drexel კი არა, მილკენის სახელი და გვარი ეწერა. იგი უკვე კომპანიის პრეზიდენტი იყო. მაიკლი თავის ხელქვეითებს ერთობ მძიმე გრაფიკით ამუშავებდა, მაგრამ სამაგიეროდ, გვარიან ხელფასსაც უხდიდა. ბევრი მათგანი

 

მილიონერი გახდა. თავად მილკენმა 1987 წლის განმავლობაში მილიარდნახევარი დოლარის ოდენობის ხელფასი მიიღო. მაგრამ იგი არ ცხრებოდა და გამუდმებით ბიზნესის გაფართოვებაზე ფიქრობდა.

 

მართლმსაჯულებასა და სიკვდილთან მებრძოლი

 

ამან იგი დაღუპა კიდეც. მილკენმა იმოდენა რესურსის მობილიზაცია მოახერხა, რომ უბრალოდ არ იცოდა ფული სად წაეღო. უზარმაზარი შემოსავლით და ძალაუფლებით დაბრმავებულმა თვალი ბაზრის იმ ნაწილს მიაპყრო, სადაც გაბანკროტების პირას მყოფი კომპანიების აქციები იყო თავმოყრილი. მას სურდა ეს კომპანიები ხელში ეგდო, წელში გაემართა და შემდეგ სარფიანად გაეყიდა.

   

მადაზე მოსული მილკენი უკვე არა პარტნიორს, არამედ მსხვერპლს ეძებდა. შედეგად, სულ უფრო და უფრო მეტი მილიარდი დოლარი იდებოდა ამა თუ იმ საქმეში, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე მეტად აზარტულ თამაშს გავდა.

   

მილკენის რეპუტაცია შეირყა. კომპანიების მტრულ შთანთქმას თან არაერთი სკანდალი ახლდა. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 1989 წელს ნიუ იორკში დააპატიმრეს მილკენის ერთ-ერთი პარტნიორი, რომელმაც კომპანიის ხელში ჩაგდებისას კანონი დაარღვია. დაკითხვისას მან თავისი ბოსის დარღვევები გააჟღერა.

   

1990 წელს მილკენი მართლმსაჯულებასთან კომპრომისზე წავიდა და იმ იმედით, რომ მძიმე დანაშაულს აპატიებდნენ, რამდენიმე მაქინაციაში თავი დამნაშავედ სცნო. გუმანმა უმტყუნა, არაფერიც არ აპატიეს, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და 1,1 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს. ამასთან, მთელი ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციაში მონაწილეობა აუკრძალეს.

   

Drexel გაკოტრდა. იგივე ბედი გაიზიარა რამდენიმე შემნახვედმა ბანკმა, რომლებსაც ნაგვის ობლიგაციებში დიდი ფული ჰქონდა დაბანდებული.

   

მილკენს კი 1991 წელს პატიმრობის ვადა ორ წლამდე შეუმცირეს. განთავისუფლების შემდეგ მას ექიმებმა პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მილკენს უთხრეს, რომ ორიოდე წლის სიცოცხლე რჩებოდა, მაგრამ კიდევ ერთი საოცრება მოხდა. მილკენმა მთელი თავისი უშრეტი ენერგია ავადმყოფობასთან ბრძოლაში ჩართო, მედიტირებდა, იოგაში ვარჯიშობდა, ვეგეტარიანელი გახდა. ამასთან, დიდძალ ფულს ქველმოქმედებისათვის იმეტებდა.

   

და ავადმყოფობამ უკან დაიხია. მილკენი თავს დღესაც მშვენივრად გრძნობს. ერთ ხანს ბიზნესში დაბრუნებასაც აპირებდა, თუმცა, კვლავ ვირის აბანოში მოხვედრის შეეშინდა და თავი დროულად შეიკავა. ერთადერთი, რაც ბოლო დროს 2 მილიარდი დოლარის მფლობელმა მილკენმა შექმნა, კულინარული წიგნი გახლავთ.