საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზად არის, მაგრამ ისინი მმართველ გუნდს საკუთარ მოთხოვნებს უყენებენ 3%-იანი ბარიერის დაწესების თაობაზე.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ნულოვანი ბარიერი მომავალი ქაოტური პარლამენტის რისკს შეიცავს და უფასო ფულის მსგავსად, არც მთლად ნულოვანია.
პარალელურად გახმიანდა ნიკა გვარამიას მოსაზრება, რომ ნულოვანი ბარიერი ქმნის ე.წ. ეთნიკური პარტიების გაჩენის საშიშროებას და ამის რისკია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც შესაძლოა, აზერბაიჯანული და სომხური პარტიები გაჩნდნენ. ეს კი სამომავლოდ კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის.
ნულოვანი ბარიერის ავკარგიანობის შესახებ For.ge-ს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ესაუბრა.
ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, ოღონდ ერთი დათქმით - ნულპროცენტიანი ბარიერით. რა რისკებს შეიცავს ნულპროცენტიანი ბარიერის დაწესება და ისევ 3%-ზე ხომ არ უნდა ავიდეს ნიშნული?
- დავიწყოთ იმით, რომ პოზიტიურად შესაფასებელია 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ მხოლოდ პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრე, ამ მოცემულობაში, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, ამას მაინც პოზიტიურად ვაფასებ.
რაც შეეხება ნულპროცენტიან საარჩევნო ბარიერს, როგორც ცნობილია, ამით პლურალისტული პარლამენტი შეიქმნება და პარლამენტში წარმოდგენილი იქნება მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესი, მაგრამ რა იმალება ნულოვანი ბარიერის მიღმა?
- ერთი შეხედვით, თითქოს პოზიტიურად უნდა შეფასდეს ნულოვანი საარჩევნო ზღურბლი, ვინაიდან ამას საფუძვლად უდევს ფართო წარმომადგენლობითი დემოკრატიული პარლამენტის შექმნა, მაგრამ არსებობს სხვა რისკები, რომლებიც ნულოვან ბარიერს უკავშირდება. მე უბრალოდ შევახსენებ ჩვენს მკითხველსაც და ხელისუფლებასაც, რომ ოთხი თვის განმავლობაში მერკელს გაუჭირდა კოალიციური მთავრობის შექმნა, 4 თვე იწვალა, რათა „თავისუფალი დემოკრატები“ მასთან თანამშრომლობას დათანხმებოდნენ. აქედან გამომდინარე, თუკი მკვეთრად დაიყოფა ამომრჩეველთა ხმები, გაჭირდება კოალიციური მთავრობის შექმნა, რაც დამახასიათებელია საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის. იტალიაში დღემდე დროებითი მთავრობაა. თუ არ ვცდები, დაახლოებით უკვე 8 თვეა დროებითი მთავრობა, რადგან ვერ ხერხდება კოალიციური მთავრობის შექმნა იმ მრავალპარტიულ სისტემაში, რომელიც იტალიაშია. ეს ერთი რისკია, მეორე რისკია, რამდენად ქმედუნარიანი იქნება პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 10-ზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი.
სხვათა შორის, ამის შესახებაც ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი შექმნის პატარ-პატარა სატელიტურ პარტიებს და ხელოვნურად გააჩენს ამ პარტიებს.
- აქ ბიძინა ივანიშვილზე არ არის მხოლოდ საუბარი. აქ შეიძლება, გამოჩნდეს სულ სხვა საფუძველზე შექმნილი პარტიები, მათ შორის, ნაციონალისტური, რელიგიური განწყობის, ანუ სხვადასხვანაირად შეიძლება შეიქმნას პარტიები, რაზეც ნიკა გვარამიაც ლაპარაკობს. ბიძინა აქ მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტი შეიძლება იყოს, რომელიც ასეთ პარტიებს შექმნის. დაქუცმაცებული პარლამენტი ქმედუნარიანი ნამდვილად არ იქნება, გაჭირდება არა მხოლოდ მთავრობის შექმნა, რაზეც მე უკვე მოგახსენეთ, არამედ გაჭირდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეს ორი რისკი გასათვალისწინებელია. ამიტომ მე მაინც მხარს დავუჭერდი საარჩევნო ბარიერის დადგენას. კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციით, 2020 წლისთვის გათვალისწინებული საარჩევნო ბარიერი ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, რომ პარლამენტში შევიდეს სულ ცოტა, 4-5 პარტია, ანუ კოალიციური მთავრობის შექმნა ამ 3%-იანი საარჩევნო ბარიერის საფუძველზეც შესაძლებელია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დავუჭერდი მხარს რაღაც საარჩევნო ბარიერის დადგენას, 2%-იანი იქნება, თუ 3%-იანი, უფრო მეტპროცენტიანიც ჩემთვის სასურველი იქნებოდა, მაგრამ 2-3%-იანი გონივრული საარჩევნო ბარიერია, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტში ძლიერი პარტიების შესვლას. 3%-იანი გონივრული ზღვარია ისეთი ქვეყნისთვის, სადაც პარტიული სისტემა ჯერ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული.
საპარლამენტო რესპუბლიკა ყოველთვის ეფექტურია მაშინ, როდესაც პარტიული სისტემა ჩამოყალიბებულია. ამიტომაც არის გონივრულად მოწყობილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საპარლამენტო მონარქიაა დიდ ბრიტანეთში, სამაგიეროდ, ეფექტური არ არის საბერძნეთის, იტალიის მოდელი, სადაც პარტიული სისტემა გაფანტულია და არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. საქართველოში არის დიდი პარტიები, „ოცნებაც“ კოალიციაა, „ოცნება“ რამოდენიმე პარტიისგან შედგება, ამიტომ კარგი იქნებოდა 3%-იანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც ხელს შეუწყობდა ძლიერი, ეფექტური პარტიების შექმნას.
ეროვნული უმცირესობების მხრიდან ნაციონალისტური განწყობით პარტიების შექმნა რამდენად იქნება საფრთხე საქართველოსთვის?
- ნიკა გვარამიას რისკებს, ალბათ, ვერ გავიზიარებდი. მე არ ვიცი, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით რამდენად დაშვებულია ნაციონალისტური პრიზმით პარტიების შექმნა. რამდენადაც ვიცი, დაუშვებელია ასეთი პარტიების ჩამოყალიბება. არ დავეთანხმებოდი ნიკას იმის გამოც, რომ არ შეიძლება ასეთი მიდგომა, რადგან სომხებიც და აზებაიჯანელებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, არ შეიძლება მათ პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება წავართვათ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ნაციონალისტურ საფუძველზე. აქ მთავარია, რა მიზნით უნდა შეიქმნას ასეთი პარტიები.
როცა ბიძინა ივანიშვილი მომიტინგეებთან დათმობაზე წავიდა და პროპორციულ სისტემაზე ალაპარაკდა თავის ნულოვან ბარიერთან ერთად, ეს, ალბათ, კარგად გააზრებული სვლა იყო ივანიშვილის მხრიდან. კონკრეტულად რისთვის აწყობდა მას ნულოვანი ბარიერი?
- მაგალითად, თქვენ ხართ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი. თქვენ ისეთ ინიციატივას წამოაყენებთ, რომელიც თქვენს წინააღმდეგ იქნება? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რამდენად გამოადგება ქვეყანას ეს სისტემა, სწორედ აქედან უნდა ვიმსჯელოთ. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო საკითხია ისიც, რა ბედი ეწევა ბიძინა ივანიშვილის წინადადებას პარლამენტში. გამიკვირდა, როცა რამოდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა (არ მინდა, მათი გვარები დავასახელო) გამოაცხადა, აი, 2/3-ს რომ დავინახავ, 2/3-ით რომ იქნება მიღებული ეს ინიციატივა, მერე დავუკრავ ტაშსო. სინამდვილეში, 2/3-ით კი არ უნდა იყოს მიღებული, არამედ 3/4-ით. 2/3-ით თუ მიიღეს, მაშინ არსებული კონსტიტუციური დებულების მიხედვით, ეს ინიციატივა არ ამოქმედდება უშუალოდ 2020 წელს, არამედ ამოქმედდება შემდეგი მოწვევის პარლამენტის შეკრებისთანავე, რადგან შემდეგი მოწვევის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამიტომ ახლა საჭიროა ამ ინიციატივის 3/4-ით მიღება, ასეთ შემთხვევაში, უშუალოდ ამოქმედდება 2020 წლისთვის.
თუკი ბიძინა ივანიშვილიც შექმნის პატარ-პატარა სატელიტ პარტიებს, ეს ნიშნავს, რომ ქაოტური პარლამენტის რისკი იარსებებს სამომავლოდ?
- როგორც მოგახსენეთ, შეიძლება ქმედითუნარიანი პარლამენტი არ შეიქმნას. მე მაინც ვფიქრობ, 10 პარტიაზე მეტი არ შევა ამ პარლამენტში. 1992-95 წლებში 14 პარტია იყო წარმოდგენილი პარლამენტში და იმ პარლამენტმა კონსტიტუციის მიღება შეძლო. მართალია, პირველი ვარიანტი ჩავარდა, მაგრამ მეორე ვარიანტით საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე დათანხმდა, ანუ მაშინდელი პარლამენტი და სახელმწიფოს მეთაური უფრო კომპრომისულნი იყვნენ, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკური ელიტა.