“არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ" - გვპირდებოდა თავდაცვის ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ამის მიუხედავად, არჩევნების მეორე დღესვე გაუჩინარდა. დღეს უკვე გაცხადდა, რომ სამკვირიანი ტაიმ-აუტის შემდეგ დიმიტრი შაშკინი ამერიკაშია. თავდაცვის ექს-მინისტრი ამერიკიდან განცხადებას ავრცელებს და წინასწარ აანონსებს, რომ მის შესახებ, შესაძლოა, გაუგონარი ამბები გავრცელდეს.
მართალია, შაშკინი არ აკონკრეტებს, რა არის ის „ჯერაც არნახული და გაუგონარი ამბები“, მაგრამ ფეისბუქით გავრცელებული მისი „ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან“ ვიგებთ, რომ შაშკინი თურმე იმისთვის კი არ ყოფილა მთავრობაში, რომ მილიონები ეშოვა, არამედ იმისთვის, რომ ემსახურა ჩვენი ხალხისთვის. ასევე, შაშკინმა დაგვიბარა, რომ ყოველთვის იამაყებს იმით, რომ მუშაობდა ყველაზე ძლიერ და წარმატებულ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ერთად. მას კიდევ უფრო მეტი საამაყო ჰქონია, რადგან შესაძლებლობა მიეცა, ესწავლა ზურაბ ადეიშვილისგან და ეწოდებინა მისთვის მეგობარი.
თუმცა, როგორც ჩანს, მათი მეგობრობა პლატონისა და არისტოტელეს მეგობრობამდე - ანუ ჭეშმარიტებამდე ვერ ამაღლდა.
შაშკინი ყოველთვის იამაყებს, რომ მისი კოლეგა იყო ალე ხეთაგური - მისი აზრით, ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოში. ყოველთვის იამაყებს იმით, რომ მთავრობის სხდომებზე ერთ მაგიდასთან იჯდა გრიგოლ ვაშაძესა და რამაზ ნიკოლეიშვილთან ერთად და, რაც ყველაზე მთავარია, მან გაატარა თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში და მასვე რომ დავესესხოთ, „მათ, ყველამ ერთად, საქართველო თავისი განვითარების ზენიტში აიყვანეს“.
ამის მიუხედავად, ასეთი საამაყო სივის მქონე ადამიანი დღეს ამერიკაშია გადახვეწილი და, როგორც გაირკვა, მისი მივლინებაში ყოფნა დაპირებული 6 ოქტომბრის ნაცვლად უვადოდ გაგრძელდა.
მართალია, დიმიტრი შაშკინი თავისი ოთხწლიანი მოღვაწეობით თავს იწონებს და აცხადებს, რომ ქუჩაში მას მადლიერი ადამიანები ხვდებიან, მაგრამ ექსპერტები მის მიერ განვლილ ნაკვალევზე საამაყოს ვერაფერს ხედავენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
ნანა კაკაბაძე პენიტენციალურ სისტემაში ბაჩო ახალაიასთან ერთად შაშკინის თანაბარ ბრალეულობაზე საუბრობს; თავდაცვის უწყებაში მისი ჯერაც დაუსრულებელი „მოღვაწეობა“ კი ორი ჯარისკაცის თვითმკვლელობით (სინამდვილეში, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ - მკვლელობით) აღინიშნა, ხოლო სკოლებში მისი რეფორმის სახედ მისივე მეგობარი ტარას შავშიშვილი კმარა, რომ არაფერი ვთქვათ, ციხედ ქცეულ სკოლებზე, სადაც მანდატურის უმწიკვლო მისიას პოლიტიკური დასმენების ფუნქცია შეემატა.
ყველაფრის მიუხედავად, შაშკინი გვპირდება, რომ დაბრუნდება - „იმ იმედით დავტოვე საქართველო, რომ დავბრუნდები“.
შაშკინის როლისა და პერსონის შეფასება For.ge-მ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს სთხოვა.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს შაშკინის წარმატებული რეფორმები იმ უბრალო მიზეზის გამო არ ახსენდება, რომ ასეთი რეფორმა შაშკინს არცერთ სფეროში არ ჰქონია. ამდენად, პოლიტიკოსი ვერ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს შაშკინი საკუთარ წარმატებულ რეფორმაში. თუ გულისხმობს სკოლის გაუბედურებას, როცა ჩვენმა ბავშვებმა ათის პროცენტის გამოყვანა და წილადების გამრავლება არ იციან, ეს არ არის რეფორმა. ლევან ბერძენიშვილი ვერც იმას უწოდებს რეფორმას, როცა ფორმიანი ხალხი შეუშვეს სკოლაში წესრიგის დასამყარებლად, ვერც ის ჩაითვლება რეფორმად, რომ შაშკინის მეგობარმა ტარას შავშიშვილმა მისივე რჩევით ბავშვი პროკურატურას ჩააბარა. უფრო მეტიც - პოლიტიკოსის აზრით, ეს კატასტროფა იყო ქართული სკოლისთვის, როცა დირექტორი ბავშვს დაუპირისპირდა, პრინციპით - „ან მე, ან - ის“.
„ამას თუ თვლის წარმატებულ რეფორმად, სხვა საქმეა. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ შაშკინი არც ინტელექტით, არც განათლებით არცერთ თანამდებობას არ შეესაბამებოდა, რომელზედაც იგი გვევლინებოდა. შაშკინი გახლდათ შემთხვევითი კაცი საქართველოს ისტორიაში. უბრალოდ, მას გაუმართლა, რომ ქართული გვარი არ ჰქონდა და მიშას ასეთი გვარის ადამიანი ჭირდებოდა, რომელიც იქნებოდა „პატრიოტულ-ქართულ“ საქმეებში ჩართული. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით, ჩვენც ძალიან მოგვწონდა. კარგია, როცა კაცი შაშკინია გვარად და ამ დროს ქართულ საქმეს აკეთებს, მაგრამ არ გააკეთა ეს ქართული საქმე და რას გვამადლის?! თუ კარგი საქმე გააკეთა და კარგი რეფორმები ჩაატარა. რამ გააქცია უცხოეთში?! ჩამობრძანდეს საქართველოში,“- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
რაც შეეხება შაშკინის ნათქვამს, თითქოს ქუჩაში შეხვედრისას ხალხი მას პენიტენციალურ სისტემაში ძალადობის შემცირების გამო ემადლიერებოდა, ლევან ბერძენიშვილი პასუხობს: „ჩამოვიდეს, ერთი, ქუთაისში, გაიაროს ქუჩაში და მადლობას ვინ ეტყვის, ძალიან კარგად დაინახავს. ეს ხომ სისულელეა?!“
მისივე თქმით, როცა ადამიანი მინისტრია და ქუჩაში დაიარება, შესაძლოა, მადლობაც კი უთხრან და შუბლზეც აკოცონ, მაგრამ ადამიანს იმდენი გონება უნდა ჰქონდეს, რომ მიხვდეს, რამდენად გულწრფელია ეს ამბორი.
„ახლა გაიაროს შაშკინმა ქუჩაში. სწორედ მაშინ უნდა იაროს, როცა ამის შემოწმების საშუალება არის და მაშინ გაიგებს, აფურთხებენ თუ აკოცებენ. თუ კოცნას უპირებდნენ, მაშინ ასეთი ქვეყნიდან წავიდა ისეთ ქვეყანაში, სადაც კაციშვილი არ იცნობს და ზედ არ უყურებენ?! მე ეს არ მესმის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იგი გაიქცა, როგორც ვირთხა, რომელსაც ჰგონია, რომ მასზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. რეალურად აღიძრება თუ არა, არ ვიცი, რადგან პარლამენტი და პოლიტიკური ნაწილი ვინმესთან მიმართებით ანგარიშსწორებას არ აპირებს, მათ შორის, არც შაშკინის მიმართ. თუმცა, მე რომ ვიყო, მან რა კატასტროფაც მოახდინა განათლებაში, ამის გამო საქმეს კი არა, რას არ აღვძრავდი, მაგრამ ასე არ იქნება“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
პარლამენტარის თქმით, თუკი შაშკინმა კონკრეტულად რაიმე მოიპარა ან ვინმე მოკლა, რა თქმა უნდა, არავინ აპატიებს. თუმცა, ამ ეტაპზე მან ასეთი დანაშაულის შესახებ არაფერი იცის. ამის მიუხედავად, ლევან ბერძენიშვილს ერთი რამ აფიქრებს - იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევიან ეს ადამიანები, ყველა გაქცეულის მიმართ მას ეჭვი გაუჩნდა.
„ალბათ, გასაქცევად აქვთ საქმე და ჩემზე უკეთ იციან, თუ რა დააშვეს“,- დასძენს ლევან ბერძენიშვილი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ დიმიტრი შაშკინმა სამუშაო აშშ-ის ერთ-ერთ ძალოვან უწყებაში იშოვა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მას მიაწოდეს, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებით ვერ ისაუბრებს.
„ალბათ, სამსახური იშოვა, რადგან ამერიკაში დარჩა. თანაც, ამგვარი ჭორი იყო გავრცელებული. მისი იქ დარჩენა ბუნებრივიცაა, რადგან შაშკინს საკმაო დიდი კავშირები ჰქონდა ამერიკასთან. მოგეხსენებათ, იგი IRI-ის წარმომადგენელი გახლდათ. ასე რომ, შაშკინთან ერთად, ეს ადამიანები ეცდებიან, დასავლეთში დაიმკვიდრონ თავი, სადაც პოლიტიკური ცენზურა არ არის ისეთი, რომ დიდი ყურადღება გაამახვილონ, თუ ვინ შედის, ვინ გადის და სამსახურს სად იწყებს“,- განმარტავს რამაზ საყვარელიძე.
ამდენად, იგი მიიჩნევს, რომ საქართველოდან გაქცეულ ადამიანებს მანევრის საშუალება უცხოეთში უფრო ექნებათ. თუმცა, თუკი შაშკინზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და ძებნა გამოცხადდება, ცხადია, ეს ნებისმიერ პირს შეეხება, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ამერიკაში.
აქვე რამაზ საყვარელიძე შაშკინის მიერ განათლების სფეროში განხორციელებულ „რეფორმებს“ შეეხო და სამი მათგანი გამოარჩია: კერძოდ, შაშკინის ფრაზა მასწავლებლების მიმართ - „თქვენ სისხლს დავლევ“, ასევე - მანდატურების სკოლებში შეყვანა და მაია მიმინოშვილის მოხსნა.
„ყოველი ასეთი ნაბიჯი არის ცვლილება, ოღონდ დადებითისკენ არის ეს ცვლილება, თუ უარყოფითისკენ, ამის გარკვევას, ალბათ, დიდი შრომა დასჭირდებაა“,- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში ვერ აკონკრეტებს დიმიტრი შაშკინი გაიქცა, წავიდა თუ ახალი სამსახური იშოვა.
„ეს ყველაფერი კიდევ გაირკვევა. მეორეც, თუ რაღაც საფრთხე იგრძნო, ან პრობლემები შეექმნა, ეს ცალკე გასარკვევია. საინტერესოა, ხომ არ იყო მასზე ზეწოლა, რადგან განცხადებები და მუქარები ბევრჯერ ისმოდა ხოლმე,“ - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
რეფორმებთან მიმართებით კი იგი განმარტავს, რომ ამ წლების განმავლობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, თუმცა, ბუნებრივია, ამ რეფორმების კორექტირებაც ხდებოდა. უფრო ზუსტად, კახა ლომაიადან დიმიტრი შაშკინამდე არის მთელი რიგი თვისობრივი ცვლილებები, რომელთა შორისაც ზოგიერთმა მათგანმა იმუშავა, ზოგიერთმა კი - არა.
„არც ის არის გამონაკლისი, რომ შეცდომები ყოფილიყო. ადგილზე შესრულება ყოველთვის არ გახლავთ იმ დონის, რისი ჩანაფიქრიც არსებობს. მაგალითად, მანდატურთა ინსტიტუტი უსაფრთხო სკოლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ მანდატური მასწავლებლის ფუნქციებში ჩაერევა, ეს უკვე ზედმეტია. მანდატურის ინსტიტუტის ჩანაფიქრი იყო ის, რომ ბავშვები ყოფილიყვნენ გაკვეთილზე და არ ყოფილიყვნენ დაკავებულნი კრიმინალური თუ ნახევრად კრიმინალური საქმიანობით. ეს ძალიან ღირსეული და კეთილშობილური ჩანაფიქრია, ხოლო თუ ცალკეულმა მანდატურმა ეს ყველაფერი სხვანაირად გამოიყენა, ეს კონკრეტულად გამოსარკვევია. თორემ მანდატურების წესდებაში სიტყვაც არ წერია მის პოლიტიკურ დატვირთვაზე“ - გვითხრა დავით დარჩიაშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ დიმიტრი შაშკინის მიმართვა არ წაუკითხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ განათლების სისტემა ახლა ისეთ ვითარებაშია, რომ მას გადარჩენა სჭირდება.
„პირველი ეტაპი სწორედ მისი გადარჩენაა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ მის განვითარებაზე. რის გამოა ეს სისტემა ასეთ ვითარებაში ჩავარდნილი, ამაზე კომენტარიც ზედმეტია. რეფორმა ნორმალურად არ ჩატარებულა. ამდენად, დღეს ამ სისტემას მკურნალობა სჭირდება,“ - გვითხრა მაია მიმინოშვილმა.