გულმოცემულმა «თელასის» გაფიცულმა და გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ცენტრალურ ოფისთან მორიგი მძლავრი საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა თანამდებობიდან კომერციული დირექტორის, ზურაბ არსოშვილის გადადგომაა.
ორშაბათ დილიდანვე აქციაზე გაფიცულები 15 ფილიალიდან გაეშურნენ და საბოლოოდ «თელასის» სათავო ოფისთან მოიყარეს თავი, თავიანთ ტრანსფარანტებთან ერთად: «არსოშვილის დრო დამთავრდა», «თელასი» ზონდერების გარეშე», «ძირს ცინიზმი».
22 ოქტომბერი არსოშვილისთვის ნამდვილად შავი დღე იყო. თითქოს ის არ ეყოფოდა, რომ მთელი ორგანიზაცია აუმხედრდა, «თელასიდან» გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ნინო ტივაძემ კომპანიის მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
როგორც ნინო ტივაძე აცხადებს, ზურაბ არსოშვილმა «თელასის» თანამშრომლებს ცილი დასწამა და კორუმპირებულობა დააბრალა.
«პარასკევს ზურაბ არსოშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ 125 ადამიანი ვყოფილვართ კორუმპირებულები. მოვითხოვთ, პროკურატურამ გაარკვიოს ამ სიტყვების მართებულობა, ან არსოშვილმა აგოს პასუხი», - განაცხადა ნინო ტივაძემ.
მან ასევე მოითხოვა, პროკურატურამ გაარკვიოს «თელასიდან» 125 ადამიანის გათავისუფლების კანონიერების საკითხი.
არსოშვილის შერცხვენა ამით არ დასრულებულა. «თელასის» პროფკავშირების თავმჯდომარემ, მალხაზ ღონიაშვილმა კომერციული დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობაც დაიწყო. «ვიშიმშილებ, სანამ არსოშვილისა და მისი გუნდის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას არ ჩამოიტანენ», - აღნიშნა ღონიაშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ ხუთშაბათამდე ზურაბ არსოშვილი და მისი გუნდი კომპანიას არ დატოვებს, მომიტინგეები ფართომასშტაბიანი გაფიცვებით იმუქრებიან.
ამდენ შეტევას თვით არსოშვილმაც ვერ გაუძლო და «თელასის» კომერციულმა დირექტორმა გენერალურ დირექტორ აშოტ მანუკიანს შვებულებაში გაშვების თხოვით მიმართა. ეს გადაწყვეტილება მომიტინგეებს თავად გენ დირექტორმა აშოტ მანუკიანმა ამცნო, ეგონა რა ეს მომიტინგეებს დააშოშმინებდა
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა მანუკიანს მყის შეახსენა, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, შვებულებაში გასვლა მუშაკს 11-თვიანი მუშაობის შემდეგ შეუძლია.
მანუკიანმა პეტრიაშვილს უპასუხა, რომ გენერალურ დირექტორს თანამშრომლის უხელფასო შვებულებაში გაშვების უფლება აქვს.
მომიტინგეებთან შეხვედრისას აშოტ მანუკიანმა ისიც განაცხადა, რომ ძველი პრემიალური სისტემა აღდგება, გადაიხედება ხელფასების საკითხიც, ხოლო გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება.
ასეთმა «დათმობამ» აქციის მონაწილეები სულაც ვერ დააკმაყოფილა და მათ მთავარ მოთხოვნად არსოშვილის გადადგომა ძალაში დატოვეს.
ბოლოს და ბოლოს შრომითი დავების დარეგულირებასთან დაკავშირებით, სს «თელასის»ინიციატივით, კომპანიის პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყო.
კომპანია «თელასის» წარმომადგენელთა ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ თანამშრომელთა ხელფასების ფორმირების მექანიზმს, აბონენტთა მომსახურების ცენტრებში ღამის საათებში და დასვენების დღეებში მორიგეობის ანაზღაურების ფორმას, პრემიების გადახდის საკითხს ივნის–აგვისტოს პერიოდში და, ასევე, 2012 წლის მეორე ნახევარში გათავისუფლებულ თანამშრომელთა სამსახურში აღდგენის მიზანშეწონილობის საკითხს.
კომპანიის პროფკავშირების წარმომადგენლებთან კონსულტაციებისა და შეხვედრების ჩატარების შემდეგ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობამ წარადგინა ინფორმაცია მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება პრემიების გაცემის წესს, ღამის საათებში და დასვენების დღეებში მუშაობისთვის კომპენსაციის განსაზღვრის სისტემას.
კერძოდ, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კომპანია თანამშრომელთა პრემირების ადრე არსებულ სისტემას უბრუნდება. აგრეთვე, მოხდება ივნის–აგვისტოში გაცემული პრემიალური თანხების გადახედვა.
«პროფკავშირებთან მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ხასიათს ატარებს. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგებს თანამშრომლებს ვაცნობებთ», - განაცხადა «თელასის» გენერალურმა დირექტორმა აშოტ მანუკიანმა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსოშვილის წამზომი ჩართულია და მას და «თელასის» ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხუთშაბათამდე აქვს...